სპიტაკის დამანგრეველ მიწისძვრას საქართველო დიდი ბირთვული ტრაგედიის საფრთხის წინაშეც დაუყენებია - კვირის პალიტრა

სპიტაკის დამანგრეველ მიწისძვრას საქართველო დიდი ბირთვული ტრაგედიის საფრთხის წინაშეც დაუყენებია

სომხეთის სპიტაკის რაიონში 1988 წლის 7 დეკემბრის დილას მომხდარმა 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ დიდი ტრაგედია დაატრიალა სომხეთში, თავად სპიტაკში, ასევე გიუმრიში (რომელიც მაშინ ლენინაკანად იწოდებოდა). ათასობით შენობა ჩამოიშალა, რასაც 27 ათასამდე კაცი ემსხვერპლა, 8 ათასი მძიმედ დაშავდა, ხოლო 750 ათასი უსახლკაროდ დარჩა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სპიტაკსა და გიუმრის შორის მდებარეობდა, რომელიც 40-ოდე კმ-ით იყო დაშორებული საქართველოს საზღვრიდან, ხოლო თბილისიდან კი 120 კმ-ით და საქართველოს დედაქალაქშიც ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს.

ამ საშინელმა მიწისძვრამ მაშინ სწორედ სომხეთი დააზარალა, მაგრამ მისი შედეგები კიდევ უფრო კატასტროფული შეიძლება ყოფილიყო, მათ შორის საქართველოსთვისაც, რომ... სპიტაკის მიწისძვრის ეპიცენტრიდან 68 კმ-ში მდებარეობდა სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგური და დიდი საშიშროება იყო, უძლიერეს მიწისქვეშა ბიძგებს მწყობრიდან გამოეყვანა მისი ატომური რეაქტორები. საბედნიეროდ, მათ გაუძლეს ამ ურთულეს ზემოქმედებას, თუმცა ერთი წლის შემდეგ მეწამორის ორივე ატომური რეაქტორი მაინც გააჩერეს.

საბჭოთა კავშირში ძალიან ბევრი რამ სრულიად გასაიდუმლოებული გახლდათ და ამიტომაც დიდხანს განსაკუთრებულ საიდუმლოებად რჩებოდა ის, რომ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების გაძლებას სპიტაკის ძლიერი მიწისძვრის ბიძგების მიმართ თურმე სულაც არ გამოურიცხავს ბირთვული კატასტროფის საფრთხე სომხეთისთვის, მეზობელი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვისაც კი, რადგან სპიტაკის მიწისძვრის ეპიცენტრიდან სულ რაღაც ოციოდე კმ-ში მდებარეობდა ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტი, სადაც... ბირთვული იარაღი ინახებოდა. ანუ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დამანგრევლად აღიარებული სპიტაკის მიწისძვრა ფაქტობრივად მოხდა საბჭოთა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული მუხტების მიწისქვეშა საცავის ქვეშ, რასაც შეიძლება გამოეწვია ბირთვული საბრძოლო მოწყობილობების ძლიერი დაზიანება და მათი არასანქცირებული ამოქმედებაც კი!

ბირთვულ არსენალზე პასუხისმგებელი გახლდათ საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარი სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფდა ბირთვულ-ტექნიკური საშუალებების შენახვას, მომსახურებასა და უსაფრთხოებას საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული გახლდათ საიდუმლო მიწისქვეშა საცავები, ხშირად სხვა სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე და ისეთი შენიღბვითა და ლეგენდით, რომ ამ სამხედრო ნაწილე­ბის ოფიცრებმაც არ იცოდნენ, რა საშინელი ძალის იარაღი ინახებოდა მათი ყაზარმებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში

2-birtvuli-1786295544.jpg
მიწისქვეშა დაცულ საცავებში ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბები მუდმივი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში ..ასეა დასაწყობებული

.

სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა განთავსებული შორ მანძილზე მოქმედი არც სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები და არც მძიმე რაკეტმზიდ-ბომბდამშენები. აქ ინახებოდა მხოლოდ ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული მუხტები - საარტილერიო ჭურვები, რაკეტის ქობინები, საინჟინრო ნაღმები და საავიაციო ბომბები. კონკრეტულად, ლენინაკანში (დღევანდელ გიუმრიში) სპიტაკის მიწისძვრის მომენტისთვის მიწისქვეშა საცავში ინახებოდა Луна-М-ისა და Точка-ს ტიპის ტაქტიკური დანიშნულების მობილური სარაკეტო კომპლექსებისთვის ბირთვული ქობინები, რომლებიც განგაშის შემთხვევაში სპეციალურ ცალკეულ სარემონტო-ტექნიკურ ბაზას გადახურული და თერმოდაცული სატვირთო "ზილებითა" და "ურალებით" უნდა გამოეტანა მიწისქვეშა საცავიდან და სათადარიგო რაიონში მიეტანა მობილურ სარაკეტო დანადგარებთან, რათა 30-40 წუთში მოესწროთ ბირთვული ქობინის გადმოტვირთვაც და დამონტაჟებაც ბალისტიკურ რაკეტაზე, რათა ის მზად ყოფილიყო 70 კმ-ის სიშორეზე (Точка-У-ს შემთხვევაში კი 120 კმ-ის მაქსიმალურ სიშორეზე) ბირთვული დარტყმა მიეყენებინათ ნატოს წევრი თურქეთის მესამე საველე არმიის პოზიციებისთვის - ლენინაკანში დისლოცირებული 127-ე საბჭოთა მოტომსროლელი დივიზია (რომელიც დღეს გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზად იწოდება) მხოლოდ რვა კმ-ით თუ იყო დაშორებული თურქეთის საზღვრიდან. შესაბამისად, ლენინაკანის საიდუმლო მიწისქვეშა საცავში ინახებოდა 100 კილოტონა ტროტილის სიმძლავრის რამდენიმე სარაკეტო ბირთვული ქობინი. სავარაუდოდ, ბირთვული საარტილერიო ჭურვებიც, გათვლილი 152 და 203 მმ კალიბრის საარტილერიო დანადგარებიდან სასროლად - ასე რომ, სპიტაკის ძლიერ მიწისძვრას მართლაც რომ დაეზიანებინა ლენინაკანის მიწისქვეშა საცავში ერთი ბირთვული მუხტი და ის ამოქმედებულიყო, აუცილებლად გამოიწვევდა სხვა, გვერდით დასაწყობებული ბირთვული მუხტების ამოქმედებასაც. მაშინ არათუ ჩერნობილი, არამედ ჰიროსიმა-ნაგასაკიც მონაგონი იქნებოდა ამ საცავიდან 90 კმ-ით დაშორებული ერევნისთვის და 120 კმ-ით დაშორებული თბილისისთვისაც, რადგან თუკი ეს იაპონური ქალაქები ამერიკელმა 15-18 კილოტონა სიმძლავრის პირველი ატომური ბომბებით გაანადგურეს, ლენინაკანში დასაწყობებული ბირთვული მუხტების საერთო სიმძლავრე ასეულობით კილოტონებამდე ადიოდა და უკვე მეგატონებშიც გადადიოდა.

საბედნიეროდ, ლენინაკანის მიწისქვეშა ბირთვულმა საცავმა გაუძლო ასეთ ურთულეს გამოცდას და, ალბათ, იმიტომაც, რომ ბირთვული იარაღის შესანახ ამგვარ მიწისქვეშა საცავებს საბჭოთა კავშირი ამერიკული ბირთვული ბომბების პირდაპირ მოხვე­დრასა და აფეთქების გაძლებაზე აპროექტებდა. თუმცა მცირე დაზიანებები ლენინაკანის საცავში მაინც მიუღია ორიოდ ბირთვული მუხტის შესანახ კონტეინერს, ოღონდ შემდგომი გართულებების გარეშე.

ეტყობა, სპიტაკის მიწისძვრა იმ ბოლო წვეთად იქცა, რის შემდეგაც კრემლმა გადაწყვიტა სასწრაფოდ გაეტანა ამიერკავკასიიდან ტაქტიკური დანიშნულების ყველა სახის ბირთვული იარაღი, რისთვისაც მოსკოვს მთელი საიდუმლო ოპერაციების ჩატარება მოუხდა იმ დროისთვის ჯერ კიდევ თავის ტერიტორიაზე...

საქმე ის არის, რომ 1988 წლის მიწურულისთვის უკვე მწვავე შეიარაღებული დაპირისპირება იყო სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის და არა მარტო ყარაბაღში, რის გამოც კრემლში შიშობდნენ, რომ რომელიმე კარგად შეიარაღებული არაფორმალური დაჯგუფება თავს არ დასხმოდა ლენინაკანის საიდუმლო მიწისქვეშა ბირთვულ საცავს და ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საინჟინრო ნაღმების თუ საარტილერიო ჭურვების ხელში ჩაგდება არ ეცადა, მოსკოვში დამუშავდა საიდუმლო გეგმა ლენინაკანის ბირთვული საცავიდან სარა­კეტო ქობინების ტრანსპორტირებისა და რუსეთის ტერიტორიაზე გატანის თაობაზე.

რატომ არ გამოიყენეს რუსმა გენერლებმა ლენინაკანის სამხედრო ნაწილთან მდებარე სამხედრო აეროდრომი ბირთვული ქობინების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით სწრაფად გასატანად, უცნობია. თუმცა ის კი ცნობილია, რომ საბჭოთა გენშტაბმა უარი თქვა ლენინაკანიდან საქართველოს სამხედრო გზის გამოყენებით ბირთვული იარაღის ჩრდილოეთ ოსეთში ტრანსპორტირებაზე, რადგან 1988-89 წლების ზამთარში ეს მარშრუტი უხიფათო არ იყო ჯვრის უღელტეხილზე გადასასვლელად, ხოლო ალტერნატიული სახმელეთო გადასასვლელი საქართველოდან ჩრდილო ოსეთში როკის გვირაბის სახით უფრო დიდ სავარაუდო ხიფათს შეიცავდა ქართველებისა და ოსების დაპირისპირების გაღრმავების გამო.

ასე იყო თუ ისე, ლენინაკანის ბირთვული იარაღის ტრანსპორტირებისთვის გრძელი, რთული და სახიფათო მარშრუტი აირჩიეს: ლენინაკანი-ერევანი-ნახიჩევანი-მეგრი-ბაქო-დერბენტი-მახაჩყალა-დონის როსტოვი და სატვირთო "ზილებისა" და "ურალების" კოლონამ, რომელსაც გზაზე ჯავშანტრანსპორტიორები აცილებდნენ, ჰაერიდან კი დამრტყმელი შვეულმფრენები იცავდნენ, რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი სომხეთიდან რუსეთში გაიტანა. მაგრამ ამით არ მორჩენილა საბჭოთა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის "თავგადასავლები" სამხრეთ კავკასიაში, რადგან იმ მომენტისთვის ჩვენს რეგიონში ჯამში ათასამდე ბირთვული მუხტი ინახებოდა და არა მარტო სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ საქართველოში იყო განთავსებული ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი შტაბი, ასევე საბრძოლო ავიაციის არანაკლებ ცხრა სამხედრო აეროდრომი, საზენიტო-სარაკეტო დივიზიონები და ორი სარაკეტო ბრიგადა (გომბორსა და შაუმიანში), ჩვენს ტერიტორიაზე 80-იანი წლების შუახანებისთვის ინახებოდა არანაკლებ 350 ერთეული სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის ტაქტიკური ბირთვული ქობინი, საავიაციო ბომბი, საარტილერიო ჭურვი თუ საინჟინრო ნაღმი.

ასევე დაგაინტერესებთ: ვალერი ზალუჟნის სკანდალური განცხადება ანუ "მძიმე ზღაპარი" უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე?!

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებმა რუსეთ-უკრაინის ომში რეკორდული მასშტაბი მიიღო

გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი: რა ხდება ფრონტზე და გამოაცხადებს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას?! - "რუსეთში შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს"

"სიტროენს" 14 ტყვია მოხვდა, პრეზიდენტს არც ერთი - წარუმატებელი თავდასხმები ლიდერებზე: გასროლა, რომელსაც შესაძლოა, მსოფლიო ისტორია შეეცვალა

ლენინაკანის მსგავსი საიდუმლო მიწისქვეშა ბირთვული საცავები იყო ვაზიანში, გორში, წითელწყაროში (დედოფლისწყარო), კოპიტნარში, ცხაკაიაში (სენაკი)... თუკი ვაზიანის საცავში ინახებოდა გომბორში დისლოცირებული სარაკეტო ბრიგადის რაკეტებისთვის განკუთვნილი ბირთვული ქობინები, რომლებიც განგაშის შემთხვევაში ვაზიანიდან შვეულმფრენებით უნდა ჩაეტანათ ამ ბრიგადის სარაკეტო დანადგა­რებისთვის, რომლებიც გომბორის ნაწილიდან უკვე სათადარიგო რაიონში იქნებოდნენ გასული, შაუმიანის "ელბრუსებისთვის" ("სკადებისთვის") 300 კილოტონა სიმძლავრის სარაკეტო ბირთვული ქობინები წითელწყაროს საცავიდან უნდა გასულიყო. უშუალოდ თბილისში, ფონიჭალის ნაწილის მიწისქვეშა საცავში, ინახებოდა С-75 ტიპის საზენიტო რაკეტებისთვის განკუთვნილი ბირთვული ქობინები, რომლის იმიტატორის ნახვისა და დეტალურად დათვალიერების საშუალება ჯერ კიდევ შორეულ 1992 წელს მომეცა.

მოკლედ, საბჭოთა პერიოდში ამიერკავკასიაში და კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე იმ რაოდენობის და საერთო სიმძლავრის ბირთვული ქობინები ინახებოდა, რომელსაც თვით ჩინეთიც კი მხოლოდ ახლა მიუახლოვდა. სპიტაკის მიწისძვრამ და განსაკუთრებით შეიარაღებული კონფლიქტების მომრავლებამ სამხრეთ კავკასიაში (რომელთა ინსპირატორი თავად კრემლი და საბჭოთა სპეცსამსახურები იყვნენ) მნიშვნელოვნად დააჩქარა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გატანა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან, რაც საერთო ჯამში უკეთესიც გახლდათ, რადგან შემთხვევით ან მიზანმიმართულად ასეთი კომპაქტური, თუმცა უძლიერესი ბირთვული იარაღის აღმოჩენა რომელიმე საველე მეთაურის (რომელიც არავის ემორჩილებოდა) განკარგულებაში, ბირთვული შანტაჟის საფუძველი გახდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული მუხტების სრულ ინიცირებას ისინი ვერ შეძლებდნენ, იმდენი საფეხურის დაცვის მექანიზმი იყო მათზე დაყე­ნებული. თუმცა მათი დაშლისა და საიარაღო "ურან-235"-ის ან "პლუტონიუმ-239"-ის ამოღების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდებოდა "ჭუჭყიანი" ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნა და მათი ტერორისტული მიზნით გამო­ყენება, რომელიმე ქვეყნის მეგაპოლისში ძლიერი რადიაციული დაბინძურების კერების შესაქმნელად.

ირაკლი ალადაშვილი