პუტინს ოკუპირებულ აფხაზეთთან „ტრიუმფი“, ხოლო ანექსირებულ ყირიმში კი „ბასტიონი“ აუფეთქეს
ტრიუმფი დიდ წარმატებას, ბრწყინვალე გამარჯვებას აღნიშნავს, ხოლო სიტყვა ბასტიონი კი - ციხესიმაგრის გალავნის კუთხეებში დატანებულ ხუთწახნაგა ნაგებობას, საიდანაც ცეცხლს უშენდნენ მოწინააღმდეგეს.
რუსეთმა კი ეს სახელები სპეციალურად დაარქვა თავისი შეიარაღების სისტემებს, მათ შორის - საზღვარგარეთ უკეთესად გაყიდვის მიზნითაც, რადგან ეს საერთაშორისო სიტყვები ადვილად წარმოითქმის და ასევე ადვილად დასამახსოვრებელია.
ასე გამოჩნდა რუსეთის არმიის შეიარაღებაში მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემები С-400 Триумф-ი და სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსები Бастион-ი.
ორივე მათგანს რუსეთის საოკუპაციო ძალები ომის პირველი დღიდანვე იყენებენ, უკრაინის წინააღმდეგ და - საკმაოდ წარმატებითაც, რაც განაპირობებს უკრაინის მხარის უდიდეს სწრაფვას, რომ რაც შეიძლება მეტი „ტრიუმფები“ და „ბასტიონები“ გაუნადგურონ რუს ოკუპანტებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ტრიუმფი“ თითქოს მხოლოდ საზენიტო საშუალებაა და თავდასხმისთვის არ გამოდგება, რუსეთ-უკრაინის ომში ასე არ არის.
ჯერ ერთი, „ტრიუმფის“ შორსმოქმედ მართვად საზენიტო რაკეტას 40Н6Е-ის მაღალ სიმაღლეზე მფრენი ობიექტის ჩამოგდება თეორიულად, მაქსიმუმ 380 კმ-მდე შეუძლია და რუსი ოკუპანტები ცდილობენ, ეს საზენიტო რაკეტები გაუშვან უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში მფრენი უკრაინული თვითმფრინავების წინააღმდეგ.
და მეორეც - „ტრიუმფის“ საზენიტო-სარაკეტო დანადგარებიდან ხდება РМ-48У ტიპის „მიწა-მიწას“ კლასის იმ რაკეტების გაშვება, რომლებიც საზენიტო რაკეტების გადაკეთების შედეგადაა შექმნილი და 300 კმ-ზე შორს 180 კგ-მდე მასის საბრძოლო ქობინის გადატანა შეუძლია, რის გამოც უკრაინელ მეზენიტეებს ისინი ხშირად, „ისკანდერის“ ოპერატიულ-ტაქტიკურ კვაზიბალისტიკურ რაკეტებშიც ერევათ...
რაც შეეხება სანაპირო დაცვის „ბასტიონს“, მის მობილურ დანადგარს Оникс-ის ტიპის ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის გაშვება შეუძლია, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალები ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან „ბასტიონებით“ „ონიქსებს“ კიევისკენ უშვებენ...
უკრაინული მხარის განცხადებით, 3-4 სექტემბრის ღამეს მათ ზუსტი საჰაერო დარტყმები განახორციელეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აფხაზეთის საზღვრიდან ორიოდე კმ-ში, სოჭის გარეუბან სირიუსში, სადაც რუსული С-400 Триумф-ის საცეცხლე პოზიცია იყო და ის ახლოს განთავსებულ ნავთობბაზასთან ერთად ააგიზგიზეს...
ასევე დაგაინტერესებთ: მორიგ რუს გენერალსაც ესროლეს - "წერტილოვანი“ შურისძიება უკრაინის დამბობველი რუსული ავიადივიზიის მეთაურზე...
რამდენიმე დღის წინ კი უკრაინული კამიკაძე-დრონები ასევე თავს დაესხნენ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე დისლოცირებული რუსული „ბასტიონების“ დივიზიონს და ააფეთქეს „ბასტიონის“ მობილური სარაკეტო დანადგარიც.
მარტო ერთი-ორი რუსული სარაკეტო დანადგარის განადგურება უკრაინას ომს უცბად ვერ მოაგებინებს, მაგრამ ეს პროცესი ანუ შორ მანძილზე რუსული ძვირად ღირებულ სარაკეტო დანადგარებზე ნადირობა და მათი წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით განადგურება, უწყვეტ დინამიკაში მიმდინარეობს, რაც წარმატებულ შედეგს ადრე თუ გვიან მაინც მოიტანს...