"დიდი მდინარეები კვდებიან" ანუ რა ემუქრება ევროპას?! - The New York Times - კვირის პალიტრა

"დიდი მდინარეები კვდებიან" ანუ რა ემუქრება ევროპას?! - The New York Times

„ევროპაში ჯერ კიდევ გრძელდება რეკორდული გვალვა, რომელმაც კონტინენტის მთავარი წყლის არტერიები - მდინარეები თითქმის დაშრობამდე მიიყვანა და ტვირთების გადასატანად უსარგებლო გახადა. ევროპის ქვეყნების ეკონომიკა დიდად დაზარალდა“, - წერს ეკონომიკური მიმომხილველი ბენ კოუტსი ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: „დიდი ევროპული მდინარეები კვდებიან. კონტინენტი მზად არ არის მძიმე ნეგატიური ეკონომიკური შედეგებისათვის“. ავტორი ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას: როგორი პერსპექტივა აქვს ევროპას მდინარეების გარეშე?

პუბლიკაციაში საუბარია ევროპის დიდი მდინარეების არასახარბიელო მდგომარეობაზე: „დუნაიში წყალმა იმდენად დაიკლო, რომ ოდესღაც ჩაძირული გემები და უძველესი მამონტების ჩონჩხები გამოჩნდა, გაჩერდნენ უნგრეთისა და რუმინეთის ატომური ელსადგურები, რომლებიც წყალს გასაცივებლად დუნაიდან იღებდნენ. წარმოიდგინეთ - ბუდაპეშტთან მდინარის მაქსიმალური სიღრმე მხოლოდ 23 სანტიმეტრია! გერმანიის მთავარი არტერია - რეინი იმდენად წყალმარჩხი გახდა, რომ გემები ვეღარ ცურავენ. ზოგმა შეიძლება ეს ფაქტები მნიშვნელოვნად არ ჩათვალოს, ევროპელები ადრე გვალვას სხვების უბედურებად თვლიდნენ, მაგრამ ბუნება ევროპას, გვალვის შედეგების სახით, ძალზე არასასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს. ახლა როცა ფრანგებმა, გერმანელებმა, ესპანელებმა და სხვებმა საკუთარი თვალით ნახეს ტყის ხანძრების საშინელება, დამშრალი ტბებისა და მდინარეების „მთვარის პეიზაჟები“, მათ პრობლემა გააცნობიერეს.

დაახლოებით 80 წლის განმავლობაში ევროპის მდინარეები კონტინენტის სამრეწველო ძლიერებას ემსახურებოდნენ და სავაჭრო ჭიშკრად ითვლებოდნენ. გერმანიის მრეწველობა, ძირითადად, რეინის ნაპირებზე, რურში იყო განლაგებული და ომის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებას ემსახურებოდა. ალბათ, იცით, თუ სად მდებარეობს ევროპის უდიდესი ნავსადგური როტერდამი? დიახ, რეინის შესართავში.

მდინარეები მილიონობით ადამიანს ჰიდროენერგიით უზრუნველყოფს, დუნაი კი უკრაინის ხორბლის ექსპორტში და სამხედრო მომარაგებაში საკვანძო როლს ასრულებს.

ამ არასასიამოვნო ფონზე, მდინარეების წყალმარჩხობა ევროპისათვის არა მარტო ისტორიულ ეკოლოგიურ საფრთხეს ნიშნავს, არამედ - ძალზე სერიოზულ სტრატეგიულ გამოწვევასაც კონტინენტისთვის. ევროპას დღეს უჭირს, ევროპა ღრმა და რთული ეკონომიკური ტრანსფორმაციის წინაშე დგას, რომელიც განპირობებულია ჩინური მაღალტექნოლოგიური საქონლის მოძალებით. ევროპა განიცდის უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ „გარდაქმნას“ - უარს ამბობს რუსული იაფი გაზის მოხმარებაზე და ამერიკულ გაზზე გადადის, ასევე, სულ უფრო მეტად სარგებლობს ენერგიის განახლებადი წყაროებით (ქარისა და მზის ენერგიის ჩათვლით). მაგრამ რადგანაც ამერიკული გაზი ძვირია, ქარისა და ჰელიოსადგურების ენერგია კი - არასაკმარისი, ბევრი ატომური სადგური გაჩერებულია, ჰორმუზის სრუტე დაბლოკილია, ევროპა იძულებულია, აშშ-ის ძვირი თხევადი გაზი იყიდოს, რაც დიდ ფინანსურ რესურსებს ითხოვს.

ევროპის ენერგოპოლიტიკაში ამჟამად „სტრატეგიული ავტონომია“ დომინირებს, რაც უცხოურ ენერგოწყაროებზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს, ეკოლოგიურ სტაბილურობას და მტკიცე ენერგოპერსპექტივას.

ერთი შეხედვით, მიზანი კეთილშობილურია, მაგრამ... კონტინენტის ლიდერები, როგორც ჩანს, გეგმების შემუშავებისას თვლიან, რომ კონტინენტის გეოგრაფიული პირობები უცვლელი დარჩება - გულისხმობენ, რომ დუნაი და რეინი მარადიულად წყალუხვნი იქნებიან და რომ ტვირთების გადატანა მდინარეებით ძველებურად თავისუფლად იქნება, იაფად და კონფორტულად... მათ ჰგონიათ, რომ როტერდამიდან და ჰამბურგიდან გემები რეინზე და ელბაზე ისევ აღმა-დაღმა შეუფერხებლად იცურებენ. ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ მოსახლეობისა და მრეწველობის უზრუნველყოფა მტკნარი წყლით, ჰესების მუშაობა და ატომური სადგურების გაგრილება ისევ უზრუნველყოფილი იქნება.

ამჟამად სულ უფრო აშკარა ხდება, რომ პირდაპირ ევროპელთა თვალწინ იცვლება გეოგრაფიული გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მუშაობენ და გადაადგილდებიან.

წყალმცირე მდინარეებს ძველებურად აღარ შეუძლიათ სატრანსპორტო არტერიების როლის შესრულება - შესაბამისად, მათი როლი ქვეყნების ეკონომიკაში შემცირდება, მაგრამ შენცირდება თვით ეკონომიკური ზრდაც. „ევროპული ენერგეტიკული ავტონომია“ რუსეთის, აშშ-სა და ჩინეთისაგან მდინარეების გარეშე, სრულფასოვნად ვერ იმუშავებს. ანუ არ იქნება გარანტირებული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და სასურსათო უსაფრთხოება.

ამ ცვლილებებზე რეაგირება იოლი არ იქნება. იმის მსგავსად, რომ ირანთან ომი ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებს აიძულებს, ალტერნატიული მარშრუტები იპოვოს ექსპორტისათვის, ევროპასაც მოუწევს სერიოზულად განიხილოს საკითხი ახალი სატრასპორტო გზებისა და ენერგოქსელების შექმნის თაობაზე. პროცესი შეიძლება საკმაოდ გაჭიანურდეს და მსხვილი ფინანსური ხარჯები მოითხოვოს. ზოგიერთი რეგიონი, რომელიც მდინარეების წყალობით აყვავდა (მაგალითად, გერმანული რეინლანდი ან ნიდერლანდების როტერდამი), შეწყვეტენ თავიანთი დამაკავშირებელი როლის შესრულებას ევროპის ქვეყნებს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ: "აპოკალიფსის" პროგნოზი ანუ რამდენ წამს აჩვენებს შუაღამემდე "განკითხვის დღის" საათი?! - The Washington Post

როგორ აღიდგინა ირანმა სამხედრო პოტენციალი, რამაც ისრაელელი სამხედროები შოკში ჩააგდო - The Jerusalem Post

„საიდუმლო მარშრუტი“, რომლის მეშვეობით რუსეთი და ირანი ერთმანეთს ეხმარებიან“ - The Daily Telegraph

რომელია მსოფლიოს ყველაზე საშიში ქალაქი და სად უფრო უსაფრთხოა ცხოვრება: ევროპაში თუ ამერიკაში?! - The Economist

თუ ევროპა სამდინარო მაგისტრალების გარეშე დარჩება, მისი ამბიციური განცხადებები ახალი დარგების შექმნის, სავაჭრო პარტნიორების ძებნისა და „მწვანე ენერგეტიკის“ განვითარებაზე, ყოველგვარ აზრს დაკარგავს.

ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა სატირულმა გამოცემამ ინიციატივა წამოაყენა, რეინი წყლით სახანძრო ვერტმფრენების მეშვეობით შევსებულიყო. რა თქმა უნდა, ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ევროპამ აუცილებლად უნდა გადახედოს მდინარეეებთან თავის დამოკიდებულებას - ისინი განხილულნი უნდა იყვნენ როგორც სტრატეგიული აქტივი და არა მხოლოდ ეკოლოგიური „დარდის“ ობიექტები.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო