სულ მალე რუსეთის რამდენიმე დიდი ქალაქი შეიძლება მძიმე დღეში ჩავარდეს - თურქეთი უკრაინას ბალისტიკურ რაკეტებს მიჰყიდის?! - კვირის პალიტრა

სულ მალე რუსეთის რამდენიმე დიდი ქალაქი შეიძლება მძიმე დღეში ჩავარდეს - თურქეთი უკრაინას ბალისტიკურ რაკეტებს მიჰყიდის?!

სულ მალე რუსეთის რამდენიმე დიდი ქალაქი შეიძლება ისეთივე მძიმე დღეში ჩავარდეს, როგორშიც უკრაინული ქალაქები მეხუთე წელია არიან აგრესორი რუსეთის სისტემატური საჰაერო დარტყმების გამო.

მართალია, უკრაინული მხარე შორსმფრენი კამიკაძე-დრონებით უკვე აყენებს მწარე საპასუხო დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეშიც, მაგრამ არ ძალუძს სარკისებური შურისძიება რუსული კვაზიბალისტიკური "ისკანდერების" შემოტევებზე, რადგან შეიარაღებაში არა აქვს ბალისტიკური რაკეტები, რომელთა მოგერიება, მოტოციკლეტისძრავიანი კამიკაძე-დრონებისგან განსხვავებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვას ძალიან გაუჭირდება. უკრაინელები მუშაობენ სამამულო წარმოების ბალისტიკური რაკეტის შექმნაზე, რასაც შეიძლება თვეები ან სულაც წლები დასჭირდეს, თუმცა მანამდე უკრაინის არმიის არსენალში სხვა წყაროდან, სავარაუდოდ, მაინც გამოჩნდება ბალისტიკური რაკეტები, რაც უფრო დიდ პოლიტიკურ დაპირისპირებას გამოიწვევს შავი ზღვის რეგიონში.

მაშინ, როცა პუტინმა ნამდვილი "ბალისტიკური ტერორი" მოუწყო კიევს და ზელენსკი ყველა პარტნიორს ემუდარება ანტირაკეტების მიწოდებას, მოულოდნელად ჩნდება ოფიციალური ინფორმაცია, რომ მალე თავად უკრაინას ექნება ბალისტიკური რაკეტების მცირე მარაგი, რომლითაც შეძლებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მცირემასშტაბიანი "ბალისტიკური ტერორით" უპასუხოს აგრესორს. "უკრაინა თურქეთისგან ყიდულობს სარაკეტო სისტემებს, სხვადასხვა ტიპის რაკეტების მარაგს და საარტილერიო საბრძოლო მასალას უკრაინის არმიის შეიარაღებაში არსებული თვითმავალი საარტილერიო სისტემებისთვის", - ეს ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნდა აშშ-ის კონგრესის ოქმში.

ანგარიშში მოხსენიებულია უკრაინისთვის 12 ერთეული M270 MLRS სარაკეტო სისტემისა და მათთვის განკუთვნილი 70 ერთეული M39 ATACMS ბალისტიკური რაკეტის, ასევე 2,524 უმართავი 227 მმ-იანი M26 რაკეტის DPICM კასეტური ქობინებითა და 47,000 ერთეული M509A1 კასეტური 203 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის მიყიდვის დამტკიცება. ცალკე აღსანიშნავია ის საბრძოლო მასალა, რომელსაც უკრაინა ამ სისტემებისთვის მიიღებს. ეს არის M39 ბალისტიკური რაკეტების (ATACMS Block I, MGM-140A) პირველი ვერსია. მას აქვს 165 კმ მოქმედების რადიუსი და კასეტური ქობინი, რომელშიც მოთავსებულია 950 ერთეული M74 ქვეელემენტი. ATACMS-ის ეს ვერსია უკვე გამოიყენეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა.

მიუხედავად იმისა, რომ საუბარია 165 კმ-ის დიაპაზონზე და არა 300 კმ-ზე, როგორც ეს ATACMS-ის ახალ ვერსიებშია, ამ რაკეტას მაინც შეუძლია მრავალი პოტენციური სამიზნის პოვნა როგორც უკრაინის დროებით ოკუპირებულ, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 70 რაკეტა ძალზე შეზღუდული მარაგია.

რაც შეეხება 227 მმ-იან M26 რაკეტებს, მათი ფრენის მაქსიმალური სიშორე 32 კმ-ია. 2,524 ერთეული ასეთი რაკეტის რაოდენობა უკრაინელ სამხედროებს საშუალებას მისცემს HIMARS-ის სარაკეტო სისტემიდან დაახლოებით 420 სრული ზალპი ან M270 MLRS-დან 210 სრული ზალპი მოახდინონ. ამასთან, M509A1 ტიპის ჭურვები შესანიშნავი დამატება იქნება უკრაინის არმიის შეიარაღებაში არსებული 203 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემებისთვის - როგორც საბჭოთა 2S7 "პიონის", ასევე ამერიკული M110-ებისთვის.

ასეთია ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც ნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესი როდესაც საბოლოოდ დართავს ნებას თურქეთის არმიის ამერიკული წარმოების ზემოთ ჩამოთვლილი შეიარაღების მესამე ქვეყნისთვის მიწოდება-რეექსპორტს, ის შუამავალი საიარაღო ფირმების დახმარებით მალევე აღმოჩნდება უკრაინის ფრონტზე.

ასევე დაგაინტერესებთ: ირანი თბილისზე "გადავლით" უკრაინაზე რაკეტებით დარტყმას გეგმავდა?

"მამამ მითხრა, რომ ტყვედ ჩავარდნისას წამით იფიქრა, მოვეკალი და მძიმე ხვედრი აერიდებინა ჩემთვის" - მამუკა მამულაშვილის აფხაზეთის ომი და პასუხი კითხვაზე: როგორ ექცეოდნენ ქართველები ტყვეებს?

სპიტაკის დამანგრეველ მიწისძვრას საქართველო დიდი ბირთვული ტრაგედიის საფრთხის წინაშეც დაუყენებია

ვალერი ზალუჟნის სკანდალური განცხადება ანუ "მძიმე ზღაპარი" უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე?!

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ერთგვარი შუამავლის როლში გამოდის პუტინსა და ზელენსკის შორის და სტამბოლშიც გაიმართა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები, თურქეთი აქამდეც არააფიშირებულად აწვდიდა თავისი წარმოების შეიარაღებას უკრაინის არმიას, რაზეც მეტყველებს ფრონტის ხაზზე აფეთქებული და ასევე ნაალაფარი თურქული Kირპი-ის ტიპის არაერთი ჯავშანმანქანა, ხოლო ომის დასაწყისში სწორედ თურქეთში ნაყიდი Bayraktar TB2 ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი დრონებით უკრაინელებმა არაერთი ზუსტი საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსულ ჯავშანკოლონებზე.

აქამდე პუტინის რეაქცია ერდოღანის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების მიყიდვის გამო ძალზე თავშეკავებული გახლდათ, რაც გამოწვეული იყო მათი განსაკუთრებული ორმხრივი ურთიერთობით და რუსული პროპაგანდაც ხშირად "წაუყრუებდა" ამას, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებიდან ერთი ავტომატის უკრაინელებისთვის მიწოდების შემთხვევაშიც კი "ყეფას" იწყებდა. მაგრამ ამჯერად ერდოღანი ასეული მილიონი დოლარის იმ ამერიკული შეიარაღების მიყიდვას აპირებს უკრაინისთვის, რომელიც ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობებით ბევრად მეტ საბრძოლო ზარალს მიაყენებს რუსეთის საოკუპაციო ძალებს.

70 ბალისტიკური რაკეტის მიწოდების შემდეგ რუსული "ისკანდერების" კიევზე მორიგი დარტყმის საპასუხოდ უკრაინელები შეძლებენ "ბალისტიკური ტერორის" მოწყობას საზღვრიდან და ფრონტის ხაზის 150 კმ-მდე სიღრმეში, მათ შორის რუსული ქალაქების - ბელგოროდის, კურსკისა თუ ბრიანსკის მიმართულებით.