რატომ წავიდა სუს-ის უფროსობიდან გეკა გელაძე და რა მისია შეიძლება დაეკისროს ქართული სპეცსამსახურის ახალ შეფს თამაზ ბორაშვილს?! - კვირის პალიტრა

რატომ წავიდა სუსის უფროსობიდან გეკა გელაძე და რა მისია შეიძლება დაეკისროს ქართული სპეცსამსახურის ახალ შეფს - თამაზ ბორაშვილს?!

ნებისმიერი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს სამად სამი სახელმწიფო ინსტიტუტის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირება: სასამართლოების, უშიშროების სისტემისა და ეროვნული ბანკის. ისინი უზრუნველყოფენ, როგორც ქვეყნის ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებას შიდა და გარე რისკ/ფაქტორებისგან, ასევე, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვას. ამიტომ ამ სტრუქტურების ხელმძღვანელების მიერ უფლება-მოვალეობების შესრულების პერიოდი და გარკვეული ხელშეუხებლობა შესაბამისი კანონებით არის გარანტირებული.

16 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი უფროსი ეყოლება - სუსის ხელმძღვანელის ამჟამინდელი მოადგილე, პოლკოვნიკი თამაზ ბორაშვილი, რომელიც დანიშვნის შემდეგ მალევე გენერალ-მაიორის წოდებასაც მიიღებს. ის იქნება სუსის მეექვსე უფროსი 2015 წლის შემდეგ. საქართველოს პარლამენტი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას 16 სექტემბრის დილას, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დახურულ სხდომაზე განიხილავს და იმავე დღეს კენჭისყრაც გაიმართება, რომლის შედეგების გამოცნობას დიდი მკითხაობა არ უნდა. დილით დაიწყება და საღამოს დასრულდება ქვეყნის უმთავრესი სპეცსამსახურის ახალი უფროსის დამტკიცების პროცესი. ცოტა გაუგებარია ამგვარი სპრინტერული ტემპი: ბორაშვილისთვის რამდენიმე დღე ხომ მაინც უნდა მიეცათ საკუთარი პროგრამის, სუსში ცვლილებებისა და ახალი ხედვების წარმოსადგენად. რეგიონში საგარეო და საშინაო საფრთხეების წამისმიერი ცვლილებების პირობებში და არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ სივრცეში ვიმყოფებით, ამიტომ, ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო იქნებოდა მისი შეხედულებების გაცნობა, დღეს საქართველოს წინაშე არსებული უმთავრესი საფრთხეებისა და მათი განეიტრალების, თუნდაც ზოგადი მიმართულებების შესახებ. ეს იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ერთ დღეში მისი მომზადება/პრეზენტაცია ჩვენს მეგობარ ხელოვნურ ინტელექტსაც კი გაუჭირდება.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყოფილი უფროსის, გეკა გელაძის გათავისუფლება, ჩემი აზრით, სრულიად მოულოდნელად მოხდა (რის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებ), მაშინ გასაგებია, რომ უფროსობის ახალ კანდიდატს გარკვეული დრო უნდა ჰქონოდა მოსამზადებლად.

„სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის“ თანამდებობაც მალევე გაუქმდება. სწორედ ამაზე იტყვიან: ან შექმნა რა იყო, ან გაუქმებაო. ამ, თავიდანვე განწირული სტრუქტურის პირველი და უკანასკნელი შეფი, სუსის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე გახლდათ. არ ვიცი, მოხვდება, თუ არა ის გინესის რეკორდების წიგნში (შესაძლოა, სადმე სხვა, შორეულ ქვეყანაში კონკურენტები ჰყავს), თუმცა შედეგი მაინც ძალზე შთამბეჭდავი და ისტორიული აქვს: 2025 წლის 3 სექტემბერს ის ლეიტენანტი იყო, შვიდი თვის (!!!) შემდეგ კი უკვე მეექვსე სპეციალური წოდება მიიღო და გენერალ-მაიორი გახდა. თავად ნაპოლეონ ბონაპარტსაც კი რვა წელი (1786-1794) დასჭირდა ეს ეკლიანი გზა რომ გაევლო. ასე რომ, ალბათ არავის მიუღია სპეციალური წოდებები ასე სწრაფად, თანაც - არა საომარ ვითარებაში, არამედ - „კაბინეტური ბრძოლების“ დროს. მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის განცხადებაც გააკეთა. ამის შემდეგ როგორ არ გაგახსენდება უკვდავი ფრაზა ნოდარ დუმბაძის რომანიდან „თეთრი ბაირაღები“- „რა მინდოდა წვენებში . . .“

თ. ბორაშვილი სუსის მეექვსე ხელმძღვანელი იქნება ბოლო ათ წელში. სავარაუდოდ, ისიც საკადრო ცვლილებებით დაიწყებს და კვლავ დიდი ციებ-ცხელება შეიქმნება მთელ ვერტიკალში: სუსის უფროსის მოადგილეებით დაწყებული და მძღოლებით დასრულებული. ამ ორომტრიალში ეროვნული უსაფრთხოებისთვის ვის ეცლება? სამწუხაროდ, ამგვარია „ქართული მართვის სტილი“ და - არა მარტო სუსში.

picture1-1789463809.png

ფოტო: ირაკლი კობახიძე და თამაზ ბორაშვილი

დავუბრუნდეთ გეკა გელაძის გათავისუფლების თემას. ის ამ პოსტზე 2026 წლის 28 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ექვსი წლის ვადით დაამტკიცა და წესით, სულ რაღაც ხუთი თვის გასვლის შემდეგ პოსტი არ უნდა დაეტოვებინა. ასეც ჩანდა.

სუსის ინფორმაციით, სულ რამდენიმე დღის წინ, 7-10 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევით ის “გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში” (Global Public Security Cooperation Forum) მონაწილეობდა, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში გაიმართა. კარგადაა ცნობილი, რომ ამგვარი კონფერენცია/ფორუმები მასპინძელი ქვეყნის სპეცსამსახურების პატრონაჟით იმართება და საკმაოდ დიდი სადაზვერვო მნიშვნელობაც აქვს. ბუნებრივია, ასე იქნებოდა მით უფრო ჩინეთში, სადაც ყველაფერს კომუნისტური პარტიის “ერთგული გუშაგი” - სპეცსამსახურები აკონტროლებენ. ოფიციალური ჩინური წყაროების მიხედვით, წელს „ფორუმში“ მონაწილეობდა 2100-ზე მეტი დელეგატი 139 ქვეყნიდან, რეგიონიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მათ შორის: რუსეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის და ა.შ. დელეგაციები. მონაწილეთა სტატუსი საკმაოდ მაღალი იყო: შინაგან საქმეთა/საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრები, პოლიციის ხელმძღვანელები, სახელმწიფო უშიშროების სტრუქტურების წარმომადგენლები და საერთაშორისო უსაფრთხოების ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირები.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ 2026 წლის ლიანიუნგანის ფორუმზე ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების დელეგაციებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ასე რომ, საქართველო ამ ფორმატში აღმოჩნდა არა დასავლურ უსაფრთხოების ბლოკთან ერთად, არამედ - ჩინეთის მიერ ორგანიზებულ „გლობალური სამხრეთი- პოსტსაბჭოთა სივრცე - აზიურ უსაფრთხოების“ ფორმატში.

როგორც ირკვევა, კონფერენციის გახსნამდე გეკა გელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან ერთად, გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოფენას ეწვია და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნო. გამოფენას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პირველმა კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლაო, - ამგვარ ინფორმაციას გვაწვდის სუს-ის ოფიციალური ვებგვერდი. ბუნებრივია გ. გელაძეს სხვა შეხვედრებიც ჰქონდა.

picture2-1789463874.png

ფოტო: გეკა გელაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი ალი ნაგიევი.

ცხრა სექტემბერს სუსი ასევე გვაუწყებდა, რომ საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, სუსის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა ბექა მამარდაშვილმა მონაწილეობა მიიღო კიბერუსაფრთხოების ფორუმში სახელწოდებით - „ერთობლივი მმართველობა და საერთო სარგებელი: კიბერსივრცის უსაფრთხოების მართვის ახალი გზების ძიება“. ღონისძიება კიბერსივრცის უსაფრთხოების მართვის საკითხებს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც დელეგატებმა განიხილეს კიბერსივრცეში არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და იმსჯელეს საერთო სარგებელზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩოს ხელშეწყობის მნიშვნელობაზეო.

picture3-1789463890.png

ფოტო: ბექა მამარდაშვილი

ისე კი, ცოტა ღიმილის მომგვრელია მსოფლიოში კიბერჯაშუშობით გამორჩეული ჩინეთი კიბერუსაფრთხოების პრობლემებზე რომ წუხს.

მკითხველს შევახსენებ, რომ სუსის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ცალკე სსიპია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროშია. მისი ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელება და სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. ფაქტობრივად ის სახელმწიფოს „თვალი და ყურია“. ამიტომაც ამ სააგენტოს „შეფს“ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. ეს სააგენტო ქვეყნის უშიშროების სისტემის ძალზე მნიშვნელოვანი რგოლია, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

picture4-1789463912.png

ფოტო: საქართველოს დელეგაციის არასრული შემადგენლობა ჩინეთში გამართულ „ფორუმზე“

სავარაუდოდ, გ. გელაძის გათავისუფლების საკითხი ამ შაბათ-კვირას გადაწყდა და უკვე ორშაბათს მან შემდეგი განცხადება გაავრცელა: „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს... მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით - პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, გამოცხადებული ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გეკა გელაძე”.

ამ სერიოზულ “ფორუმში” მონაწილეობიდან მეორე დღეს სუსის უფროსის გათავისუფლება ცოტა არ იყოს არასერიოზულია. არის თუ არა რაიმე კავშირში ამ ორ მოვლენას შორის თუ გელაძე მორიგი საკადრო ციებ-ცხელების მსხვერლია, ჯერ კიდევ გასარკვევია. ოფიციალური ინფორმაციით გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ უნდა დაინიშნოს.

ასევე დაგაინტერესებთ: კიტოვანიდან ფარცხალაძემდე იგორ გიორგაძის "გავლით" - როგორ დაუფასებს პუტინი ანზოროვიჩს სამშობლოს ღალატს?!

ინიციალი "C" ანუ რატომ დანიშნეს ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის MI-6-ის გენერალურ დირექტორად?!

დაურ ბუავას საქმე: ეჭვები, რომელიც არსებობს - როგორ ნიღბავდნენ რუსეთის სპეცსამსახურები პოლიტიკურ მკვლელობებს ნარკოტიკების ზედოზირებად და გულის შეტევად

ვინ არის სინამდვილეში ბლეიზ მეტრეველი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს დაზვერვას ხელმძღვანელობს?!

სუსის მომავალი უფროსის, თამაზ ბორაშვილის კარიერის ზოგიერთი ასპექტი კი ამგვარია: ის 20 წელიწადზე მეტია, რაც სამართალდამცავ სტრუქტურებში მსახურობს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ოპერატიულ თანამშრომლად ჩარიცხვის შემდეგ გაიარა სხვადასხვა კარიერული საფეხური. 2017 წლიდან იწყება მისი დაწინაურების პირველი ეტაპი, თუმცა არა სუს-ში, არამედ - საქართველოს შს სამინისტროში. სადაც ის იკავებდა გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს. ვინც ძალოვანი სტრუქტურების იერარქიაში ერკვევა, იცის, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ პოზიციას. ამ დროს შს მინისტრები იყვნენ, შესაბამისად: გიორგი მღებრიშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური. 2022 წელს ის კვლავ დააბრუნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს იკავებდა. 2025 წლის 4 სექტემბერს კი იწყება მისი დაწინაურების მეორე ეტაპი, როდესაც ის სუსის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. დიდი ალბათობით, 2026 წლის 16 სექტემბერს თ. ბორაშვილს სუსის უფროსის პოსტზე დაამტკიცებენ და ეს სერიოზული კარიერული წინსვლა იქნება: ოთხ წელიწადში მან მთავარი სამმართველოს უფროსობიდან - სუსის უფროსობამდე ინტრიგებით და დაპირისპირებებით “დანაღმული ველის” გავლა შეძლო, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის! მით უფრო, რომ ამ პერიოდში სუსში ოთხი უფროსიც (ლილუაშვილი, ოხანაშვილი, მდინარაძე და გელაძე) შეიცვალა, რასაც ბორაშვილის კარიერაზე უარყოფითად არ უმოქმედია.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: თ. ბორაშვილი არა პოლიტიკოსი, არამედ - თავად უსაფრთხოების სისტემის კარიერული კადრია. მისი სამსახურებრივი გამოცდილება, კერძოდ კი - სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში სამსახური, ხომ არ მიგვანიშნებს სუსში ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერების გეგმებზე? კიდევ უფრო მეტად ხომ არ გაძლიერდება პოლიტიკურ პარტიებში ორომტრიალის ხელშეწყობა? ხომ არ გველოდება ახალი „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების გამოვლენის ფაქტები?“ სუს-ის ახალი უფროსისგან საზოგადოება ელოდება პასუხს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მართლაც რეალურ და აქტუალურ კითხვებზე: რა ეტაპზეა მამუკა მდინარაძის „ეპოქაში“ ჯაშუშობის ბრალდებით აღძრული საქმეების გამოძიება? ასევე, რით ვერ დასრულდა გეკა გელაძის „ეპოქაში“ საბოტაჟის მუხლით აღძრული „საქართველოს დაბნელების“ ფაქტების გამოძიება?