ტრამპის "ტრიუკი" ანუ მართლა აპირებდა თუ არა ირანი ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოგდებას?!
ტრამპს სააკაშვილისთვის მიუბაძია და საკვების კონტეინერში ჩამალული გაპარულა...
ის, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ძალიან წააგავს თავისი არაპრონოზირებადი ,არააორდინალური, იმპულსური ქმედებებით, რომლებშიც მთავარი მიზანი საკუთარი თავის რაც შეიძლება მეტად გაპიარება და პოლიტიკური რეიტინგის გაზრდაა, ბევრი შეამჩნევდა...
ხოლო ბოლო ფაქტით, რომელიც გუშინ გამჟღავნდა,ტრამპი სააკაშვილს კიდევ უფრო „დაემსგავსა“...
ბევრს ეხსომება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკვე უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 29 სექტემბერს ფოთის პორტში მალულად შემოიპარა რძის პროდუქტებით დატვირთულ კონტეინერში ჩამალული.
დაახლოებით ასეთივე „ტრიუკი“ განუხორციელებია აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, როდესაც საკვების გადამტან კონტეინერში მალულად მოთავსების შემდეგ, სხვა თვითმფრინავში გადამჯდარა...
თურქეთში ნატოს სამიტის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში დასაბრუნებლად პრეზიდენტი ტრამპი რამდენიმე ათეული ტელეკამერისა და ფოტოაპარატის ობიექტივის ქვეშ, ტრაპით ავიდა საპრეზიდენტო „ბოინგში“-Air Force One-ში, რის შემდეგაც დაწყებულა ეს „ცირკი“…
თეთრმა სახლმა იმ დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტი თურქეთიდან, სადაც ის ნატო-ს სამიტს დაესწრო, გაერთიანებულ სამეფოში Air Force One-ით მიფრინავდა. თუმცა, Washington Post-ის ცნობით, თვითმფრინავში ასვლიდან რამდენიმე წუთში ტრამპმა ის ფარულად დატოვა - ბორტიდან კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით ჩამოვიდა და დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებლად სხვა თვითმფრინავში გადავიდა. გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპი ანკარაში კამერების წინ Air Force One-ში ჩაჯდა, რის შემდეგაც ის ფარულად გადაიყვანეს აეროპორტის კვების მომსახურების სატვირთო მანქანით უფრო პატარა თვითმფრინავში - სამხედრო-საჰაერო ძალების C-32A-ში. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს განუცხადეს, რომ აშშ-მა ირანის მხრიდან თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტის გასროლის სარწმუნო საფრთხე დააფიქსირა. მედიის ინფორმაციით, C-32A, რომელშიც ტრამპი იმყოფებოდა, გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით 22:20 საათზე ჩაფრინდა, ძველი Air Force One-ი და მედია კი რამდენიმე წუთის შემდეგ ჩავიდნენ. Washington Post-ი წერს, რომ გაურკვეველია, თუ როგორ დააბრუნეს ტრამპი C-32A-დან ძველ Air Force One-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ დაადასტურა, რომ გასულ თვეში თურქეთში ნატო-ს სამიტიდან დაბრუნებისას შესაძლო საფრთხის გამო, თვითმფრინავები ფარულად შეცვალეს.
"საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების მითითებებს ვემორჩილები. მათ სურდათ, რომ სხვა რეისით, სხვა თვითმფრინავით გავმგზავრებულიყავი. უბრალოდ, უნდა გავაკეთო ის, რასაც ისინი მეუბნებიან“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის მთელი ეს სპეცოპერაცია შეიძლება იმითაც იყო გამოწვეული,რომ ისრაელის სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს ამერიკელი კოლეგები,პრეზიდენტ ტრამპის თვითმფრინავის წინააღმდეგ რაიმე სახის ტერორისტული აქტის შესაძლო მზადების თაობაზე.
ასევე დაგაინტერესებთ: ის, რაც აქამდე არ იცოდით - შეიძლებოდა თუ არა შინდისის ტრაგედიის თავიდან აცილება?!
„ახლო აღმოსავლეთის ნატო“ პოტენციურ მოწინააღმდეგეებად ერთდროულად მიიჩნევს... ირანსაც და ისრაელსაც...
"ჩაყლაპავს“ თუ არა პუტინი ერდოღანის მიერ ზელენსკისთვის ბალისტიკური რაკეტების მიყიდვას?
პრეზიდენტი ტრამპი გადაურჩა მორიგ თავდასხმას( თუკი ის საერთოდ იგეგმებოდა), მაგრამ ამ სპეცოპერაციაში ტრამპის საკვების კონტეინერში „ჩატენვით“, გამოიკვეთა სხვა, უფრო მორალური მხარე - თუკი ტრამპი სხვა თვითმფრინავში გადააპარეს, მაშინ Air Force One-ში მსხდომი ჩინოვნიკები და ჟურნალისტები, რომლებმაც არაფერი იცოდნენ შესაძლო საფრთხის შესახებ და დარწმუნებულნი გახდნენ, რომ პრეზიდენტი ტრამპთან ერთად მიფრინავდნენ, აღმოჩნდნენ ერთგვარი „ცრუ სამიზნე“ და განწირულები გახდებოდნენ, თუკი ვინმე მართლაც განახორციელებდა თავდასხმას Air Force One-ზე იმაში დარწმუნებული, რომ ამ „ბოინგში“ პრეზიდენტი ტრამპიც იმყოფებოდა...
P.S. ძალაუნებურად მახსენდება 2007 წელს კოდორის ხეობაში ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ, უკან სამი შვეულმფრენით გამოფრენილები სენაკის აეროდრომზე დავეშვით საწვავის მარაგის შესავსებად, მაგრამ ერთ შვეულმფრენს ლოპოტზე სერიოზული დაზიანება აღმოაჩნდა, რომელზეც სკოტჩი დაახვიეს და თბილისისკენ უნდა გამოვფრენილყავით, როდესაც მანამდე ბოლომდე გადავსებული შვეულმფრენი უცბად დაიცალა-მაშინდელი პარლამენტის წევრები, მინისტრების მოადგილები და სხვა ჩინოვნიკები ჩუმად გადაიძურწნენ სხვა შვეულმფრენებში, ისე, რომ კრინტი არ დაუძრავთ და „სკოტჩდახვეული“ შვეულმფრენით, რომლითაც მგზავრობა სახიფათო გახლდათ, მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტს მოგვიწია თბილისში დაბრუნება...