ამერიკელმა და ჩინელმა მეცნიერებმა მოაზროვნე ადამიანთა ოთხი ტიპი გამოავლინეს - თქვენ რომელს მიეკუთვნებით?
„მკვლევრებმა მოაზროვნე ადამიანთა ოთხი ტიპი გამოავლინეს. თქვენ რომელს მიეკუთვნებით?“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი იან სემპლი ამერიკელი და ჩინელი მეცნიერების მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებზე მსჯელობს და გარკვეულ დასკვნებს აკეთებს.
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:
ძირითადად რაზე ფიქრობენ ადამიანები საწოლიდან წამოდგომის შემდეგ? კვლევებით გამოვლინდა, რომ მათ ფიქრებში უმთავრესად ჭარბობს სამუშაო, ყავის მოთხოვნილება და... ძლიერი სურვილი, ისევ საწოლს დაუბრუნდეს.
კალიფორნიის (აშშ) კლერმონტის უნივერსიტეტისა და უხანის (ჩინეთი, ჰუბეის პროვინცია) მრავალწლიანმა კვლევებმა ასევე გამოავლინა ადამიანთა ოთხი სხვადასხვა ჯგუფის არსებობა, რომლებიც მეტ დროს უთმობენ მშვიდობაზე ფიქრს, სახლის საქმეებს და საკუთარ ფინანსებს, აგრეთვე - საკუთარ თავს და სხეულს ან მძიმე სამუშაოს შეთავსებას გართობასთან.
კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული იყო 19-დან 71 წლამდე ასაკის 258 მოხალისე, რომლებსაც იზოლირებულად, წინასწარ შედგენილი პროგრამით უნდა ემოქმედათ, შესაბამისი სიგნალების მიხედვით. ყოველ სიგნალზე მათ საკუთარი ფიქრები უნდა ჩაეწერათ და ბედნიერების გრძნობის შეფასება მოეხდინათ.
კვლევებმა აჩვენა, რომ მოხალისეების გონება ცარიელი (ანუ ფიქრების გარეშე) ძალიან იშვიათად თუ რჩებოდა. მეცნიერებმა შეამოწმეს რომის იმპერატორისა და ფილოსოფოსის - მარკუს ავრელიუსის მტკიცება: „თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება დამოკიდებულია თქვენივე აზრების ხარისხზე“. მართლაც, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ის, თუ რაზე ფიქრობენ ადამიანები, უმეტეს შემთხვევებში მიანიშნებს მათ ბედნიერებაზე, ვიდრე ყველა ის დანარჩენი, რასაც ისინი ყურადღებას აქცევენ: „როგორც ჩანს, მარკ ავრელიუსი სწორად მსჯელობდა“.
გამოკვლევის ავტორების განცხადებით, შედეგები არ უნდა განზოგადდეს პლანეტის მთლიან მოსახლეობაზე, რადგანაც მოხალისეები, ძირითადად, დასავლელები არიან, განათლებული ადამიანები და განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ, ფინანსურად საკმაოდ შეძლებულები არიან და დემოკრატიულად აზროვნებენ და ამიტომ მათი ფსიქოლოგია საკმაოდ შეიძლება განსხვავდებოდეს მოსახლეობის სხვა ჯგუფებისაგან.
კვლევებით გამოიკვეთა მოაზროვნეთა ოთხი ტიპი:
ა) „შეშფოთებულები“
„შეშფოთებულები“ მსოფლიო მოვლენებზე, პოლიტიკაზე და სოციალურ პრობლემებზე, სხვებთან შედარებით, 60%-ით უფრო მეტს ფიქრობენ. მათი ფიქრები, ძირითადად, ეხებოდა ომებს, პანდემიას, და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს. ისინი ფიქრობდნენ საკუთარ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე 50%-ით მეტს, ვიდრე - სხვები. მათ ფიქრებში ყველაზე ხშირად ფიგურირებენ სიტყვები „კოვიდი“, „სიფხიზლე“, „მარტოობა“, „ტკივილი“, „შიმშილი“ და „დაღლილობა“. საინტერესოა, რომ ამ ჯგუფის მონაწილეები ორჯერ მეტად ფიქრობდნენ მუსიკაზე - ალბათ, იმიტომ, რომ როგორმე შეემსუბუქებინათ მკვლევრების მიერ შეთავაზებული სხვა აზრების ზემოქმედება.
ბ) „მეოჯახეები“
ამ ტიპის ადამიანები ყველაზე მეტად - 50%-ით უფრო ხშირად აქცევენ ყურადღებას პრაქტიკულ და საყოფაცხოვრებო საკითხებს. მათ აინტერესებთ სახლის საქმეები, ფინანსების ეკონომია, აგრეთვე - ფილმების ყურება, წიგნების კითხვა და ტელევიზორის ყურება ოჯახურ წრეში. მაგრამ სიტყვები, რომლებიც მათ გონებაში ყველაზე მეტად ჩნდებოდა, ძალზე სხვადასხვანაირია - „გადავწყვიტო“, „გავაკეთო“, „ვიმსჯელო“ და „დავაფიქსირო“.
ასევე დაგაინტერესებთ: "ზელენსკის თავბრუდამხვევი „შემობრუნება" ანუ ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი?!
ახალი ანტირუსული სანქციები ჩაიშლება?! - რა ხდება ევროკავშირის კულუარებში
გ) „ინდივიდუალისტები“
ამ ტიპის ადამიანებს „საკუთარ სხეულზე მოფიქრალებიც“ შეიძლება ვუწოდოთ: ისინი ბევრს ფიქრობენ საკუთარ თავზე და ფიზიოლოგიაზე - იმდენად ბევრს, რომ მათ ვერც ერთი სხვა ჯგუფი ვერ შეედრება. ისინი, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, მათი საშუალო ასაკი 30-32 წელია და მათგან თითქმის ორი მესამედი ქალია. მათ გონებაში და ფიქრებში ყველაზე მაღალი პროცენტით ჩნდებოდა სიტყვები „სექსი“, „დროსტარება“, „გართობა“, „სპორტდარბაზი“. თუმცა ხშირადაა სიტყვებიც: „საკუთარ თავზე ზრუნვა“, „მკურნალობა“, „მანიკიური“, „ჰიგიენა“... ეს უფრო მეტად ქალებს ეხებათ, გასაგები მიზეზების გამო. სწორედ ამიტომ არიან ქალები უფრო მეტნი ამ ჯგუფში.
დ) „შრომისა და გართობა-დასვენების მოყვარულნი“
ამ ადამიანების გონება მნიშვნელოვანწილად გაყოფილია შრომასა და გართობა-დასვენებას შორის: ისინი სამსახურზე 50%-ით მეტს ფიქრობენ, მაგრამ, იმავდროულად, დაახლოებით 255-ით ხშირად აქვთ გონება დაკავებული ჰობზე, თამაშებზე და ხელოვნებაზე ფიქრით. ამ ჯგუფის ადამიანები გამოირჩევიან მაღალი შემოსავლებით, ისინი თავს ყველაზე ხშირად გრძნობენ ბედნიერ ადამიანებად, მათში მამაკაცები ჭარბობენ, ვიდრე ქალები.
საკვანძო სიტყვები, რომლებიც მათ გონებაში და ფიქრებში ყველაზე მეტია, არის „პროექტი“, „პრეზენტაცია“, „ფრენა“, „რელაქსი“, „მოგზაურობა“.
ალბათ, უკვე მიხვდით, თქვენ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით.
მოამზადა სიმონ კილაძემ