"ირანის უჩინარი ლიდერი: რატომ არ ჩნდება მოჯთაბა ხამენეი მოსახლეობის წინაშე?!" - Financial Times
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 17 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით - „ირანის უჩინარი ლიდერი: მოჯთაბა ხამენეის არყოფნა საზოგადოების წინაშე ქვეყანაში ეჭვებს და მითქმა-მოთქმას იწვევს“ (ავტორი - ნაჯმიე ბოზორგმეხრი). პუბლიკაციაში განხილულია სიტუაცია ირანის უზენაესი ლიდერის მდგომარეობის შესახებ - დაჭრილია და მკურნალობს? მოკლულია? რატომ არ ჩნდება მოჯთაბა ხამენეი მოსახლეობის წინაშე?
გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:
თეირანის ყველა ქუჩაში მოჯთაბა ხამენეის სახე მოჩანს, იგი ხალხს ყოველი სახლის კედლიდან უყურებს. 56 წლის მოჯთაბა ყველგანაა - შენობებზე, უზარმაზარ სარეკლამო აბრებზე, რომლებზეც მამამისთან - განსვენებულ ალი ხამენეისთან ერთად არის გამოსახული და დიდ პლაკატებზე, რომლებსაც მხარდამჭერები დაატარებენ ქალაქის მოედნებზე, თავიანთი ხალხმრავლობისა და ძალის დასადასტურებლად.
უცნაური ისაა, რომ უკვე ექვსი თვე გავიდა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნიდან რაქბარის პოსტზე - ქვეყნის უზენაეს თანამდებობაზე, ის კი ერთხელაც არ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე. იგი არ ჩანდა არც მამის დაკრძალვის დროს, ივლისში. არ გამოქვეყნებულა მამის კუბოსთან მყოფი არც მისი ფოტო, არც ვიდეო და არც აუდიოჩანაწერი. ირანის რაქბარი მოსახლეობას საკუთარ თავს მხოლოდ წერილობითი განცხადებებით ახსენებს.
რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოჯთაბა ხამენეის ასეთი „დამალვა“ განპირობებულია უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით, იმ ფონზე, როცა აშშ-ისა და ისრაელის წერტილოვანმა დარტყმებმა მრავალი ირანელი მაღალჩინოსნის სიცოცხლე შეიწირა, მამამისის ჩათვლით. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოჯთაბა 28 თებერვალს განხორციელებული საჰაერო დარტყმის დროს (რომელსაც მამამისი და მისი ოჯახი ემსხვერპლა) დაიჭრა, ამჟამად ჯანმრთელია და სიტუაციას სრულად აკონტროლებს.
მაგრამ მისი დემონსტრაციული არყოფნა უკვე გაკვირვებასა და ეჭვებს იწვევს ქვეყნის შიგნით, სადაც უზენაესი ლიდერის ყოველდღიური ცოცხალი გამოჩენა ტელეეკრანზე, პრესაში და ხალხის წინაშე მისი ავტორიტეტისა და რეჟიმის სიმტკიცის მუდმივ საყრდენს წარმოადგენდა.
„მოჯთაბა ხამენეი ან 28 თებერვალს მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა, ან იგი ისე მძიმედ არის დაჭრილი, რომ მისი სახალხოდ ჩვენება არ შეიძლება“, - ამბობს თეირანელი სანტექნიკოსი, რომელიც ირანულ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ თვალსაზრისს იზიარებს, - „მე, პირადად, მისი წერილობითი განცხადებებისა არ მჯერა. ის რომ ცოცხალი იყოს, ხომ შეიძლებოდა ერთი ვიდეოს გამოქვეყნება?“
1978 წლის ისლამური რევოლუციით დაწყებული, ირანის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგულარულად გამოდიან საზოგადოების წინაშე. თვით აიათოლა რუჰოლა ხამენეისაც კი, ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელს, არა ერთხელ მიუმართავს ერისათვის ათი წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს.
როჰოლა ხამენეის მემკვიდრე ალი ხამენეი ქვეყნის ტელევიზიით ყოველკვირეულად გამოდიოდა, ხალხის წინაშეც გამოდიოდა სიტყვით და მას ყურადღებით უსმენდნენ. იგი ოთხი ათეული წლის განმავლობაში ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ კურსს განსაზღვრავდა.
უმცროსი ხამენეი ფართო საზოგადოებისათვის ომამდე ნაკლებად იყო ცნობილი, მან წლები გაატარა ჯერ ცოდნის დაუფლებაში, შემდეგ კი - რელიგიური სემინარიის სტუდენტებისთვის ლექციების კითხვაში. ბევრ ირანელ მაღალჩინოსანს იგი საერთოდ არ უნახავს და მას არასოდეს დალაპარაკებია. არსებობს მხოლოდ რამდენიმე ვიდეოჩანაწერი მისი მონაწილეობით - მათგან ზოგიერთი საკმაოდ ძველია: მაგალითად, ირან-ერაყის ომისდროინდელი, 1980-იან წლებში.
მოჯთაბა ხამენეის წლევანდელი წერილობითი განცხადებები შეიცავს პოლიტიკურ და რელიგიურ დარიგებებს, თანამდებობებზე ჩინოვნიკების დანიშვნებს და მრავალგზის მოწოდებებს, რომ ირანმა ერთიანობა და სიმტკიცე შეინარჩუნოს. გასულ თვეში გამოქვეყნებული მისი განცხადების მიხედვით, „მუსლიმთა შორის ერთიანობა ისლამური ცივილიზაციის დომინირების მიღწევის ქვაკუთხედს წარმოადგენს“.
სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ მოჯთაბა ხამენეისთან მისვლის უფლება მხოლოდ მისი გარემოცვის ზოგიერთ წევრს აქვს. საჯაროდ მხოლოდ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა განაცხადა, რომ იგი ქვეყნის უზენაეს ლიდერს შეხვდა.
თეირანში და სხვა ქალაქებში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები, რომლებსაც მოჯთაბა ხამენეის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სანდო ინფორმაციები არ აქვთ, ამბობენ, რომ მათი აზრით, იგი აქტიურია და სიტუაციას მართლაც აკონტროლებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც მამამისივით ურყევ ძალაუფლებას სრულად არ ფლობდეს.
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა გასულ თვეში, მას სჯერა, რომ მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია, თუმცა, მისი თქმით, ირანის უზენაესი ლიდერი „ძალიან სერიოზულადაა დაჭრილი“ თებერვლის თავდასხმის შედეგად: „მას სხეულის მარცხენა მხარე წართმეული აქვს: ფეხებს და ხელებს ვერ ამოძრავებს“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოჯთაბა ხამენეიმ 28 თებერვლის დაბომბვის დროს მხოლოდ უმნიშვნელო ტრავმები მიიღო და საავადმყოფოშიც მხოლოდ მცირე ხანს მკურნალობდა.
მაგრამ შექმნილ საინფორმაციო ვაკუუმს კვებავს მოარული ხმები, რომელთაგან ბევრი ეჭვქვეშ აყენებს ირანის რეჟიმის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიას. შესაბამისად, მოსახლეობას მთავრობის განცხადებების არ სჯერა.
ერთნი ვარაუდობენ, რომ მოჯთაბა ხამენეი დაიღუპა მამამისის რეზიდენციაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, რომელმაც მისი ცოლის, დისა და ძმისშვილის სიცოცხლეც შეიწირა.
მეორენი იზიარებენ ვერსიას საერთაშორისო შეთქმულების შესახებ, რომლის თანახმად, უცხოეთის სახელმწიფოები - რუსეთი, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთიც კი - ირანს კულისებიდან მართავენ. ისინი მსჯელობენ რაღაც გამოგონილ იდეებზეც, რომლის თანახმად, რეჟიმი ორეულებს ამზადებს, რომლებსაც ნამდვილი ჩინოვნიკების ჩანაცვლება შეუძლიათ.
მესამენი თვლიან, რომ ირანის ეკონომიკური დაცემა - ინფლაცია უკვე 90%-ს აჭარბებს, აშშ კი ირანის ნავსადგურებს ბლოკავს - მოწმობს იმას, რომ ქვეყანა უკვე მართვას არ ექვემდებარება, უკონტროლო მდგომარეობაშია.
„იმ დროს, როცა ფასები სურსათზე ყოველდღიურად მატულობს, ასეთ ქვეყანას, ჩემი აზრით, ლიდერი და პატრონი უკვე აღარ ჰყავს“, - ანონიმურად ამბობს ერთ-ერთი თეირანელი ქალბატონი, 30 წლის დამლაგებელი, რომელსაც ორი ბავშვი ჰყავს, - „თუ მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია, მან ჩემში თავისი შვილი უნდა დაინახოს და მწუხარება გამოხატოს, რომ ასეთ ცუდ დღეში ვარ და ამდენი პრობლემის მოგვარება უკვე აღარ შემიძლია“.
მოჰამედ-სადეღ ჯავად-ხესარი, რეფორმისტი პოლიტიკოსი და ყოფილი პოლიტიკური პატიმარი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთის მდებარე ქალაქ მეშჰედიდან, უარყოფს „შეთქმულების თეორიას“, მაგრამ ამბობს, რომ ამგვარი ჭორების არსებობა ირანის მოსახლეობის იმედგაცრუებას ასახავს.
„ადამიანები მიჩვეულნი არიან, არ დაიჯერონ ოფიციალური პირების ნათქვამი - იმიტომ, რომ ირანის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ნდობის ფაქტორი არ არსებობს, ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე რეპრესიების გამო“, - ამბობს პოლიტიკოსი, - „ხალხი თვლის, რომ მთავრობა მათ სიმართლეს არ უმხელს“.
ანალიტიკოსები, ასევე, განიხილავენ მოჯთაბა ხამენეის არყოფნას იმის სიმბოლოდ, თუ როგორ შეცვალა ომმა რეჟიმი: ხელისუფლება პიროვნებებზე კი არაა ორიენტირებული, როგორც ადრე, არამედ კოლექტიურ მმართველზე - „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე“, რომელიც, ირანელთა უმრავლესობის აზრით, დღეისათვის ქვეყანაში ყველაზე მთავარ სტრუქტურას წარმოადგენს.
ხმები კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდა მას შემდეგ, რაც მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ მამის დაკრძალვაზეც კი არ გამოჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო გენერალ-მაიორი აჰმედ ვაჰიდი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალი, რომელიც, ასევე, ემალებოდა დაბომბვებს.
„რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ომამდეც ყველაზე ძლიერ სტრუქტურას წარმოადგენდა, ახლა კი მით უმეტეს - მის ხელშია ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ბედი, ეკონომიკური ზარალის მიუხედავად. ჩვენ ახლა კონკრეტული ლიდერი არ გვყავს, მისი სახელი არ ვიცით“, - ამბობს თეირანელი 40 წლის ბიზნესმენი, - „გუშაგები“, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ნამდვილად აკონტროლებენ, მაგრამ ამით სიტუაცია ნათელი არ ხდება“.
რეჟიმის ერთგული მომხრეებისათვის მოჯთაბა ხამენეის გაუჩინარება ლოგიკური პასუხია იმ საფრთხეებზე, რომლებიც აშშ-ისრაელიდან მომდინარეობს და რომელთა სადაზვერვო სამსახურები ირანში თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენენ. „ჩვენ ვერ შევურიგდებით მოჯთაბა ხამენეის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარებს“, - ამბობს 29 წლის ზეინაბი, ინჟინერი-პროგრამისტი, - „მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ლიდერი სწორად იქცევა: მან არანაირი აუდიო და ვიდეოჩანაწერი არ უნდა გამოაქვეყნოს, სანამ მისი უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება. მისი წერილობითი განცხადებებიც საკმარისია ჩვენთვის გზის საჩვენებლად“.
როგორც მოჰამედ-სადეღ ჯავად-ხესარი, რეფორმისტი პოლიტიკოსი ამბობს, „ნათელია, რომ გადაწყვეტილების სისტემაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთიან სარდლობას და კოორდინაციას, რაც ვერ მოხდება ისეთი ადამიანის გარეშე, რომელსაც მოჯთაბა ხამენეი წარმოადგენს“.
მაგრამ მოჯთაბა ხამენეის საჯარო აქტიურობის შეზღუდულობამ, უნდა თუ არ უნდა რეჟიმს, მაინც შექმნა ირანის ხელისუფლების შიგნით ისეთი უთანხმოების სივრცე, რომელიც, კრიტიკოსების აზრით, ფრაქციებს (დაჯგუფებებს) შორის ბრძოლას ასახავს.
როცა ივნისში პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა ხელი მოაწერა ირან-აშშ-ის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანს ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება წარმოადგენდა, მან განაცხადა, რომ იგი „პრინციპში“ შეთანხმების წინააღმდეგი იყო, მაგრამ დოკუმენტზე ხელმოწერა მაინც მოუხდა.
ასეთმა ორაზროვანმა განცხადებამ ნება მისცა ხისტი პოლიტიკის მომხრეებს, დასეოდნენ მასუდ პეზეშქიანს და სხვა პრაგმატიკოსებს და განეცხადებინათ, რომ ისინი ამით ქვეყანას ღალატობენ და უზენაესი ლიდერისადმი ერთგულების ფიცს არღვევენ. საბოლოო ჯამში, უკვე ხელმოწერილი დოკუმენტი გაუქმდა.
ამგვარი გაურკვევლობების ფონზე, რეჟიმი მუშაობს განდეგილი ლიდერის პორტრეტის ჩამოსაყალიბებლად. გასულ თვეში მასუდ პეზეშქიანმა განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეის შეხვდა და მასთან შვიდი საათის განმავლობაში საუბრობდა, რომლის დროსაც ქვეყნის ყველა პრობლემა განიხილეს, მათ შორის - მოსახლეობის ცხოვრების დონე, დასაქმება, საბინაო პრობლემები, სანქციები და ომის მიმდინარეობა.
მასუდ პეზეშქიანი, რომელიც პროფესიით ექიმია, დაბეჯითებით აცხადებს, რომ მოჯთაბა ხამენეი „ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს“ - „ყველას გასაგონად ვამბობ: კაცს, რომელსაც აქვს უნარი, შვიდსაათიანი შეხვედრა გამართოს და ყველა საკითხზე ისაუბროს, არ შეიძლება სერიოზული ფიზიკური პრობლემა ჰქონდეს და აწუხებდეს“.
ასევე დაგაინტერესებთ: კლიმატური აპოკალიფსის საფრთხე: "მოახლოებული „სუპერ ელ-ნინიო“ მთელ მსოფლიოში ქაოსს გამოიწვევს, ჩვენ კი ამისთვის მზად არ ვართ" - The Guardian
მძიმე "წინასწარმეტყველება" უკრაინისთვის: "რუსეთი ომის სტრატეგიას ცვლის" - The Washington Post
სახიფათო სცენარი ანუ როგორ გამოიყენებს პუტინი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებს?! - Der Spiegel
თავის მხრივ, მოჯთაბა ხამენეის დაღუპული ცოლის დედამ (ანუ სიდედრმა) ვრცელი ინტერვიუ მისცა ირანის სახელმწიფო ტელევიზიას, რომელშიც მან ხაზი გაუსვა სიძის რელიგიურ რწმენას და სიკეთისაკენ სწრაფვას. გარდა ამისა, ამ კვირაში მოჯთაბა ხამენეის ცოლისძმამ განაცხადა, რომ უზენაეს ლიდერს ფილმების ყურება უყვარს, განსაკუთრებით რეჟისორ ქრისტოფერ ნოლანის მიერ გადაღებული კინოსურათებისა და რომ ადრე ცოლთან ერთადაც ხშირად უყურებდა ხოლმე.
თუმცა სისტემის სხვა წარმომადგენლები მოარულ ხმებს და ვარაუდებს მოჯთაბა ხამენეის ადგილმდებარეობისა და მისი მდგომარეობის შესახებ ყურადღებას არ აქცევენ. რეჟიმის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირები ახლა ამ საკითხზე დისკუსიის მოწყობას არ აპირებენ: „ჩვენ ფსიქოლოგიურ ომს არ ვაპირებთ. ჩვენს ლიდერს ყველასათვის დასანახად არ გამოვაჩენთ, რომ იგი მოკლან“.
უზენაესი ლიდერის კიდევ ერთი ნათესავის თქმით, „ის, რომ მოჯთაბა ხამენეი უჩინარია, ქვეყნისთვის სასარგებლოა - მოწინააღმდეგეები დაძაბულ სიტუაციაში არიან ჩავარდნილნი“.
„მტერი აზრზეც კი არ არის, თუ რა ხდება ირანში და ვარაუდებით მოქმედებს" - ამბობს ნათესავი, - " ყველას კითხვა უჩნდება: „ცოცხალია მოჯთაბა ხამენეი თუ არა? ის არის მთავარი პიროვნება თუ არა? ეს ძალიან კარგია. მტერი საგონებელში უნდა იყოს ჩავარდნილი“.
მოამზადა სიმონ კილაძემ