ახალი ანტირუსული სანქციები ჩაიშლება?! - რა ხდება ევროკავშირის კულუარებში
ბრიტანული გაზეთის - „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 21 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ევროკავშირში ახალი ანტირუსული სანქციების მიღებას რიგი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან: ევროპული სოლიდარობა სუსტდება, კონსენსუსის მიღწევა რთულდება“ (ავტორი - ელის ჰენკოკი, ჰენრი ფოი და ქრის კუკი). „ევროპის ეკონომიკური ბლოკის წევრი რიგი ქვეყნები კრემლის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ახალი პაკეტის მიღებას ბლოკავენ, მათ საკუთარი ინტერესების დაცვა სურთ“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის ჩაშლის წინაშე აღმოჩნდა: დიპლომატების გამაფრთხილებელი განცხადებების თანახმად, ევროპული დედაქალაქები თავს იკავებენ ისეთი ანტირუსული ნაბიჯების გადადგმისაგან, რომლებიც მათი ეკონომიკის ფლაგმან კომპანიებს დააზარალებენ.
უკვე შესამჩნევია ტენდენცია, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის ოთხწლიან სტრატეგიას ემუქრება. რიგმა ქვეყნებმა - საბერძნეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ავსტრიისა და პორტუგალიის ჩათვლით, ბრიუსელის მიერ მომზადებულ პაკეტში თავიანთთვის გამონაკლისი მოითხოვეს, თორემ იმუქრებიან, რომ დაგეგმილ ანტირუსულ ზომებს მთლიანად დაბლოკავენ.
როცა რუსეთმა 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ევროკავშირმა სანქციების რამდენიმე პაკეტი განახორციელა, რათა კრემლისთვის ფინანსური შემოსავლები შეემცირებინა, რომლებიც მის სამხედრო მანქანას კვებავდნენ. მაგრამ, როგორც დიპლომატები ამბობენ, ბრიუსელის ახალ-ახალმა მოთხოვნებმა ევროპის ზოგიერთი დედაქალაქი შეაშფოთა - აღმოჩნდა, რომ ისინი მზად არ არიან, შეურიგდნენ სანქციების ნეგატიურ გავლენას თავიანთ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით კი იმ წამყვანი კომპანიების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ მილიონობით შემოსავსლს რუსეთთან ვაჭრობის შედეგად.
ევროკავშირს არ შეუძლია ახალი ანტირუსული სანქციები ერთსულოვანი მხარდაჭერის გარეშე დააწესოს. გასულ კვირაში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მიერ დადებული ვეტოს გამო ევროკავშირმა საერთო კონსენსუსს ვერ მიაღწია. ამ ფაქტმა შეშფოთება გამოიწვია: შინაგანი სოლიდარობის დაკარგვამ, კიევისადმი დახმარების გაწევის მზადყოფნის შესუსტებამ და პერსპექტივამ, რომ სამშვიდობო შეთანხმების დადება გარდაუვალია, ძირი გამოუთხარეს ევროკავშირის მზადყოფნას რთული გადაწყვეტილებების მისაღებად.
„მოლაპარაკების მაგიდასთან მორალური იმპერატივი სულ უფრო სუსტად იგრძნობა“, - ამბობს ერთ-ერთი დიპლომატი, - „სიტყვით ყველა მკაცრ ანტირუსულ განცხადებებს აკეთებს, აქ ყველა მზადაა კიევის მხარდასაჭერად, მაგრამ შემდეგ, როცა საქმე უნდა გაკეთდეს, უკან იხევენ და მათი პრინციპულობა სადღაც ქრება“.
ევროკავშირის ბოლო პაკეტში შევიდა ზომები, რომლებიც მიმართულია რუსული ექსპორტისა და ფინანსური სისტემის წინააღმდეგ, აგრეთვე, მექანიზმი, რომლის მიხედვით, ნავთობზე დაბალი ფასების ხელოვნურად შენარჩუნება მოხდება (სწორედ ამას დაედო რიგი ქვეყნების ვეტო).
ათენის განცხადებით, საბერძნეთი უარყოფს მთელ პაკეტს, თუ ის არ მიიღებს ნებართვას, გამონაკლისის სახით, მესამე ქვეყნებში რუსული თხევადი გაზის გადაზიდვის თაობაზე. თუ სანქციები ძალაში შევა, მაშინ ბერძნული კომპანია „დუნაგაზი“ (Dynagas Ltd), რომლის მფლობელია მილიარდერი ჰეორგიუ პროკოფიუ და რომლის განკარგულებაშია უდიდესი ნავთობისა და გაზის ტანკერები, დაზარალდება.
ანალიტიკური პლატფორმის - Kpler-ის მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან გეორგიუ პროკოფიუს კომპანიამ 30 მილიონ ტონაზე მეტი თხევადი გაზი გადაზიდა არქტიკულ პროექტში - „იამალში“ მონაწილეობის საფუძველზე, რის შედეგადაც უდიდესი შემოსავლები მიიღო [და, ბუნებრივია, საბერძნეთის ბიუჯეტში დიდი თანხა გადარიცხა, გადასახადების სახით].
„ფაინენშელ ტაიმსის“ გამოთვლით, ტვირთების ღირებულების საერთო მოცულობა 24 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მხოლოდ ერთმა გემმა „თევდორე ლიტკემ“, რომელსაც „დუნაგაზი“ მართავს და კვიპროსის დროშით დაცურავს, ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების გაზი გადატვირთა რუსეთიდან მესამე ქვეყნებში.
„აშკარაა, რომ საბერძნეთის მთავრობა ერთადერთი არ არის ევროკავშირში, რომელიც აქტიურად ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას სანქციების ნეგატიური შედეგებისაგან, მაგრამ ასეთი მოქმედება საკმაოდ უჩვეულოა - მთავრობა ცდილობს, მფარველობა გაუწიოს ერთადერთ კომპანიას, რომელიც უხვად იღებს მოგებას რუსულ ბიზნესში მონაწილეობით“, - ამბობს საქმეში ჩახედული ერთ-ერთი ყოფილი ევროპელი ჩინოვნიკი.
თავის მხრივ, პორტუგალიამ და გერმანიამ მოითხოვეს, რომ გაუქმდეს აკრძალვა რუსული თევზეულის შესყიდვაზე და ამის მოტივირება იმით უზრუნველყვეს, რომ რუსული თევზი აუცილებელია ადგილობრივი ანუ პორტუგალიურ-გერმანული საკონსერვო საწარმოებისთვისო.
საფრანგეთისა და იტალიის უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებს სურთ, შეარბილონ სანქციები რუსეთის მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის თაობაზე, ხოლო ავსტრიამ გაიმეორა ძველი მოთხოვნა, ყადაღა მოეხსნას რუსულ აქტივებს ორი მილიარდი ევროს მოცულობით. საქმე ისაა, რომ რუსეთმა ავსტრიული „რიფაიზენბანკი“ დააჯარიმა და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ კრემლი თავის თანხებზე ყადაღის მოხსნას ითხოვს.
„ეს სერიოზულ კრიზისს ნიშნავს სანქციებისადმი მიდგომაში. თუ ყოველი ქვეყანა თავისთვის გამონაკლისებსა და რაღაც „ხვრელების“ დატოვების მოთხოვნას დაიწყებს, მაშინ საბოლოოდ სანქციების ყოველი პაკეტი „ცარიელ ყუთად“ გადაიქცევა“, - ამბობს ბრიუსელელი დიპლომატი.
ვლადიმერ პუტინის ე.წ. სპეცოპერაციის დაწყების დღიდან ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 20 პაკეტი მიიღო, რათა კრემლისთვის სამოქმედო რესურსები შეეზღუდა და მოსკოვი სამშვიდობო შეთანხმების დადებაზე აეძულებინა. იყო დროს, როცა სანქციებს ერთსულოვნად იღებდნენ, მაგალითად, რუსული სასუქების, ალმასების იმპორტის შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე, რუსული ენერგომატარებლების იმპორტის თანდათანობით აკრძალვის თაობაზე - მართალია მათი განხილვა დავას იწვევდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეთანხმებოდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: ომის ისტორიაში ყველაზე დიდი დარტყმა კიევზე: უკრაინის დედაქალაქს 41 ბალისტიკური რაკეტითა და 125 დრონით შეუტიეს - რას იზამს "პეტრიოტების" გარეშე დარჩენილი ზელენსკი?!
ირანულმა გაზეთმა „შურისძიების სია“ გამოაქვეყნა: საფრთხე 14 ლიდერს ემუქრება?!
მაგრამ ბოლო დროს, როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, ევროპული დედაქალაქების წინააღმდეგობამ ანტირუსული სანქციების მიღების მიმართ უჩვეულო დონეს მიაღწია.
„ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით კონსენსუსთან“, - ამბობს იაკობ კირკეგორი, ბრიუსელის ანალიტიკური ცენტრის - „ბრეიგელის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - „მაგრამ რაღაც მომენტში პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩათვალეს, რომ ახლა საფრთხის წინაშე დგას „მათი საგვარეულო ძვირფასეულობა“ ანუ კომპანიები, რომლებიც მათი ქვეყნების ბიუჯეტებს კვებავენ. რიგი ქვეყნების პოლიტიკოსები თვლიან, რომ უკვე საკმარისია დაშინება, იძულება და ზეწოლის განხორციელება, ისინი უკან აღარ დაიხევენ და აცხადებენ, რომ ხელშეუხებელნი არიან“.
ევროპულმა გიგანტმა კომპანიებმა, მაგალითად, დანიის ლუდის ფირმა „კარლსბერგმა“ და ფინურმა ენერგეტიკულმა კორპორაცია „ფორტუმმა“ მილიარდობით ზარალი მიიღეს ანტირუსული სანქციებით და რუსული იურიდიული პირების აქტივების გაყინვით. ამის პარალელურად, ის ქვეყნები, რომელთა კომპანიებიც დაზარალდნენ, უფრო და უფრო მწვავედ ღიზიანდებიან ზოგიერთების უადგილო პროტექციონიზმით და მათ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.
„არიან სახელმწიფოები, რომლებმაც არ შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობები რუსეთთან არც 2022 და არც 2023 წლებში“, - ამბობს კიდევ ერთი ბრიუსელელი დიპლომატი, - „ამ ქვეყნების მთავრობებისათვის მწარე სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ რუსეთისათვის იმ დარგების სანქცირება, რითაც კრემლი დიდ შემოსავლებს იღებს ჩვენიანების დახმარებით“.
„აი, ხომ ხედავთ, საიდან იღებს ფულს რუსეთი... ჰოდა, ბუნებრივია, კრემლს მტკივნეულ ადგილზე უნდა დავარტყათ... მაგრამ ელჩები მიკიბულ-მოკიბულად ლაპარაკობენ, ერთმანეთს აბრალებენ და ბოლოს გვეუბნებიან: „ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარ ეროვნულ და საქმიან ინტერესებზე უარი ვთქვათ. იქნებ თქვენ თქვათ უარი სანქციების მიღებაზე?“.
ჯიუტი ქვეყნები თავიანთ ეროვნულ ინტერესებს იმოწმებენ. ეს ნორმალურია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ იმ დროს, როცა სკანდინავიელი და ბალტიისპირელი ქვეყნები რუსულ საფრთხეს გრძნობენ, სხვები თვლიან, რომ „ჩიტი ბდღვნად არ ღირს“.
საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლების მტკიცებით, ევროკავშირის ახალმა სანქციებმა რუსეთი უფრო მეტად უნდა დააზარალოს, ვიდრე სანქციების მიმღები ევროპული ქვეყნები, „ყველაფერი ზუსტად უნდა იყოს გათვლილი და აწონილ-დაწონილი - აბსოლუტურად უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ამ სანქციებით კრემლი უფრო დაზარალდება, ვიდრე - ჩვენ“.
ბერძენი დიპლომატების აზრით, თუ კომპანია „დუნაგაზს“ რუსული გაზის გადატანა აეკრძალება, ამით უპირატესობას მიიღებენ მისი გლობალური კონკურენტები. გასაგებია, ვინ უფრო დაზარალდება - საბერძნეთი თუ რუსეთი, ან მესამე კონკურენტი ქვეყნები.
ბევრმა ბერძენმა პოლიტიკოსმა ჩათვალა, რომ ევროკავშირის ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტი ზედმეტად წამგებიანია და მისი მიღება „საკუთარ ფეხში სროლად“ მიიჩნიეს.
ანალიტიკოსების აზრით, ბერძნული საზღვაო ტვირთების გადამზიდველი კომპანიების მფლობელებს მთავრობაზე დიდი გავლენა აქვთ. 2021 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის თანახმად, რომელშიც დარგის მდგომარეობაა ასახული, ბერძენმა გემთმფლობელმა პანოს ლასკარიდისმა განაცხადა, რომ „საბერძნეთის მთავრობა გააკეთებს იმას, რასაც მას გემების მფლობელები მოსთხოვენ და ეს 99%-ით ასე ხდება“. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა.
თუ „დუნაგაზი“ ვეღარ შეძლებს რუსული გაზის გადატანას მესამე ქვეყნებში, როცა მომავალი წლის იანვარში სანქციები ძალაში შევა, მას მოუწევს სპეციალური ყინულმჭრელი გემების გაყიდვაც (პროექტ „იამალის“ რეალიზება ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ნაპირზე, პოლარული ხაზის მიღმა ხდება). შესაბამისად, კომპანია სანქციების დაწესების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მისი კონტრაქტები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე დიდი ხნის წინ დაიდო და მათ ვადა 2065 წლამდე აქვთ. „თუ უმსხვილეს ევროპულ გაზმზიდ კომპანიას რუსული თხევადი გაზის ტრანსპორტირება აეკრძალება, ბუნებრივია, ევროპა დაკარგავს საზღვაო გადაზიდვების ლიდერობას, ანუ დაკარგავს სტრატეგიულ უპირატესობას, გავლენებს და დასაქმების წყაროს, რუსეთი კი სხვა კონკურენტ კომპანიას იპოვის. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი თავის გეოპოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწევს“, - აცხადებენ კომპანიაში.
ევროკავშირის ჩინოვნიკები, რომლებიც სანქციების მომხრეები არიან, იმედოვნებენ, რომ რუსეთზე უკრაინის დრონების შედეგიანი დარტყმები სანქციების მოწინააღმდეგე ქვეყნების მთავრობებს თვალს აუხელს და თუ ევროკავშირი საერთო ფრონტით გამოვა, ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება, უკან დაიხიოს და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე დათანხმდეს.
მოამზადა სიმონ კილაძემ