რუსული „ავაქსები“ - პუტინის ბოლო იმედი უკრაინული დრონების დროულად აღმოსაჩენად
ყოველღამ რუსეთის საჰაერო თავდაცვა 200-დან 300-მდე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეფრენილ უკრაინულ კამიკაძე-დრონს აგდებს, თუმცა რამდენიმე გადარჩენილი უკრაინული „ლიუტი“ და „ფპ-1“ მაინც ახერხებენ მორიგი რუსული ნავთობსაცავის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა თუ ლოჯისტიკური ცენტრის უზარმაზარი საწყობის აგიზგიზებას...
მართალია, ეს რადიკალურ გავლენას ვერ ახდენს ფრონტის ხაზზე შექმნილ სიტუაციაზე, სადაც საბრძოლო ინიციატივას მეტ-ნაკლებად ისევ ფლობენ რუსეთის საოკუპაციო ძალები, მაგრამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ასე მოხშირებული უკრაინული საჰაერო დარტყმები (ზოგიერთი საჰაერო ოპერაციის დროს რუსეთის სიღრმეში უკრაინის მიერ გამოყენებული კამიკაძე-დრონების რიცხვი ორჯერაც კი აღემატება თავად აგრესორი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებისკენ გაშვებული „გერანებისა“ და „გერბერების“ რაოდენობას) მაინც სერიოზული არგუმენტია კიევისთვის, თავდაჯერებულად რომ განაცხადოს მთელი მსოფლიოს გასაგონად - რუსეთის მიერ წამოწყებულ ამ დიდ ომს აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე ვაბრუნებო...

ფოტო: А-50У „სერგეი ატაიანცი“, რომელიც 21-ე საუკუნის ომებში განადგურებულ პირველ „ავაქსად“ იქცა...
და მართლაც, თანდათანობით, რუსეთის უფრო და უფრო მეტი მოსახლე თავის თავზე იგებს იმას, რასაც აქამდე ტელევიზორის ეკრანებზე უყურებდა, თუ როგორ ბომბავდა მისი ქვეყანა „შორეული“ უკრაინის ქალაქებს...
რუსეთის სიღრმეში ასე მოხშირებული უკრაინული კამიკაძე-დრონების მასობრივი შეტევები, რა თქმა უნდა, მოსვენებას არ აძლევს პუტინის თავმოყვარეობას, რომლის ხელისუფლება თავის მრავალრიცხოვან მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ „კიევს სამ დღეში“ დააჩოქებდა და ამას რუსეთის მოქალაქეები ვერც კი იგრძნობდნენ, მაგრამ იმ ჰებელსისა არ იყოს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში საზეიმოდ შეჰპირდა გერმანელ ერს, რომ მათ სახლებს ერთი ბომბიც არ დაეცემოდა, პუტინის კრემლიც ამაში მწარედ შეცდა...
მართალია უკრაინულ შიდაწვისძრავიან და 150-180 კმ/სთ-ის სიჩქარით მფრენ უკრაინულ კამიკაძე-დრონებს რუსეთის საჰაერო თავდაცვა მეტ-ნაკლებად უმკლავდება (თუმცა ამისთვის ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს), მაგრამ უკრაინული რეაქტიულძრავიანი დრონების (რომელთა სიჩქარე 500-600 კმ/სთ-მდეა) უფრო ხშირი გამოყენების შემთხვევაში, მათი განეიტრალება ბევრად უფრო გაძნელდება, რაც კიდეც ჩანს უკრაინული „ფლამინგოს“ ტიპის რეაქტიულძრავიანი ფრთოსანი რაკეტების შემთხვევაში, რომლებიც ძალიან დაბალ სიმაღლეზე (30-50 მ) ანვითარებენ 800 კმ-ზე მეტ სიჩქარეს და მათი ჩამოგდება მხოლოდ ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული რუსული მობილური საზენიტო ჯგუფებისთვის თითქმის შეუძლებელი ხდება.
დაბალ სიმაღლეზე და დიდი სიჩქარით მფრენი უკრაინული რეაქტიულძრავიანი საფრენი აპარატების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლისთვის ჯერ საჭიროა მათი დროული აღმოჩენა, რუსეთის უკიდეგანო საჰაერო სივრცეში, რომლის სრული გადაკეტვა სახმელეთო რადიოლოკატორებით თეორიულადაც კი თითქმის შეუძლებელია.
შესაბამისად, პუტინის რუსეთის ბოლო იმედად რჩება რუსული „ავაქსების“ - ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავების, იგივე А-50 და А-50У ტიპის „საჰაერო ლოკატორების“ აქტიური გამოყენება, რომლებიც დღედაღამ ჰაერში იქნებიან „გამოკიდებულნი“ და მიწის ფონზე ბევრად ადრეულად აღმოაჩენენ უკრაინიდან გამოშვებულ კამიკაძე-დრონებსა და ფრთოსან რაკეტებს, ვიდრე - სახმელეთო რადიოლოკატორები, რომლებსაც რადიოჰორიზონტი უზღუდავს ამის შესაძლებლობას.
ისე, სიმართლე რომ ითქვას, საბჭოთა (რომლებიც შემდგომ რუსეთს დარჩა) „ავაქსების“- А-50-ების (ეს, ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავი 1977 წელს შეიქმნა ტაგანროგის ბერიევის სახელობის საავიციო ქარხანაში) პირველი საბრძოლო ნათლობა მაშინდელი საქართველოს ციდანაც შედგა, როდესაც ისინი 1991 წლის „უდაბნოს ქარიშხლის“ ოპერაციის დროს ცდილობდნენ შავი ზღვის, საქართველოსა და სომხეთის საჰაერო სივრციდან დაეზვერათ სადამ ჰუსეინის ერაყის წინააღმდეგ აშშ-ისა და კოალიციის სხვა წევრი ქვეყნების საბრძოლო ავიაციის მოქმედებები.
დასავლეთისა და უკრაინის დაზვერვის მონაცემების თანახმად, ბოლო დღეებია, რუსეთის საჰაერო სივრცის იმ მიმართულებებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ უკრაინული კამიკაძე-დრონები და ფრთოსანი რაკეტები, რუსეთის ტერიტორიის უფრო მეტ სიღრმეში შესაფრენად, დღედაღამ ჰაერში მორიგეობს ერთი რუსული „ავაქსი“ მაინც, რაც გარკვეულ შედეგს იძლევა რუსეთის საჰაერო თავდაცვისთვის, რადგან ამ „ავაქსის“ მიერ დროულად აღმოჩენის შემდეგ, მოახერხეს ძალიან დაბალ სიმაღლეზე მფრენი რამდენიმე უკრაინული რეაქტიული „ფლამიგოს“ ჩამოგდება.
მაგრამ რამდენად ეყოფა რუსული „ავაქსების“ რაოდენობა და ტექნიკური გამართულობა კრემლს, რომ სრულად აღკვეთოს წარმატებული უკრაინული საჰაერო დარტყმები რუსეთის ტერიტორიის ღრმა ზურგში?
პუტინის ხელისუფლებისთვის სამწუხაროდ, არანაირად არ ეყოფა...
დავიწყოთ თავიდან - საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სულ დამზადებული იქნა ამ ტიპის თვითმფრინავის სხვადასხვა მოდიფიკაციის 31 ეგზემპლარი, რომელთაგან რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს დღეისათვის შემორჩათ არა უმეტეს 2 ერთეული А-50 და 8 მოდერნიზებული А-50У, თუმცა მათგან საბრძოლო მზადყოფნაში მხოლოდ 4 ცალი რუსული „ავაქსი“ თუ იქნება, რაც სრულიად არასაკმარისია 24 სთ-იანი მუდმივი საჰაერო მორიგეობის საორგანიზაციოდ, უკრაინის საზღვრების სიახლოვესაც კი...

ფოტო: ბალტიის ზღვის თავზე რუსულ „ავაქსს“- А-50У-ის ნორვეგიული „პინგვინი“- F-35A „კუდში აზის“, თუმცა ნატო კრემლს ვერ გაუბედავს იმას, რაც უკრაინელებმა ორჯერ უკვე „აკადრეს“ რუსულ „ავაქსებს“...
არადა, რუსული „ავაქსების“ ეკიპაჟები სათოფეზეც ვეღარ ეკარებიან უკრაინის საზღვრებს, მას შემდეგ, რაც 21-ე საუკუნის მსოფლიო ომებში უკრაინელმა მეზენიტეებმა პირველი „ავაქსის“ ტიპის თვიმფრინავი ჩამოაგდეს (რამდენიმე თვის წინ ირანელებმა აუფეთქეს აეროდრომზე მდგარი „ავაქსი“ ამერიკელებს), რომელიც რუსული „სერგეი ატაიანცი“ აღმოჩნდა...
სერგეი ატაიანცი ტაგანროგის საავიაციო ქარხანაში მთავარი კონსტრუქტორის, გიორგი ბერიევის(ბერიაშვილის) ხელქვეითი გახლდათ და მონაწილეობა მიიღო А-50-ის შექმნაში, რის საპატივცემულოდაც ერთ-ერთ ასეთ „ავაქსს“ მისი სახელი უწოდეს.
2024 წლის 14 იანვარს უკრაინელებმა, სავარაუდოდ, მოდერნიზებული С-200 ტიპის შორსმფრენი საზენიტო რაკეტის გამოყენებით, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით, 150 კმ-ის დაშორებით, აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს რუსული А-50У „სერგეი ატაიანცი“, ხოლო ერთი თვის შემდეგ, ომის დაწყების ორი წლის თავზე და რუსეთის არმიის დღეს, 2024 წლის 23 თებერვალს გაიმეორეს ეს წარმატება - კრასნოდარის მხარის თავზე, ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზე მეტად დაშორებულ ხუტორ ტროდოვაია არმენიასთან ჩამოაგდეს მეორე რუსული „ავაქსი“,მოდერნიზებული А-50У...
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპმა ზელენსკი "გადააგდო"?! - რა მოხდა პრეზიდენტების დახურულ შეხვედრაზე და სურს უკრაინის ლიდერს ილონ მასკისგან
იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული რუსული მოდერნიზებული „ავაქსის“-А-50У-ის ფასი 330-დან 500 მლნ დოლარმადე მერყეობს, მასში განთავსებული რთული და ძვირად ღირებული რადიოელექტრონული აპარატურის გამოც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სერიოზული ფინანსური დანაკლისი განიცადა.
თუმცა აქ, ამ ჩამოგდებული რუსული „ავაქსების“ ღირებულებაზე მეტად, კრემლისთვის კრიტიკულია ის, რომ მათი შემცვლელების სწრაფად და საჭირო რაოდენობით დამზადება არ შეუძლიათ, მათ შორის იმიტომაც, რომ ამ „ავაქსების“ დამამზადებელ ტაგანროგის საავიაციო ქარხანას უკრაინული კამიკაძე-დრონები სისტემატურად უტევენ...