კლიმატური აპოკალიფსის საფრთხე: "მოახლოებული „სუპერ ელ-ნინიო“ მთელ მსოფლიოში ქაოსს გამოიწვევს, ჩვენ კი ამისთვის მზად არ ვართ" - The Guardian
„დიდი ალბათობით, 2026 წლის „ელ-ნინიო“ დედამიწისთვის შეიძლება ათასწლეულის კლიმატურ აპოკალიპსად იქცეს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით: „მოახლოებული „სუპერ ელ-ნინიო“ მთელ მსოფლიოში ქაოსს გამოიწვევს, ჩვენ კი ამისთვის მზად არ ვართ“ (ავტორი - ბილ მაკგუარი, პროფესორი, გეოფიზიკურ და კლიმატურ საფრთხეთა მკვლევარი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში). როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „ოკეანის არნახული გათბობა მოიტანს წყალდიდობებს, გვალვებს, ხანძრებს, ხოლო ეკონომიკურმა დანაკარგებმა შეიძლება, ტრილიონობით დოლარს მიაღწიოს. ჩვენ გვჭირდება ლიდერები, რომლებიც სიტუაციას გაუმკლავდებიან“.
გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ უკვე თავი მოგაბეზრათ პუბლიკაციების სიუხვემ „სუპერ“ „ელ-ნინიოს“ შესახებ, რომ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის მომავალი საფრთხის ქვეშ არის და ყველაფერი ცუდად იქნებაო, ძალიან ცდებით: საქმე უფრო უარესად იქნება, ვიდრე გგონიათ. კომპლექსური დაკვირვების შედეგები მოწმობს, რომ წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში მიმდინარე მოვლენები უჩვეულოა და, შესაბამისად, კლიმატოლოგებს შიში იპყრობს: მზადდება ათასწლეულის აპოკალიპსი - ამინდი პლანეტაზე კატასტროფულად შეიცვლება, არა მარტო მიმდინარე წლის ბოლოსთვის, არამედ - მომავალი წლისთვისაც და არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ამ საფრთხეს თავიდან აიცილებს.
რა არის „ელ-ნინიო“?
მოკლედ შეგახსენებთ: „ელ-ნინიო“ არის წყნარი ოკეანის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილის გათბობა. ეს მოვლენა რამდენიმე წელიწადში მეორდება ხოლმე და შედის ბუნებრივ ციკლში, რომელსაც მეცნიერები „ელ-ნინიოს სამხრეთულ რყევას“ უწოდებენ: თბილ ფაზას (ანუ „ელ-ნინიოს“) ცვლის ცივი ფაზა („ლა-ნინიო“). ისეთ „ელ-ნინიოს“, რომლის დროსაც ოკეანის წყლის გათბობა ორ გრადუსს აღწევს, „სუპერ“-მდგომარეობას ნიშნავს, მაგრამ ამჟამინდელი გათბობა, რომელიც შეიძლება ოთხ გრადუსზე მეტი იყოს, უკვე „ჰიპერ“-მდგომარეობა იქნება.
„ელ-ნინიო“ ახალი მოვლენა არ არის. მისი არსებობა დასტურდება ასობით მილიონი წლების განმავლობაში და შედეგები თითქმის ყოველთვის დამანგრეველი და დამაზიანებელი იყო. განსხვავება დღევანდელთან შედარებით ისაა, რომ იგი ხდება უკვე არნახულად გაცხელებულ დედამიწაზე და ამიტომაც დამატებით მუხტს იღებს ანუ ხდება მისი გადაქცევა ექსტრემალურ კლიმატურ მოვლენად.
იმის ზუსტად თქმა, რომ „ელ-ნინიოს“ სიმძლავრეზე მხოლოდ პლანეტის გლობალური დათბობა მოქმედებს, ძნელია: მისი ძალა და სხვა მახასიათებლები ყოველწლიურად ბუნებრივად იცვლება. ბოლო 7 ათასი წლის განმავლობაში „ელ-ნინიოსა“ და „ლა-ნინიოს“ ხანგრძლივობა განუხრელად მატულობდა, მაგრამ იმავდროულად ცივი „ლა-ნინიოს“ ძალა სუსტდება, თბილი „ელ-ნინიოსი“ კი - ძლიერდება. სამწუხაროდ, „ელ-ნინიოს“ გაძლიერებაზე ძალიან მოქმედებს დედამიწის ატმოსფეროში გამონაბოლქვის - ნახშირორჟანგის მატება.
რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, რომელ კონკრეტულ რეგიონზე როგორ გავლენას მოახდენს „ელ-ნინიოს“ წლევანდელი გაძლიერება, მაგრამ „ზედმეტი“ სითბოს უპრეცედენტო რაოდენობის გათვალისწინებით, რომელიც წყნარი ოკეანიდან ზემოთ, ატმოსფეროს გადაეცემა, გონივრული და ლოგიკური იქნება, ველოდოთ, რომ უახლოეს თვეებში მსოფლიო უკიდურესად საშიში ამინდების წინაშე დადგება.
რა ელოდება წინ დიდ ბრიტანეთს?...
მეტეობიურომ უკვე გაავრცელა გაფრთხილება: შემოდგომა და ზამთრის დასაწყისი, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ჭექაქუხილიანი და წვიმიანი იქნება. შესაბამისად, უნდა ველოდოთ კატასტროფულს თუ არა, სერიოზულზე ძლიერ წყალდიდობებს. გავიხსენოთ, რომ 2015-2016 წლებში ჩვეულებრივზე მცირედ ძლიერმა „ელ-ნინიომ“ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე სერიოზული წყალდიდობა გამოიწვია. ძლიერი ქარებიც საფრთხის საფუძველს იძლევა: ბევრი ხე, რომლებსაც ზაფხულში გვალვის შედეგად ფესვები დაუსუსტდა, შეიძლება მოსალოდნელი ქარიშხლებით წაიქცნენ. ძლიერ „ენ-ნინიოს“ ზამთარში შეუძლია, ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში მეტი არქტიკული ჰაერი შემოიტანოს. ბევრი რამ სავარაუდოა - ისევე, როგორც მომავალ ზაფხულში ახლანდელი ზაფხულის რეკორდული (და უფრო უარესი) სიცხეების გამეორება.
მაგრამ შესაძლოა მოხდეს ირიბი დარტყმებიც - „ელ-ნინიოს“ მიერ მსოფლიოს ეკონომიკაზე დამანგრეველი ზემოქმედება. შევადაროთ: 2008 წლის „დიდმა რეცესიამ“ მსოფლიოს მთლიანი შიდაპროდუქტი (მშპ) დაახლოებით ორი ტრილიონი დოლარით შეამცირა, 1997-1998 წლებში მომხდარმა ძლიერმა „ელ-ნინიომ“ კი მსოფლიოს ეკონომიკა 5,7 ტრილიონი დოლარით დააზარალა. იმ დროს ოკეანის წყალი მხოლოდ 2,4 გრადუსით გათბა, ახლა კი მოსალოდნელია 2,7 გრადუსზე მეტად გათბეს ანუ სერიოზული საფრთხე დაემუქრება მოსახლეობის სურსათით მომარაგებას, რაც დიდ ბრიტანეთზე აუცილებლად აისახება, ნეგატიური თვალსაზრისით.
...და დანარჩენ მსოფლიოს?
მაგრამ როგორც უნდა ცუდი გახდეს ბრიტანეთის მდგომარეობა უახლოეს თვეებში, ის წვრილმანად მოგვეჩვენება იმ რთულ გამოცდასთან შედარებით, რაც დანარჩენ მსოფლიოს ელოდება. ახალი „ელ-ნინიოს“ გავლენა უკვე იგრძნობა ინდოეთში, სადაც ზღვისა და ხმელეთის მუსონები (ქარები) ყველაზე სუსტია, ბოლო 20 წლის განმავლობაში. როცა მიმდინარე წლის ბოლოს „ელ-ნინიო“ პიკს მიაღწევს, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს და აშშ-ის დასავლეთ შტატებს თავს დაატყდება კოკისპირული წვიმები, წყალდიდობები და ღვარცოფები; ამაზონიის დაბლობს (უმეტესად ბრაზილიას), სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, ავსტრალიის დიდ ნაწილს კი - სიცხეები, გვალვა და ხანძრები.
ერთი პატარა პლუსი: „ელ-ნინიოს“ დროს ატლანტის ოკეანის გრიგალების სიმძლავრე, განსაკუთრებით კარიბის ზღვაში, მცირდება, მაგრამ მათი ძალის შემცირება წყნარი ოკეანის ტაიფუნებს ემატება.
კალიფორნია, წინა „ელ-ნინიოებთან“ შედარებით, უარესისთვის უნდა მოემზადოს. ბოლო „სუპერ“-ელ-ნინიომ“ შტატს ისტორიულად არნახული წყალდიდობა მოუტანა: შეიძლება ითქვას, რომ ღრუბლებში მთელი „მდინარეები მიედინებოდნენ“, რომელთა წყალი კალიფორნიაზე ერთბაშად ისხმებოდა.
დღეს მთავარი საგანგაშო მომენტი გამოიხატება იმით, რომ უპრეცედენტო „ჰიპერ“-„ელ-ნინიოს“ შეუძლია, არნახული მეგაგრიგალი გამოიწვიოს, სახელწოდებით „არქიშტორმი“. მსგავსი რამ მოხდა 1862 წელს, როცა ამჟამინდელი „სილიციუმის ველი“ მთლიანად დაიტბორა და „ზღვად“ გადაიქცა. თუ ისევ ასე მოხდება, შტატის და ზოგადად აშშ-ის ინფრასტრუქტურას გრძელვადიანი ზარალი მიადგება, ეკონომიკური ზიანი ტრილიონ დოლარზე მეტი იქნება. და თუ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები დაზარალდებიან, გვერდითი ეფექტი მსოფლიო ეკონომიკისათვის დიდი დარტყმა იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ: "მეცნიერი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის "ნათლიას“ უწოდებენ, კაცობრიობას ახალი მოსალოდნელი უბედურების შესახებ აფრთხილებს" - Daily Mail
მძიმე "წინასწარმეტყველება" უკრაინისთვის: "რუსეთი ომის სტრატეგიას ცვლის" - The Washington Post
სახიფათო სცენარი ანუ როგორ გამოიყენებს პუტინი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებს?! - Der Spiegel
ბრიტანეთის მთავრობის იდიოტიზმი
„წლევანდელი „ელ-ნინიოს“ შედეგები 2027 წლის განმავლობაშიც საგრძნობი იქნება - ჩამოწვება რეკორდული სიცხე, ტემპერატურაზე დაკვირვების მთელ ისტორიაში. აქედანვე უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონეს 1,7 და მეტი გრადუსით გადააჭარბებს.
ატმოსფეროში გამოფრქვეული ნახშირორჟანგის ყოველი ტონა „ელ-ნინიოს“ ძალას მატებს. მოსალოდნელი კატაკლიზმი ჩვენთვის გამოღვიძების სიგნალი უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავრობები ფულს და სახსრებს ადამიანების სიკვდილში, ომებსა და კონფლიქტებში უფრო ხარჯავენ, ვიდრე ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, „მწვანე ენერგოწყაროების“ გასსფართოებლად, კორპორაციები კი ძველებურად „ჭუჭყიან წიაღისეულ სათბობს“ - ქვანახშირს და ნავთობს იყენებენ.
სანამ „სუპერ“ (ან „ჰიპერ“) „ელ-ნინიო“ ძალას იკრებს, ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას ურჩევს, რომ პროდუქტები მოიმარაგონ. პარალელურად კი, ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მოპოვების გაფართოებას გეგმავს. ამ კოგნიტიურ დისონანსს იდიოტიზმსაც კი ვერ უწოდებ, ეს რაღაც უფრო უარესია. ნორმალური ადამიანი ასე არ მოიქცევა.
მოამზადა სიმონ კილაძემ