„ტერმინატორების“ აჩრდილი მსოფლიოში ანუ გვიახლოვდება თუ არა აპოკალიფსი?!
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით: „AI-აპოკალიფსის ალბათობა დღეს 10%-ია, მაგრამ ახლო მომავალში კაცობრიობის აღსასრულის რისკი გაორმაგდება“, რომელშიც განხილულია ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ხელოვნური ინტელექტის (AI - Artificial Intelligence) განვითარებით ძლიერდება ადამიანთა შეშფოთება მომავლის წინაშე - გამოკითხვების თანახმად, მისი უკვე კაცობრიობის ნახევარზე მეტს ეშინია. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, თუ როგორ „გაექცა“ ხელოვნური ინტელექტი კონტროლიდან ჯერ კომპანია Anthropic-ს, შემდეგ კი OpenAI-ის, მისგან დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა წინა პლანზე გამოვიდა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ სწორედ არაკონტროლირებული ხელოვნური ინტელექტის დამანგრეველ უნარში გამოიხატება მისი მთავარი მუქარა - AI-აპოკალიფსის (კაცობრიობის აღსასრულის) დადგომა.
დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა ხელოვნური ინტელექტის განვითარების დონე მაინცდამაინც დიდი არ არის, აპოკალიფსის ალბათობა უკვე 10%-ს აღწევს, რაც საკმაოდ მაღალი შესაძლებლობაა და თუ ის არ შეიზღუდება და არ დარეგულირდება, კაცობრიობის აღსასრულის ალბათობა 20%-ს გადასცილდება - ასეთი აზრი აქვთ ხელოვნური ინტელექტის მკვლევარ 272 ექსპერტს, რომელთა გამოკითხვა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MTI) - მსოფლიოს წამყვანი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის ლაბორატორიამ ჩაატარა.
მეცნიერებმა შეადგინეს 24-რისკიანი რეიტინგი და თითოეულისათვის განსაზღვრეს „მოვლენათა კატასტროფული განვითარების“ ალბათობა 2030 წლამდე. კატასტროფულ ზიანში იგულისხმება, მაგალითად, ერთი მილიონი ადამიანის დაღუპვა, ეკონომიკური ზიანის მიყენება, 100 მილიარდი დოლარის ოდენობით ან არამატერიალური შედეგები ცივილიზაციური მასშტაბით - ისეთი, როგორიცაა დემოკრატიული ნორმების კრახი, ვთქვათ, კერძო, პირადი ცხოვრების უფლების წართმევა.
„ტერმინატორების“ აჩრდილი მსოფლიოში?
ხელოვნური ინტელექტის მიმართ გაჩენილ შიშებს შორის გასულ წელს ყველაზე მეტად განიხილებოდა შიში მასობრივი უმუშევრობის მიმართ, მაგრამ მიმდინარე წელს ასეთი შიში „შემაშფოთებელ სამეულშიც“ ვერ მოხვდა, მან მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველი სამი ადგილი მიკუთვნებული აქვს „ტერმინატორის“ მსგავს სცენარებს - ადამიანების, როგორც „ჰომო საპიენსის“ არსებობის საფრთხეს და ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტ-ანდროიდების გაბატონებას.
ექსპერტთა აზრით, ყველაზე სახიფათოა პირველი - ადამიანის კონტროლიდან გამოსული ხელოვნური ინტელექტის დამანგრეველი უნარი, როცა ის დამოუკიდებლად, ჩუმად სწავლობს კაცობრიობისადმი მასშტაბური ზიანის მიყენების მეთოდებს. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზებით, ვთქვათ, ტექნიკური გაუმართაობით, ბოროტგანმზრახველთა მოქმედებით ან როცა „ხელოვნური ინტელექტის მიზანი ადამიანის ინტერესებს არ დაემთხვევა“.
რით შეიძლება გამოიხატოს „რობოტიზებული არსებების“ მავნებლობა? ადამიანის მოტყუებაში, ადამიანებით მანიპულირებაში, პოლიტიკაში ჩარევით, კიბერთავდასხმების განხორციელებაში, თავისზე უკეთესი და გაუმჯობესებული ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნაში („როცა შვილი მამაზე უკეთესი იქნება“) და საკუთარი არსებობისა და გამრავლებისათვის აუცილებელი გარემოს შექმნაში.
რთული პერსპექტივა: ვინ გადაარჩენს კაცობრიობას?
მეორე რისკი აპოკალიპტურ რეიტინგში დაკავშირებულია პირველთან: სასიკვდილო იარაღის შექმნა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით (როგორც კიბერომებისთვის, ასევე, ადამიანთა მასობრივი განადგურებისთვის). ფრიად სახიფათო რისკია მესამე - „ხელისუფლების AI-ვერტიკალის“ წარმოქმნა ანუ რესურსების კონცენტრაცია იმ ვიწრო წრის პირთა ხელში, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამოიწვევენ და გააფართოვებენ სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას.
ამ ყველაფერს, დიდი ალბათობით, მოჰყვება მასშტაბური სოციალური რყევები და პოლიტიკური კრიზისები. როგორც მსოფლიოში ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, ადამიანთა შიში ასეთი შედეგების წინაშე წლითი-წლობით იზრდება.
მაგალითად, Stanford AI Index-ის (სტენფორდის ინსტიტუტის პროექტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მონაცემებს აანალიზებს) 2026 წლის მიმოხილვის თანახმად, იმ რესპოდენტების რაოდენობა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს შიშით უყურებენ, 2025 წლისათვის 52%მდე გაიზარდა - ეს ციფრი 2022 წელს მხოლოდ 39%-ს შეადგენდა.
მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც MTI-ის ექსპერტები აღნიშნავენ, ადამიანთა მზარდი შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის შეზღუდვაზე რაიმე გავლენას მაინც არ ახდენს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებლები არიან ისინი, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებით მდიდრდებიან, ხოლო ისინი, ვინც შეშფოთებულები არიან ხელოვნური ინტელექტის საფრთხის მომტანი განვითარებით, ხელისუფლებას არ ფლობენ და სიტუაციას ვერ აკონტროლებენ.
„მსგავსი ვითარება, როცა ადამიანების დიდი ჯგუფი თავს მოწყვლადად გრძნობს, ხოლო მეორე მცირე ჯგუფი კი პასუხისმგებლობას გაურბის, ახალი არ არის. მაგალითად, ავია- და ტექნოგენური კატასტროფებით ან უხარისხო მედიკამენტებით უპირველესად ყველაზე მეტად მოსახლეობა ზარალდება, ხოლო პასუხისმგებლობა იშვიათად თუ ეკისრება მწარმოებლებს და რეგულატორებს“, - აღნიშნავენ ექსპერტები.
„ზოგადად, ყველა დარგში არსებობს მკაცრი სტანდარტები, კონტროლის მექანიზმები და იურიდიული პასუხისმგებლობის ფორმები. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის მიმართ ანალოგიური მექანიზმები ან მხოლოდ ფორმირების პროცესშია, ან საერთოდ არ არსებობს. ამის შედეგად ყველაზე მოწყვლადი ადამიანთა ჯგუფები პრაქტიკულად დაუცველნი რჩებიან, ხოლო ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან დაცვაზე, მათ რისკების შეზღუდვისათვის სტიმულები არ აქვთ“, - ასეთ დასკვნას აკეთებენ ექსპერტები.
ასევე დაგაინტერესებთ: ამერიკელმა და ჩინელმა მეცნიერებმა მოაზროვნე ადამიანთა ოთხი ტიპი გამოავლინეს - თქვენ რომელს მიეკუთვნებით?
მოწყვლადობის რისკები - მეტად და ნაკლებად
რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი ყველა დარგს ერთნაირად არ ემუქრება. იმავე ექსპერტებმა შეაფასეს ეკონომიკის 14 დარგის მოწყვლადობის დონე. როგორც მოსალოდნელი იყო, მოწყვლადობის მხრივ, ყველაზე უარესად მოჩანს საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი და ეროვნული უსაფრთხოების სფერო.
საინფორმაციო სექტორი უკიდურესად მგრძნობიარეა დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელების საკითხში, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიმართ და პირად ცხოვრებაში შეჭრით. ამ ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა ხელოვნურ ინტელექტს სამომავლოდ თავისუფლად ექნება. ეროვნული უსაფრთხოება მოწყვლადია კიბერშეტევებისა და შეაიარაღების ახალი სახეობების მიმართ.
მსგავსი საფრთხე ელოდება საფინანსო სექტორს, სადაც, ერთი მხრივ, ხელოვნური ინტელექტი თითქოსდა ებრძვის თაღლითობას და ბაზრით მანიპულირებას, მაგრამ, მეორე მხრივ, სულ უფრო მეტად ინერგება ყველა დონეზე და ამით, გაუმართაობის შემთხვევაში, მძიმე შედეგების რისკს ზრდის.
ანალიზის თანახმად, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკებით ყველაზე უფრო დაცულნი აღმოჩნდნენ ის დარგები, რომლებშიც ინტელექტი ნაკლებად გამოიყენება - სასტუმროები და რესტორნები, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა და კულტურა- დასვენება-გართობის სფერო.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cn5nxvdx9xxo