პირველად საზღვაო ბრძოლების ისტორიაში - უკრაინულმა „ტერმინატორმა“ რუსული ჩაძირა
საზღვაო ბრძოლებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ - ანტიკური ხანის ნიჩბიანი ნავებით დაწყებული და დღევანდელი გიგანტური ატომური ავიამზიდებით დამთავრებული...
თუმცა რამდენიმე დღის წინ ჩვენს შავ ზღვაში შედგა პირველი საზღვაო ბრძოლა უკრაინულ და რუსულ უპილოტო შეიარაღებულ კატარღებს შორის, რამაც ახალი მიმართულება გახსნა ზღვის ომების ისტორიაში...
უკრაინული მხარე აქვეყნებს ძალზე შთამბეჭდავ ვიდეოკადრებს, რომელზეც კარგად მოჩანს ამ საზღვაო ბრძოლის დეტალები - შავ ზღვაში უკრაინული უეკიპაჟო, დისტანციურად მართვადი კატარღა Sargan-3000-ი თავს ესხმის რუსულ, ასევე უეკიპაჟო კატარღას და ახლო დისტანციიდან, 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევიდან ინტენსიური ცეცხლით მას მძიმე დაზიანებებს აყენებს, რის შემდეგაც რუსული კატარღა-დრონი „ეფექტურად“ იძირება.

ფოტო: საზღვაო ბრძოლების ისტორიაში პირველ, საზღვაო დრონების შეტაკებაში გამარჯვებული უკრაინული „ტერმინატორი“-Sargan-3000-ი
საერთოდ, Sargan-3000-ის ტიპის უეკიპაჟო კატარღებს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები, ძირითადად, კამიკაძე-კატარღების როლში იყენებენ, როდესაც მათი კორპუსის წინა ნაწილში 500 კგ-მდე მასის საბრძოლო მუხტს ამონტაჟებენ და ზღვაში „ნადირობენ“ რუსულ სამხედრო ხომალდებზე, მათი გამოდევნების, დაჯახებისა და აფეთქების მიზნით.
თუმცა, Sargan-3000-ის ეს კონკრეტული მოდიფიკაცია კამიკაძე-კატარღას არ წარმოადგენდა, მას ნახევარტონიანი საბრძოლო მუხტის ნაცვლად, გემბანზე დამონტაჟებული ჰქონდა RWS Protector-ის ტიპის ტურელი, 12,7 მმ კალიბრის „ბრაუნინგის“ ტყვიამფრქვევით, რომლიდანაც სროლის მართვა, ისევე, როგორც თავად კატარღისა, ხორციელდებოდა დისტანციურად, ხმელეთზე მყოფი ოპერატორის მიერ, სავარაუდოდ, „სტარლინკის“ თანამგზავრული კავშირის გამოყენებით.

ფოტო: სამიზნეში ამოღებული რუსული საზღვაო დრონი...
ვიდეოკადრები გადაღებულია როგორც უშუალოდ ამ უკრაინული საზღვაო „ტერმინატორის“ ბორტიდან, ისე - უკრაინული საჰაერო მზვერავი დრონიდანაც, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ოდესის პორტისკენ მცურავი ეს რუსული საზღვაო დრონი და დროულად შეატყობინა უკრაინელ სამხედრო მეზღვაურებს, რომლებმაც უკვე თავისი უპილოტო Sargan-3000-ი გააგზავნეს მის გადასაჭერად.
ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინული „ტერმინატორი“ რუსულ საზღვაო დრონს ტყვიამფრქვევიდან ცეცხლს ჯერ ერთი კმ-ის სიშორიდან უხსნის, ხოლო შემდეგ ახლოს უახლოვდება და დამიზნებით ესვრის მის ანტენებს, რათა კავშირი გაუწყვიტოს ოპერატორთან.
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპი ზელენსკის - შეწყვიტე რუსეთში დიზელის წარმოებაზე თავდასხმები... პუტინს ტანკებში ჩასასხმელი დიზელი შემოაკლდა...
საპასუხო ცეცხლი რუსული საზღვაო დრონიდან არ ჩანს, რადგან ის, სავარაუდოდ, არ იყო შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით ან რაკეტებით, თუმცა, ასევე სავარაუდოდ, დამონტაჟებული ჰქონდა რამდენიმე ასეული კგ-იანი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის დეტონაცია არ მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აფეთქება გარკვეულწილად დააზიანებდა ახლოს მყოფ უკრაინულ „ტერმინატორსაც“.

ფოტო: რუსული კატარღა-დრონი იძირება....
ყოველივე ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ თანამედროვე და მომავალი ომების სტრატეგია და ტაქტიკა ძირფესვიანად იცვლება, როდესაც ბრძოლის ველზე, იქნება ეს ხმელეთზე, ცაში თუ ზღვაში, ერთმანეთს უშუალოდ დაუპირისპირდებიან არა ადამიანები, არამედ - შეიარაღებული რობოტი-„ტერმინატორები“, რომელთა დისტანციურად მართვას შორს, თავშესაფრებში მშვიდად მსხდომი ადამიანები განახორციელებენ, თუმცა მათ აქაც მალევე ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს და რა მოხდება შემდეგ, როდესაც ეს ხელოვნური ინტელექტი... ადამიანზე სრულ უპირატესობაში „დარწმუნდება“?
ვიდეო: საზღვაო დრონების შავ ზღვაში პირველი ბრძოლის ისტორიული ვიდეოკადრები...