რუსულ „ალიგატორს“ აფრენა არ აცადეს - როსტოვის სამხედრო აეროდრომზე უკრაინული საჰაერო შეტევის შედეგები - კვირის პალიტრა

რუსულ „ალიგატორს“ აფრენა არ აცადეს - როსტოვის სამხედრო აეროდრომზე უკრაინული საჰაერო შეტევის შედეგები

უკრაინული საჰაერო შეტევის დაწყებიდან მხოლოდ 28 წუთის შემდეგ გააგზავნა პოლკის მეთაურობამ ეკიპაჟი „ალიგატორის“ ასაფრენად და უხიფათო ადგილზე გადასაფრენად, მაგრამ როგორც კი შვეულმფრენის ხრახნებმა ბრუნვა დაიწყეს, ის დრონმა ააფეთქა, ორივე მფრინავი დაიღუპა.

"ეს იმ გაქსუებული გენერლების არაკომპენტენტურობის ბრალია, რომლებმაც ჩვენი მფრინავები ასე გაწირეს", - მოთქვამენ რუსული სამხედრო ბლოგერები მას შემდეგ, რაც 17 სექტემბრის გამთენიისას უკრაინამ ძალზე წარმატებული საჰაერო დარტყმები განახორციელა რუსეთის დონის როსტოვის სამხედრო აეროდრომზე „როსტოვ-ცენტრალნიზე“...

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ როსტოვის სამხედრო აეროდრომზე განხორციელებული დრონების თავდასხმის შედეგად ორი რუსული Ka-52-ის ტიპის შვეულმფრენი დაზიანდა და აფეთქდა.

თავდასხმის სამიზნე გახდა საავიაციო ტექნიკის სადგომი. შედეგად, Ka-52 „ალიგატორის“ ტიპის შვეულმფრენებთან ერთად, დარტყმა მიაყენეს, ასევე, ერთ Ан-12-ის ტიპის ოთხძრავიან და ორ Ан-26-ის ტიპის ორძრავიან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებსაც.

1-aligatorii-1789717317.png

ფოტო: რუსული „ალიგატორი“ უკრაინელების მუდმივ „მსუყე“ სამიზნედ რჩება...

რუსეთის არმია უკრაინასთან ომში იყენებს სამი ძირითადი ტიპის დამრტყმელ შვეულმფრენს - Ми-24/ Ми-35М „მფრინავ ნიანგს“, Ми-28 „ღამის მონადირეს“ და Ka-52 „ალიგატორს“.

Oryx-ის (დამოუკიდებელი OSINT პროექტი) მონაცემების თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის სამხედრო ავიაციამ დაკარგა არანაკლებ 181 ერთეული სხვადასხვა ტიპის შვეულმფრენი (ის, რაც ფოტოვიდეოკადრებითაა დადასტურებული), რომელთა შორის ყველაზე მეტი საბრძოლო დანაკარგი სწორედ Ka-52 „ალიგატორებზე“ მოდის - 69 ერთეული, მაშინ, როდესაც „მფრინავი ნიანგები“- Ми-24/ Ми-35М-ები 18 ერთეულია განადგურებული, ხოლო „ღამის მონადირე“- Ми-28 კი 20 ცალი.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ალიგატორი“ „ღამის მონადირეზე“ ან „მფრინავ ნიანგზე“ სუსტი და ადვილად ჩამოსაგდებია, უბრალოდ, „ალიგატორებს“ ბევრად უფრო ინტენსიურად იყენებს რუსეთის საოკუპაციო არმია, უკრაინასთან ომში.

ომის დაწყებამდე (2022 წლის თებერვალი) რუსეთს აქტიურ შეიარაღებაში, დაახლოებით, 119-დან 133-მდე მუშა Ka-52 „ალიგატორი“ ჰყავდა. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ვიზუალურად დადასტურებული მონაცემებითაც კი, რუსეთმა თავისი საწყისი ფლოტის 50%-ზე მეტი დაკარგა.

ერთი ასეთი შვეულფრენის ღირებულება, დაახლოებით, 16 მილიონ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ცდილობს, დანაკარგი ახალი მოდიფიკაციებით (Ка-52М) შეავსოს, მთავარ გამოწვევად გამოცდილი პილოტების დეფიციტი რჩება, რომელთა მომზადებასაც წლები სჭირდება.

2-aligatori-1789717416.jpg

ფოტო: რუსეთმა უკრაინასთან ომში უკვე დაკარგა 70-ზე მეტი „ალიგატორი“- Ka-52 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი...

საგულისხმოა, რომ სწორედ Ka-52 „ალიგატორია“ მსოფლიოში ერთადერთი სერიული დამრტყმელი შვეულმფრენი, რომლის ეკიპაჟის ორივე წევრს შეუძლია კატაპულტირება, თუმცა ეს მათ ყოველთვის როდი შველის?!

ომის საწყის ეტაპზე დაფიქსირდა რამდენიმე უნიკალური შემთხვევა, როდესაც უკრაინელმა ოპერატორებმა მიწაზე განთავსებული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსით Stugna-P-თი ჰაერში დაბალ სიმაღლეზე მფრენი რუსული Ka-52 „ალიგატორი“ ჩამოაგდეს.

„ალიგატორების“ ყველაზე მასშტაბური ერთჯერადი დანაკარგები რუსულმა ავიაციამ მიწაზე განიცადა. 2023 წლის ოქტომბერში, ბერდიანსკისა და ლუგანსკის აეროდრომებზე ATACMS-ის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთ ღამეში მინიმუმ 9 ერთეული Ka-52 განადგურდა ან მძიმედ დაზიანდა. კასეტურმა ელემენტებმა სრულად დაცხრილეს და მწყობრიდან გამოიყვანეს ღია ცის ქვეშ მდგარი ტექნიკა.

ამ დარტყმამდე ბერდიანსკის ბაზა რუსეთისთვის მთავარი პლაცდარმი იყო, საიდანაც Ka-52 -ები ძალიან სწრაფად რეაგირებდნენ უკრაინის კონტრშეტევაზე ზაპოროჟიეს ოლქში, რადგან ფრონტის ხაზიდან სულ რაღაც 85 კილომეტრში მდებარეობდნენ.

რუსეთი იძულებული გახდა, გადარჩენილი ავიაცია ფრონტის ხაზიდან 150-200 კილომეტრის სიღრმეში, ყირიმისა და თავად რუსეთის ტერიტორიის ბაზებზე (მაგალითად, ტაგანროგში) გადაეყვანა.

ბაზების დაშორებამ მკვეთრად გაზარდა შვეულმფრენების ფრონტამდე მიფრენის დრო. მფრინავებს ახლა მეტი საწვავი სჭირდებოდათ გზაში, რაც ამცირებდა მათ ჰაერში ყოფნისას საბრძოლო მოქმედებების ეფექტიანობას და ზრდიდა უკრაინული რადიოლოკაციური სისტემების მიერ მათი ადრეული შემჩნევის შანსს.

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევა: ოპერაცია "ვივალდი" და პირში ჩალაგომავლებული პუტინი - რა ხდება ფრონტის ხაზზე?!

გეგმავს თუ არა პუტინი ზელენსკის ლიკვიდაციას?! - რა საფრთხე ემუქრება უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავს?

„ნუთუ“ ტრამპმა ისევ მოიტყუა ანუ იგონებს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაზე კარგ ამბებს?!

პირველად საზღვაო ბრძოლების ისტორიაში - უკრაინულმა „ტერმინატორმა“ რუსული ჩაძირა

საბრძოლო მასალისა და საწვავის მიწოდება გაცილებით შორ მანძილზე გახდა საჭირო, რამაც შეანელა რუსული დამრტყმელი შვეულმფრენების ოპერატიული მზადყოფნა.

რუსული სამხედრო აეროდრომი „როსტოვ-ცენტრალნი“ რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზიდან ორასიოდე კმ-ითაა დაშორებული და თუკი აქაც ხშირად მისწვდებიან უკრაინული კამიკაძე-დრონები, მაშინ რუსეთის გენშტაბს „ალიგატორების“, „ღამის მონადირეებისა“ და „მფრინავი ნიანგების“ დამრტყმელი შვეულმფრენების ესკადრილიების კიდევ უფრო ღრმა ზურგში, შედარებით უსაფრთხო აეროდრომებზე გადაბაზირება მოუწევს, რაც მაშინ საერთოდ დაუკარგავს აზრს დამრტყმელი შვეულმფრენების ოპერატიულად გამოყენების პრინციპს, რადგან ფრონტის ხაზიდან 400-500 კმ-ით დაშორებული აეროდრომებიდან საბრძოლო მოქმედებებისთვის ამ შვეულმფრენებს საწვავის დამატებითი ავზების ჩამოკიდება დასჭირდებათ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ მიერ წაღებული რაკეტების რაოდენობას...