უიტკოფ-კუშნერის შეუსრულებელი მისია ანუ ომი 2027 წელსაც გაგრძელდება და უფრო სასტიკი გახდება?! - The Independent - კვირის პალიტრა

უიტკოფ-კუშნერის შეუსრულებელი მისია ანუ ომი 2027 წელსაც გაგრძელდება და უფრო სასტიკი გახდება?! - The Independent

„პუტინი დაინტერესებული არ არის მშვიდობის დამყარებით, ტრამპი კი მის მიერ დაგებულ ხაფანგშია მოქცეული“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული სარედაქციო სტატია ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent), რომელშიც განხილულ-შეფასებულია აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების - სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის დიპლომატიური მისია.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სტივ უიტკოფი უძრავი ქონების სპეციალისტია, მაგრამ ნულოვანი დიპლომატიური გამოცდილებით, რომელიც დონალდ ტრამპმა 2024 წელს თავის პირად ემისრად დანიშნა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. ჯარედ კუშნერი დონალდ ტრამპის სიძეა, ვერ ვიტყვით იმას, რომ იგი გამოცდილი დიპლომატია, თუმცა მას, როგორც ამბობენ, სიმამრის პირველი პრეზიდენტობის დროს, ახლო აღმოსავლეთში სტაბილიზაციის დამყარებაში გარკვეული მონაწილეობა მიუღია. ობიექტურად თუ ვიტყვით, უიტკოფ-კუშნერის დუეტმა უკრაინის ომის დარეგულირება-შეწყვეტის მცდელობაში (რაც ძალიან სურს დონალდ ტრამპს) მაინცდამაინც დიდ წარმატებას ვერ მიაღწია.

არანაირი საფუძველი არ არსებობს იმ ვარაუდისათვის, რომ მათი ამჟამინდელი დიპლომატიური ტურნე საბოლოო ჯამში წარმატებული იქნება. მიუხედავად ოპტიმისტური განცხადებებისა, მათი მცდელობაც იგივენაირად - ანუ უშედეგოდ - დასრულდება, როგორც დღემდე იყო. ვლადიმერ პუტინი არ შეწყვეტს „თავის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, რომელიც უკვე ოთხ წელზე მეტს ხანს გრძელდება, რითაც ბევრად გადააჭარბა საბჭოთა კავშირის „დიდ სამამულო ომს“ ნაცისტ ადოლფ ჰიტლერის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ისევე როგორც იმ ეპოქალურ ომში, ახლაც უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობა ყველაზე მკაცრი გამოცდის წინაშე დგება, ზამთრის მოახლოების კვალობაზე.

სანამ უიტკოფ-კუშნერის წყვილი მოსკოვში და შემდეგ კიევში გაემგზავრებოდა, დონალდ ტრამპმა წინასწარ პოზიტიურად შეაფასა მოსალოდნელი შედეგები და იმედიანად განაცხადა, რომ „მშვიდობის დამყარების ახალ ამერიკულ იდეას“ მოსკოვიც დაეთანხმებოდა კიევიც.

რამ გამოიწვია „მშვიდობის წყურვილის“ მორიგი გამოვლენა?

თუ სპარსეთის ყურეში შექმნილ აშშ-ისათვის არასახარბიელო სიტუაციას და აშშ-ის კონგრესის მოსალოდნელ შუალედურ არჩევნებს გავითვალისწინებთ, დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს ეძებს რაღაც ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მის მშვიდობისმყოფლობის წარმატებას დაადასტურებს. უკრაინის ომის შეწყვეტა, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ეკონომიკის რთულ მდგომარეობას გარკვეულწილად შეამსუბუქებს და ამით ამერიკაც ისარგებლებს, უკრაინული ხორბლისა და რუსული ენერგომატარებლების ექსპორტი თავის „ტრადიციულ კალაპოტში“ დაბრუნდებოდა. ასევე, დავეთანხმებით მისტერ ტრამპს იმაშიც, რომ მას გულწრფელად სურს სისხლისმღვრელი ომის შეწყვეტა, რომლის შედეგად, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „ამ სულელურ ომში თვეში საშუალოდ 25 ათასი ადამიანი იღუპება“.

მაგრამ მოსკოვური შეხვედრების ანგარიშში ერთი საკმაოდ საეჭვო ასპექტი მოჩანს: როგორც ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, მხარეებმა თურმე „ეკონომიკური საკითხები და ერთობლივი ფრიად მომგებიანი პროექტებიც განიხილეს“. ესე იგი, რუსეთის მიმართაც თითქმის იგივე მეორდება, რაც უკრაინის მიმართ მოხდა - გარიგება სასარგებლო წიაღისეულის დამუშავებაზე, რაც მოხდა ვენესუელასთან მიმართებით - ნავთობის ამოღების ნეოკოლონიური გარიგება. ამ შემთხვევაში პუტინი, როგორც ჩანს, გარკვეულ დათმობაზე წავიდა აშშ-ის მიმართ, რომ თეთრმა სახლმა კიევზე ზეწოლა განახორციელოს მოსკოვის პირობებზე დათანხმების მიზნით... წინააღმდეგ შემთხვევაში კიევი მკაცრი ზამთრის წინაშე აღმოჩნდება.

რა თქმა უნდა, მოსკოვში მოლაპარაკების დროს კრემლის დათმობა არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი უარს აცხადებს თავის სტრატეგიულ მიზანზე - რუსეთის/საბჭოთა იმპერიის აღდგენაზე, აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით. წინა წლების გამოცდილება გვკარნახობს ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ომს კიდევ უფრო გაამკაცრებს უკრაინელი ხალხის ბოლომდე გამოფიტვის მიზნით. სამწუხაროდ, უკრაინა და უკრაინელი ხალხი უკვე მიეჩვია საცხოვრებელი შენობებისა და სკოლების დაბომბვებს, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის იარაღის, განსაკუთრებით კი „პეტრიოტის“ რაკეტების ნაკლებობით არის გამოწვეული. ისევე როგორც წინა წლებში, ამ ზამთარსაც რუსული დრონები და რაკეტები გააგრძელებენ რკინიგზების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და წყალმომარაგების კომუნიკაციების მიმართ საჰაერო დარტყმების მიყენებას, რაც თვით ყველაზე მამაცი და მტკიცე უკრაინელებისთვისაც კი ცხოვრებას აუტანელს და გაუსაძლისს გახდის. როგორც ჩანს, ევროკავშირისა და ნატო-ს ევროპელი წევრების დახმარება ვერ შეავსებს ამერიკული წარმოების რაკეტების დეფიციტს.

რუსებმა უკრაინელთა მორალური სულის გასატეხად და კულტურის გასანადგურებლად ომის წარმოების უჩვეულო მეთოდების გამოყენება დაიწყეს: ბომბავენ სტამბებს, რომლებშიც სასკოლო სახელმძღვანელოები იბეჭდება და წესით, სამხედროებისათვის პრიორიტეტს არ უნდა წარმოადგენდეს. ასევე იბომბება კიევში არსებული მე-11 საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ აკრძალა ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება?!

„როგორც იქნა, მეგობრებმა პუტინს სიმართლე პირში უთხრეს: „გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო“ - The Independent

ილონ მასკის წინასწარმეტყველება ხელოვნურ ინტელექტზე: "დადგება საკვირველი სიუხვის ეპოქა, როცა თითოეულ ადამიანს ყველაფრის მიღების შესაძლებლობა ექნება, რასაც კი მოისურვებს"

კრიზისი რუსეთში: როგორ იქცა ქვეყანა "ბენზინკალონკა" საწვავის მათხოვრად - The Guardian

და როცა ეს ყველაფერი მსოფლიოს წინაშე ხდება, მოსკოვი და ვაშინგტონი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებამ ორივე მხარისათვის სასარგებლოდ ჩაიარა. სინამდვილეში რუსეთისათვის სავაჭრო გარიგებებს - გეგმა „ბ“-ს - არავითარი მნიშვნელობა არ აქვთ, ვლადიმერ პუტინისათვის მთავარია გეგმა „ა“, ანუ სამხედრო გამარჯვება. იგი თვლის, რომ მას ჯერ კიდევ აქვს გამარჯვების შანსი და თუ მართლაც გაიმარჯვებს, მას ხელში ყველაფერი ჩაუვ არდება.

საინტერესოა, რომ მოსკოვის შეხვედრის შედეგების შესახებ ინფორმაცია ძალიან მცირე და შეზღუდულია. ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე არანაირი კონკრეტული წინადადება არ გაჟღერებულა.

ისეთი პირი უჩანს, რომ ომი 2027 წელსაც გაგრძელდება და შესაძლოა, იმის შემდეგაც. ომი ისეთ ხასიათს მიიღებს, როცა არცერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი დარტყმის მიყენების შესაძლებლობა (ან ექნება, მაგრამ ვერ გაბედავს). თუ აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგები თეთრი სახლის ამჟამინდელ პოლიტიკას შეცვლის, ეს უკრაინისთვის წინააღმდეგობის გაწევის დამატებითი სტიმული იქნება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო