კიტოვანიდან ფარცხალაძემდე იგორ გიორგაძის "გავლით" - როგორ დაუფასებს პუტინი ანზოროვიჩს სამშობლოს ღალატს?! - კვირის პალიტრა

კიტოვანიდან ფარცხალაძემდე იგორ გიორგაძის "გავლით" - როგორ დაუფასებს პუტინი ანზოროვიჩს სამშობლოს ღალატს?!

ცოტა შორიდან დავიწყებ და ერთ კითხვას დავსვამ: რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მტერია თუ მოყვარე? ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მეგობარი და კეთილისმყოფელია, ვინც იზიარებს რუსეთის ხელისუფლების იმპერიულ გეოპოლიტიკურ ხედვას, ვურჩევ ეს სტატია არ წაიკითხოს. იმიტომ, რომ ჩვენი შეხედულებები პრინციპულად გასხვავდება და უსაგნო დავა აზრს კარგავს.

რატომ არის რუსეთი მტერი? აბა რა ვუწოდოთ ქვეყანას, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია, ქართული ეროვნულობის ჩაკვლას ათასნაირი ხრიკებით ცდილობს? აბა, მაშ, რა ვუწოდოთ ქვეყანას, რომელიც ჯერ აფხაზ და ოს სეპარატისტებს წააქეზებს, შემდეგ კი ძირძველი ქართული მიწების ოკუპაციას მოახდენს? წარმოიდგინეთ განვითარების რა ეტაპზე იქნებოდა დღეს საქართველო (ისევე, როგორც რუსეთის სხვა ყოფილი კოლონიები), სულ მცირე 1918 წლიდან, “კრემლის” ძირგამომთხრელი სპეცოპერაციები რომ არ გვამუხრუჭებდეს? ასე რომ, თუ მართლა პატრიოტი ხარ და შენი ქვეყანა ნამდვილად გიყვარს, მტერ-მოყვარის გარჩევა არ უნდა გაგიჭირდეს! ეს პათეტიკა არ არის, ეს რეალობაა.

რა უნდა ვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მტერ-ოკუპანტის სამსახურში ჩადგება? შეფასება თქვენთვის მომინდია. ვფიქრობ მიხვდით: დღეს ოთარ ფარცხალაძეზე ვისაუბრებ. საკითხი ძალზე სერიოზულ თემებს ეხება და ამიტომ მის „იმპერატორულ გვარს“ - “რომანოვს”, რომელიც პუტინის კარზე სამსახურისთვის და სამშობლოს ღალატისთვის “ანზოროვიჩმა” დაიმსახურა, ჩვენ “გმირს” ჩამოვაცილებ. დარჩეს, როგორც ფარცხალაძე, რომელიც 2013 წლის ნოემბერში მეტეორივით შემოიჭრა სკანდალებით ისედაც “დახუნძლულ” ქართულ პოლიტიკაში და მას შემდეგ “საპრიზო ადგილს” მუდმივად ინარჩუნებს. შევთანხმდეთ: ჩვენი ბლოგის სპეციფიკიდან გამომდინარე, ოთარ ფარცხალაძის „მრავალმხრივ მოღვაწეობას“ მხოლოდ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში განვიხილავ. მის აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა, სასამართლოს მიერ უკვე დამტკიცებულ კრიმინალურ ქმედებებში, ნაკლებად შევეხები, თუმცა არაა გამორიცხული, ისიც “კრემლში” შემუშავებული ერთიანი, ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გეგმის ნაწილი იყოს. ზუსტად სამი წლის წინ, 2023 წლის 14 სექტემბერს მომხდარმა ფაქტმა სულ სხვა ჭრილში გადაიყვანა და სხვა დატვირთვა მისცა ოთარ ფარცხალაძის „მრავალმხრივ მოღვაწეობას.“ ჯერ უახლესი ისტორია გავიხსენოთ და შემდეგ დავუბრუნდეთ “რომანოვების დინასტიის გამგრძელებელს”.

საქართველოს მეორე რესპუბლიკის შექმნის შემდეგ (ანუ 1991 წლიდან) ჩვენს ქვეყანას რუსეთის სპეცსამსახურების “მზრუნველი ხელი და თვალი” არ მოკლებია: ამ დიდ იმპერიას არასდროს ეთმობოდა და ეთმობა პატარა, თავისუფლების მოყვარე ქვეყანა, რომელიც გლობალურ გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობს. ამიტომაც იყო, რომ “კრემლის” სპეცსამსახურები მონდომებას არ იშურებდნენ საქართველოში აგენტურულ-ოპერატიული პოზიციების გასამყარებლად. საბჭოთა კავშირი/რუსეთი, ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, არასდროს ზოგავდა ფულს სპეცსამსახურებზე: ქვეყნის შიგნით კონტრდაზვერვა რეალურად „პოლიტიკური პოლიციის“ ფუნქციებს ასრულებს და მმართველი ძალის „მშვიდ ძილს“ და ხელისუფლებაში „ასეულობით წელი“ დარჩენას უზრუნველყოფს; ქვეყნის გარეთ კი საგარეო და სამხედრო დაზვერვის სამსახურები არ იშურებდნენ თანხებს ახალ-ახალი აგენტების გადასაბირებლად.

ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი რუსეთის აგენტურა შემდეგ კატეგორიას განეკუთვნება:

ა) აგენტი-ინფორმატორები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებს სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, რელიგიურ და ა.შ. ინფორმაციას აწვდიან. გარდა ამისა, ისინი ადგენენ ქართველი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ბიზნესმენების და, ასევე, საჯარო სამსახურის ჩინოვნიკ-მოხელეების პროფესიურ და პიროვნულ დოსიე/ფსიქოპორტრეტებს;

ბ) საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში ჩანერგილი ყველაზე მნიშვნელოვანი აგენტები - ე.წ. გავლენის აგენტები, რომლებიც სრულიად ლეგალურად მოქმედებენ, თუმცა ფარულად ლობირებენ რუსეთის ინტერესებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში; ბიზნესში და სხვ.

გ) აგენტი-შემსრულებლები - რუსეთის სპეცსამსახურები მათ, ძირითადად, საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებზე დივერსიებისა და საბოტაჟისთვის, ასევე, ტერაქტებისთვის და მათთვის მიუღებელი პიროვნებების ლიკვიდაციისთვის იყენებენ.

რუსეთის სპეცსამსახურები “კლასიკურად” მოქმედებენ და ცდილობენ საკუთარი აგენტურა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ყველა სტრატეგიული მიმართულებებზე ჰყავდეთ, ესაა: პოლიტიკური პარტიები; სპეცსამსახურები; თავდაცვისა და განათლების სფეროები; ეკონომიკა და ფინანსები; ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა და ტრანსპორტი; სასამართლო; პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაციები და ა.შ. მათი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად დაეხმარონ თავის აგენტურას კარიერულ წინსვლაში, გზა გაუთავისუფლონ დაწინაურებისკენ და, პარალელურად, პატრიოტი კადრები ჩამოაშორონ ქვეყნისთვის სამსახურს. აგენტის “მომწიფების” პროცესი წლობით გრძელდება, იმისდა მიხედვით, თუ რა ეტაპზე მოხდა მომავალი აგენტის გადაბირება. თუმცა საკმაოდ ხშირია გამონაკლისებიც, განსაკუთრებით მართვადი “პოლიტიკური ქაოსის” დროს. ახალი აგენტის საჭირო პოსტზე გასაყვანად “ლოკომოტივად” იყენებენ უკვე მომძლავრებულ ძველ აგენტურას. აი ასე, ხელიხელჩაკიდებული მუშაობენ ისინი. ამიტომ რა გასაკვირია, რომ 1991 წლის შემდგომ პერიოდში რუსეთის აგენტურას უკვე შეეღწია ზემოაღნიშნულ სტრატეგიულ სფეროებში და დიდი წარმატებისთვისაც მიეღწია?

მხოლოდ რამდენიმე ყოფილი მინისტრის გვარს შეგახსენებთ, რომლებიც რუსეთის მოთხოვნით იყვნენ დანიშნულნი და თავადაც არ მალავდნენ, რომ “კრემლზე” მუშაობდნენ, ამის შემდეგ თვითონ

picture1-1789118743.png

ფოტო: ChatGPT მიერ გენერირებული სურათი: საქართველო “კრემლის ქსელში”

განსაჯეთ, თუ რა დონეზე იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში “კრემლის” გავლენა:

თენგიზ კიტოვანი (საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992. 09.05. – 1993. 05.05); ვარდიკო ნადიბაიძე (საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1994. 26.04.- 1998. 27.04.); იგორ გიორგაძე (საქართველოს უშიშროების მინისტრი (1993. 11. 10. - 1995. 02.09.); შოთა კვირაია (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 1993. 11.10 - 1995. 14.02.., შემდეგ საქართველოს უშიშროების მინისტრი 1995. 15. 12. - 1997. 06.07.).

picture2-1789118709.png

ფოტო: ვლადიმერ პუტინი და შოთა კვირაია

1990-იანი წლების დასაწყისში ფორმალურად დამოუკიდებელი, თუმცა პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებით დასუსტებული საქართველო დასავლეთის ქვეყნებიდან მნიშვნელოვან ფინანსურ, მატერიალურ და ინსტიტუციონალურ დახმარებას იღებდა. 1998 წლის დასაწყისიდან საქართველოს დასავლური ორიენტაცია, თითქოს, საგრძნობი გახდა, რამაც იმედი ჩაუსახა ჩვენს მეგობრებს. შევარდნაძემ საქართველოს “რუსული ორბიტიდან" ჩამოშორების პროცესი საკადრო ცვლილებებით დაიწყო. მან 1997 წლის 6 ივლისს გენერალ-ლეიტენანტი შოთა კვირაია გაათავისუფლა უშიშროების მინისტრის თანამდებობიდან და “საპატიო გადასახლებაში" - უშიშროების საბჭოს მდივნის (ნ. საჯაიას) მოადგილედ დანიშნა, თუმცა შ. კვირაია ახალ სამსახურში, ფაქტობრივად, არავის უნახავს. ის, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც 2011 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა კიდეც.

picture3-1789118619.jpg

ფოტო: თენიზ კიტოვანი და ვარდიკო ნადიბაიძე

1998 წლის 28 აპრილს კი შევარდნაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი ვარდიკო ნადიბაიძე გაათავისუფლა თანამდებობიდან. ედ. შევარდნაძის “მოსკოვის ხალხის" თავიდან მოცილება მისთვის ჩვეული, ეშმაკური ხერხით განახორციელა: ფორმალურად, ორივე მინისტრი კონკრეტული და სერიოზული შეცდომებისთვის მოხსნა. შ. კვირაიას შემთხვევაში, ეს იყო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების უკანონო ფარული მოსმენების ორგანიზებაში უშიშროების მინისტრ შ. კვირაიას მხილების შესახებ. ვარდიკო ნადიბაიძის შემთხვევაში კი, ეს იყო პრეზიდენტის თვითმფრინავის თანმხლებ ერთ-ერთი “სუს"-ის ავზში “აღმოჩენილი" (რომელიც ჩაყარეს თუ უნდა ჩაეყარათ დღემდე უცნობია) “საბედისწერო ქვიშა". რეალური მიზეზი კი, რაღა თქმა უნდა, ორივე მინისტრის რუსული ორიენტაცია იყო

picture4-1789118662.jpg

ფოტო: იგორ გიორგაძე

საქართველოს მთავრობის თხოვნით, 1998 წელს შეიქმნა “უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო" (ISAB), რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის დახმარების აღმოჩენა ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს რეფორმის განხორციელებისთვის. საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა შევარდნაძის ხელისუფლებას “საშინაო დავალება" მისცეს და რეფორმის განხორციელების 4 ძირითადი სფერო განუსაზღვრეს: უსაფრთხოების პოლიტიკა; სახელმწიფო უშიშროების ორგანოები; თავდაცვა; დემოკრატიის განვითარება. ყველა ამ მიმართულებით უმძიმესი პრობლემები არსებობდა, რომლებზედაც შევარდნაძის ხელისუფლება, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, თვალს ხუჭავდა.

ასევე დაგაინტერესებთ:ინიციალი "C" ანუ რატომ დანიშნეს ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის MI-6-ის გენერალურ დირექტორად?!

დაურ ბუავას საქმე: ეჭვები, რომელიც არსებობს - როგორ ნიღბავდნენ რუსეთის სპეცსამსახურები პოლიტიკურ მკვლელობებს ნარკოტიკების ზედოზირებად და გულის შეტევად

ვინ არის სინამდვილეში ბლეიზ მეტრეველი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს დაზვერვას ხელმძღვანელობს?!

რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე ძლიერი დაზვერვა მსოფლიოში?!

საქართველოში დაგეგმილ რეფორმებს, ძირითადად, აშშ ხელმძღვანელობდა, იმატა გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერამაც. განსაკუთებით გააქტიურდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები. მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების თანადგომა ეროვნული უსაფრთხოების მრავალ სფეროს მოიცავდა, მათ შორის - საქართველოს კონტრდაზვერვის მუშაობაში დახმარებასაც, რაც პირველ რიგში რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაციების აღკვეთისკენ იყო მიმართული. ჩვენი მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები ოპერატიულ ინფორმაციას ქართველ კოლეგებს სისტემატურად უზიარებდნენ, რაც ბუნებრივია, სრულიად კონფიდენციალურად ხდებოდა. ასე გრძელდებოდა წლები. 2023 წლის 14 სექტემბერს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაარღვია ეს ტრადიცია და საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც საქართველოში რუსეთის გავლენის გავრცელებას და ამ პროცესში ჩართულ პირებს ეხებოდა.

(პირველი ნაწილის დასასრული)