ინიციალი "C" ანუ რატომ დანიშნეს ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის MI-6-ის გენერალურ დირექტორად?!
დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, ბლეიზ მეტრეუელის ეროვნებისა და გენეალოგიის გარკვევა/დადგენის მიზნით ჩატარებულმა მოკრძალებულმა კვლევამ, მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს გასაგებიცაა: ბრიტანეთი ყოველთვის იყო ( და იმედია კვლავ იქნება) საქართველოს ერთგული მეგობარი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის მხარდამჭერი.
თუ რა დიდი მნიშვნელობა აკისრია ბრიტანეთის (ისევე, როგორც ნებისმიერი მეგობარი ქვეყნის) დაზვერვას ამ პროცესში, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ამ, ქართული გვარის მქონე წარმატებული პიროვნების ბიოგრაფიის, პროფესიული კარიერისა და მისი სამსახურის წინაშე არსებული ძირითადი პრობლემა/გამოწვევების შესახებ საჯაროდ არსებული მწირი ინფორმაციის გაცნობა/ანალიზი.
ბრიტანელების უცნაურობასა და ტრადიციების (რაც არ უნდა კურიოზული იყოს ის) ერთგულებაზე მეცნიერული კვლევაც ბევრი არსებობს და ანეკდოტიც. პარლამენტში დაშნით შეიარაღებული და აბჯარ/მუზარადით აღჭურვილი გამოცხადების ამკრძალავი კანონი, რომელიც ჯერ კიდევ 1313 წელს ედუარდ II-ის დროს მიიღეს, ფორმალურად დღესაც მოქმედებს. ისევე, როგორც 1444 წლის 3 მაისს მიღებული კანონი, რომელიც კვირაობით ლონდონის ქუჩებში ბატების გაყიდვას კრძალავდა. 2026 წლის მდგომარეობით ეს კანონები ჯერ კიდევ ძალაშია. გარდა ამის იყო კიდევ ერთი კურიოზული ტრადიციაც.
შეიძლება არ იცოდით, რომ 1992 წლის 6 მაისამდე დიდ ბრიტანეთს საგარეო დაზვერვის სამსახური, დღეს რომ MI-6/ Secret Intelligence Service (SIS) დასახელებით ვიცნობთ . . . ოფიციალურად თურმე არ გააჩნდა და ეს სპეცსამსახური ვითომ არც არსებობდა. ამ დროს კი, 1962 წელს ჯეიმს ბონდზე გადაღებულ პირველივე ფილმში ( Dr. No ) MI-6 პირდაპირაა დასახელებული. მანამდე უცხოური დაზვერვის სამსახურებმაც ბუნებრივია იცოდნენ ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სტრუქტურის არსებობის შესახებ. ბრიტანელი მწერლის, ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანებშიც SIS ხშირადაა ნახსენები. გარდა ამისა, არა ერთი წიგნი და სტატია დაიბეჭდა, სადაც MI-6 ოპერაციები იყო განხილული. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის მთავრობა ათწლეულების მანძილზე ამტკიცებდა, რომ ამგვარი ორგანიზაცია არ არსებობდა.
მხოლოდ 1992 წლის 6 მაისს, ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯონ მეიჯორმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას პირველად ოფიციალურად აღიარა, რომ Secret Intelligence Service (SIS), ანუ MI-6, არსებობდა და დაასახელა მისი მოქმედი ხელმძღვანელიც: სერ კოლინ მაკკოლი (ის 1989-1994 წლებში ხელმძღვანელობდა ამ სპეცსამსახურს). ამის შემდეგ დაიწყო MI-6 -ის ხელმძღვანელების ვინაობის საჯაროდ გამოცხადების პრაქტიკა, თუმცა მოქმედი გენერალური დირექტორის, ჯონ სოიერსის საჯარო გამოსვლა/გამოჩენა მხოლოდ 2010 წლის 29 ოქტომბერს მოხდა.

ფოტო: ჯონ სოიერსი, პირველი -„C“, რომელიც საჯაროდ გამოჩნდა
თუმცა, მიუხედვად საჯარო ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდისა MI-6-ის ხელმძღვანელი, რომელსაც ხშირად ინიციალით -„C“ აღნიშნავენ, ამ სპეცსამსახურის ერთადერთი მოქმედი წევრია, რომლის ვინაობაც საჯაროდ არის ცნობილი. ასე, რომ “კონტროლირებადი საჯაროობის” პოლიტიკა დღესაც გრძელდება: MI-6-ის გენერალური დირექტორის ვინაობა ცნობილია, თუმცა კვლავ გასაიდუმლოებულია მისი ბიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცლები. ბლეიზ მეტრეუელის ბიოგრაფიის ნამდვილი ფაქტები დამალული ან შეცვლილია. ამიტომ სულ მისხალ-მისხალაა მოსაძებნი ინფორმაცია მისი წარსული ცხოვრების შესახებ. დავიწყოთ იმით, რაც ნამდვილად ცნობილია და ოფიციალურად SIS-ის მიერაც არის დადასტურებული.
ბლეიზ მეტრეუელი დაიბადა 1977 წლის 30 ივლისს ლონდონის ბრენტის რაიონში. მან ბავშვობა ჰონგ-კონგსა და საუდის არაბეთში გაატარა, სადაც მისი მამა კონსტანტინე მეტრეუელი (დობროვოლსკი), ექიმი რადიოლოგი, მუშაობდა. ამგვარმა გარემომ მომავალ MI6-ის ხელმძღვანელს ადრეული ასაკიდანვე მისცა შესაძლებლობა, სხვადასხვა კულტურულ და გეოპოლიტიკურ გარემოს გასცნობოდა. ის თავისუფლად ფლობს არაბულ ენას. ზოგიერთი ინფორმაციით ის რუსულ ენასაც კარგად ფლობს.
დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ ბლეიზ მეტრეუელი სწავლობდა Westminster School-ში, შემდეგ კი კემბრიჯის უნივერსიტეტის Pembroke College-ში, სადაც ანთროპოლოგიის განხრა აირჩია. მკითხველს შევახსენებ, რომ ანთროპოლოგია სწავლობს ადამიანთა საზოგადოებებს, კულტურებს, ქცევას, სოციალურ ურთიერთობებსა და ა.შ. ანთროპოლოგია განსაკუთრებით საინტერესო საფუძველია აგენტურული დაზვერვისთვის, სადაც
მთავარი კითხვა ყოველთვის არის: რატომ მოქმედებს კონკრეტული ადამიანი ასე და არა სხვაგვარად? ვინ იღებს გადაწყვეტილებას? ვინ და როგორ გავლენას ახდენს მის არჩევანზე? ვის ენდობა? რამ შეიძლება აიძულოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ინფორმაციის მიწოდება? რა სოციალური ან პირადი ფაქტორი განსაზღვრავს მის ქცევას და ა.შ.
ბლეიზ მეტრეუელმა მოგვიანებით თავად განმარტა, რომ ადამიანური ქცევისადმი ინტერესი მისი პროფესიული არჩევნის ერთ-ერთი მიზეზი იყო. 2025 წელს, თავის პირველ საჯარო გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ ადამიანის ბუნების გაგება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ბავშვობიდანვე მრავალ ქვეყანაში ცხოვრებამ, ანთროპოლოგიის შესწავლამ და მოგვიანებით ფსიქოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე მუშაობამ მისი პროფესიული ხედვა ჩამოაყალიბა.
ბლეიზ მეტრეუელის უნივერსიტეტში ყოფნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სპორტი. იგი მონაწილეობდა კემბრიჯის ქალ ნიჩბოსანთა გუნდში და 1997 წლის Women's Boat Race-ში გამარჯვებული კემბრიჯის ეკიპაჟის წევრიც იყო.

ფოტო: ბლეზ მეტრეუელი (დგას მარცხნივ პირველი). 1997 წელს კემბრიჯის ქალ ნიჩბოსანთა გუნდის გამარჯვების შემდეგ.
უნდა ითქვას, რომ ნიჩბოსნობა დღესაც ბლეიზ მეტრუელის მთავარი გატაცებაა. საინტერესოა, რომ მხოლოდ 2025 წლის ივნისში შეიტყვეს მისმა ნიჩბოსანმა კოლეგებმა, რომ მათი ცისფერთვალება მეგობარი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რიგითი ჩინოვნიკი კი არა, არამედ ერაყსა და ავღანეთში ჯოჯოხეთს გამოვლილი დაზვერვის ოფიცერი ყოფილა.
1999 წელს ბლეიზ მეტრეუელმა ბავშვობის ოცნება აისრულა და . . . .მზვერავი გახდა.
ბრიტანეთის SIS-ის ოფიციალური ბიოგრაფია ადასტურებს, რომ იგი სამსახურში 1999 წელს ჩაირიცხა. სწორედ აქედან იწყება მისი ცხოვრების ყველაზე გასაიდუმლოებული ნაწილი. სპეცსამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკრეტული ოპერაციების, აგენტების, ქვეყნების, ოპერატიული მეთოდებისა და სხვა, სადაზვერვო საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საჯარო ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.
ბლეიზ მეტრეუელი თითქმის ოცდაათი წელია რაც ინიციალების მიღმა ცხოვრობს.
თავდაპირველად იყო ინიციალი „S“ — საველე ოფიცერი. 1999–2003 წლებში ის მუშაობდა MI6-ის ოპერატიულ დანაყოფებში ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. 2003 წლის დასაწყისში ის დუბაიში ეკონომიკურ საკითხებში მეორე მდივნის თანაშემწის თანამდებობის საფარქვეშ მოქმედებდა. ახლო აღმოსავლეთი ბრიტანეთის დაზვერვის მომავალი მე-18 ხელმძღვანელისთვის პირველი დიდი პროფესიული სკოლა აღმოჩნდა. მისი კარიერის ადრეული ეტაპი ემთხვევა პერიოდს, როდესაც ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების სადაზვერვო ამოცანებში ცენტრალური ადგილი ეკავა: ალ-ქაიდას; ავღანეთს; ერაყს; ირანის ბირთვულ პროგრამას; ტერორისტულ ქსელებს; ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის კონფლიქტებს და ა.შ. MI-6-ის ოპერატიული ოფიცრისთვის ახლო აღმოსავლეთში მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესების ცოდნას, არამედ კულტურულ კომპეტენციას. ბლეიზ მეტრეუელის შემთხვევაში ამას დაემატა არაბული ენის ცოდნაც. შემდეგ ის გადადაიყვანეს ლონდონში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში.
2009 წელს ის ახლო აღმოსავლეთში MI-6-ის ერთ-ერთ რეზიდენტურას ხელმძღვანელობდა.

ფოტო: ბლეიზ მეტრეუელი ცენტრში.
მოგვიანებით ბლეიზ მეტრეუელი ევროპის ერთ-ერთი ქვეყანაში, MI-6-ის რეზიდენტურას ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
შემდეგ იყო ინიციალი „K“ („დირექტორი K“) — 2020-იანი წლების დამდეგს და შემდეგ, იგი დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვაში (MI-5) იყო მივლინებული და ერთ-ერთ დირექტორატს ხელმძღვანელობდა. იმის გათვალიწინებით, რომ იმ პერიოდში ბლეიზ მეტრეუელი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად ითვლებოდა რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში, დაზვერვიდან კონტრდაზვერვაში მისი გადანაცვლება, ჩემი აზრით, 2018 წლის აპრილში სოლსბერიში მამა-შვილი სკრიპალების მოწამლვის შემდეგ უნდა მომხდარიყო. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ეს ოპერაცია ბრიტანეთის კონტრდაზვერვის დიდი ჩავარდნა გახლდათ და ვფიქრობ, ბლეიზიც ამ სამსახურის გასაძლიერებლად მიავლინეს. 2021 წლის მდგომარეობით ის ჯერ კიდევ MI-5-ში იყო, თუმცა სავარაუდოდ მალევე MI-6-ში დააბრუნეს.
შემდეგ იყო ინიციალი „Q“ („დირექტორი Q“) —ბლეიზ მეტრეუელი MI-6-ის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელად დანიშნეს.
ასევე დაგაინტერესებთ: დაურ ბუავას საქმე: ეჭვები, რომელიც არსებობს - როგორ ნიღბავდნენ რუსეთის სპეცსამსახურები პოლიტიკურ მკვლელობებს ნარკოტიკების ზედოზირებად და გულის შეტევად
ვინ არის სინამდვილეში ბლეიზ მეტრეველი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს დაზვერვას ხელმძღვანელობს?!
რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე ძლიერი დაზვერვა მსოფლიოში?!
2025 წლის 1 ოქტომბრიდან კი ბლეიზ მეტრეუელი MI-6-ის მე-18 გენერალური დირექტორია და მისი ინიციალი უკვე - „C“ („ხელმძღვანელი“) გახდა. ამჟამად ის MI-6-ის ერთადერთი ოფიციალურად დასახელებული და საჯაროდ ცნობილი თანამშრომელია.

ფოტო: ბლეიზ მეტრეუელი მარჯვნიდან პირველი
ბრიტანეთში არ მალავენ, რომ ბლეიზ მეტრეუელი თანამედროვე ბრიტანული დაზვერვის გარდაქმნის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და იმედია. ცნობილია, რომ MI-6-ის ხელმძღვანელის პოსტზე ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი ოთხ კანდიდატურას (მათ შორის ორი ქალი იყო) განიხილავდა და ბოლოს ბლეიზ მეტრეუელის კანდიდატურაზე შეჩერდა. რატომ აირჩიეს სწორედ ქალბატონი მეტრეუელი? ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ობიექტურმა ფაქტორმა განაპირობა:
- ოპერატიული გამოცდილება: იგი დაზვერვის კარიერული ოფიცერია, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის ყველა „ცხელ წერტილში“ უმუშავია და რომელმაც ოპერატიული მუშაობის ყველა საფეხური გაიარა;
- კონტრდაზვერვაში (MI-5) მუშაობის გამოცდილება: მან იცის როგორც საგარეო, ასევე შიდა უსაფრთხოების გარემო და კარგად აცნობიერებს მთავარ საფრთხეებს;
- ტექნოლოგიური კომპეტენცია: „Q“-ს როლი პირდაპირ იყო დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან.
- საერთაშორისო გამოცდილება: მისი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებული იყო ახლო აღმოსავლეთსა და ევროპასთან, რამაც ხელი შეუწყო მისი უცხოური კონტაქტების გაფართოებას;
- ლიდერის თვისებები და გამოცდილება: იგი უკვე მუშაობდა მაღალი დონის პოსტებზე, როგორც MI-6-ში, ასევე MI-5-ში.
- კულტურული და ენობრივი კომპეტენცია: ახლო აღმოსავლეთში ცხოვრების გამოცდილება და არაბული ენის კარგი ცოდნა, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- თანამედროვე გლობალური საფრთხეების გაგება: ის ფლობს ძლიერ უნარებს არა მხოლოდ კლასიკური (ანუ ოპერატიულ-აგენტურული) დაზვერვის მეთოდებში, არამედ ხელოვნურ ინტელექტში, კიბერუსაფრთხოებასა და ციფრული ეპოქის რისკებშიც.
ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებით ბლეიზ მეტრეული ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ახალ თაობას წარმოადგენს და გლობალური გეოპოლიტიკური დაპირისპირების პერიოდში სწორედ მან უნდა უხელმძღვანელოს თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეების განეიტრალების პროცესს დიდ ბრიტანეთში.
2025 წლის 15 დეკემბერს ბლეიზ მეტრეულის პირველი საჯარი გამოსვლა შედგა, სადაც მან ერთგვარი „საპროგრამო სიტყვა“ წარმოსთქვა. ვფიქრობ ამის შემდეგ „კრემლში“ საფიქრალი ნამდვილად მოემატათ.
(მესამე ნაწილის დასასრული)