"ომი, რომელსაც მთელი მსოფლიოს შთანთქმა შეუძლია: დონალდ ტრამპმა აღარ იცის, როგორ მოიქცეს" -The New York Times - კვირის პალიტრა

"ომი, რომელსაც მთელი მსოფლიოს შთანთქმა შეუძლია: დონალდ ტრამპმა აღარ იცის, როგორ მოიქცეს" -The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ (The New York Times) 4 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ომი, რომელსაც მთელი მსოფლიოს შთანთქმა შეუძლია“ (ავტორი - დევიდ ფრენჩი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანთან ომის მიმდინარეობა: „ვაშინგტონს იმედი ჰქონდა, რომ სწრაფად გაიმარჯვებდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა: საბრძოლო მასალების რეზერვი კრიტიკულ დონეზეა, პენტაგონში კი სამომავლო ნაბიჯების მიმართ ერთიანობა არ არის. ომი ფართოვდება და მისი შედეგები თეთრ სახლზე სულ უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც ტელეარხი „ენ-ბი-სი ნიუსი“ იუწყება, ამ ორიოდე დღის წინათ დონალდ ტრამპმა ირანთან ომის მიმდინარეობის გამო თავის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მრჩევლებს „გაცოცხვა“ მოუწყო. აღმოჩნდა, რომ მათ ერთი აზრი და პოზიცია არ აქვთ აშშ-ის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით... მაგრამ განა ასე შეიძლება? ნუთუ მათ არ იციან, რომ გამარჯვებისკენ მიმავალი გზა აუცილებლად ესკალაციას გამოიწვევს, მაგრამ საბოლოოდ მაინც სტრატეგიულ მარცხად შეიძლება შემოგვიტრიალდეს.

სტრატეგიული მარცხი ყველაზე სავარაუდო პროგნოზს წარმოადგენს. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ომი ისეთ ქვეყანასთან დაეწყო, რომელიც ბევრად ძლიერია სადამ ჰუსეინისდროინდელ ერაყზე (2003 წელს) და ამ დროს უფრო ნაკლებ ძალას იყენებს, ვიდრე ეს იყო ერაყის მთავრობის დამხობის დროს. დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციების დაწყება არ სურს, როგორც ეს ერაყთან ომის დროს მოხდა - იცის, რომ მსხვერპლი მეტი იქნება.

რისი იმედი ჰქონდა და რას ელოდებოდა დონალდ ტრამპი, ირანთან ომში რომ ჩაება? ჰო, იგი, ალბათ, ვარაუდობდა, რომ მკაცრ და ღრმა ფესვების მქონე ავტორიტარულ რეჟიმს რამდენიმე ზუსტი ავიადარტყმით დაასუსტებდა, შემდეგ კი მოსახლეობა აჯანყებას დაიწყებდა... პრეზიდენტისავე არაერთგზის დამარწმუნებელი განცხადების თანახმად, იგი ელოდებოდა ვენესუელის სცენარის გამეორებას, მაგრამ როცა არ გაუმართლა და ამ დროს არც გეგმა „ბ“ არ ჰქონდა, მას მხოლოდ ისღა დარჩა, რომ დაბომბვები გაეგრძელებინა და ირანის „კაპიტულაციას“ დალოდებოდა...

დონალდ ტრამპი ძალიან არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი პრეზიდენტია: დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს, ზეგ კი ორივეს უარყოფს. რაში გამოიხატება მისი ლოგიკა, ვერ გაარკვევ. პარასკევს დონალდ ტრამპმა ავიადარტყმების ახალი სერია გამოაცხადა და თან თქვა, რომ ირანელები დარტყმებს ვერ გაუძლებენ და ერთ მშვენიერ დღეს დაგვნებდებიან“.

შაბათს მან დაბომბვა გადაიფიქრა: „ირანმა და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა გვთხოვეს, რომ შეტევისაგან თავი შეგვეკავებინა და მე, მშვიდობის სახელით, დავთანხმდი მათ თხოვნას. მე მინდა ირანი გადარჩეს და აყვავდეს. მე მჯერა რომ გარიგება ახლოსაა“.

მაგრამ დღევანდელი პრობლემა რაღაც გარიგების ჩარჩოებს მიღმა გადის. ამერიკა ისე დიდი ხნის განმავლობაში ტკბებოდა თავისი ძლიერებით, რომ ჩვენ მოვლენების კონტროლს მივეჩვიეთ. გვჯეროდა, რომ ომს როცა გვენდომებოდა, მაშინ დავიწყებდით და ისე დავამთავრებდით, როგორც მოგვესურვებოდა.

როცა მე ერაყში ვმსახურობდი, როგორი საშინელიც უნდა ყოფილიყო ომი, გვჯეროდა, რომ ის გარკვეულ ჩარჩოებში დარჩებოდა. ჩვენ ვებრძოდით მოწინააღმდეგეს, რომელსაც მინიმალური შესაძლებლობები ჰქონდა, ზიანი მიეყენებინა ამერიკელებისათვის, ერაყის ფარგლებს გარეთ. ასეთივე სიტუაცია იყო ავღანეთში მას შემდეგ, რაც ჩვენ, მოკავშირეებთან ერთად, „ალ-ქაიდას“ საყრდენი პუნქტები გავანადგურეთ.

ორივე კონფლიქტის დროს საომარი მოქმედებები სისხლიანი იყო. ჩვენ შეგვიძლია დიდხანს ვიდავოთ ორივე ომის დაწყების გონივრულობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოკავშირეები ხშირად განზე იდგნენ და ბრძოლების სიმძიმე, ძირითადად, ამერიკელებზე გადადიოდა.

უსაფრთხო ომები არ არსებობს - ნებისმიერი ომი შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს, მაგრამ ბოლო დრომდე აშშ-ის ძლიერება, მოწინააღმდეგის სისუსტე და რუსეთ-ჩინეთის თავშეკავება ამერიკელებს მშვიდი ძილის გარანტიას აძლევდა. ისინი აცნობიერებდნენ, რომ კატასტროფული ესკალაციის შანსები უკიდურესად უმნიშვნელო იყო.

ახლა კი ასე არ არის. პლანეტა მსოფლიო ომისკენ დრეიფობს და მოვლენათა მსვლელობას არავინ აკონტროლებს, აშშ-ის პრეზიდენტის ჩათვლით.

განვიხილოთ მიმდინარე მოვლენები: ირანი არა მარტო აგრძელებს ეფექტიან დარტყმებს აშშ-ის ბაზების წინააღმდეგ, არამედ - ხშირად უტევს ვაშინგტონის პარტნიორებს მთელ რეგიონში. სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობ-გაზის ინფრასტრუქტურა კოლოსალურად დაზარალდა და თუ ამას ჰორმუზის სრუტის ბლოკირებასაც დავამატებთ, მსოფლიოს ეკონომიკა სერიოზული საფრთხე-მუქარის წინაშე დადგება.

ირანის მხარეს ბრძოლაში იემენელი ჰუსიტებიც ჩაერთვნენ ანუ საომარი მოქმედებების არეალი სპარსეთის ყურიდან სამხრეთით, წითელი ზღვის აკვატორიაზეც გავრცელდა. თავის მხრივ, საუდის არაბეთი გეგმავს, იემენელ ჰუსიტებს შეუტიოს, რაც მსოფლიოს ენერგეტიკულ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

უკრაინამ კასპიის ზღვაში მცურავ ირანის გემს დაარტყა - დიდ დახურულ წყალსატევში, რომელიც სხვადასხვა ომის მონაწილე მხარეებს - რუსეთს და ირანს ერთმანეთთან აკავშირებს.

რუსეთი და ჩინეთი, სხვადასხვა მონაცემებით, აშშ-ისთან ომის მდგომარეობაში მყოფ ირანს ეხმარებიან - აწვდიან კოსმოსური თანამგზავრებიდან მიღებულ სადაზვერვო მონაცემებს, რომლებიც ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების შეტევებს ეფექტიანობას ჰმატებს. გარდა ამისა, რიგი ინფორმაციით, პეკინი თეირანს საზენიტო რაკეტებსაც უგზავნის.

და ეს ყველაფერი ხდება აშშ-ისთვის ორი ძალზე არასასიამოვნო რეალიების ფონზე:

პირველი - ირანმა აჩვენა, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზები ბევრად უფრო მოწყვლადები არიან შეტევის დროს, ვიდრე ვარაუდობდნენ. დღეს აშშ-ის სამხედრო ბაზები სპარსეთის ყურეში ისეთი დანგრეულნი არიან, რომ მე ერაყის ომში მონაწილეობის დროს ასეთ სურათს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. რა თქმა უნდა, ირანიც უდიდეს ზარალს განიცდის: უმაღლესი სამხედრო სარდლობის და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციის გარდა, თეირანის არმია და „გუშაგთა კორპუსი“ კარგავს მოსახლეობას და რიგით სამხედრო პერსონალსაც, მაგრამ აშშ-ისგან განსხვავებით, ირანი ცოცხალი ძალის დანაკარგებს ყურადღებას არ აქცევს. ირანის სამთავრობო-რელიგიური გასამხედროებული ორგანიზაციები და დაჯგუფებები მზად არიან „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ იბრძოლონ. (...)

მეორე - ჩვენი სამხედრო არსენალი (მაგალითად, „პეტრიოტების“ და „ტომაჰავკების“ რაკეტები) კატასტროფულად მცირდება. ამ ზეთანამედროვე ურთულესი იარაღის მარაგების შევსებას დრო სჭირდება, ამერიკული სამხედრო კომპანიები კი ვერ ასწრებენ. სულაც არ მინდა, რომ ჩვენი ნატოელი რომელიმე მოკავშირის ტერიტორია ირანის სარაკეტო შეტევის სამიზნე აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ერთი ირანული რაკეტაც კი გაარღვევს ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, ეს უკვე ჩვენს მინიდამარცხებას ნიშნავს. როცა ყოველდღიურად ხარჯავ რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების მქონე ათეულობით რაკეტას რამდენიმე ათასდოლარიანი ღირებულების მქონე ირანული დრონების წინააღმდეგ, ალბათ, ყველა მიხვდება, რომ აშშ-ის თავდაცვის დონის დასუსტება მხოლოდ დროის საკითხია. (...)

შევკრიბოთ ერთად ყველაფერი: აშშ-ის თავდაპირველი სტრატეგია ჩაიშალა, ირანთან ომი თანდათან მთლიან რეგიონს ნთქავს. ირანი და უკრაინა შეიძლება პირდაპირ კონფრონტაციაში ჩაერთვნენ; რუსეთმა და ჩინეთმა [ჩრდილოეთ კორეასთან ერთად] შეიძლება, სამხედრო ალიანსი შექმნან; პენტაგონს იარაღის დეფიციტის საფრთხე ემუქრება; დონალდ ტრამპმა აღარ იცის, როგორ მოიქცეს.

ჩემს თავს ხშირად ვუსვამ ხოლმე კითხვებს - როგორ სიტუაციაში ვიქნებოდი, პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს - 1914 წლის ზაფხულში რომ მეცხოვრა, არაფერი რომ არ ვთქვა 1939 წელზე. რომელ მომენტში გრძნობენ ხოლმე ადამიანები, რომ მსოფლიო კატასტროფის წინაშე იმყოფება? თუ ამაზე ძალიან ადრე და ხშირად ილაპარაკებ, სულელად ჩაგთვლიან, თუ გვიან იტყვი, მწარე გრძნობით იცხოვრებ, რატომ ადრე არ ვთქვიო (თუ ცოცხალი დარჩები).

ასევე დაგაინტერესებთ: დიდი სკანდალი: რატომ "აუჯანყდა'' ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი და გადაიბირეს თუ არა იგი რუსულმა სპეცსამსახურებმა?!

სკანდალური სტატია: ევროპის დიდი ხანძრები ტრამპის ბრალი ყოფილა?! - "აშშ-ის მიერ „გამოცხადებულ“ ეკოლოგიურ ომს ეკონომიკური პასუხი უნდა გაეცეს"

„ტერმინატორების“ აჩრდილი მსოფლიოში ანუ გვიახლოვდება თუ არა აპოკალიფსი?!

ამერიკელმა და ჩინელმა მეცნიერებმა მოაზროვნე ადამიანთა ოთხი ტიპი გამოავლინეს - თქვენ რომელს მიეკუთვნებით?

მე წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ დეესკალაციის იმედი მაინც მაქვს. ვფიქრობ, რომ აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების მთავრობებში (საერთოდ, მსოფლიოში) ჯერ კიდევ არიან სერიოზული და საღად მოაზროვნე ადამიანები. (...)

ხშირად ამბობენ, რომ რიგით ამერიკელ ამომრჩეველს საგარეო პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს. მთლიანობაში ეს ასეც არის - სანამ კატასტროფა არ მოხდება. და როცა მოხდება, საგარეო პოლიტიკა ერთადერთი სფეროა, რომელსაც ნამდვილად ეძლევა სტრატეგიული მნიშვნელობა და ყველა ძალიან ინტერესდება.

ჩვენი მომავალი შეიძლება მართლაც არის დამოკიდებული ამერიკელ ამომრჩეველზე, რომელიც შეძლებს და შუალედური არჩევნებით კონგრესს გაბედულებას დაუბრუნებს - იმ კონგრესს, რომელიც დღეს დონალდ ტრამპის ნებას ასრულებს. მაგრამ ამისათვის ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რისი შეძლებაც ძალიან რთულია (ისტორიაში მსგავსი მაგალითები ძნელად თუ მოიძებნება) - კერძოდ ის, რომ დავინახოთ მოახლოებული კატასტროფა და გადამწყვეტად ვიმოქმედოთ წინასწარ, სანამ საშინელი ომი მსოფლიოს არ შთანთქავს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო