„ნუთუ“ ტრამპმა ისევ მოიტყუა ანუ იგონებს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაზე კარგ ამბებს?!
„ნუთუ“ ტრამპმა ისევ მოიტყუა?!
გუშინ, 14 სექტემბერს, მსოფლიო ბირჟებზე დიდი ალიაქოთი ატყდა - აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა თითქმის სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა...
“უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს. რუსეთიც, ასევე დათანხმდა! მსოფლიოში დიზელის საწვავის ფასების ზრდა, ძირითადად, გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომით, არა - ირანით”, - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა თავის Truth Social, რითაც საწვავზე მსოფლიო ფასების ცვლილება გამოიწვია.
მაგრამ საერთაშორისო ბირჟებზე მალევე მოეგნენ გონს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებიდან ტრამპის სიტყვების დამადასტურებელი არავითარი ინფორმაცია არ გავრცელდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი დააზუსტა, რომ უკრაინა მაშინვე შეწყვეტს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევას, როგორც კი რუსეთი დათანხმდება, აღარ დაბომბოს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები...
დღეს დილიდან კი რუსეთმა „ტრადიციულად“ შეუტია კიევის ბენზინგასამართ სადგურებს და ვალში არც უკრაინული კამიკაძე-დრონები დარჩნენ, რომლებმაც მერამდენედ „მოინახულეს“ რუსეთის სამარის ოლქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა...
ანუ აშშ-ის პრეზიდენტის - ტრამპის განცხადება, რომ “უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს, ასევე დათანხმდა რუსეთიც!“...ჩვეულებრივი ტყუილი აღმოჩნდა!
ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერებაზე აქამდე მართლაც მიმდინარეობდა დახურული სამმხრივი მოლაპარაკებები რუს, ამერიკელ და უკრაინელ ჩინოვნიკებს შორის, მაგრამ საბოლოო შეთანხმება მიღებული არ არის და, შესაბამისად, პრეზიდენტ ტრამპის ამ აჩქარებამ მოლაპარაკების პროცესს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.
ჩანს, რომ ტრამპს ყველაზე მეტად აწუხებს ამერიკის საწვავგასამართ სადგურებზე ამერიკელი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვნად გაძვირებული ბენზინისა და დიზელის გამო არ დაკარგოს მათი ხმები, მოახლოებულ კონგრესის შუალედურ არჩევნებზე და ცდილობს, „კარგი“ ამბები, საწვავის ფასის შესაძლო შემცირებაზე, უბრალოდ, გამოიგონოს...
თუკი შევხედავთ რეალობას, აგრესორი ქვეყნის ლიდერს -პუტინს არ უნდა აწყობდეს ამ ზამთრის დადგომის წინ უკრაინასთან „ენერგეტიკული მორატორიუმის“ გაფორმება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული კამიკაძე-დრონების მასობრივმა და სისტემატურმა შეტევებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე რუსეთში საწვავის სერიოზული დეფიციტი შექმნა.
ომის დაწყებიდან უკრაინამ გადაიტანა ოთხი უმძიმესი ზამთარი, როდესაც რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად უკრაინული ქალაქები და მათ შორის - დედაქალი კიევიც განათებისა და გათბობის გარეშე რჩებოდნენ ყინვიან ღამეებში.
ასევე დაგაინტერესებთ: პირველად საზღვაო ბრძოლების ისტორიაში - უკრაინულმა „ტერმინატორმა“ რუსული ჩაძირა
ეს ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ სახეობად გადაიქცა და ძნელად დასაჯერებელია, რომ პუტინმა 2026-2027 წლების ზამთარში ამ გამოცდილ ხერხზე უარი თქვას.
კრემლში ხედავენ, რომ სწრაფ გამარჯვებაზე უკრაინაში არ გამოუვიდათ და ახლა ცდილობენ უკრაინის ქალაქების მოსახლეობა, დაბომბვების გარდა, რაც შეიძლება მძიმე საყოფაცხოვრებელ პირობებშიც ჩააგდონ, რომ ომით გადაღლილმა ასი ათასობით ან მილიონობით უკრაინის მოქალაქემ უკრაინის ხელისუფლებისგან მოითხოვოს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად შეჩერება, თუნდაც ქვეყნის ტერიტორიული ინტერესებისთვის წამგებიანი ზავის დადებითაც...