"ამერიკა ხელოვნური ინტელექტის ძალებს ქმნის": აყენებს თუ არა საფრთხის ქვეშ ტრამპი მსოფლიოს?! - BBC
„მეცნიერთა და მკვლევართა გაფრთხილებების ფონზე, ხელოვნური ინტელექტის (AI - artificial intelligence) განვითარება კაცობრიობის არსებობას საფრთხეს რომ უქმნის, აშშ-ის პრეზიდენტი საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებს - თავისი გადაწყვეტილებით ხელს უწყობს საფრთხის გაძლიერებას“, - ასეთი აზრია გატარებული ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „აშშ ხელოვნური ინტელექტის ძალებს ქმნის“ (ავტორი - ნარდინა საადი).
გთავაზობთ პუბლიკაციას:
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ქმნის „ხელოვნური ინტელექტის ქვედანაყოფებს“, რომლებსაც კურატორს დაუნიშნავს. მან ეს განცხადება მეცნიერ-მკვლევართა ბოლოდროინდელი გაფრთხილებების ფონზე გააკეთა, რომელთა მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება უნდა შეიზღუდოს მანამ, სანამ სპეციალისტები რისკებისაგან დაცვის ეფექტიან მექანიზმებს არ შეიმუშავებენ.
„ჩემი ადმინისტრაცია ხელოვნურ ინტელექტს ხელს არ შეუშლის. მისი გავლენა სულ უფრო მასშტაბური გახდება. ამჟამად შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 25% ხელოვნურ ინტელექტზე მოდის“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, - „მინდა, რომ ამ სფეროში ამერიკამ, ჩინეთთან მიმართებით, უპირატესობა შეინარჩუნოს“.
დღეს ხელოვნური ინტელექტი აშშ-ჩინეთის მეტოქეობის ცენტრში იმყოფება: მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა ისწრაფვის, რომ მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით მეტი უპირატესობა ჰქონდეს. მოსალოდნელია, რომ ეს თემა დონალდ ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრის დროს იქნება განხილული.
24 სექტემბერს თეთრ სახლში დაგეგმილია აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა. სი ძინპინი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ჩადის ამერიკაში სახელმწიფო ვიზიტით.
დონალდ ტრამპმა იმავდროულად აღნიშნა, რომ დაისჯებიან ადამიანები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს უკანონო მიზნებისათვის გამოიყენებენ, თუმცა იქვე მიუთითა, რომ შიშები ხელოვნური ინტელექტის მიმართ გადაჭარბებულია და „მითებს“ წარმოადგენს.
ბოლო დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა მკვლევრებისა და სპეციალისტების განცხადებები, რომ თუ ხელოვნური ინტელექტის განვითარება დღევანდელი ტემპებით გაგრძელდება, მისი სრულყოფა შეიძლება, ადამიანის არსებობას დაემუქროს. ერთ-ერთმა ცნობილმა მკვლევარმა ადამიანთა განადგურების ალბათობის დონე 10%-ით შეაფასა.
მსოფლიოს უდიდესი კომპანიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთმანეთს სულ უფრო მეტად სრულყოფილი რობოტი-ანდროიდების შექმნაში ეჯიბრებიან: ზეინტელექტური ხელოვნური არსებების შექმნაში, რომლებიც ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ბევრად აჭარბებენ.
Anthropic, OpenAI და Google - ეს ის კომპანიებია, რომლებმაც შეიმუშავეს ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთობის მოდელები - Claude, ChatGPT და Gemini. ისინი მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ, დახვეწონ და საუბარი წარმართონ სასურველი დროით, სხვადასხვა ფორმატში, ენასა და სტილში. იმავდროულად გახშირდა უსაფრთხოების რეჟიმის დარღვევები, როცა ხელოვნური ინტელექტი ცდილობს, ადამიანი კონტროლიდან გამოვიდეს.
კომპანია Anthropic-ის ხელმძღვანელმა დარიო ამოდეიმ გაავრცელა მოწოდება, შეიზღუდოს ხელოვნური ინტელექტის განვითარება და დაწესდეს დამოუკიდებელი კონტროლი ინტელექტის ახალი მოდელების შესაქმნელად. მას დაეთანხმნენ კომპანია OpenAI-ისა და Xai-ის ხელმძღვანელები სემ ალტმანი და ილონ მასკი.
Anthropic-ის თანადამფუძნებლის - ჯეკ კლარკის განცხადებით, მთელი დარგისათვის ავარიული „წითელი ღილაკი“ უნდა არსებობდეს, რომელსაც, რაიმე საფრთხის შემთხვევაში, მესამე, დამოუკიდებელი მხარე აამოქმედებს.
ასევე დაგაინტერესებთ: "ირანის უჩინარი ლიდერი: რატომ არ ჩნდება მოჯთაბა ხამენეი მოსახლეობის წინაშე?!" - Financial Times
მძიმე "წინასწარმეტყველება" უკრაინისთვის: "რუსეთი ომის სტრატეგიას ცვლის" - The Washington Post
ასეთი გაფრთხილებების ფონზე ამერიკელმა კანონმდებლებმა დაიწყეს საკანონმდებლო ზომების შემუშავება ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით, მაგრამ როგორც სემ ალტმანმა აღნიშნა, იმის გამო, რომ კონგრესი ვერ ასწრებს დამარეგულირებელი ზომების მიღებას, ამიტომ ამ ეტაპზე მოსახლეობამ კომპანიების მიმართ ნდობა უნდა გამოხატოს - ადამიანთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა პარტიის დეპუტატებმა და ლორდთა პალატის წევრებმა, რისკების გათვალისწინებით, განაცხადეს, რომ გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის მხრიდან მზარდ საფრთხეებს, ამიტომ აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება.
ადამიანს უფლებების დაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა (JCHR) გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც კანონმდებლებს ახალი კანონის მიღებისაკენ მოუწოდა - მასში სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული ხელოვნური ინტელექტის მხრიდან მომდინარე სერიოზული საფრთხე-მუქარები.
მოამზადა სიმონ კილაძემ