საზამთროს გამყიდველთან სამკვდრო-სასიცოცხლო „კუკუდამალობანა“ - რუსული დრონის „საბრძოლო-კომიკური“ ვიდეო
ნებისმიერი ომი საშინელებაა, ვისაც ის გაუვლია, დაგვეთანხმება. თუმცა ომებშიც ხდება უცნაური კურიოზები, რომელთა მომსწრეც ცხინვალისა და აფხაზეთის ომებშიც არა ერთხელ გავმხდარვართ, თუმცა მათი ვიდეოზე დაფიქსირების საშუალება თითქმის არ იყო...
რუსეთ-უკრაინის 21-ე საუკუნის ეს ომი იმითაცაა გამორჩეული, რომ ფრონტის ხაზზე მყოფ ბევრ მებრძოლს მუზარადზე დამაგრებული აქვს მინივიდეოკამერა ან სულაც -სმარტფონი, რომ დროულად გადაიღოს ესა თუ ის საბრძოლო მომენტი და შემდეგ სოციალურ ქსელებში გააზიაროს.
გარდა ამისა, ფრონტისპირა ზონებში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობიდან თითოეული ფლობს ვიდეოკამერიან მობილურ ტელეფონს და საინტერესო მომენტების დაფიქსირება არც მათ ეზარებათ...
ერთ-ერთ ასეთ ბოლო ვირუსულ ვიდეოდ იქცა ფრონტისპირა ხერსონში (რომელსაც უკრაინის მხარე აკონტროლებს, ოთხი წლის წინ იქიდან რუსი ოკუპანტების გაყრის შემდეგ) გადაღებული ვიდეოკადრები, რომელზეც რუსულმა FPV-დრონმა, უფრო ზუსტად კი მისმა ოპერატორმა, ნამდვილი „კუკუდამალობანა“ მოუწყო... საზამთროს გამყიდველ ღიპიან ძიას და ის ხილით დატვირთული ფურგონის გარშემო არბენინა...
თავიდან ეს თითქოს კომიკურადაც მოჩანდა, თუ როგორ დარბოდა თავისი ფურგონის გარშემო საზამთროს გამყიდველი და მას უკან მისდევდა რუსული დრონი, თუმცა ეს „სასაცილო სანახაობიდან“ ტრაგიკულში კინაღამ გადაიზარდა, როდესაც რუსული დრონის ოპერატორს მობეზრდა „კუკუდამალობანას“ თამაში და დრონი ფურგონს შეაჯახა და ააფეთქა...
ვიდეო აფეთქების კადრებზე ჩერდება და საზამთროს გამყიდველის შემდგომი ბედი სიბრალულს იწვევს...
თუმცა უკრაინის შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ საზამთროს გამყიდველი, 52 წლის უკრაინის მოქალაქე მამაკაცი გადაურჩა რუსული დრონის მასზე ნადირობას, თუმცა მრავლობითი პატარა ჭრილობა და ტვინის შერყევა მიიღო, ამ დრონის ძალიან ახლოს აფეთქების შედეგად...
სოციალურ ქსელში გამოჩენილ ფოტოზე კი ჩანს, რომ რუსული დრონის აფეთქებას გადარჩენილი საზამთროს გამყიდველი თავისი დაზიანებული ფურგონის გვერდზეა ჩამომჯდარი და ეტყობა, კიდევ არ სჯერა, რომ ცოცხალი გადარჩა...
ასევე დაგაინტერესებთ: კიევი ისევ სასტიკად დაიბომბა - ამდენი ბალისტიკური რაკეტა მსოფლიოს არცერთი ქალაქისკენ არ გაუშვიათ:პუტინის ახალი ანტირეკორდი
ირანულ რაკეტებს საქართველოზე გადაფრენით მართლაც უნდა დაერტყათ უკრაინაზე?!
რუსული „ავაქსები“ - პუტინის ბოლო იმედი უკრაინული დრონების დროულად აღმოსაჩენად
უკრაინის პროკურატურა აპირებს, ეს ფაქტი შეაფასოს მორიგ რუსულ სამხედრო დანაშაულად, ჩადენილს ომის დროს შეუიარაღებელი სამოქალაქო პირის წინააღმდეგ - ომის დაწყებიდან მარტო ხერსონის ოლქში 46 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაულია დაფიქსირებული, განხორციელებული რუსეთის საოკუაციო ძალების მიერ...

P.S. იცით, რუსი ბლოგერები როგორ ცდილობენ გაამართლონ იმ რუსული FPV-დრონის ოპერატორი, რომელიც უიარაღო საზამთროს გამყიდველზე ნადირობდა და შემდეგ აფეთქებაც მოაწყო? თურმე, ეს თეთრი ფერის ფურგონი რუსულ დაზვერვას „შემჩნეული“ ჰყოლია „ორმაგი დანიშნულების“ ტვირთების გადაზიდვაშიო... ანუ შეიძლება მართლაც გადაჰქონდა „გრანატები“-ბროწეულები...
როგორ დასდევს კუდში საზამთროს გამყიდველს რუსული FPV-დრონი...