აღარ ჩავუძიროთ სამოქალაქო გემები ერთმანეთს შავ ზღვაში - რას სთავაზობს ზელენსკი პუტინს?
უკრაინამ რუსეთს შესთავაზა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმების ორმხრივად შეწყვეტა და ეს წინადადება კიევმა მოსკოვში მესამე ქვეყნის შუამავლობით გაგზავნა -იტყობინებიან დასავლური საინფორმაციო საშუალებები, რაც დიდი ალბათობით, შეიძლება ახლოს იყოს რეალობასთან, რადგან...
ბოლო თვის განმავლობაში განსაკუთრებულად დაიძაბა სიტუაცია შავი ზღვის აკვატორიაში და ეს გამოიხატება არა მარტო უკრაინული საჰაერო დარტყმების გამეორებაში, რუსეთის ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაში მდგარ სამხედრო ხომალდებზე.
აზოვისა და შავ ზღვებში უკრაინის საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონებმა, საერთო ჯამში, ასზე მეტი რუსულ სავაჭრო გემზე მიიტანეს იერიში...
სტატისტიკა ასე გამოიყურება:
6-9 ივლისის კამპანია: უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა აზოვის ზღვაში რამდენიმე დღეში 35 რუსულ ტანკერს მიაყენეს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება (მათ შორის - 9 ივლისის ღამეს ერთდროულად 12 ტანკერს დაარტყეს).
11-12 ივლისის ღამის იერიში: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ერთდროულად 21 ნავთობტანკერს შეუტიეს.
1-8 აგვისტოს იერიშები: უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა შავსა და აზოვის ზღვებში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 12 გემს (მათ შორის - ტანკერებს) მიაყენეს დარტყმა.
12 აგვისტოს დარტყმა ნოვოროსიისკზე: მასშტაბური საჰაერო და საზღვაო დრონების შეტევის შედეგად ნოვოროსიისკის პორტის აკვატორიაში (შავ ზღვაში) დაზიანდა „ჩრდილოვანი ფლოტის“ 2 ტანკერი.
შესაბამისად, შავ ზღვაში ძალზე სახიფათო გახდა ნაოსნობა, არა მარტო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისთვის, არამედ - სხვა ქვეყნების ტანკერებისთვისაც, მათ შორის მათთვის, ვისაც ნოვოროსიისკიდან ყაზახური ნედლი ნავთობი გაჰქონდათ და ამ სერიოზულ ბიზნესში გავლენიანი ამერიკელებიც იყვნენ ჩართულნი.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა პირადად დაურეკა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და მას მოსთხოვა, შეეჩერებინა შეტევები რუსული ნოვოროსიისკის იმ ნავთობტერმინალზე, რომელშიც ტანკერები ყაზახური ნავთობით იტვირთებოდნენ.
უკრაინის პრეზიდენტისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ლამის მუშტი-კრივში გადაიზარდა, მთელმა მსოფლიომ იხილა, გასული წლის თებერვალში, თეთრ სახლში შეხვედრისას და მას შემდეგ შერიგდნენ თუ არა ზელენსკი და ჯეი დი ვენსი, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ კიევი თავად იჩენს ინიციატივას მოსკოვთან, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე შეტევების ორმხრივად შეჩერების თაობაზე.
კიევში ამ ინიციატივის „დაბადებას“, ასევე, ხელს შეუწყობდა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანის კატეგორიული მიმართვა, როგორც ზელენსკისთვის, ისე - პუტინისთვის, რომ უკრაინასა და რუსეთს თავისი დიდი ომი შავ ზღვაში, სამოქალაქო ნაოსნობის დასარღვევად არ გადმოეტანათ.
ოფიციალური ანკარა იმან გააღიზიანა, რომ შავ ზღვაში ორივე მხრიდან მიტანილი იერიშებისგან დაზიანებული სავაჭრო გემების ნაწილი ან თურქეთის დროშით დაცურავდა, ან კიდევ - თურქული ეკიპაჟებისგან შედგებოდა.
და მაინც, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ითამაშა იმაში, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე შეტევების მორატორიუმის ინიციატორი სწორედ კიევი გახდა...
მას შემდეგ, რაც ივლისიდან უკრაინამ მოუხშირა შავ ზღვაში რუსული პორტებიდან გამოსულ ან ამ პორტებისკენ მცურავ ტანკერებსა და მშრალტვირთმზიდ გემებზე ნადირობა, პუტინის რუსეთმა სარკისებრი მოქმედები წამოიწყო, კერძოდ კი - უკრაინის პორტებში მდგარ ან იქიდან გამოსულ გემებზე სისტემატური შეტევების სახით...
მარტო ივლისში რუსეთმა დიდი ოდესისა და დუნაის უკრაინის პორტებზე 67 საჰაერო შეტევა განახორციელა, ასევე, დაარტყა ამ პორტებში მდგარ 35 სამოქალაქო გემს და ამ პორტებისკენ მიმავალ საზღვაო დერეფნებში მცურავ 22 გემს...
როგორც ხედავთ, ესეც შთამბეჭდავი ციფრებია და თუკი უკრაინამ შავ ზღვასა და რუსულ პორტებში თავდასხმებით რუსეთს დიდი პრობლემები შეუქმნა, ნავთობისა და მარცვლეულის ექსპორტში (რაც ბუნებრივია, მილიარდებს აკლებს აგრესორი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტს), თავის მხრივ, უკრაინული პორტების ბლოკირებით, კიევი ასევე კარგავს დიდ შემოსავალს, რადგან ვეღარ ახერხებს ხორბლისა და სხვა მარცვლეულის წლევანდელი კარგი მოსავლის გატანას ყველაზე იაფი მარშრუტით, შავი ზღვის დერეფნით...
ანუ შავ ზღვაში დაწყებული ორმხრივი ნადირობით სავაჭრო გემებზე, საბოლოოდ ზარალდებიან როგორც რუსეთი, ისე - უკრაინაც, რადგან ისინი ერთმანეთს უკეტავენ საზღვაო საექსპოტო-საიმპორტო გზას.
თუ რა რეაგირება ექნება პუტინს ზელენსკის ამ შეთავაზებაზე, რომ შავ ზღვაში ორივე მხარემ შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო, სავაჭრო გემებზე, ახლო მომავალი გვიჩვენებს...
ასევე დაგაინტერესებთ: რუსულ ხომალდებს სევასტოპოლის შემდეგ, ნოვოროსიისკიდანაც გასაქცევად აქვთ საქმე... ოჩამჩირისკენ?!
ტრამპის "ტრიუკი" ანუ მართლა აპირებდა თუ არა ირანი ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოგდებას?!
ის, რაც აქამდე არ იცოდით - შეიძლებოდა თუ არა შინდისის ტრაგედიის თავიდან აცილება?!
„ახლო აღმოსავლეთის ნატო“ პოტენციურ მოწინააღმდეგეებად ერთდროულად მიიჩნევს... ირანსაც და ისრაელსაც...
P.S. შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე მოხშირებული შეტევები, გინდ უკრაინისა და გინდ რუსეთის მხრიდან, ძალზე აზარალებს სხვა შავი ზღვისპირა ქვეყნების -თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და, რა თქმა უნდა, ჩვენი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ინტერესებსაც და ასევე ზრდის საფრთხეს იმ ქართველი მეზღვაურებისთვის, რომლებიც გემების ეკიპაჟებში დაქირავებულების სტატუსში, მთელი მსოფლიოს ოკეანებსა და ზღვებში დაცურავენ და, პირველ რიგში კი, შავ ზღვაში - ისინი ორმაგი საფრთხის ქვეშ ხვდებიან, როდესაც რუსულ ნოვოროსიისკში ან კიდევ უკრაინულ ოდესაში ღუზას უშვებენ...