სერგო ორჯონიკიძის "რეინკარნაცია" ანუ რატომ ქმნის სინამდვილეში ბატალიონ "გეორგიევსკს" ოთარ ფარცხალაძე?! - კვირის პალიტრა

სერგო ორჯონიკიძის "რეინკარნაცია" ანუ რატომ ქმნის სინამდვილეში ბატალიონ "გეორგიევსკს" ოთარ ფარცხალაძე?!

ახალი რუსული „პიარ-არმია“ სახელად „გეორგიევსკი“... საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისგან...

დამოუკიდებელი საქართველოს 35 წლიან ისტორიაში ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი გაქცეულა და თავი შეუფარებია რუსეთისთვის, მიუღია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც და სამშობლოს წინააღმდეგ ფარულად ეხმარებოდა კიდეც რუსეთის სპეცსამსახურებს, მაგრამ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მაინც პირველია, რომელიც ღიად გამოდის საბრძოლო ქვედანაყოფის ჩამოყალიბების ინიციატივით, რომელმაც პერპექტივაში„…ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებაში...“ დიდი როლი უნდა ითამაშოს...

თუ ვის გულისხმობს ამაში ორგვარიანი, უკვე რუსეთის მოქალაქე, ადვილი მისახვედრია მის მიერვე დაანონსებული „გეორგიევსკის“ ინტერნაციონალური ქვედანაყოფით-ათეულით, ოცეულითა თუ ასეულით ან სულაც ბატალიონით, ის 21-ე საუკუნის ორჯონიკიძესავით, ამჯერად რუსეთის სამფეროვანი დროშით, შემოუძღვება პუტინის არმიას თბილისში?

ყოველ შემთხვევაში, გუშინ საქართველოს ყოფილმა გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ მედიასთან შემდეგი სახის განცხადება გააკეთა- „სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე, ჩემი თანამემამულეებიდან ყოველი მეოთხე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც, მაშინ, მტრის განადგურების სიმბოლოს რუსი და ქართველი კვლავ აღმართავს. ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანების, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის მომხრეები არიან, „გეორგიევსკი“ - ინტერნაციონალური ქვედანაყოფი შექმნეს.

ქვედანაყოფის მთავარი ამოცანაა დაასრულოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება.

დღეს, როდესაც რუსეთი იბრძვის დასავლური ზეწოლის წინააღმდეგ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ სამშობლოს დავეხმარო, ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში.“

რუსეთის მოქალაქე ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, რომელიც საქართველოს სამარცხვინოდ მისი გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა, თუნდაც არასრული ორი თვით, სურს რომ პუტინის რეჟიმის წინ თავი გამოიჩინოს და რამდენიმე წელია აქტიურად აპიარებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“(როგორც კრემლი უკრაინასთან საოკუპაციო ფართომასშტაბიან ომს „მოკრძალებით“ მოიხსენიებს) მხარდაჭერას, რისთვისაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს ხშირად სტუმრობს.

მაგრამ, როგორც ჩანს ესეც არ იკმარა და ახლა სურს უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებშიც მიიღოს მონაწილება(შეიძლება მხოლოდ პიარის დონეზე), რათა მეტი ერთგულება დაუმტკიცოს იმ კრემლს, რომელიც ეტყობა მისი პატრონი და მიმთითებელი გახლდათ, როდესაც ჯერ კიდევ მხოლოდ ოთარ(არა რომანოვ) ფარცხალაძედ წოდებული, 2008 წლამდე მუშაობდა საქართველოს შსს-ში, ხოლო 2013 წლიდან მაღალ თანამდებობსაც კი იკავებდა...

საქართველოს მოქალაქეობა დაკარგულ ამ პიროვნების ინტერესი გასაგებია, როდესაც ინტერნაციონალური ქვედანაყოფის „გეორგიევსკის“ შექმნას აანონსებს, ისევე როგორც გასაგებია თავად რუსული სახელმწიფო პროპაგანდის დაინტერესება, რომ ამით აჩვენოს,თითქოს ქართველები არათუ იზიარებენ რუსეთის „სიმართლეს“ უკრაინის მიმართ, არამედ მზად არიან იარაღით ხელში „რუს ძმებთან“ ერთად „გამარჯვების“ დროშა აღმართონ კიევში, როგორც ეს რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ ბერლინში შეძლესო...

თუმცა, რომანოვ-ფარცხალაძეს ის ავიწყდება,რომ სანამ რაიხსტაგზე ეგოროვი და ქანთარია გამარჯვების დროშას ააფრიალებდნენ, იმ საშინელ ომში 2,5 მილიონზე მეტი ეთნიკური უკრაინელი და უკრაინის ტერიტორიიდან მობილიზებული ჯარისკაცი დაიღუპა და მილიონობით მებრძოლი უკრაინელის გარეშე სტალინი იმ ომს ჰიტლერს შეიძლება ვერც მოუგებდა...

ასევე, მიზანმიმართულად პროვოკაციულად ჟღერს ამ ქვედანაყოფისთვის სწორედ „გეორგიევსკის“ სახელის დარქმევა, რაც არის პირდაპირი მცდელობა პარალელის გავლებისა რუსეთ-საქართველოს შორის 1783 წელს დადებულ გეორგიევსკის ტრაქტატთან, რომელიც თუ როგორ შეასრულა რუსულმა მხარემ, იმის მძიმე შედეგებს მესამე საუკუნეა ვიმკით...

ახლა, უშუალოდ რომანოვ-ფარცხალაძის „გეორგიევსკის“ ქვედანაყოფის სავარაუდო დაკომპლექტებასთან დაკავშირებით...

თუკი, უკრაინის დამცველების რიგში 2-3 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის(რომლებსაც შესაბამისი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან), რუსეთის საოკუპაცი ძალებშიც რამდენიმე ასეული ქართულგვარიანის მოძიება შეიძლება...

მათი დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა,ზოგს მხოლოდ გვარი დაუტოვა დროულად „აორთქლებულმა“ ქართველმა მამამ, ზოგიც გარუსებული ქართული ოჯახიდანაა,თუმცა არიან ისეთი საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც სპეციალურად ჩავიდნენ რუსეთში, დახარბდნენ ფულად ანაზღაურებას და ჩაიცვეს იმ რუსული არმიის სამხედრო ფორმა, რომელსაც მათი მშობელი საქართველოს ორი ნაწილი აქვს ოკუპირებული...

ალბათ, რომანოვ-ფარცხალაძე ასეთი ქართულგვარიანების, მაგრამ არა ქართული სულის მქონეების შეგროვებას აპირებს აგრესორი რუსეთის(თუნდაც პიარის თვალსაზრისით) უკრაინის ოკუპაციაში დასახმარებლად.

და თუკი ეს, მხოლოდ პიარის დონზე არ ჩაკვდება და რომანოვ-ფარცხალაძის „გეორგიევსკის“ ოცეული თუ ასეული მაინც გაბედავს უკრაინის ფრონტზე გამოჩენას, მათ იქ კარგი არაფერი ელით და იგივე მძიმე ბედი ელით, რაც მოუვიდა აფხაზი და ოსი სეპრატისტებისგან დაკომპლექტებულ ინტერნაციონალურ ბრიგადას „პიატნაშკას“ უკრაინელებთან ბრძოლაში...

ასევე დაგაინტერესებთ: "მფრინავი ლოკატორი" უკრაინელებსაც გამოუჩნდათ - რას შეცვლის ეს "ცის ომში"?!

პუტინს ოკუპირებულ აფხაზეთთან „ტრიუმფი“, ხოლო ანექსირებულ ყირიმში კი „ბასტიონი“ აუფეთქეს

მორიგ რუს გენერალსაც ესროლეს - "წერტილოვანი“ შურისძიება უკრაინის დამბობველი რუსული ავიადივიზიის მეთაურზე...

"უკრაინაში მხოლოდ ოკუპანტებს უნდა ესროლოთ" - სკანდალი უკრაინელი „სპეცების“ დაპირისპირებით და რუსეთის გასახარად