რისთვის ემზადება იაპონია და დაიბრუნებს თუ არა ამომავალი მზის ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულ კურილის კუნძულებს?!
მსოფლიო ისტორიას ახსოვს ბევრი დიქტატორი, რომლებსაც ბოროტი ჩანაფიქრების განხორციელება მოუნდომებიათ, თუმცა სრულიად საპირისპირო შედეგი მიუღიათ. იგივე დაემართა ვლადიმერ პუტინს: ის 2000 წლიდან ეწინააღმდეგება და ებრძვის ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებას, მან იმდენი მოახერხა, რომ ჯერ საქართველო გამოთიშა ამ პროცესებიდან, შემდეგ კი ამავე საბაბით უკრაინას დაესხა თავს. პუტინი მუდმივად გაიძახის, ნატოს რუსეთის საზღვრებთან ახლოს „მიჩოჩებას“ არაფრით დავუშვებთო, თუმცა მან თავისი აგრესიული მოქმედებებით იმდენი ქნა, რომ ევროპის ორი, მანამდე ყოველთვის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მქონე ქვეყანა აიძულა, ეროვნული უსაფრთხოების გარანტიები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ეპოვა.
შვედეთსა და ფინეთს ნატოს კარი, ფაქტობრივად, თავად პუტინმა შეუღო. ორივე ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკას ინარჩუნებდა, თუმცა გარდამტეხი მოვლენა გახდა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი და დაუნდობელი ომის დაწყება. სწორედ ამის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრების განაცხადები ერთობლივად, 2022 წლის 18 მაისს შეიტანეს. საბოლოოდ, ფინეთი ნატოს წევრი 2023 წლის 4 აპრილს, ხოლო შვედეთი - 2024 წლის 7 მარტს გახდა. ასე რომ, ნატოს ახალ წევრს - ფინეთს, რუსეთთან 1,340 კმ-ის სიგრძის სახმელეთო საზღვარი აქვს და საინტერესოა, რას ფიქრობს ახლა პუტინი? „მიუჩოჩდა“ თუ არა ნატო უფრო ახლოს, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო? ეს ჯერ ყველაფერი არაა.
ფინეთისა და შვედეთის გაწევრების შემდეგ ბალტიის ზღვის თითქმის მთელი სანაპირო ნატოს წევრი ქვეყნების მიერ არის გარშემორტყმული და რუსეთის სანაპიროები, ფაქტობრივად, ნატოს წევრი სახელმწიფოების ალყაშია მოქცეული. ბალტიის ზღვა უფრო მეტად მოექცა ნატოს კონტროლის ქვეშ. აქ არ შეიძლება ქართული ხალხური ანდაზა არ გაგვახსენდეს: „თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარაო“.
ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ცდილობს, საკუთარი იმპერიული ინტერესები და მიზნები მეზობლებზე “ზრუნვითა და ფიქრით” შენიღბოს, ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფუნქცია არ უნდა დავუკარგოთ: საბჭოთა/რუსეთის იმპერია, მეზობლებისადმი აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამო, ყოველთვის იყო ერთგვარი გამომაფხიზლებელი და შემაკავშირებელი. “ჩრდილოელი დათვის” მოუხეშავი ქმედებები აფხიზლებდა მის მეზობლებს და შეკავშირებისაკენ უბიძგებდა. პუტინის აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ რუსეთის აღმოსავლელი მეზობლებიც ძალზე შეაშფოთა. ეს პირველ რიგში იაპონიას ეხება.
ათწლეულებია, რუსეთის ხელისუფლება იაპონიის დიპლომატიურ პროვოცირებას ეწევა და ეს პირველ რიგში სამხრეთ კურილის კუნძულებს ეხება. 2010 წლის ნოემბერს რუსეთის ფედერაციის „პრეზიდენტი“ დიმიტრი მედვედევი სამხრეთ კურილის სადავო კუნძულ კუნაშირზე ჩავიდა. მაშინ იაპონიამ კონსულტაციებისთვის მოსკოვიდან ელჩი გაიწვია. 2012 წლის ივლისში მედვედევი კვლავ ესტუმრა კუნაშირს. 2015 წლის აგვისტოში მედვედევი, ახლა უკვე რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის რანგში, იტურუპის კუნძულზე ჩავიდა. პუტინის „ხელის ბიჭი“ დიმა მედვედევი ოთხი წლის შემდეგაც ესტუმრა იტურუპს. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირმა კურილის კუნძულების არქიპელაგზე კონტროლი მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში დაამყარა და იქ მაცხოვრებელი დაახლოებით 17 000 იაპონელი გააძევა. მას შემდეგ სამხრეთ კურილის კუნძულებზე საბჭოთა კავშირი/რუსეთის სამხედრო ბაზები არსებობს.

მედვედევი კუნძულ იტურუპზე, 2019 წლის 2 აგვისტო.
სამხრეთ კურილის კუნძულების პრობლემა იაპონიის ყველა ხელისუფლებისთვის „დამოკლეს მახვილივითაა“ და ისინი ცდილობენ, დიპლომატიური გზებით გადაჭრან ეს ტერიტორიული დავა რუსეთთან, რის გამოც ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ. თუნდაც იმავე რიჰარდ ზორგეს ჯაშუშური საქმიანობა ავიღოთ. დღემდე იაპონიის ხელისუფლება ღიად არ აპროტესტებს „კრემლის“ დეზინფორმაციას, რომ ზორგე, თურმე, იაპონიის წინააღმდეგ არ ჯაშუშობდა და მხოლოდ გერმანიას ერჩოდა. ტოკიო თვალს ხუჭავდა მოსკოვის ტყუილებზე. რიჰარდ ზორგეს საფლავის მონახულება და ყვავილებით შემკობა, იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით ჩასული რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების აუცილებელი რიტუალი იყო.

რუსეთის ფედრაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იაპონიაში, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის რეზიდენტის, რიჰარდ ზორგეს საფლავზე. ტოკიო, 2019 წლის 30 მაისი.
2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, იაპონიის ხელისუფლებამ გაამკაცრა რიტორიკა და 2003 წლის შემდეგ პირველად, სამხრეთ კურილის კუნძულები რუსეთის მიერ „უკანონოდ ოკუპირებულად“ მოიხსენია. მანამდე იაპონია დიპლომატიურად თავს არიდებდა სიტყვა „ოკუპაციის“ გამოყენებას. პუტინის იმპერიული გეგმები ტოკიოს უბიძგებს, უფრო გაამყაროს ურთიერთობა აშშ-ისთან და ევროკავშირთან, თუმცა ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის თანადგომის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. ბოლო დღეებია, რაც დონალდ ტრამპი შორიდან კვლავ „სიყვარულს უხსნის“ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ კიმ ჩენ ინს და მის მიმართ თბილ სიტყვებს არ იშურებს: „მე მას ძალიან კარგად ვუგებ. ის ფაქტი, რომ მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, კარგია და არა - ცუდი... მე კიმ ჩენ ინს ძალიან კარგად ვიცნობ ის ყოველთვის დიდი პატივისცემით მექცეოდა“ და ა.შ. კიმ ჩენ ინის გულის მოსაგებად ტრამპმა აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო სწავლების შემცირებაც ბრძანა. ტრამპი, ფაქტობრივად, აღიარებს კიმს, როგორც ბირთვული იარაღის დე-ფაქტო მქონე სახელმწიფოს ლიდერს, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული იარაღის ქონა არ უნდა დაეშვათო.
ჩრდილოეთ კორეა (ჩინეთთან და რუსეთთან ერთად) იაპონიის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა და ამ ვითარებაში არაპროგნოზირებადი დონალდ ტრამპის იმედად ყოფნა ტოკიოს არაფერს არგებს. ამიტომ იაპონია უკვე ცდილობს, აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული სახელმწიფოდან უფრო თვითკმარ, ცენტრალიზებულ და სხვა მოკავშირეებთან ინტეგრირებულ სადაზვერვო სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან პარტნიორობის გაღრმავება იაპონიის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამჟამად, სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, იაპონიის ნატოში გაწევრების საკითხი პირდაპირ არ დგას, თუმცა იაპონია ქმნის ისეთ ახალ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც ნატოსთან ღრმა სადაზვერვო-ინფორმაციული თანამშრომლობისთვის არის საჭირო.
პირველ რიგში, ეს საგარეო დაზვერვის სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. არ გაგიკვირდეთ და 2026 წლის 31 ივლისამდე იაპონიას არ ჰქონდა ერთიანი ცენტრალიზებული საგარეო დაზვერვის სამსახური, როგორიცაა, მაგალითად: აშშ-ში CIA; დიდ ბრიტანეთში - MI6; საფრანგეთში - DGSE; ისრაელში - Mossad; გერმანიაში - BND და ა.შ. სადაზვერვო ფუნქციები სხვადასხვა უწყებაში იყო განაწილებული და იაპონიის ხელისუფლება ეყრდნობოდა: საგარეო საქმეთა სამინისტროს; დიპლომატიურ წარმომადგენლობებს; სამხედრო დაზვერვას; პოლიციას; კონტრდაზვერვას და მოკავშირეებისგან მიღებულ სადაზვერვო ინფორმაციას. ხოლო იაპონიის პრემიერ-მინისტრის აპარატი ცენტრალურ საკოორდინაციო როლს ასრულებდა. მისი ფუნქცია იყო სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციის მიღება, გაერთიანება, ანალიზი და პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისთვის შეფასებების მომზადება. უკანასკნელ წლებში იაპონია შემდეგი გამოწვევების წინაშე დადგა: ჩინეთის სამხედრო-ეკონომიკური გაძლიერება; რუსეთის სამხედრო აქტიურობა; ჩრდილოეთ კორეის ბირთვული/სარაკეტო პროგრამა; კიბერშეტევები; ეკონომიკური უსაფრთხოება და საერთაშორისო ტერორიზმი.
ამიტომ იაპონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2026 წლის 31 ივლისს შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და ეროვნული სადაზვერვო ბიურო. ამ პროცესის მომდევნო ეტაპი იქნება დამოუკიდებელი საგარეო დაზვერვის სააგენტოს შექმნა, 2027 ფისკალური წლის ბოლომდე. 2026 წლის იაპონიის სადაზვერვო სტრუქტურების რეფორმა მხოლოდ ადმინისტრაციული ცვლილება არ არის - ეს არის იაპონიის გადასვლა „დეცენტრალიზებული ინფორმაციის შეგროვების“ მოდელიდან – თანამედროვე ეროვნული სადაზვერვო სისტემისკენ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი იქნება, ხოლო საბჭოს წევრები იქნებიან: პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი; ეროვნული სადაზვერვო ბიუროს უფროსი; ფინანსთა მინისტრი; ეროვნული საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისიის (კონტრდაზვერვა) თავმჯდომარე; იუსტიციის მინისტრი; საგარეო საქმეთა მინისტრი; ეკონომიკის მინისტრი; თავდაცვის მინისტრი და სხვები. „საბჭოს“ კომპეტენციაში შედის ეროვნული უსაფრთხოების, ტერორიზმის, უცხოური სადაზვერვო საქმიანობისა და უცხოური გავლენის ოპერაციების საკითხები.

იაპონიის სადაზვერვო სისტემის რეორგანიზაცია პირადად პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ინიციატივაა.
ეროვნული სადაზვერვო ბიუროს ძირითადი ფუნქციები იქნება:
1. სხვადასხვა უწყებიდან სადაზვერვო ინფორმაციის მიღება;
2. ინფორმაციის ინტეგრირება;
3. სტრატეგიული ანალიზი;
4. საფრთხეების შეფასება;
5. პრემიერ-მინისტრისთვის ინფორმაციის მიწოდება;
6. უწყებათაშორისი სადაზვერვო საქმიანობის კოორდინაცია;
7. უცხოური სადაზვერვო საქმიანობის წინააღმდეგ ზომების კოორდინაცია.
ახალი ბიუროს საშტატო რიცხოვნობა, დაახლოებით, 700-730 სამოქალაქო თანამშრომელი იქნება. 31 ივლისს ეროვნული დაზვერვის ბიუროს ხელმძღვანელად კაძუია ჰარა დაინიშნა, რომელსაც სპეცსამსახურებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია. ახლა მთავარი კითხვა: ვის წინააღმდეგ არის მიმართული იაპონიის დაზვერვა? ეს სამი ქვეყანა იაპონიისთვის განსხვავებულ გამოწვევას წარმოადგენს.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ეროვნული დაზვერვის ბიუროს ხელმძღვანელი კაძუია ჰარა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის მდივანი მინორუ კიჰარა.
ჩინეთი - გრძელვადიანი სტრატეგიული და ტექნოლოგიური კონკურენტია, რომლის სამხედრო, საზღვაო, კიბერ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს იაპონია მუდმივად აკვირდება.
ასევე დაგაინტერესებთ: ცრუ გმირი რიჰარდ ზორგე: 52 საყვარელი, ლოთობა გონების დაკარგვამდე და აღიარებითი ჩვენება ტყვეობაში
"მძევლების დიპლომატია": პუტინის ნადირობა ამერიკელებზე და ბარაკ ობამას საბედისწერო შეცდომა
ამერიკელი საზღვაო ქვეითის შურისძიება რუსებზე - რუსული ციხიდან უკრაინის ფრონტზე
დგას თუ არა საქართველოს სამჯერ ჩაბნელების უკან რუსული სპეცსამსახური?!
რუსეთი - წარმოადგენს როგორც სამხედრო-სადაზვერვო, ისე - ტერიტორიულ და ტექნოლოგიურ საფრთხეს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ იაპონიისა და კურილის მიმართულებით. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა დასავლური ტექნოლოგიების მოპოვება. ამჟამად რუსეთის დაზვერვის მიზანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სამხედრო–პოლიტიკური და ეკონომიკური საიდუმლო დოკუმენტი, არამედ: ტექნოლოგიური კომპონენტი; პროგრამული უზრუნველყოფა; სენსორი; ნახევარგამტარი; ტექნოლოგია და სანქციებით შეზღუდული პროდუქცია.
ჩრდილოეთ კორეა - იაპონიისთვის განსხვავებული ტიპის საფრთხეა, სადაც მთავარია: ბირთვული და სარაკეტო პროგრამა, აგენტურული საქმიანობა, კიბეროპერაციები და იაპონიის მოქალაქეების გატაცების პრობლემა. ამჟამად იაპონიის სადაზვერვო სტრუქტურებისთვის გამოკვეთილია მოქმედების ოთხი მთავარი მიმართულება:
№1 - ჩინეთი. ეს არის იაპონიის სადაზვერვო სისტემის ყველაზე დიდი გრძელვადიანი მიმართულება. იაპონიის სადაზვერვო ინტერესი მოიცავს: ჩინეთის საზღვაო ძალებს; ტაივანის სრუტეს; კუნძულ სენკაკუს; ჩინეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას; კიბერშეტევებს; ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ტექნოლოგიურ კონკურენციას.
№2 - ჩრდილოეთ კორეა. იაპონიის სადაზვერვო ინტერესი მოიცავს: ბალისტიკურ რაკეტებს; ბირთვულ პროგრამას; იაპონელთა გატაცებებს და კიბერშეტევებს.
№3 - რუსეთი. იაპონიის სადაზვერვო ინტერესი მოიცავს: რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს; წყნარი ოკეანის ფლოტს; კურილის კუნძულებს; რუსეთის სამხედრო თანამშრომლობას ჩინეთთან; კიბერშეტევების; იაპონიაში რუსეთის ჯაშუშური ქსელების გამოაშკარავებას.
№4 - საერთაშორისო ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დანაშაული. იაპონიის სადაზვერვო ინტერესი მოიცავს: ტერორისტულ ორგანიზაციებს; იარაღის კონტრაბანდას; ადამიანებით ვაჭრობას; ნარკოტიკების ფარულ ბრუნვას; საერთაშორისო ფინანსურ დანაშაულს.
როგორც ვხედავთ, იაპონიის ხელისუფლება კარგად აცნობიერებს არსებულ საფრთხეებს და მათი პრევენციის ღონისძიებებს. არანაკლები საფრთხეები ემუქრება საქართველოსაც, თუმცა დღეს ეროვნულის უსაფრთხოების საბჭო ფაქტობრივად, არ გვყავს, ხოლო საგარეო დაზვერვის სტრუქტურის სტატუსი და მნიშვნელობა ძალზე დაკნინებულია, გაუთავებელი საკადრო ცვლილებები კი კიდევ უფრო ბრძოლისუუნაროს ხდის ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას. იქნებ, მივბაძოთ იაპონელებს და გავაძლიეროთ ჩვენი სპეცსამსახურები?