"აპოკალიფსის" პროგნოზი ანუ რამდენ წამს აჩვენებს შუაღამემდე "განკითხვის დღის" საათი?! - The Washington Post - კვირის პალიტრა

"აპოკალიფსის" პროგნოზი ანუ რამდენ წამს აჩვენებს შუაღამემდე "განკითხვის დღის" საათი?! - The Washington Post

"ბირთვული ბალანსი სწრაფად იცვლება" , - წერს ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) სარედაქციო სტატიაში სათაურით: „გლობალური ბირთვული წესრიგი აღარ არსებობს. რა იქნება შემდეგ? „განკითხვის დღის“ საათი შუაღამემდე 85 წამს აჩვენებს“.

სამხრეთ კორეა და იაპონია ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ. ვადა გაუვიდა სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას. ჩინეთი უარს აცხადებს ბირთვული იარაღის კონტროლის მოლაპარაკებაზე. ექსპერტები გვაფრთხილებენ: ახალ გამალებულ შეიარაღებას ძალიან დიდი უბედურების პროვოცირება შეუძლია, საზოგადოებამ ეს უნდა გააცნობიეროს - ასეთია მასალის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ათწლეულების განმავლობაში შემუშავებული ხელშეკრულებების მოქმედების შეწყვეტის კვალობაზე, სახელმწიფოები, რომლებსაც ადრე არ სურდათ ბირთვული იარაღის შეძენა, დღეს პოზიციებს იცვლიან, „განკითხვის დღის“ საათი შუაღამემდე 85 წამს აჩვენებს (ანუ მსოფლიო გლობალურ ბირთვულ აპოკალიპსს ისტორიულად ყველაზე მეტად მიუახლოვდა).

აშშ და რუსეთი, რომელთა წილი მსოფლიოს ბირთვულ არსენალში 86%-ს შეადგენს, 1972 წლიდან პირველად არიან თავისუფალნი შეიარაღების შეზღუდვისაგან, მათ ერთმანეთთან ამ სფეროში არანაირი ხელშეკრულება აღარ აკავშირებთ. „შემტევი შეიარაღების შეზღუდვა - III“ (СНВ-III / New START), რომელსაც 2010 წელს ხელი ბარაკ ობამამ მოაწერა და ჯო ბაიდენმა 2021 წელს გააგრძელა, ამჟამად უკვე ძალადაკარგულია - მას ვადა თებერვალში გაუვიდა. მართალია, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის უფრო მოგებიან დოკუმენტს გავაფორმებთო, მაგრამ ჯერჯერობით ჰორიზონტზე მსგავსი არაფერი ჩანს.

მრავალპოლუსიანი მსოფლიოს დროს შეიარაღებისადმი ორმხრივი კონტროლი აზრს კარგავს, რადგან ბირთვული იარაღის მქონე მესამე ქვეყნები პირველ ორს არაფერს ეკითხებიან და საკუთარი ნებით მოქმედებენ. ჩინეთი, რომელიც 500-ზე მეტ ბირთვულ ქობინას ფლობს, აგრძელებს თავისი ატომური პოტენციალის ზრდას და უარს აცხადებს რუსეთსა და აშშ-ისთან მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე.

ჩრდილოეთ კორეის არსენალში, ექსპერტთა მიახლოებითი შეფასებით, 50 ბირთვული ქობინა ინახება, მზად არის შესაბამისი მასალები კიდევ 90 ქობინის დასამზადებლად. ფხენიანს საკმაო ბირთვული პოტენციალი აქვს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეა 2019 წლიდან მოლაპარაკებას თავს არიდებს. იმის გამო, რომ სამხრეთ კორეას და იაპონიას ჩრდილოეთ კორეისაგან თავდასაცავად აშშ-ის მხრიდან საიმედო გარანტიები არ აქვს, სეული და ტოკიო იძულებულნი ხდებიან, თვითონ იფიქრონ საკუთარ თავდაცვაზე: გამოკითხვების თანახმად, სამხრეთ კორეის მოქალაქეთა თითქმის 70% მხარს უჭერს საკუთარი ბირთვული ბომბის შექმნას.

მართალია, იაპონია აგრძელებს „სამი პრინციპის“ დაცვას - არ შეინახოს, არ აწარმოოს და არ განალაგოს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი, მაგრამ პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიტი ნელ-ნელა რიტორიკას ცვლის, თავდაცვის მინისტრმა სინძირო კოიძუმიმ კი, ტაბუს მიუხედავად, თავდაცვითი ხარჯების მომატებაზე დისკუსიის ინიცირება მოახდინა

„ბირთვული ოპტიმისტები“ ვარაუდობენ, რომ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების რაოდენობის ზრდას შეუძლია, გლობალური სტაბილურობა უფრო მყარი გახადოს. მათი არგუმენტები ასეთია:

ა) „ცივ ომს“, რომელიც ბირთვული იარაღის მფლობელ ქვეყნებს შორის დაიწყო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბირთვული კონფლიქტი არ გამოუწვევია (კარიბის კრიზისის დროს აშშ და სსრკ მიხვდნენ, რომ კონფრონტაციის გაგრძელება კატასტროფული შედეგებით დასრულდებოდა, ამიტომ დაძაბულება განიმუხტა და „ცხელი ომი“ არ დაწყებულა);

ბ) ინდოეთსა და პაკისტანს შორის ხშირად ხდება სასაზღვრო კონფლიქტები, მაგრამ რადგანაც ორივე მხარე ფლობს ბირთვულ იარაღს, ინციდენტები სრულმასშტაბიან ომებში არასოდეს გადაზრდილა;

„ბირთვული რეალისტები“, ხელმძღვანელობენ რა იგივე ლოგიკით, ამტკიცებენ, რომ თუ იაპონია და სამხრეთ კორეა საკუთარი წარმოების ბირთვული ბომბებით შეიარაღდებიან, ამით შეიქმნება პარიტეტი ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან, რაც, თავის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს შეერთებულ შტატებს, აზიაში სამხედრო ყოფნა შეამციროს.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება არასტაბილურობას ზრდის და - არ ამცირებს: თვითონ განსაჯეთ - რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს „წითელ ღილაკზე“ თითის დაჭერის უფლება, მით მეტია შეცდომის დაშვების ალბათობა.

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჩრდ. კორეიდან ან ჩინეთიდან იქნება გაშვებული, აშშ-ის ტერიტორიას 30 წუთში მიაღწევს, მაგრამ თუ იაპონიას და სამხრეთ კორეასაც ექნებათ ბირთვულქობინიანი რაკეტები, ისინი სეულიდან და ტოკიოდან ფხენიანს 15 წუთში მიაღწევენ. ამრიგად, ასეთი შეკუმშული დროის ჩარჩოს არსებობა ზრდის საპასუხო დარტყმის რისკს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ორიოდე წუთში უნდა იქნეს მიღებული.

განიარაღების მიზნით მასშტაბური მოლაპარაკების დაწყება ნაკლებსავარაუდოა. უფრო რეალისტურ გზას წარმოადგენს ნდობის საფუძვლის განმტკიცება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არმაგედონის საფრთხე შევამციროთ.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ აღიდგინა ირანმა სამხედრო პოტენციალი, რამაც ისრაელელი სამხედროები შოკში ჩააგდო - The Jerusalem Post

„საიდუმლო მარშრუტი“, რომლის მეშვეობით რუსეთი და ირანი ერთმანეთს ეხმარებიან“ - The Daily Telegraph

რომელია მსოფლიოს ყველაზე საშიში ქალაქი და სად უფრო უსაფრთხოა ცხოვრება: ევროპაში თუ ამერიკაში?! - The Economist

"იმედი ჰქონდათ, რომ სეუტას სასაზღვრო კრიზისის ირგვლივ მომხდარი სკანდალი დროთა განმავლობაში განეიტრალდებოდა, მაგრამ საქმე უფრო უარესად არის" - რა წერს The Daily Telegraph

იდეალში ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით შეატყობინონ ერთმანეთს იარაღის გამოცდაზე, რაკეტების სასწავლო გაშვებებზე და მსხვილ სამხედრო წვრთნების თაობაზე, ასევე, მიაწოდონ მონაცემები თავიანთ ბირთვულ შეარაღებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს და დაუშვან თავიანთ არსენალებში საერთაშორისო ბირთვული კონტროლის ინსპექტორები.

მცირე, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაბიჯი იქნებოდა პირდაპირი სამხედრო კავშირის არხების უზრუნველყოფა ყველა ბირთვულ სახელმწიფოს შორის, ჩინეთის ჩათვლით. უთანხმოებებმა სავაჭრო და ტექნოლოგიურ საკითხებში ხელი არ უნდა შეუშალოს კომუნიკაციის ღია არხების მოქმედებას.

მაგრამ თუ ასე მოხდება, მაშინ ჩრდილოეთ კორეა დე-ფაქტო ბირთვულ ქვეყნად უნდა იქნას აღიარებული. საქმე მხოლოდ მისი ბირთვული პროგრამის ფორმალურ აღიარებას არ ეხება, ან განიარაღებაზე უარის თქმას. საქმე ეხება ფაქტის სრულ იურიდიულ კონსტატაციას - ჩრდილოეთი კორეა ბირთვულ ქვეყანას წარმოადგენს, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით.

ზუსტად 40 წლის წინათ, მიხეილ გორბაჩოვი და რონალდ რეიგანი მაქსიმალურად ახლოს მივიდნენ ბირთვული იარაღის სრულ ლიკვიდაციამდე. მართალია, ის შესაძლებლობა წარსულში დარჩა, მაგრამ მცირე ძალისხმევასაც კი შეუძლია საფრთხის თავიდან აცილება და „დროის უკან დაბრუნება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო