"მფრინავი ლოკატორი" უკრაინელებსაც გამოუჩნდათ - რას შეცვლის ეს "ცის ომში"?!
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად პირველად აღიარა ,რომ ის ჯერ კიდევ 2026 წლის მარტიდან საბრძოლო მიზნებისთვის იყენებს „მფრინავ რადარს“-შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავს ASC 890-ს...
ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის უკრაინას გადასცემდა ორ ერთეულ ASC 890 ტიპის „მფრინავ რადარს“, რომლებსაც მეორენაირად Saab 340 AWACS-ებსაც უწოდებენ.
ისევე, როგორც ამერიკული Boeing E-3 Sentry და საბჭოთა/რუსული А-50-ი,შვედური „ავაქსიც“ სამგზავრო თვითმფრინავის მოდიფიკაციას წარმოადგენს, რომლის ფიუზელაჟის თავზე რადიოლოკაციური სადგურის ანტენაა დამონტაჟებული, ოღონდ ამერიკულისა და რუსულისგან განსვავებით, ეს ანტენა არ არის დისკის ფორმის და არც ბრუნავს,ის წაგრძელებული,მართკუთხედის ფორმისაა და შეიძლება მათნაირად არ შეუძლია 360 გრადუსის ფარგლებში საჰაერო სივრცის მონიტორინგი,თუმცა ფრენის მიმართულებიდან ორივე მხარეს 120 გრადუსზე და 300-400 კმ-ის სიშორეზე „იჭვრიტება“ და შეუძლია როგორც საჰაერო,ისე საზღვაო სამიზნეების ადრეული დაფიქსირება.

ფოტო: უკრაინის საჰაერო თავდაცვის დიდი იმედი-შვედური „მფრინავი ლოკატორი“- Saab 340 AWACS (ASC 890)
უდიდესი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის იმას, თუ რამდენად ადრეულად აღმოჩენენ მათი ქალაქებისკენ გამოშვებულ რუსულ ფრთოსან რაკეტებსა და კამიკაძე-დრონებს და უკრაინის საჰაერო თავდაცვას მეტი დრო დარჩება მოსამზადებლად, მათ ჩამოსაგდებად...
თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის „ავაქსებს“ ბალისტიკური რაკეტების ადრეული აღმოჩენა(თუკი რაკეტების სტარტის ადგილი 400-500 კმ-ზე შორია) ძალიან გაუჭირდებათ და ბალისტიკური ტრაექტორით ისევ დედამიწის ატმოსფეროში შემოსული, წამში ერთ კმ-ზე სწრაფად მფრენი ბალისტიკური რაკეტის დაფიქსირება დიდად უკვე აღარაფერს შეცვლის, რადგან ეს რაკეტა მიზანს 10-20 წამში ვერტიკალურად,ზემოდან დაეცემა.
სამაგიეროდ, 800-900 კმ/სთ სიჩქარით დაბალ სიმაღლეზე მფრენი ფრთოსანი რაკეტისა და მითუმეტეს 200-იოდე კმ/სთ სიჩქარის მქონე შიდაწვისძრავიანი კამიკაძე-დრონების ადრეულ რადიოლოკაციურ აღმოჩენას მიწის ფონზე,უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რასაც უკრაინის საჰაერო თავდაცვა წარმატებით იყენებს რუსული ყოველღამისეული საჰაერო შეტევების მოგერიებისას.
აქ არის ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნიკური ნიუანსიც-ნატო-ს წევრი ქვეყნების საბრძოლო ავიაციის თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე დამონტაჟებული Link 16 ტიპის სამხედრო ტაქტიკური მონაცემთა გადაცემის უსაფრთხო და დაშიფრული ციფრული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს თვითმფრინავებს, ხომალდებსა და სახმელეთო ჯარებს, რეალურ დროში გაუზიარონ ერთმანეთს ოპერატიული ვითარება, ტექსტური შეტყობინებები, სურათები და ხმოვანი ინფორმაცია.
შესაბამისად, როგორც კი უკრაინის ცაში შვედური „ავაქსის“ რადიოლოკატორი აღმოაჩენს რუსულ საჰაერო თავდასხმის ობიექტებს, იქნება ეს თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ფრთოსანი რაკეტა თუ დრონი, ის ამ ინფორმაციას (ფრენის სიჩქარე,სიმაღლე,აზიმუტი,მდებარეობა) ციფრულ რეჟიმში და რეალურ დროში გადასცემს საზენიტო „პეტრიოტის“ გათვლებს და რამდენიმე ათეული ან ასეული კმ-ის დაშორებით ცაში მოდარაჯე უკრაინული F-16 და Mirage 2000-5F ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების საბორტე კომპიუტერებს და მათ მფრინავები იღებენ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რომ დროული რეაქცია მოახდინონ რუსული ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად „ჰაერი-ჰაერი „კლასის მართვადი რაკეტების გასაშვებად და საბორტე ქვემეხების ასამოქმედებლად,კამიკაძე-დრონების ჩამოგდებისთვის.

ფოტო: შვედური „ავაქსის“ ვიწრო სალონში დამონტაჟებული მონიტორები საჰაერო რადიოლოკაციური სიტუაციის გასკონტროლებლად...
იგივე პრინციპით და ალბათ, უფრო უკეთესად იმოქმედებენ უკრაინელი მფრინავები,როდესაც ამ წლის ბოლოსთვის მიიღებენ პირველ შვედურ Gripen C/D ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებსაც.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებში შემორჩენილი საბჭოთა წარმოების Су-27და МиГ-29 ტიპის ავიაგამანადგურებელები არ არიან აღჭურვილნი ამერიკული Link 16 ტიპის სისტემით და მათ მფრინავებს რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების ღამით ჰაერში აღმოჩენა ძველი მეთოდით, ბევრად სუსტი საბორტე რადიოლოკატორების საშუალებით უწევთ.
შვედური ერთი თუ ორი „საჰაერო ლოკატორის“ „ამუშავება“ უშუალოდ უკრაინის „ომის ცაში“ მნიშვნელოვანი შეღავათია, რადგან ამერიკული თუ ევროპული „ავაქსები“ ვერ ბედავენ უკრაინის საჰაერო სივრცეში მუშაობას რუსული შორსმფრენი საზენიტო რაკეტებისა და ასევე შორსმფრენი „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტების შიშით და ბარაჟირებენ პოლონეთისა და რუმინეთის ცაში ან შავი ზღვის თავზე, საიდანაც უკრაინის ცა ბევრად ნაკლებად კონტროლდება.
200-300 კმ-ზე მოქმედი რუსული საზენიტო და საავიაციო რაკეტებისგან დაზღვეული, რა თქმა უნდა, არც უშუალოდ უკრაინის ცაში მფრენი შვედური „საჰაერო ლოკატორია“.
შესაბამისად, მისი ეკიპაჟი უკრაინა-რუსეთის საზღვარს და ფრონტის ხაზს 200 კმ-ზე ახლოს ვერ მიუახლოვდება.
გამომდინარე იქიდან, რომ შვედური „საჰაერო ლოკატორი“ მხოლოდ 300-400 კმ-მდე „იჭვრიტება“, ფრონტის ხაზის სიღრმეში მხოლოდ 100-200 კმ-ს თუ გააკონტროლებს, ეს კი ის მანძილია, რომლის დაფარვისთვის რუსულ ფრთოსან რაკეტებს 5-10 წთ, ხოლო შიდაწვისძრავიან რუსულ დრონებს კი 30-60 წთ მაინც სჭირდებათ, რაც პრინციპში საკმარისი დროა იმისთვის, რომ ცაში მოდარაჯე უკრაინული ავიაგამანადგურებლების მფრინავები მოემზადონ რუსული ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად, ხოლო კამიკაძე-დრონების მოგერიებას სათადარიგო აეროდრომებიდან აფრენილი უკრაინული „მიგ“-ებიც კი მოასწრებენ...
ჩერნიგოვიდან ოდესამდე ანუ ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე,უკრაინა თითქმის 700 კმ-ზეა გადაჭიმული და 24 სთ-იანი საჰაერო რადიოლოკაციური „ზღურბლის“ შესაქმნელად არანაკლებ 10 გამართული შვედური „ავაქსია“ საჭირო, რადგან თითოეული მათგანის საჰაერო მორიგეობა 5 სთ-ზე მეტხანს არ გრძელდება, თუმცა ამდენ „ავაქსს“ უკრაინას არავინ აჩუქებს.
კიდევ ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუ სად და რამდენად უსაფრთხოდ არიან ბაზირებულნი ეს შვედური „ავაქსები“.

ფოტო: უკრაინამ შვედური „ავაქსის“ დახმარებით შეიძლება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეშიც კი „შეიჭვრიტოს“, როგორც ამ რუკაზეა მოცემული, მაგრამ ამისთვის რუსეთის საზღვრისა და ფრონტის ხაზის გასწვრივ უნდა იფრინოს, რაც ძალზე სახიფათოა, რადგან მისი „ზურგის“ რადიოლოკატორი მაღალი სიხშირის რადიოტალღებს გამოასხივებს და ადვილად აღმოსაჩენი და ჩამოსაგდები გახდება რუსული საზენიტო და საავიაციო რაკეტებისთვის...
Saab 340 AWACS (ASC 890) თვითმფრინავის სიგრძე 20 მ-ია, ფრთაგაშლილობა 21 მ, შესაბამისად ის ვერანირად ვერ განთავსდება უკრაინის სამხედრო აეროდრომებზე შემორჩენილ საბჭოთადროინდელ არკული კონსტრუციის რკინაბეტონის დაცულ ანგარებში, რომლებშიც Су-27 ტიპის ავიაგამანდაგურებელიც კი ვერ ეტევა.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინს ოკუპირებულ აფხაზეთთან „ტრიუმფი“, ხოლო ანექსირებულ ყირიმში კი „ბასტიონი“ აუფეთქეს
ღიად, ცისქვეშ დაყენებული უკრაინელების „ავაქსს“, რაც არ უნდა შენიღბონ, ადრე თუ გვიან მაინც აღმოაჩენს რუსეთის კოსმოსური ან აგენტურული დაზვერვა და ოპერატიულად დაარტყამს „ისკანდერის“ კვაზიბალისტიკური რაკეტებით.
ამიტომაც,სავარაუდოა, რომ შვედების მიერ ნაჩუქარი და ასე მნიშვნელოვანი ერთი თუ ორი „ავაქსი“ რეალურად ბაზირებს ნატო-ს წევრი პოლონეთის რომელიმე სამხედრო აეროდრომზე და იქიდან აფრენილი ახორციელებს საჰაერო მონიტორინგს დასავლეთ უკრაინის თავზე, მითუმეტეს, რომ თავად პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალებსაც ჰყავთ შეიარაღებაში ანალოგიური ტიპის შვედური „ავაქსები“ და რუსული კოსმოსური დაზვერვა ვერ შეძლებს იმის ზუსტად გარჩევას, თუ ვისი „ავაქსი“ დგას ამა თუ იმ პოლონურ აეროდრომზე და გინდაც გაარჩიოს, კრემლი ვერ გაბედავს ნატო-ს წევრი ქვეყნის სამხედრო აეროდრომზე წერტილოვან საჰაერო დარტყმას, თუმცა პოლონეთის ცაში უკვე იმდენი რუსული ფრთოსანი რაკეტა და კამიკაძე-დრონია „შემთხვევით“ შეფრენილი და აფეთქებული, ვინ იცის...