ზელენსკის მუქარა: რუსული ცა იხურება - შეძლებს თუ არა უკრაინა რუსეთის მთავარი აეროპორტების ბლოკირებას?!
რამდენად შეუძლია ზელენსკის მუქარის ასრულება და რუსეთის ძირითადი აეროპორტების ბლოკირება?
სამოქალაქო ავიაციის ნავიგაცია ურთულესი სისტემაა და მისი გამართულად ფუნქციონირებისთვის ხელისშემშლელი ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს -დაწყებული ფრენისთვის რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან და დამთავრებული აეროპორტებში მგზავრების რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მწყობრიდან გამოსვლით, ხოლო როდესაც აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რაიონში რაიმე არარეგისტრირებული მფრინავი ობიექტი ფიქსირდება, საჰაერო უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, აეროპორტები იკეტებიან და წყვეტენ სამგზავრო თვითმფრინავების რეგულარული რეისების მომსახურებას სიტუაციის გარკვევამდე...
სწორედ ეს, რუსეთის ფედერაციის ძირითადი აეროპორტების ფუნქციონირების დროებითი ან, სულაც, დიდი ხნით შეწყვეტა აქვს მიზნად დასახული იმ ნახევრადსენსაციურ განცხადებას, რაც გუშინ, 1 სექტემბრის საღამოს გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ...
“დღეს გვსურს, ყველა ავიაკომპანია გავაფრთხილოთ, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა დამზღვევი, ყველა, ვინც ჯერ კიდევ იყენებს საკვანძო რუსულ აეროპორტებს: რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება.
უკრაინა საფრთხეს არ წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციისთვის, როგორც ასეთი - არც ერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იქნება და ამის გათვალისწინებაა საჭირო. იმისდა მიუხედავად, რომ რუსული ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, მაგრამ რუსული ცა დე ფაქტო დაიხურება: ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მის ცას კეტავს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები საერთაშორისო სტრუქტურებს სრულ ინფორმაციას აწვდიან საფრთხეებზე რუსულ საჰაერო სივრცეში. დრონებს შორის სამოქალაქო ავიაციის ადგილი არაა”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ეს არ არის პირდაპირი მუქარა რუსეთის აეროპორტებზე მიზანმიმართული საჰაერო დარტყმების თაობაზე, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამას მაინც ასეთი კომენტარი გაუკეთა: „ეს უბრალოდ განაცხადია სახელმწიფო ტერორიზმზე“...
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, რუსეთმა თავადვე შეაჩერა თავისივე 11 აეროპორტის მუშაობა, რომლებიც ტერიტორიულად ახლოს იმყოფებოდნენ უკრაინის საზღვართან და, ამასთან, საჰაერო ტრასების მარშრუტები ისე შეცვალა, რომ მოსკოვიდან თურქეთში გადამფრენი სამგზავრო თვითმფრინავები... ყაზახეთის საჰაერო სივრციდან უვლიდნენ.
ის, რითაც უკრაინის პრეზიდენტი დაიმუქრა, რეალურად ისედაც ხშირად ხდება, როდესაც უკრაინული კამიკაძე-დრონები მასობრივად უტევენ მოსკოვს ან რუსეთის რომელიმე მსხვილ ქალაქში განთავსებულ სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მქონე სამიზნეებს, რადგან ამ ქალაქების შემოგარენში მდებარეობს აეროპორტები და ცხადდება განგაში კოდური სახელწოდებით - „კოვიორი“, რომელიც ყველა სამგზავრო თვითმფრინავის სასწრაფო დაშვებას ან სხვა აეროპორტისკენ გაფრენას ითვალისწინებს, ხოლო აეროპორტებიდან თვითმფრინავების აფრენები საათების განმავლობაში გადაიდება.
გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინამ შეძლო შორსმფრენი კამიკაძე-დრონების მასობრივი წარმოების აწყობა და მიაღწია დღე-ღამეში არანაკლებ 1 000 კამიკაძე-დრონით აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეტევას. რუსეთის ცენტრალურ ნაწილში აეროპორტების მუშაობა ისედაც ხშირად ფერხდება, რის გამოც ხდება ასობით რეისის გადადება, ათი ათასობით მგზავრის საათობით იძულებითი თავმოყრა აეროპორტების მოსაცდელ დარბაზებში, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს მათში...
სხვათა შორის, განგაშის -„კოვიორის“ დროს რუსეთის აეროპორტები არ აცხადებენ გადავსებულ მოსაცდელ დარბაზებში თავმოყრილი მგზავრებისთვის თავშესაფრებში წასვლის აუცილებლობას, რადგან აეროპორტებს არც ამხელა ტევადობის თავშესაფრები აქვთ და პანიკის წარმოქმნის შემთხვევაში, აეროპორტების მოსაცდელი დარბაზები, თავისი უზარმაზარი მინის ვიტრინებით, ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსებოდა...
უკრაინას აქვს იმის ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები, რომ თითქმის მუდმივ რეჟიმში ახორციელოს კამიკაძე-დრონების ან თუნდაც „ცრუ-დრონების“(რომლებიც არ არიან აღჭურვილნი საბრძოლო ქობინით, შესაბამისად, უფრო მცირე ღირებულება აქვთ, მაგრამ რუსული რადიოლოკატორების ეკრანებზე ან ვიზუალურად აღიქმებიან, როგორც სრულფასოვანი და, შესაბამისად, საშიში კამიკაძე-დრონებად) შეტევები, თუნდაც მოსკოვის ოთხივე ძირითადი საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რაც „კოვიორის“ განგაშსაც მუდმივს გახდის და ამით მოხდება რუსეთის დედაქალაქიდან საჰაერო მიმოსვლის სრული პარალიზება, რამდენიმე დღის ან სულაც კვირების განმავლობაში - სწორედ ამაზე ვწერდით ერთი წლის წინ ამ ბლოგში, როდესაც განვიხილავდით, თუ რა ახალი მეთოდებით შეეძლო უკრაინას ომის დაბრუნება მის წამომწყებ აგრესორ ქვეყანაში...
ოღონდ აქ არის ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვარი, რომლის გადალახვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება - უკრაინული დრონები არ უნდა დაესხნენ უშუალოდ რუსული აეროპორტების ინფრასტრუქტურას და ამ აეროპორტებში მდგარ ან მისკენ მფრენ-ამფრენ სამგზავრო თვითმფრინავებს...
წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა დაემსგავსება იმ „საჰაერო ტერორისტ“ კრემლს, რომელიც სამგზავრო თვითმფრინავებს უგდებდა ჯერ სამხრეთ კორეას სახალინზე, მერე დამოუკიდებელ საქართველოს აფხაზეთის ომში, მალაიზიას უკრაინის თავზე და აზერბაიჯანს გროზნოსთან (აქედან ქართულ სამგზავრო თვითმფრინავებს მიზანმიმართულად...)
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის არმიამ სისასტიკით "ლიუფთვაფესაც" "აჯობა" - ოდესას პირველად მისწვდნენ რუსული პლანირებადი ავიაბომბები
სუპერტანკერის აფეთქებისთვის ამერიკამ ირანის კუნძული დაბომბა, თეირანმა საპასუხოდ კი...
პუტინს მორიგი მფრინავი „დათვიც“ აუფეთქეს, ოღონდ...უკვე ძრავებდახსნილი...
P.S. უკრაინის გეგმა, რომ რუსეთში მოახდინოს საჰაერო ნავიგაციის პარალიზება, ძალაუნებურად აისახება მეზობელი ქვეყნების და მათ შორის - საქართველოს საჰაერო ნავიგაციაზეც, თუნდაც იმიტომ, რომ სამ ქართულ (თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის) საერთაშორისო აეროპორტებში ყოველდღიურად ათობით სამგზავრო რეისი სრულდება რუსეთის აეროპორტებიდან და გარდა ამისა, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ასობით საჰაერო გადაფრენა ხორციელდება ტრანზიტის სახით რუსეთიდან თურქეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებისკენ და საპირისპირო მიმართულებით.
P.S.S. უკრაინული მხარის ყველა ახალ „წამოწყებას“, რუსეთი ცდილობს, სარკისებურად უპასუხოს - ასე იყო სავაჭრო საწყობებზე, ბენზინგასამართ სადგურებსა და შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმების შემთხვევაში, მაგრამ ეს სწორედ ის გამონაკლისია, როდესაც რუსეთს სარკისებური პასუხის გაცემა გაუჭირდება, რადგან უკრაინის აეროპორტები ომის დაწყების დღიდან დახურულია და მას შემდეგ უკრაინის ცაში სამგზავრო თვითმფრინავები აღარ დაფრინავენ...