„ახლო აღმოსავლეთის ნატო“ პოტენციურ მოწინააღმდეგეებად ერთდროულად მიიჩნევს... ირანსაც და ისრაელსაც...
რამდენიმე დღის წინ „ახლო აღმოსავლეთის ნატო“ დაიბადა - 2026 წლის 7 აგვისტოს მექაში ხელი მოეწერა სამი ქვეყნის -თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის სამმხრივ თავდაცვით ხელშეკრულებას.
ახლოაღმოსავლეთში ეს ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი მიზნად ისახავს სამი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობას და კოლექტიურ უსაფრთხოებას, რადგან ისინი რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებს პასუხობენ.
რეგიონში ძველი მოკავშირის, აშშ-ის მიერ სტაბილურობის კონტროლი სულ უფრო რთულდება, რამაც სუნიტურ სახელმწიფოებს შორის ახალი სტრატეგიული ალიანსის შექმნა დააჩქარა.
ოფიციალური პირების განმარტებით, შეთანხმება სრულად თავდაცვითია და გულისხმობს მხარეთა ერთობლივ მოქმედებას, კოლექტიური თავდაცვის მუხლის ფარგლებში, რითაც ის ძალიან წააგავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცნობილ მეხუთე მუხლს, კოლექტიური უსაფრთხოების თაობაზე, როდესაც ნატოს წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა აღიქმება მთელ ალიანსზე შეტევად და ერთობლივი სამხედრო მოქმედებების დაწყებას...
მაგრამ ვინ ემუქრება საუდის არაბეთს, პაკისტანსა და თვით იმ თურქეთსაც (რომელიც ისედაც არის ნატოს წევრი და წესით, უკვე უნდა ჰქონოდა უსაფრთხოების გარანტიები ევროპიდან და ამერიკიდან), რომ ამ სამმა სახელმიფომ, რომლებსაც არა თუ საერთო სახმელეთო ან საზღვაო მეზობლობა არ აკავშირებთ, არამედ - ასეულობით კილომეტრებით არიან ერთმანეთისგან დაშორებულნი (თურქეთის საზღვრიდან საუდის არაბეთამდე 700 კმ-ია,ხოლო პაკისტანამდე - 2 ათას კმ-ზე მეტი), ერთობლივი თავდაცვა გადაწყვიტეს?
და იქ მთავარი უცნაურობა, როდესაც... ისრაელი და ირანი ერთობლივად მიიჩნევიან პოტენციურ მოწინააღმდეგეებად, მაშინ, როდესაც თავად ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთანაა სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული...
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რამაც დააჩქარა „ახლო აღმოსავლეთის ნატოს“ შექმნა, ისიცაა, რომ ამ რეგიონში ათწლეულების განმავლობაში უსაფრთხოების მთავარ გარანტად აშშ იყო მიჩნეული, თუმცა ბოლო მოვლენებმა მთელ მსოფლიოს დაანახვა, რომ იმავე საუდის არაბეთში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზები ვერ უზრუნველყოფენ ამ ქვეყნისკენ მასობრივად გაშვებული ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების წარმატებულად მოგერიებას, უფრო მეტიც, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში თავად ამ ამერიკული სამხედრო ბაზების სრულ უსაფრთხოებას კი ვერ ახერხებს...
„ახლო აღმოსავლეთის ნატოს“ შექმნის შემდეგ ძალზე საინტერესო სიტუაცია ყალიბდება ამ რეგიონში...
მაგალითად, ირანმა რაიმე ახალი მიზეზის გამო კვლავ გაუშვა ბალისტიკური რაკეტები საუდის არაბეთისკენ (რისი ალბათობაც ძალიან მაღალია), რა რეაქცია ექნებათ პაკისტანსა და თურქეთს?
ისლამაბადი და ანკარა საპასუხოდ დაარტყამენ თეირანს, მაშინ როდესაც პაკისტანელები და თურქებიც შუამავლის როლს ასრულებენ ამერიკა-ირანის დღევანდელ მოლაპარაკებებში?
ან კიდევ ისრაელსა და თურქეთს შორის რაიმე შეიარაღებული ინციდენტი თუკი მოხდა (ერთმანეთთან პიროვნულადაც დაპირისპირებული თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსაგან ყველაფერია მოსალოდნელი), საუდის არაბეთი სამხრეთიდან შეუტევს ისრაელს, ხოლო პაკისტანი კი ბალისტიკური რაკეტებით „წაეხმარება“ თურქეთს ისრაელის წინააღმდეგ?
ხოლო, თუკი ორ ბირთვულ სახელმწიფოს - პაკისტანსა და ინდოეთს შორის მორიგი შეიარაღებილი კონფლიქტი დაიწყო, თურქეთი და საუდის არაბეთი ინდური სამხედრო ხომალდების ჩაძირვას დაიწყებენ არაბეთის ზღვაში?
ასევე დაგაინტერესებთ: "ჩაყლაპავს“ თუ არა პუტინი ერდოღანის მიერ ზელენსკისთვის ბალისტიკური რაკეტების მიყიდვას?
როდის დაიწყო რეალურად საქართველო-რუსეთის ომი და მთავარი შეცდომა, რომელიც საბედისწერო გამოდგა
აგვისტოს ომში, გორში საბრძოლო ნათლობა მიღებული რუსული „ისკანდერი“ დღეს კიევის მთავარ კოშმარად იქცა
კიდევ უფრო საინტერესო სიტუაცია იქმნება სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს მეზობელ - აზერბაიჯანთან მიმართებაში. აზერბაიჯანი თურქეთს თავის „უფროს ძმად“ მოიხსენიებს და მართლაც, რომ არ ყოფილიყო თურქეთის ფაქტორი და ერდოღან-პუტინის პირადი ურთიერთობები, ალიევს ძალიან გაუჭირდებოდა თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
თუმცა, მეორე მხრივ, 2020 წლის 44-დღიან ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის არმიის საბრძოლო წარმატებას ძალიან შეუწყო ხელი ისრაელის მიერ ბაქოსთვის მიყიდულმა თანამედროვე შეიარაღებამ, რამაც აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის სამხედრო-ტექნიკური, პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები (ისრაელისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი საქართველოს ტერიტორიის გავლით, სწორედ აზერბაიჯანია) კიდევ უფრო განამტკიცა და რა პოზიციას დაიკავებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი, თუკი თურქეთსა და ისრაელს შორის დღეისათვის არსებული პოლიტიკური დაძაბულობა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდება?
ძალიან ბევრი რთული კითხვა იბადება ამ „ახლო აღმოსავლეთის ნატოს“ შექმნის შემდეგ, რომელსაც მალე შეიძლება რეგიონის სხვა ქვეყნებიც შეურთდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტემ მასში გაერთიანებაზ ჯერჯერობით თავი შეიკავა.
სამაგიეროდ, ქუვეითი, კატარი თუ ბაჰრეინი შეიძლება დაინტერესდნენ „ახლო აღმოსავლეთის ნატოში“ გაწევრებით, რადგან ირანული ბალისტიკური რაკეტებისგან და კამიკაძე-დრონებისგან მათაც ბევრი მტკივნეული დარტყმა მიიღეს და დაინტერესებულნი არიან უსაფრთხოების ზომების გაზრდაში, რადგან ტრამპის ამერიკა,რომელიც ისრაელის „წაბიძგებით“ ჩაერთო ირანთან ამ საჰაერო ომში, ვეღარ ახერხებს სპარსეთის ყურის საჰაერო სივრცის გარანტირებულად „ჩაკეტვას“ და ვერც მათი ნავთობით დატვირთული ტანკერების ნაოსნობის სრულ უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გავლისას...