პუტინის არმიამ სისასტიკით "ლიუფთვაფესაც" "აჯობა" - ოდესას პირველად მისწვდნენ რუსული პლანირებადი ავიაბომბები
ოდესას პირველად მისწვდნენ რუსული პლანირებადი ავიაბომბებიც...
85 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს, სწორედ ამ დღეებში, გერმანია ქალაქ ოდესას ბომბავდა და ორთვიანი შეტევის შედეგად მოახერხა მისი დაპყრობა და თითქმის სამწლიანი ოკუპაცია, მაგრამ თვით ჰიტლერის „ლიუფთვაფესაც“ კი არ ჩამოუგდია იმდენი ბომბი საბჭოთა ოდესის საცხოვრებელ უბნებზე, რასაც ახლა პუტინის საოკუპაციო არმია აკეთებს უკრაინული ოდესის მიმართ...
თავისი უნიკალური იუმორით გამორჩეულ ამ ლამაზ საპორტო ქალაქს ომის დაწყებიდან მეხუთე წელია, ბომბავს რუსეთი, იმითაც გამწარებული, რომ ჩაეშალა ფართომასშტაბიანი საზღვაო დესანტის გადასხმა ოდესის სანაპიროზე, მისი დაპყრობა და მოლდოვას დნესტრისპირეთისკენ გაჭრა, რათა უკრაინისთვის, აზოვის ზღვის მსგავსად, შავ ზღვაზეც გასასვლელი გადაეკეტა...
შესაბამისად, ომის გასულ წლებში ოდესელებს სამწუხაროდ არ „მოჰკლებიათ“, არც რუსული კამიკაძე „შაჰიდ/გერანები“, არც კვაზიბალისტიკური „ისკანდერები“ და არც ფრთოსანი „კალიბრები“, რასაც ახლახან იაფფასიანი და მცირებარიტიანი „ბანდეროლის“ რეაქტიული ფრთოსანი რაკეტებიც დაემატნენ, თუმცა როგორც გასულ ღამეს გამოჩნდა, ოდესელების განსაცდელი ამით არ დამთავრებულა...
2026 წლის შემოდგომის პირველსავე დღეს ოკუპანტმა რუსეთმა უკრაინულ ოდესას პირველად შეუტია პლანირებისა და კორექტირების უნიფიცირებული მოდულებით აღჭურვილი საავიაციო ბომბებით, რამაც ოდესაში დიდი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია...
რუსეთმა უკრაინის არმიის თავდაცვითი პოზიციებისა და უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2023 წლის იანვრიდან დაიწყო ახალი ტიპის შეიარაღების - პლანირებისა და კორექტირების უნიფიცირებული მოდულებით აღჭურვილი საავიაციო ბომბების გამოყენება.
მართვადი საავიაციო ბომბები, რა თქმა უნდა, მანამდეც არსებობდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების არსენალში, მაგრამ მათი რაოდენობა შეზღუდული გახლდათ და თანაც - საკმაოდ ძვირი ჯდებოდა მისი წარმოება.
რუსებმა მიჰბაძეს ამერიკელებს, აიღეს 500, 1 500 და 3 000 კგ კალიბრის ძველი საბჭოთა მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბები და მათზე დაამაგრეს გასაშლელი ფრთები, ამერიკული „ჯი-პი-ესის" ან რუსული „გლონასის“ თანამგზავრული ნავიგაციის სისტემით, რამაც ამ „მფრინავ ჰიბრიდს“ 50-დან 80 კმ-მდე პლანირებისა და მიზანთან 20-30 მ-ის სიზუსტით აფეთქების საშუალება მისცა.
ეს რუსეთის საბრძოლო ავიაციისთვის გადამრჩენი გამოსავალი აღმოჩნდა, რადგან მანამდე რუსული საფრონტო ბომბდამშენები უშუალოდ სამიზნეზე გასვლისას და უმართავი საავიაციო ბომბების ჩამოყრისას, ხშირად გამხდარან უკრაინელი მეზენიტეების ლუკმა.
80 კმ-მდე პლანირებადი და კორექტირებადი საავიაციო ბომბების გამოყენება იმავე რუსული Су-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენის ეკიპაჟს საშუალებას აძლევს ამ ტიპის ბომბები ფრონტის ხაზიდან 30-50 კმ-ის დაშორებით ისე ჩამოჰყაროს, რომ არ დაემუქროს საფრთხე უკრაინული საზენიტო რაკეტებისგან.
მაგრამ ასეთი ტაქტიკით, ეს რუსული პლანირებადი ბომბები სწვდებოდნენ ან უკრაინულ თავდაცვით პოზიციებს უშუალოდ ფრონტის ხაზზე ან იმ უკრაინულ ქალაქებს (მაგალითად, იმავე სლოვიანსკსა და კრამატორსკს), რომლებსაც ფრონტის ხაზი „მიადგა“...
რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირების ხაზი მდინარე დნეპრზე გადის, საიდანაც ოდესამდე ას კმ-ზე მეტია და აქამდე რუსული ბომბდამშენები ვერ უწვდენდნენ ამ პლანირებად და კორექტირებად ბომბებს უკრაინის მთავარ საპორტო ქალაქამდე, თუმცა გასულ ღამეს ეს შეძლეს და ალბათ კიდევ ხშირად გაიმეორებენ...
როგორ მოახერხეს ეს რუსმა ოკუპანტებმა?
იკვეთება ორი ვერსია:
პირველი - გამოყენებული იქნა ამ ბომბების ახალი მოდიფიკაცია, აღჭურვილი ჩინური წარმოების კომპაქტური ტურბორეაქტიული ძრავით, რომელმაც ის ერთგვარ იაფფასიან „ფრთოსან რაკეტად“ გადააქცია და 100-120 კმ-ზე შორს ფრენის (და არა მარტო პლანირების) უნარი შესძინა.
ასევე დაგაინტერესებთ: ომი არყის ბოთლებზეც გადავიდა - 4 მილიონი უკრაინული „ხორტიცას“ განადგურების საპასუხოდ, რამდენ მილიონ რუსულ „ფშენიჩნაიას“ ვერ დალევენ რუსი „მუჟიკები“?!
სუპერტანკერის აფეთქებისთვის ამერიკამ ირანის კუნძული დაბომბა, თეირანმა საპასუხოდ კი...
პუტინს მორიგი მფრინავი „დათვიც“ აუფეთქეს, ოღონდ...უკვე ძრავებდახსნილი...
ამერიკული რაკეტებით დარტყმა დონეცკზე და ახალი "ისკანდერების" ზალპი კიევზე ?! - რა ხდება ფრონტზე
მეორე - რუსეთმა ისევ ძველი, 80 კმ-მდე მფრენი პლანირებადი საავიაციო ბომბები გამოიყენა, თუმცა მისი ბობდამშენების ეკიპაჟებმა გარისკეს და უფრო მიუახლოვდნენ ოდესას, შავი ზღვის მხრიდან, რადგან რუსეთის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ უკრაინელ მეზენიტეებს აღარ დარჩათ „პეტრიოტის“ შორსმფრენი საზენიტო რაკეტები.
რომელი ვერსიაც უნდა იყოს მართალი (შეიძლება ორივეც ახლოსაა სიმართლესთან), ოდესელებს ამ ზამთარში რთული დღეები ელით, რადგან პუტინს რაღაც განსაკუთრებული პირადი ბოღმა აქვს ჩადებული ამ ლამაზი ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების მიმართ...
P.S. მოსალოდნელია, რომ გაუმჯობესებული და უფრო შორსმფრენი პლანირებისა და კორექტირების უნიფიცირებული მოდულებითა და ჩინური წარმოების მცირეგაბარიტიანი ტურბორეატიული ძრავებით აღჭურვილი საავიაციო ბომბების გამოყენებას რუსეთი, ამ ზამთარს, თვით უკრაინის დედაქალაქის -კიევის წინააღმდეგაც მასობრივად დაიწყებს, რომელიდანაც რუსეთის ბრიანსკის ოლქამდე ორასი კმ-მია...