ილონ მასკის წინასწარმეტყველება ხელოვნურ ინტელექტზე: "დადგება საკვირველი სიუხვის ეპოქა, როცა თითოეულ ადამიანს ყველაფრის მიღების შესაძლებლობა ექნება, რა - კვირის პალიტრა

ილონ მასკის წინასწარმეტყველება ხელოვნურ ინტელექტზე: "დადგება საკვირველი სიუხვის ეპოქა, როცა თითოეულ ადამიანს ყველაფრის მიღების შესაძლებლობა ექნება, რასაც კი მოისურვებს"

ბრიტანული ჟურნალის - „ეკონომისტის“ (The Economist) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი სათაურით: „ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის შესახებ: „ათი წლის შემდეგ ადამიანები სიტუაციას ვეღარ გააკონტროლებენ“ (ესაუბრება ჟურნალისტი ზენი მინტონ-ბედოუზი, მთავარი რედაქტორი).

ამერიკელი მილიარდერი ინტერვიუში ეხება დღეისთვის ერთობ აქტუალურ საკითხს, რომელიც ბევრს აინტერესებს: როგორი იქნება ხელოვნური ინტელექტის მომავალი? მართლაც ჩაანაცვლებენ თუ არა ადამიანს ისეთი ინტელექტუალური მანქანები, რომლებსაც ადამიანურად აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ?

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"...ვფიქრობ, რომ ხუთი წლის შემდეგ ხელოვნური ინტელექტის მქონე ანდროიდული რობოტები ადამიანის ინტელექტს გადააჭარბებენ" , - ამბობს ილონ მასკი, - "არ დარჩება არაფერი, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანზე უკეთესად გაკეთება არ შეეძლოს".

- და როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება ყოფით დონეზე?

- ალბათ, დადგება საკვირველი სიუხვის ეპოქა, როცა თითოეულ ადამიანს ყველაფრის მიღების შესაძლებლობა ექნება, რასაც კი მოისურვებს. ალბათ, ასეთი ნათქვამი ზოგს აბსურდად მოეჩვენება, მაგრამ ჩემი აზრით, სწორედ ასე მოჩანს 2026 წლის გადასახედიდან ჩვენი მომავალი. მოდი, ისიც ვთქვათ, თუ რა იქნება ათი წლის შემდეგ: ცხადია, არსებობს პროცესები და მოვლენები, რომლებსაც გარკვეული კორექტივების შეტანა შეუძლიათ პროგნოზებში, მაგალითად, თერმობირთვულ ომს და რაიმე გლობალურ კატასტროფებს, მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ მესამე მსოფლიო ომი არ მოხდება და არც ასტეროიდი დაეცემა დედამიწას, მაშინ დღეს ჩვენი მომავალი ოპტიმისტურად და შთამბეჭდავად გამოიყურება.

- დარწმუნებული ხართ, რომ ათი წლის შემდეგ ადამიანები სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავენ?

- ძალიან მეეჭვება, რომ ადამიანებმა კონტროლი შეინარჩუნონ. აბა, დავფიქრდეთ: ადამიანისა და ხელოვნურ ინტელექტებს შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე - ადამიანისა და შიმპანზეს ინტელექტს შორის. ჩემთვის ძნელია იმის წარმოდგენა, რომ შიმპანზეები გონებით ჩვენზე ძლიერები იქნებიან. ჩვენ, ადამიანები, შიმპანზის ევოლუციურ ფორმას წარმოვადგენთ. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ჯუნგლებში ხეებზე დავძვრებოდით და ბანანებით ვიკვებებოდით... სხვათა შორის, ბანანის ჭამას დღემდე ვერ გადავეჩვიეთ.

- თქვენ საკმაო ხნის წინათ თქვით, რომ არსებობს 10-20%-იანი ალბათობა იმისა, რომ რობოტი-მკვლელები კაცობრიობას გაანადგურებენ. გამოდის, ადრე ეს საკითხი გაღელვებდათ, ახლა კი, როგორც ჩანს, მშვიდად ხართ...

- დღემდე ვთვლი, რომ არსებობს ხელოვნურ ინტელექტთან და რობოტებთან დაკავშირებული რისკები, რომელთა ალბათობა ნული არ არის. მე საკუთარი [მეცნიერულ-ფსიქოლოგიურ-]ფილოსოფიური დასკვნა გავაკეთე: ყველაფერს ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ. ჩვენ არ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის საოცარი პროგრესის შეჩერება. ზოგჯერ ჩავფიქრდები ხოლმე, - წითელი ღილაკი „სდექ!“ რომც არსებობდეს, ჩვენ მას თითი არც უნდა დავაჭიროთ. იმიტომ, რომ ყველაზე სავარაუდო შედეგი არის სიუხვე და ბედნიერი ცხოვრება. საკუთარი თავის მტრები ხომ არ ვიქნებით?

- მაგრამ როგორც თქვით, 10-20%-იანი საფრთხე მაინც არ არსებობს, რომ რობოტები კაცობრიობას გაანადგურებენ. ეს ძალიან მაღალი რისკია...

- საერთოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ ყველანი მოვკვდებით. ყველაფერი იბადება, იზრდება, ვითარდება და ბოლოს კვდება. სამყაროც ასეა მოწყობილი: ვარსკვლავები ჩნდებიან და შემდეგ ნადგურდებიან - ეს სითბური სიკვდილია. ამიტომ წინ უნდა ვიაროთ. საბოლოოდ ხომ ვიცით, რაც მოგვივა, ამიტომ უნდა შევეგუოთ და არ უნდა შეგვეშინდეს.

- როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხელოვნური ინტელექტისაგან მომდინარე საფრთხეზე, თქვენ ამბობთ, რომ 10 წლის შემდეგ საფრთხე იქნება 10-20%-იანი რისკის ფარგლებში. ვთქვათ, თქვენ ფლობთ ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტს. შეინარჩუნებთ თუ არა მას, როცა იცით, რომ 10 წლის შემდეგ ის აგიჯანყდებათ და მოგკლავთ?

- დიახ, მაგრამ მე ხომ ისიც ვთქვი, რომ ჩვენ პროგრესს ვერ შევაჩერებთ. ვფიქრობ, ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ისაა, რომ ნეგატიური დასასრულის ალბათობის მინიმიზირება მოვახდინოთ. მე დიდი ხანია, უარს ვამბობდი ჩემი კომპანიის ხელოვნური ინტელექტის პროექტებში მონაწილეობაზე, მაგრამ სხვებს ვეხმარებოდი, მაგალითად OpenAI. შემდეგ მას გამოეყო კომპანია Anthropics და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება დაიწყო. ეს ჩემი მიზანი არ იყო, მაგრამ ბოლოს, როცა დავინახე, რომ ინტელექტი უჩემოდაც ვითარდებოდა, იძულებული გავხდი, კლუბის წევრი გავმხდარიყავი...

ასევე დაგაინტერესებთ: კრიზისი რუსეთში: როგორ იქცა ქვეყანა "ბენზინკალონკა" საწვავის მათხოვრად - The Guardian

საიდუმლო მოლაპარაკებები მოსკოვში - რას აკეთებდა CIA-ს დირექტორი რუსეთის დედაქალაქში?!

"დიდი მდინარეები კვდებიან" ანუ რა ემუქრება ევროპას?! - The New York Times

"აპოკალიფსის" პროგნოზი ანუ რამდენ წამს აჩვენებს შუაღამემდე "განკითხვის დღის" საათი?! - The Washington Post

- თქვენ გსურთ ისეთი სისტემა შექმნათ, სადაც ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები ერთმანეთის მუშაობას გააკონტროლებენ. ვთქვათ და რაღაც შემაშფოთებელი იპოვეს, შეატყობინებენ ისინი მთავრობას?

- დიახ. თუ ერთი კომპანია რაიმე საეჭვოს შეამჩნევს მეორის საქმიანობაში, ის კი მისი მოწესრიგებისათვის ზომას არ იღებს, სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს და საფრთხე გააუვნებლოს. ეს ჩარევა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. მთავრობამ რაღაც [შემაკავებელი სისტემა] უნდა შეიმუშაოს და დანერგოს... უკვე რამდენჯერმე გაჟღერდა, რომ ხელოვნური ინტელექტი ზოგჯერ კონტროლიდან გამოდის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო