რა ხდება ირანში: "გენერლების გავლენა იზრდება, ყალიბდება სამხედრო ხუნტა..." - The Economist - კვირის პალიტრა

რა ხდება ირანში: "გენერლების გავლენა იზრდება, ყალიბდება სამხედრო ხუნტა..." - The Economist

ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ირანში გენერლების გავლენა მატულობს. სამხედრო ხუნტის განმტკიცება ცუდი ნიშანია ირანელებისა და აშშ-ისთვის“. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ირანში, რომელიც აშშ-ისთან და ისრაელთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება, უმაღლესი სამხედრო ჩინოსნების გავლენა მატულობს, ყალიბდება ერთგვარი სამხედრო ხუნტა, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსს განსაზღვრავს.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თეირანში ახალი სარეკლამო ბილბორდები გამოჩნდა: მათზე გამოსახულია შვიდი ადამიანი, რომლებიც ირანის ახალი ლიდერები არიან იმ დროიდან, რაც უზენაესი ხელმძღვანელი ალი ხამენეი ისრაელის ავიადარტყმით დაიღუპა. ყველაზე შესამჩნევი უცნაურობა ისაა, რომ ახალ ბილბორდებზე არ ჩანს ადამიანი, რომელიც, წესით და რიგით - როცა ქვეყნის ლიდერებზეა საუბარი - აუცილებლად უნდა იყოს: მოჯთაბა ხამენეი. სარეკლამო დაფებზე ასევე აღარ არის ტრადიციული რელიგიური სიმბოლოები, მაგალითად, შიიტური ისლამის იმამები - ალისა და ჰუსეინის შავ-წითელი დროშები. შვიდი ადამიანიდან მხოლოდ ერთს აქვს ტიურბანი თავსაბურავად.

აგვისტოში მოჯთაბა ხამენეიმ, რომელიც თვითონ საზოგადოების წინაშე არ ჩნდება, ახალი დანიშვნები განახორციელა - როგორც ჩანს, „გუშაგების“ რჩევით: უმაღლეს სამხედრო თანამდებობებზე „გუშაგთა კორპუსის“ ძველი გვარდია - ვეტერანები მიიწვია, კერძოდ, გენერალ-მაიორი ალი აბდოლაჰი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დანიშნა, ხოლო მკაცრი კურსის გატარების მომხრე გენერალ-მაიორი აჰმად ვაჰიდი - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარსარდლად.

ასევე დაგაინტერესებთ: "დიდი მდინარეები კვდებიან" ანუ რა ემუქრება ევროპას?! - The New York Times

"აპოკალიფსის" პროგნოზი ანუ რამდენ წამს აჩვენებს შუაღამემდე "განკითხვის დღის" საათი?! - The Washington Post

როგორ აღიდგინა ირანმა სამხედრო პოტენციალი, რამაც ისრაელელი სამხედროები შოკში ჩააგდო - The Jerusalem Post

„საიდუმლო მარშრუტი“, რომლის მეშვეობით რუსეთი და ირანი ერთმანეთს ეხმარებიან“ - The Daily Telegraph

როგორც ჩანს, ბილბორდებზე ასახულ ცვლილებას თავისი მიზეზი აქვს: ეს არის იმის ნიშანი, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ თავის ძალაუფლებას და გავლენებს აფართოებს. ბრძოლებში გამოწრთობილი და შედეგებზე გამიზნული „გუშაგების“ ყურადღება გადატანილია უსაფრთხოების რეპრესიებით განმტკიცებაზე: აშკარაა, რომ მათ განზრახული აქვთ, ირანის თეოკრატიული საფუძვლები სამხედრო ხუნტად გადააქციონ. შესაძლოა, ირანელ „გუშაგებს“ ბოლომდე არ აქვთ გადაწყვეტილი დიქტატურის დამყარება (ომი ყველაზე კარგი დროა დიქტატურის ლეგიტიმაციისათვის), მაგრამ აშშ და მისი მოკავშირეები, დიდი ალბათობით, უნდა ელოდნონ იმას, რომ ირანის ხელმძღვანელობა კიდევ უფრო მეტად უკომპრომისო იქნება, ვიდრე ომამდე იყო.

ანალიტიკოსები ადასტურებენ: საკადრო ცვლილებები მიუთითებს, რომ ირანი აშშ-ისთან გაჭიანურებული და უფრო კონფრონტაციული დაპირისპირებისათვის ემზადება.

სამხედრო ხუნტას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და სოციალურ სიტუაციაზე. სავარაუდოდ, შემოღებული იქნება მკაცრი ზომები, საზოგადოებაზე კონტროლის შესანარჩუნებლად.

სამხედრო ხელისუფლების განმტკიცება, დიდი ალბათობით, გავლენას მოახდენს ირანის საერთაშორისო მდგომარეობაზე, მის საგარეო პოლიტიკაზე და ურთიერთობაზე - როგორც ახლო მდებარე ქვეყნებთან, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან.

წყარო