ირანულ რაკეტებს საქართველოზე გადაფრენით მართლაც უნდა დაერტყათ უკრაინაზე?! - კვირის პალიტრა

ირანულ რაკეტებს საქართველოზე გადაფრენით მართლაც უნდა დაერტყათ უკრაინაზე?!

რა აქვს საბოდიშო უკრაინას ირანთან და საქართველოზე გადაფრენით მართლაც უნდა დაერტყათ ირანულ რაკეტებს უკრაინაზე?

ბოლო დღეებში ირან-უკრაინის დაპირისპირებაზე, რაც კასპიის ზღვაში უკრაინული დრონების ირანულ სატვირთო გემზე შეტევას მოჰყვა, ამ ბლოგში უკვე ვწერდით, მაგრამ გუშინ ირანულმა მხარემ ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება გაავრცელა...

ჩვენ უკრაინაში სამ ლოკაციაზე იერიშისთვის მზად ვიყავით, - ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.

რეზაის განცხადებით, კასპიის ზღვაში უკრაინის მიერ ირანულ გემზე დარტყმის საპასუხოდ, თეირანი უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის მზად იყო.

„მაგრამ, ამის შემდეგ ქვეყანამ [უკრაინა] ბოდიში მოიხადა და ჩვენ შეტევა გავაუქმეთ“, - აღნიშნა ხამენეის მრჩეველმა.

ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ კასპიის ზღვაში ირანულ გემზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ, ირანი შავ ზღვაში მდებარე უკრაინის საზღვაო პორტზე თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა. გამოცემის ინფორმაციით, დაძაბულობის განმუხტვა უკრაინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ანდრეი სიბიგასა და აბას არაღჩის საუბრის შემდეგ მოხერხდა.

1-irani-1785829501.jpg
„სეჯილის“ ტიპის ეს ირანული ბალისტიკური რაკეტები 2 ათას კმ-მდე მიფრინავენ და სწვდებიან უკრაინის ტერიტორიას...

ის, რასაც თეირანი „ბოდიშის მოხდას“ უწოდებს, უკრაინის მხრიდან, კიევში მას „ღია საუბარს“ უწოდებენ და არ აკონკრეტებენ, მართლაც გადაუხადა თუ არა ბოდიში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიბიგამ სატელეფონო საუბრის დროს მის ირანელ კოლეგას - არაღჩის.

თუმცა, თუკი ობიექტურები ვიქნებით, წესით, ვის ვისთვის უნდა მოეხადა ბოდიში - კიევს თეირანისთვის თუ - პირიქით?

მარტო ის ფაქტი, რომ 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, ირანმა რუსეთს უკრაინის ქალაქების დასაბომბად რამდენიმე ათასი „შაჰიდისა“ და სხვა ტიპის კამიკაძე-დრონი მიაწოდა, რასაც რამდენიმე ასეული მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა, თეირანს მოსკოვთან ერთად აქცევს ამ საშინელი ომის სრულფასოვან მონაწილე მხარედ და იქ არ უნდა უკვირდეთ, რომ უკრაინული დრონებიც კასპიის ზღვაში უმიზნებენ იმ ირანულ სატვირთო გემებს, რომლებიც ვინ იცის, კიდევ რა სახის საბრძოლო მასალას ზიდავენ რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის...

მაგრამ თუკი საქმე მაინც ბოდიშის მოხდაზე მივიდა, არ შეიძლება არ გავიხსენოთ უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენაც - 2020 წლის 8 იანვრის დილას თეირანის აეროპორტიდან აფრენისას უკრაინული სამგზავრო „ბოინგი“ ირანელმა სამხედროებმა „ტორის" ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს, რასაც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი შეეწირა...

ირანული მხარე თავიდან კატეგორიულად უარყოფდა უკრაინული „ბოინგის“ ჩამოგდებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც უტყუარი დოკუმენტები დაიდო, მათ შორის სადაზვერვო თანამგზავრიდან დაფიქსირებული ორი ირანული საზენიტო რაკეტის სტარტის მომენტიც, თეირანი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ აეროპორტიდან აფრენილი უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ირანელმა მეზენიტეებმა შეცდომით ამერიკულ ფრთოსან რაკეტად აღიქვეს და გადამოწმების გარეშე, თვითნებურად გაუშვეს ორი საზენიტო რაკეტაო...

2-iraniiiii-1785829500.png
სადამდე შეიძლება მისწვდნენ ევროპას ირანიდან გაშვებული საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკური რაკეტები და უკრაინაზე შესატევად მათი ფრენის ტრაექტორია სწორედ საქართველოზე გადადის...

აიათოლების რეჟიმმა კი დააპატიმრა ამ საზენიტო გათვლის მეთაური, თუმცა უკრაინისთვის არც ბოდიში უთქვამს, მისი სამგზავრო თვითმფრინავისა და უკრაინული ეკიპაჟის დაღუპვისთვის და დღემდე არც კომპენსაცია გადაუხდია ჩამოგდებული „ბოინგის“ კუთვნილი უკრაინული ავიაკომპანიისთვის და არც დაღუპული ეკიპაჟის წევრების ახლობლებისთვის... ასე რომ, ვის ვისთან უნდა ჰქონდეს დიდი პრეტენზიები და საბოდიშო, კარგად ჩანს...

ასევე დაგაინტერესებთ: რუსული „ავაქსები“ - პუტინის ბოლო იმედი უკრაინული დრონების დროულად აღმოსაჩენად

ტრამპმა ზელენსკი "გადააგდო"?! - რა მოხდა პრეზიდენტების დახურულ შეხვედრაზე და სურს უკრაინის ლიდერს ილონ მასკისგან

ტრამპის „ისტორიული შეთანხმება“ განწირულია? - არც „ჰამასი“ განაიარაღდება ბოლომდე და არც ისრაელი დატოვებს ღაზას

ემზადება თუ არა პუტინი ევროპასთან ომისთვის?! - რუსულმა რაკეტამ ისევ შეაღწია ნატოს ცაში და 10-მეტრიანი კრატერიც დაუტოვა „საჩუქრად“ პოლონელებს

თუმცა სხვა მხრივ მისასალმებელია, რომ ირანსა და უკრაინას შორის მზარდი უთანხმოება მეტწილად შემცირდა, ამ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთი სატელეფონო საუბრით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, აიათოლების რეჟიმს გააჩნდათ და გააჩნიათ იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკური რაკეტებით და, ასევე, კამიკაძე-დრონებით მისწვდნენ ირანის ჩრდილოეთ საზღვრიდან, პირდაპირი ხაზით 1 300 კმ-ით დაშორებულ უკრაინის ოდესას...

შეიძლება ოდესისთვის, რომელიც ისედაც ყოველღამ იბომბება რუსული ბალისტიკური რაკეტებით, ამას დიდი მნიშვნელობა აღარც ჰქონდეს, მაგრამ დაფიქსირდებოდა ირან-უკრაინის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება...

და ის, რომ ეს არ მოხდა, საქართველოშიც უნდა გვიხაროდეს, რადგან ირანიდან უკრაინისკენ მიმართული ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების ფრენის ტრაექტორიები ჩვენი საქართველოს თავზე გადადის, რის შესახებაც უკვე დაწვრილებით ვწერდით ამავე ბლოგის 28 ივლისის სტატიაში „შეტევა ირანული ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით კიევზე... საქართველოს ცის გავლით?! - ორი ომის „გაერთიანების“ საშიში პერსპექტივა“...