რუსულ ხომალდებს სევასტოპოლის შემდეგ, ნოვოროსიისკიდანაც გასაქცევად აქვთ საქმე...ოჩამჩირისკენ?! - კვირის პალიტრა

რუსულ ხომალდებს სევასტოპოლის შემდეგ, ნოვოროსიისკიდანაც გასაქცევად აქვთ საქმე... ოჩამჩირისკენ?!

გუშინ, 12 აგვისტოს, სანამ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კურილის კუნძულ იტურუპიდან იაპონიას და ნახევარ მსოფლიოს თითს უქნევდა და ემუქრებოდა მათი სავაჭრო გემების დაკავებით, თუკი ისინი გააგრძელებდნენ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შეჩერებას, უკრაინამ რუსეთის ყველაზე დემონსტრაციული და, ამასთან, შედეგიანი „დაჩოქება“ მოახდინა შავ ზღვაში, კერძოდ კი, ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაში...

11-12 აგვისტოს ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნოვოროსიისკზე ყველაზე მასშტაბური კომბინირებული დარტყმა განახორციელეს ფრთოსანი რაკეტების, შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების, ასევე, წყალზედა საზღვაო კატარღა-კამიკაძეების გამოყენებით, მათ შორის - „ნეპტუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებითა და „პალიანიცას“ ტიპის რეაქტიული დრონებით.

მთავარი დარტყმა ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე იქნა მიტანილი, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკანასკნელი თავშესაფარი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ძალების სევასტოპოლის საზღვაო ბაზაზე მიზანმიმართული დარტყმების გამო, რუსი ადმირალები იძულებულნი გახდნენ, ძირითადი საბრძოლო ხომალდები ანექსირებული ყირიმიდან რუსეთის ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაზე გადაეყვანათ იმის იმედად, რომ იქ უკრაინული საჰაერო და საზღვაო კამიკაძეები ვერ მისწვდებოდნენ…

თუმცა ნოვოროსიისკის ბაზაზე აქამდეც არა ერთი წარმატებული შეტევა განახორციელა უკრაინის მხარემ და დააზიანა ან, სულაც, ჩაძირა კიდეც ამ ბაზის ნავმისადგომებთან მდგარი რამდენიმე სამხედრო ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავიც კი...

და მაინც, გუშინდელი უკრაინული ოპერაციის შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება -უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნოვოროსიისკის სამხედრო პორტზე შეტევის შედეგად დაზიანებულია 11356 პროექტის ორი რუსული ფრეგატი - „ადმირალი მაკაროვი“ და „ადმირალი ესენი“, 21631 პროექტის მცირე სარაკეტო ხომალდი „ბუიან-M2“ და 22160 პროექტის საპატრულო ხომალდი „ვასილ ბიკოვი“.

მარტო უკრაინელი გენერლების მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ნაკლებად სანდო იქნებოდა, რომ არა დასავლური კომერციული თანამგზავრის მიერ ძალზე ოპერატიულად გადაღებული რუსეთის ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის საკმაოდ მაღალხარისხიანი კოსმოსური ფოტოები...

ამ ფოტოების ანალიზი ადასტურებს უკრაინის გენშტაბის განცხადებას და, ამასთან, დამატებით აჩვენებს, რომ ასევე დაზიანებულია კიდევ ოთხი დამხმარე დანიშნულების გემი და კატარღაც.

2-mak-1786609797.png
ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მყოფი რუსულ სამხედრო ხომალდებზე უკრაინული საჰაერო შეტევის შედეგების თანამგზავრული ფოტოები...

ამჯერად უკრაინულ საჰაერო ოპერაციას მართალია, არ მოჰყვა ნოვოროსიისკის ნავმისადგომთან რომელიმე რუსული სამხედრო ხომალდის სრული განადგურება და ჩაძირვა, მაგრამ კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქების მაცხოვრებლებს შეუძლიათ, ცოტა მშვიდად ამოისუნთქონ, რადგან მათ ღამ-ღამობით შედარებით ნაკლები რაოდენობის „კალიბრები“ შეაწუხებენ...

საქმე ის არის, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის - სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ომის დასაწყისშივე განადგურებისა და ჩაძირვის შემდეგ, ფლაგმანის ვიმპელი ფრეგატ „ადმირალ მაკაროვს“ გადაეცა, რომელიც ისევე, როგორც „ადმირალი ესენი“, შეიარაღებულია „კალიბრის “ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, რომლებსაც სისტემატურად უშვებენ უკრაინის მიმართულებით.

დღეს უკრაინა ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება რუსული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მოგერიებასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინელ მეზენიტეებს არ ჰყოფნით საზენიტო რაკეტები, რუსული „ისკანდერებისა“ და „კალიბრების“ ჩამოსაგდებათ.

ასეთ დროს იცვლება მოქმედების ტაქტიკა და აქცენტი კეთდება არა უკვე გამოშვებული თითოეული „ისრის“ მოსაგერიებლად, არამედ - მათი მსროლელი „მეისრის“ გასანეიტრალებლად, რაც სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისითაც ბევრად უფრო მოგებიანია.

შესაბამისად, თუკი უკრაინელები შეძლებენ შავ ზღვაში იმ რუსული ფრეგატებისა და კორვეტების მწყობრიდან გამოყვანას ან, სულაც, ჩაძირვას, რომლებიც შეიარაღებულნი არიან „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გამშვები კონტეინერებით, ეს ბევრად უფრო მოგებიანი იქნება, ვიდრე - უკვე სტარტაღებული თითოეული რუსული „კალიბრის“ უკრაინის ცაში „დევნა“...

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპის "ტრიუკი" ანუ მართლა აპირებდა თუ არა ირანი ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოგდებას?!

ის, რაც აქამდე არ იცოდით - შეიძლებოდა თუ არა შინდისის ტრაგედიის თავიდან აცილება?!

„ახლო აღმოსავლეთის ნატო“ პოტენციურ მოწინააღმდეგეებად ერთდროულად მიიჩნევს... ირანსაც და ისრაელსაც...

"ჩაყლაპავს“ თუ არა პუტინი ერდოღანის მიერ ზელენსკისთვის ბალისტიკური რაკეტების მიყიდვას?

იგივე ტაქტიკა მისაღებია რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერებისგან“ მომავალი დიდი საფრთხის გასანეიტრალებლადაც, მაგრამ აქ ჩნდება ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ტაქტიკურ-ტექნიკური ნიუანსი - რუსული ფრეგატი „ადმირალი მაკაროვი“ 125 მ სიგრძისა და 15 მ სიგანისაა და მისი სრული შენიღბვა და გადამალვა, უბრალოდ, ტექნიკურად შეუძლებელია და მას ყოველთვის მიაგნებს საჰაერო და მით უმეტეს, კოსმოსური დაზვერვა...

სამაგიეროდ, რუსული „ისკანდერების“ გამშვები თვითმავალი სარაკეტო დანადგარის სიგრძე 13 მ-ს შეადგენს, სიგანე 3 მ-ია და მისი გადამალვა ტყის მასივებში ძალიან ადვილია -მას წუთები ჰყოფნის ორივე რაკეტის ერთმანეთის მიყოლებით გასაშვებად და შემდეგ საცეცხლე პოზიციის სწრაფად დასატოვებლად ანუ ამ შემთხვევაში „მსროლელის განადგურების“ ტაქტიკის გამოყენება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე - „კალიბრების“ გამშვები უზარმაზარი წყალზედა ხომალდების წინააღმდეგ...

და ერთიც, თუკი ანექსირებული სევასტოპოლიდან გამოქცეულ შავი ზღვის ფლოტის რუსულ ხომალდებს უკრაინელები „მოსვენებას“ არც რუსულ ნოვოროსიისკის პორტში მისცემენ, ამჯერად საით გაიქცევიან ისინი თავის გადასარჩენად? ნუთუ იმავე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ოჩამჩირის პორტში?