„როგორც იქნა, მეგობრებმა პუტინს სიმართლე პირში უთხრეს: „გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო“ - The Independent - კვირის პალიტრა

„როგორც იქნა, მეგობრებმა პუტინს სიმართლე პირში უთხრეს: „გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო“ - The Independent

„რუსეთის პრეზიდენტს არ მოეწონა, რაც მას ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უთხრა, თუმცა... ინდოელი ლიდერი თავისი ნათქვამით მაინც გლობალური ბანდის ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენტში“ (The Independent) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „როგორც იქნა, მეგობრებმა პუტინს სიმართლე პირში უთხრეს: „გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო“ (ავტორი - სემ კაილი, საერთაშორისო ანალიტიკოსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ავტორიტარმა პოპულისტებმა - ისეთებმა, როგორიც ვლადიმერ პუტინია, კარგად იციან, რომ როცა კოლეგა-ანტიდემოკრატები მათ „ჩემო მეგობაროთი" მიმართავენ, ეს შეიძლება დასასრულის მანიშნებელი იყოს.

გასაკვირი არაა, რომ ბიშკეკში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის დროს, სკამზე მჯდომი რუსეთის პრეზიდენტი თავს მოუსვენრად გრძნობდა და ფეხებს შესამჩნევად აბაკუნებდა, სანამ მას ინდოელი პოპულისტი და ნაციონალისტი ნარენდრა მოდი საჯაროდ მინილექციას უკითხავდა იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი უნდა დაამთავროს...

ყველამ იცის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ყოფნა - მისი მოულოდნელი ვიზიტიდან უკვე ერთი კვირა გავიდა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლი მალე გაგზავნის კიევში სპეცდესპანებს - სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს. ამ ფონზე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვლადიმერ პუტინის მეგობრებმა პირი შეკრეს და მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

ვლადიმერ პუტინის მეგობრების წარსული მოქმედებიდან გამომდინარე, დაუჯერებელი იქნება იმის თქმა, რომ ისინი ამას მხოლოდ უკრაინის სასარგებლოდ, დემოკრატიისათვის და თუნდაც ადამიანურობის სახელით აკეთებენ - უფრო მეტად იმისთვის, რომ [მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ] „შეთქმულთა“ თავიანთი პატარა ჯგუფი გადაარჩინონ.

რუსეთის პრეზიდენტი ერთობ არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩავარდნილი: მისი ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 40% სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი, მაგრამ ეს ძალისხმევა სასურველ შედეგს არ იძლევა. ვლადიმერ პუტინის მოქმედებით მხოლოდ სიკვდილის მოსავალი მატულობს - ყოველთვიურად ფრონტზე 30-ათასამდე რუსი ჯარისკაცი იღუპება, იმ მიზერული დაპყრობილი მიწის გაფართოებისათვის, რომლის დროსაც „სისხლის ტალღების მოქცევა და მიქცევა“ ხდება.

რუსული კაპიტალი ბანკებიდან გაედინება. უკრაინელთა მასშტაბურმა საჰაერო შეტევებმა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე - ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ნავთობის ტერმინალებზე - საწვავის მწვავე დეფიციტი გამოიწვია. ამ დროს კი „თეთრი რუსები“, რომლებიც ფედერაციას მართავენ, დონბასში - იქ, სადაც ომის ხორცსაკეპი მუშაობს - სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს გზავნიან რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებიდან.

ვლადიმერ პუტინი შეშფოთებულია და შეშინებული. სწორედ ამის გამო ემუქრება იგი ევროპას და გაერთიანებულ სამეფოს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ლაჩარი ადამიანი თავს ინიღბავს, რომ მისი შიში არავინ შეამჩნიოს და ცდილობს, გულოვნად წარმოჩნდეს. სავარაუდოდ, ჯონ რეტკლიფმა თავის კოლეგებს მოსკოვში ურჩია, რომ უარი თქვან ნებისმიერ გეგმებზე, ნატოს ქვეყნებისადმი დარტყმის მიყენების შესახებ, თუნდაც პირდაპირი შეჭრის ან ჰიბრიდული შეტევის სახით.

„ყოველი დღე, სანამ ომი გრძელდება, კაცობრიობა, არსებითად, ერთი ნაბიჯით უკან იხევს... მშვიდობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი კი კაცობრიობისთვის იმედის, რეალური განვითარების და აყვავების მომტანია. ჩვენ დაუსრულებელი ომების წარმოებიდან მათი შეწყვეტის მცდელობაზე უნდა გადავიდეთ. საომარი მოქმედებები უნდა შეჩერდეს“, - უთხრა ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს.

სხვათა შორის, როცა საქმე რუსეთ-უკრაინის ომს ეხება, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი „მშვიდობის აუცილებლობის“ პოზიციის ერთგულია. იმავდროულად, იგი თავს არიდებს კრემლის კრიტიკას. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპულმა ომმა ინდოეთს დიდი სარგებელი მოუტანა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წელს. ინდოეთი თავისთვის საჭირო ნავთობის ერთ მესამედს რუსეთიდან იაფფასიანი იმპორტის მეშვეობით იღებს, შემდეგ ამ ნავთობს ბენზინად და დიზელის საწვავად გადაამუშავებს და დასავლურ ბაზრებზე ძალზე სარფიანად ჰყიდის, სოლიდური მოგებით.

რუსეთმა ინდოეთს 2022-2025 წლებში, დაახლოებით, 172 მილიარდი დოლარის ნედლი ნავთობი მიჰყიდა, 2,3 მილიარდ დოლართან შედარებით 2021 წელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდურმა ბაზარმა მოსკოვს უკრაინაში შეჭრის შემდეგ 170 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა, ოთხ წელიწადში. თავის მხრივ, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა დამატებით, დაახლოებით, 20 მილიარდი დოლარი მიიღეს რუსეთში იაფად ნაყიდი ნავთობიდან მიღებული ბენზინის, დიზელის საწვავის და სხვა მასალების ექსპორტით.

ორი წლის წინ ვლადიმერ პუტინმა ნარენდრა მოდი რუსეთის უმაღლესი ჯილდოთი - ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა, ხოლო კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინდოეთთან ურთიერთობას „განსაკუთრებულად პრივილეგირებული და სტრატეგიული პარტნიორობა“ უწოდა.

მაშ, რატომ გადავიდა ნარენდრა მოდი რუსეთის პრეზიდენტის მოქმედების საჯარო დაგმობაზე? პოპულისტთა ბანდის წევრები ერთმანეთის მიმართ ლოიალობით არ გამოირჩევიან. გარეგნულად რუს ვლადიმერ პუტინს, ჩინელ სი ძინპინს, ინდოელ ნარენდრა მოდის და ამერიკელ დონალდ ტრამპს ერთმანეთთან საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ იმავდროულად, ისინი ერთმანეთის გლობალურ მეტოქეებს წარმოადგენენ.

დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, მოხიბლულია ნარენდრა მოდით, რომელმაც ატავისტური ინდური ნაციონალიზმის ქადაგებით (ანუ ინდოეთის ძველი დიდების დაბრუნებით - საზოგადოება უნდა ეზიაროს ინდური ცივილიზაციის „ოქროს საუკუნის“ მიღწევებს, დღევანდელი ზედნაშენით) ინდურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარა, რათა არჩევნებში გრძელვადიანი წარმატებისთვის მიეღწია. დონალდ ტრამპმა ნარენდრა მოდის „დიდი ადამიანი“ და „ჩემი მრავალწლიანი მეგობარი“ უწოდა - მიუხედავად იმისა, რომ თეთრმა სახლმა არა ერთგზის დაგმო ინდოეთი რუსეთის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის გამო.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის „სიყვარულის ცრემლები“ ფაქტობრივად „ნიანგის ცრემლებს“ ნიშნავს. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი ნიუ-დელის სანქციებითაც დაემუქრა, თუ რუსული ნავთობის იმპორტს არ შეწყვეტდა, რომლის მოცულობამ ივლისში მთლიანი იმპორტის რეკორდული 50,8% შეადგინა.

დონალდ ტრამპი ასევე მოხიბლულია ვლადიმერ პუტინითაც. აშშ-ის პრეზიდენტი ისე იქცევა, თითქოს იგი კრემლის მანქანის ნაწილი იყოს. დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის სურვილს, უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის - დონბასისა და ყირიმის - რუსეთის კუთვნილებად აღიარების თაობაზე. გარდა ამისა, აშშ-ის ლიდერმა მინიმუმამდე შეუმცირა პირდაპირი დახმარება უკრაინას, შეეცადა კიევზე მაფიოზური ზეწოლის მოხდენას (ისე, როგორც მაფიოზები იქცევიან!), სასარგებლო წიაღისეულზე გარიგების დასადებად. დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინივით იქცევა: ემუქრება მეზობლებს (კანადას), ემუქრება მოკავშირეებს (დანიას), ცდილობს მათი ტერიტორიების ანექსიას... რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელს ოცნებაც კი არ შეეძლო ისეთ სიტუაციაზე, როცა მისი აგენტის როლს ესოდენ მაღალი თანამდებობის მფლობელი - აშშ-ის პრეზიდენტი - შეასრულებდა და მთლიანად მოსკოვის ინტერესების სამსახურში იქნებოდა.

ამრიგად, დონალდ ტრამპი რუსეთისა და ინდოეთისათვის „სასარგებლო იდიოტის“ როლის შემსრულებელი აღმოჩნდა. მაგრამ ამერიკელ ლიდერს, რასაკვირველია, თავისი ინტერესებიც აქვს: დონალდ ტრამპს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ორივესგან მხარდაჭერა სჭირდება, რათა როგორმე თავი დააღწიოს შექმნილ სიძნელეებს - კონგრესის შუალედური არჩევნების მოახლოების კვალობაზე. ნოემბერში მან შეიძლება კონტროლი დაკარგოს წარმომადგენელთა პალატაზე და თვით სენატზეც, შემდეგ კი თავის პრეზიდენტობას დემოკრატების მზარდი ბრალდებების ქვეშ დაასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ: ილონ მასკის წინასწარმეტყველება ხელოვნურ ინტელექტზე: "დადგება საკვირველი სიუხვის ეპოქა, როცა თითოეულ ადამიანს ყველაფრის მიღების შესაძლებლობა ექნება, რასაც კი მოისურვებს"

კრიზისი რუსეთში: როგორ იქცა ქვეყანა "ბენზინკალონკა" საწვავის მათხოვრად - The Guardian

საიდუმლო მოლაპარაკებები მოსკოვში - რას აკეთებდა CIA-ს დირექტორი რუსეთის დედაქალაქში?!

"დიდი მდინარეები კვდებიან" ანუ რა ემუქრება ევროპას?! - The New York Times

დონალდ ტრამპმა აშშ არაპოპულარულ და წინასწარ წამგებიან უსამართლო ომში ჩაითრია, ირანის წინააღმდეგ ანუ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. გლობალური მასშტაბით, დონალდ ტრამპმა, რომელიც ამერიკელებს და, საერთოდ, მსოფლიოს უკრაინაში ომის შეწყვეტას დაჰპირდა, ყველას აჩვენა, რომ მან აშშ დიდებული კი არ გახადა, არამედ - დაასუსტა.

გაავებული ვლადიმერ პუტინი ევროპას ემუქრება, მის პირმოთნე და მლიქვნელ დამქაშებს კი ბირთვული იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე მინიშნებები უყვართ. მაგრამ კრემლის არმია უკრაინაში შეიძლება დამარცხდეს, ხოლო თუ ნატოსთან ომს დაიწყებს, მოსკოვს [ბირთვული ძლიერება] ვერ უშველის. მართლაცდა, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთის არმიამ დასავლეთის ფრონტზე, ნებისმიერ შემთხვევაში, კრახი განიცადოს. მარცხი სავსებით შესაძლებელია, რაც ვლადიმერ პუტინის დასასრულის დასაწყისი შეიძლება გახდეს.

ეს კი ცუდი იქნებოდა როგორც დონალდ ტრამპისათვის, ასევე, ნარენდრა მოდისათვის, რომლებსაც ერთიანობის შენარჩუნება სჭირდებათ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო