რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე ძლიერი დაზვერვა მსოფლიოში?! - კვირის პალიტრა

რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე ძლიერი დაზვერვა მსოფლიოში?!

ალბათ ბევრს გახსოვთ ბრიტანული ჯგუფის, Queen ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი: „We Are the Champions“. პირველობა და „ჩემპიონობა“ ყველას უნდა და - არა მარტო სპორტში. უკვე ათწლეულებია, რაც გაცხოველებული განსჯა/კამათი მიმდინარეობს თემაზე, თუ რომელი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურია ყველაზე ეფექტიანი და „მსოფლიო ჩემპიონი“: აშშ-ის - CIA; დიდი ბრიტანეთის - MI-6; საფრანგეთის - DGSE; ისრაელის - Mossad; რუსეთის - საგარეო დაზვერვის სამსახური; გერმანიის - BND; თურქეთის - MIT და ა.შ. კონკურენცია მართლაც დიდია. „ჩემპიონის“ გამოვლენას ართულებს ის გარემოებაც, რომ სადაზვერვო სამსახურის რეალური შესაძლებლობის გაზომვა ძალზე პრობლემატურია. საქვეყნოდ არავინ აღიარებს წარმატებას, მით უფრო - მარცხს, მაშინ როგორ გამოვავლინოთ „ჩემპიონი“?

2026 წლის 30 ივლისს ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა L’Express გამოაქვეყნა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიზანი იყო, გაერკვიათ, თუ რომელი ევროპული სადაზვერვო სამსახური ითვლება პროფესიონალების თვალში ყველაზე ეფექტიან და სანდო სამსახურად. მინდა, ყურადღება იმ გარემოებას მიაქციოთ, რომ ეს არ იყო ჟურნალისტების ან აკადემიური სფეროს ექსპერტ/ანალიტიკოსების გამოკითხვა. L’Express-ის კვლევაში მონაწილეობდა სადაზვერვო საქმიანობის 60 პროფესიონალი, 25 ქვეყნიდან, მათ შორის - 17 მოქმედი ან ყოფილი სპეცსამსახურის ხელმძღვანელი. მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, როგორიცაა CIA, MI-6, DGSE და Mossad. სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა შეაფასეს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები, საკუთარი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმები იყო:

1. აგენტურული დაზვერვის ეფექტიანობა (აგენტების მოპოვება, განსაკუთრებით მაღალი რანგის წყაროების გადაბირება) და სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში შეღწევის უნარი (ანუ რამდენად შეუძლია სამსახურს სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ელიტების შიგნით წყაროების მოპოვება);

2. ოპერატიული ეფექტიანობა (რეალური ოპერატიულ-ტექნიკური სადაზვერვო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება);

3. გრძელვადიანი მუშაობა (ოპერაციებისა და წყაროების 10-15 წლის განმავლობაში განვითარება და შენარჩუნება);

4. სადაზვერვო ინფორმაციის ხარისხი (რამდენად ღირებული და ზუსტია მოპოვებული ინფორმაცია);

5. სანდოობა და ავტორიტეტი (ანუ რამდენად ენდობიან სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები ამ სამსახურს და მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას);

6. სპეციალიზაცია კონკრეტულ ქვეყნებსა და რეგიონებში;

7. საერთაშორისო თანამშრომლობა (სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი მუშაობის ხარისხი);

8. ტექნიკური დაზვერვა (SIGINT, კიბერდაზვერვა და სხვა ტექნიკური შესაძლებლობები);

9. საერთო პროფესიული რეპუტაცია (ანუ როგორ აფასებენ სამსახურს სხვა ქვეყნების დაზვერვის პროფესიონალები).

გამოცემამ გამოკითხვის თითოეულ მონაწილეს სთხოვა, დაესახელებინა ევროპის ხუთი საუკეთესო უცხოური სადაზვერვო სამსახური. ქულების სისტემა ამგვარი იყო: I ადგილი - 5 ქულა; II ადგილი - 4 ქულა; III ადგილი - 3 ქულა; IV ადგილი - 2 ქულა და V ადგილი - 1 ქულა. საბოლოოდ ამგვარი შედეგი მივიღეთ:

screenshot-2026-08-28-132551-1787909163.png

შემდეგ მოდიან: რუმინეთი, ესპანეთი, ფინეთი, შვეიცარია, იტალია, ბელგია, ჩეხეთი, ლიეტუვა, პორტუგალია, ავსტრია და ლატვია. საბერძნეთმა რეიტინგში ქულები ვერ დააგროვა, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ათენი კვლავ ღირებულ და მოთხოვნად პარტნიორად რჩება, როდესაც საქმე თურქეთს ეხება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: L’Express-ის ჩატარებული კვლევა მხოლოდ ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურებს ეხებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი MI6-სა და მეორე ადგილზე გასულ DGSE-ს შორის ქულათა ძალზე დიდი სხვაობაა.

picture3-1787909259.png

ფოტო: მი-6-ის შტაბ-ბინა ლონდონში (ე.წ. ბაბილონის კოშკი).

MI-6-ის პირველ ადგილს, L’Express-ის აზრით, ხელს უწყობს: სხვა ქვეყნის მაღალი რანგის აგენტების გადაბირების უნარი; სამიზნე ქვეყნების მმართველ ელიტაში შეღწევა; წყაროებთან ხანგრძლივ პერსპექტივაზე მუშაობა; რუსეთის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება; ჩინეთის, ირანისა და თურქეთის ელიტებში მუშაობის შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ღია წყაროებით ზუსტად გავზომოთ: MI6-ს რამდენი მოქმედი აგენტი ჰყავს; რამდენი წყარო ჰყავს რუსეთში ან ჩინეთში; რამდენი ოპერაცია ჩაატარა წარმატებით; რამდენი ოპერაცია ჩავარდა; რამდენი და რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა; რამდენი კიბეროპერაცია განახორციელა და ა.შ. ამიტომ L’Express-ის კვლევა და მიღებული რეიტინგი უნდა განვიხილოთ, როგორც ევროპული სპეცსამსახურების პროფესიული რეპუტაციის რეიტინგი, რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია.

MI-6-ის მთავარი უპირატესობა წარმატებულ აგენტურულ დაზვერვაში (ადამიანური წყაროების მოპოვება, გადაბირება, განვითარება და ხანგრძლივი ოპერატიული გამოყენება) უნდა ვეძიოთ. ამჟამად MI-6-ს განსაკუთრებულად მაღალ შეფასებას აძლევენ, „ჩაკეტილი რეჟიმის“ ქვეყნების (რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და თურქეთის) მმართველ ელიტებში მაღალი დონის წყაროების მოპოვების უნარის გამო.

საფრანგეთის დაზვერვისთვის მეორე ადგილი ძალიან მაღალ შეფასებად უნდა ჩაითვალოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთს არ გააჩნია დიდი ბრიტანეთის მსგავსი წვდომა და „ხუთი თვალის“ (Five Eyes) უპირატესობა.

picture2-1787909259.jpg

ფოტო: საფრანგეთის საგარეო დაზვერვის შტაბ-ბინა პარიზში

თუმცა საფრანგეთს აქვს თავისი უპირატესობა: აფრიკის კონტინენტზე პოლიტიკური და სამხედრო-სადაზვერვო ოპერაციების გამოცდილება და ფრანგულენოვანი ქვეყნების დიდი სივრცე. შედეგად საფრანგეთის დაზვერვას გააჩნია: ფართო აგენტურული ქსელები; სამხედრო- პოლიტიკური კონტაქტები; ადგილობრივი ელიტების შესახებ ინფორმაცია; ენობრივი უპირატესობა და ა.შ.

ჩატარებული კვლევის ყველაზე დიდი სიურპრიზი ნიდერლანდების დაზვერვის „საპრიზო“ ადგილი აღმოჩნდა. თუმცა სწორედ აქ ჩანს თანამედროვე სადაზვერვო ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი: პატარა ქვეყანასაც შეიძლება ჰქონდეს ძალიან ძლიერი სპეცსამსახური, თუ ის სწორ სპეციალიზაციას და მიმართულებას აირჩევს. რა თქმა უნდა, მხოლოდ პროფესიონალიზმის მაღალი დონისა და ნულოვანი ნეპოტიზმის პირობებში!

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნიდერლანდების დაზვერვის ძლიერი მხარეებია: SIGINT; კიბერდაზვერვა; ტექნიკური დაზვერვა; რუსული კიბერჯგუფების წინააღმდეგ მუშაობა; საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვ. ცნობილია, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჰოლანდიელებმა ბევრ მნიშვნელოვან საიდუმლო ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა. 2007 წელს ირანში მოქმედმა AIVD-ის აგენტმა დააინსტალირა Mossad-ისა და CIA-ს მიერ შემუშავებული Stuxnet ვირუსი, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა ირანის ბირთვულ პროგრამას. 2015 წელს AIVD-ის კიბერდაზვერვის ჯგუფმა რუსულ ჰაკერულ ჯგუფ Cozy Bear-ში შეაღწია და პრევენციული ოპერაციები ჩაატარა. 2016 - 2017 წლებში ჰოლანდიურმა სამსახურებმა CIA-სთან თანამშრომლობით უკრაინელი მზვერავების ჯგუფს უმასპინძლეს და წვრთნის პროგრამები ჩაუტარეს. 2020-იანი წლების დასაწყისიდან AIVD-ში განთავსებულია ევროპული კონტრტერორისტული დაზვერვის ცენტრი, რომელშიც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო, გაერთიანებულ სამეფოსთან, ნორვეგიასთან და შვეიცარიასთან ერთად, სპეციალისტებს აგზავნის.

L’Express-ის მიერ ჩატარებული კვლევის მთავარი მოულოდნელობა რეიტინგში უკრაინის სადაზვერვო სტრუქტურების (ერთობლივად საგარეო და სამხედრო დაზვერვების ) მეოთხე ადგილი აღმოჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ისინი რუსეთთან ომის პირობებში მუშაობენ და ეს სრულიად განსხვავებული გარემოა, სადაც შეცდომის დაშვება სიკვდილის ტოლფასია! სპეცსამსახურების პროფესიონალები მაღალ შეფასებას აძლევენ უკრაინის სადაზვერვო სტრუქტურების მუშაობის მთელ ურთულეს კომპლექსს: დაზვერვას + სამხედრო ოპერაციებს + კიბეროპერაციებს + დივერსიულ/საბოტაჟურ მოქმედებებს + ინფორმაციულ ომს + რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებას.

ჩატარებული კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიურპრიზია გერმანიის დაზვერვის მხოლოდ მეხუთე ადგილი. ეს მაშინ როდესაც ამ ქვეყანას გააჩნია: უზარმაზარი ეკონომიკური რესურსები; ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა; NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრობა; გლობალური დიპლომატიური ქსელი; დიდი სამხედრო-ინდუსტრიული პოტენციალი და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ: რისთვის ემზადება იაპონია და დაიბრუნებს თუ არა ამომავალი მზის ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულ კურილის კუნძულებს?!

ცრუ გმირი რიჰარდ ზორგე: 52 საყვარელი, ლოთობა გონების დაკარგვამდე და აღიარებითი ჩვენება ტყვეობაში

"მძევლების დიპლომატია": პუტინის ნადირობა ამერიკელებზე და ბარაკ ობამას საბედისწერო შეცდომა

ამერიკელი საზღვაო ქვეითის შურისძიება რუსებზე - რუსული ციხიდან უკრაინის ფრონტზე

დაზვერვის პროფესიონალთა შეფასებით BND-ის ყველაზე დიდი პრობლემა ზედმეტი ბიუროკრატია და სამართლებრივი შეზღუდვებია. დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაზვერვა კანონმდებლობით ზედმეტად მკაცრად არის შეზღუდული. ეს დემოკრატიული თვალსაზრისით უპირატესობაა, მაგრამ ოპერატიული თვალსაზრისით - ნაკლოვანება. BND-ის აქვს ძალიან ძლიერი ანალიტიკური პოტენციალი, მაგრამ შედარებით სუსტი ოპერატიულ-აგენტურული შესაძლებლობები.

picture1-1787909259.png

ფოტო: BND-ის შტაბ-ბინა ბერლინში

გერმანიის მაგალითი გვაჩვენებს, რომ უზარმაზარი ეკონომიკური და ტექნოლოგიური რესურსები ავტომატურად არ ქმნის საუკეთესო დაზვერვას. ამავე დროს, ნიდერლანდების მაგალითი აჩვენებს, რომ მცირე ქვეყანას შეუძლია შეზღუდული რესურსების ძალიან ეფექტიანი გამოყენება, რაც ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სამოქმედო პროგრამა უნდა გახდეს.

ასე რომ, „ევროპის ჩემპიონატი სადაზვერვო სამსახურებს შორის“ დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ 2025 წლის 1 ოქტომბრიდან MI-6-ის გენერალური დირექტორი, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, ქალია: ბლეიზ ფლორენს მეტრეველი. რა მემკვიდრეობა დახვდა მას?

(პირველი ნაწილის დასასრული)