საიდუმლო მოლაპარაკებები მოსკოვში - რას აკეთებდა CIA-ს დირექტორი რუსეთის დედაქალაქში?! - კვირის პალიტრა

საიდუმლო მოლაპარაკებები მოსკოვში - რას აკეთებდა CIA-ს დირექტორი რუსეთის დედაქალაქში?!

„აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი 25 აგვისტოს სამხედრო თვითმფრინავით რუსეთში ჩაფრინდა მოსალაპარაკებლად, რაც მიმდინარე საერთაშორისო პროცესების ფონზე, მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: „მოსკოვში - საიდუმლო მოლაპარაკების მიზნით: CIA-ს დირექტორი რუსეთის დედაქალაქში სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა“ (ავტორები - კონორ სტრინგერი, ტომ კოტერილი, როზინა საბური).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჯონ რეტკლიფი მოსკოვში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავით - Boeing C-17 Globemaster-ით იმყოფებოდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა: „ბოინგი“ ჯერ კიდევ მაშინ შენიშნეს, როცა მან მოსკოვის ცაზე გადაიფრინა, მოგვიანებით კი რუსეთის დედაქალაქის ქუჩებიც გადაიკეტა, CIA-ს დირექტორის ავტოკორტეჟის გავლის გამო.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ვისთან ერთად იმყოფებოდა მოსკოვში ჯონ რეტკლიფი ან ვისთან შეხვედრებს გეგმავდა და შეხვდა თუ არა მისთვის სასურველ რუს მაღალჩინოსნებს.

CIA-ს დირექტორის ამჟამინდელი ვიზიტი პირველია მას შემდეგ, რაც ჯონ რეტკლიფი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ვიზიტის წინ ვაშინგტონმა კიევს სთხოვა, შეეჩერებინათ დრონებით დარტყმები რუსეთზე მანამ, ვიდრე აშშ-ის დელეგაცია ვიზიტს არ დაასრულებდა და მოსკოვიდან არ გაემგზავრებოდა.

ცნობილი გახდა, რომ ჯონ რეტკლიფი მოსკოვში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ეს მოკლევადიანი ვიზიტი დაემთხვა აშშ-ის დაზვერვის მოხსენებას, რომელშიც გაფრთხილება იყო მოცემული: შესაძლოა, რუსეთი შეეცადოს და ნატოსთან მიმართებით დაძაბულობა გაამწვავოს - მცირე სახმელეთო ინციდენტი ან კიბერშეტევა მოახდინოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.

მოხსენება წარმოადგენს მნიშვნელოვან გადახვევას აშშ-ის დაზვერვის ადრინდელი შეფასებებიდან, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ვლადიმერ პუტინი ნატოს თავს არ დაესხმებოდა, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდებოდა.

„დეილი ტელეგრაფმა“ ამას წინათ გამოაქვეყნა ევროპული და ამერიკული დაზვერვების გაფრთხილებები, რომ რუსეთი განიხილავს შესაძლებლობას, შეიარაღებული პროვოკაციის განხორციელების მიზნით, პოლონეთის ტერიტორიის წინააღმდეგ - რაკეტებით ან დრონებით შეტევას ქვეყნის ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე ან - სახმელეთო ინციდენტს უკრაინის დროშით, რომ შემდეგ ყველაფერი კიევს დაბრალდეს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები აღნიშნავენ იმ მზარდ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ქმნის. მოსკოვში ვიზიტის დროს, რომელიც საკმაოდ უჩვეულოა და მოულოდნელი, მისტერ რეტკლიფმა, ალბათ, რუსეთი გააფრთხილა, რომ მსგავსი მოქმედება ვაშინგტონისათვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება.

ზოგადად CIA-ს დირექტორის ვიზიტები მოსკოვში მაინცდამაინც ხშირი არ არის. ჯონ რეტკლიფამდე მოსკოვს 2021 წლის დეკემბერში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ეწვია უილიამ ბერნსი, რათა კრემლი გაეფრთხილებინა უკრაინისადმი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.

როგორც ავიაციის მარშალმა ენდრიუ ტერნერმა განაცხადა (იგი ადრე დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაგეგმვის უწყებას ხელმძღვანელობდა), მთავარი ამერიკელი მზვერავის მოსკოვში ვიზიტი შეიძლება აშშ-ის რუსეთზე ზეწოლის განხორცელების მცდელობა იყოს, რომ კრემლმა ირანისადმი მხარდაჭერა შეამციროს.

ორშაბათს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ირანზე „ეკონომიკურ შეტევას“ მოახდენს და ქვეყნის იზოლაციას განახორციელებს. დონალდ ტრამპმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ დაიწყებს კამპანიას „ეკონომიკურად გადამწყვეტი დღის“ რეალიზებისათვის, რათა ირანი ზავის პირობებზე დაითანხმოს, ხოლო ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი უფრო შორს წავიდა და პრესკონფერენციაზე დაასახელა სანქციები 5 სფეროში - ციფრულში, ტექნოლოგიურში, ძვირფასი ლითონებით ვაჭრობაში, ავიაციაში და საზღვაო გადაზიდვებში. „ეს იქნება დღე „დ“, - თქვა სკოტ ბესენტმა (იმ დღის ანალოგია, როცა მოკავშირეებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში ჯარები გადასხეს).

ავიაციის მარშლის - ენდრიუ ტერნერის შეფასებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვური ვიზიტი ერთობ უჩვეულო იყო და როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე, ექსპერტებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. „ვფიქრობ, მისტერ რეტკლიფის მოსკოვში ყოფნა უკავშირდებოდა ირანს და იმ სტრატეგიულ ზეწოლას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი თეირანზე ახორციელებს... ჩემი ვარაუდით, აშშ ცდილობს, რუსეთს შეაგნებინოს, რომ აუცილებელია ირანისადმი მხარდაჭერის შეჩერება და საერთოდ ურთიერთობის გაწყვეტა... რუსეთის [პროირანული პოლიტიკა] ერთ-ერთი ის მიზეზია, რის გამოც დონალდ ტრამპი თავის გეგმებს ვერ ახორციელებს“.

ენდრიუ ტერნერის აზრით, CIA-ს დირექტორის ვიზიტი მოსკოვში საეჭვოა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებით იყო გამოწვეული, თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკების დროს მხარეებმა მოსკოვ-კიევის კონფლიქტთან დაკავშირებული მომენტებიც განიხილეს.

„მე პირადად არ მჯერა, რომ უკრაინის საკითხი მისტერ რეტკლიფის ვიზიტის მთავარ საკითხს წარმოადგენდა. იმ რეალიების გათვალისწინებით, რომ საიდუმლო სამსახურების ხელმძღვანელები დიპლომატიაში ნომერ პირველ ავანგარდად ითვლებიან, მე არ ვფიქრობ, რომ CIA-ს დირექტორი მოსკოვში მოლაპარაკების დროს [რუსეთ-უკრაინის] ომის გაფართოების გეგმას დათანხმდა... შესაძლოა, ამ საკითხსაც ირიბად შეეხნენ, მაგრამ უფრო მგონია, რომ მთავარი მიზანი მაინც ირანი იყო“, - თქვა ენდრიუ ტერნერმა.

ასევე დაგაინტერესებთ: "დიდი მდინარეები კვდებიან" ანუ რა ემუქრება ევროპას?! - The New York Times

"აპოკალიფსის" პროგნოზი ანუ რამდენ წამს აჩვენებს შუაღამემდე "განკითხვის დღის" საათი?! - The Washington Post

როგორ აღიდგინა ირანმა სამხედრო პოტენციალი, რამაც ისრაელელი სამხედროები შოკში ჩააგდო - The Jerusalem Post

„საიდუმლო მარშრუტი“, რომლის მეშვეობით რუსეთი და ირანი ერთმანეთს ეხმარებიან“ - The Daily Telegraph

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე მსოფლიო ლიდერს დაურეკა და მოითხოვა, რომ მათ ირანის რეჟიმის მიმართ მხარდაჭერა შეწყვიტონ.

თავის მხრივ, ირანის ეკონომიკის მინისტრმა ალი მადნიზადემ ქვეყნის სახელმწიფო მასმედიას განუცხადა, რომ თეირანი მზად არის სანქციებისათვის და რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ჩვენი ფინანსური არტერიების გადაკეტვა არ შეუძლია“.

დონალდ ტრამპი, ირანთან ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, როცა გავრცელდა ცნობები - ამერიკის არმიას „პეტრიოტის“ რაკეტა-დამჭერების მარაგი ეწურებაო, ახლა ეკონომიკურ ზეწოლაზე გადავიდა, რომ ომით დანგრეულ ირანს უფრო მეტი პრობლემები შეუქმნას. „ირანს ეკონომიკურად გავრიყავთ, იმ შემოსავლების ყველა წყაროს გადავკეტავთ, რომლითაც ირანის რეჟიმი საზრდოობს. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და ირანის იზოლირება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო