უკრაინულმა ტანკებმა ერთხელ უკვე დაცხრილეს მოსკოვში „თეთრი სახლი“... - კვირის პალიტრა

უკრაინულმა ტანკებმა ერთხელ უკვე დაცხრილეს მოსკოვში „თეთრი სახლი“...

33 წლის წინ, 1993 წლის სექტემბრის ბოლოს, როდესაც სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთის დროებით დატოვებაც მოგვიწია და ჩვენი დიდი ტკივილი გვაწუხებდა, ამ ყველა უბედურების მოთავის - რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ცენტრში არანაკლები ინტენსივობის სროლები მიმდინარეობდა, ვიდრე - სოხუმის დაცემისას...

მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში წარმოუდგენელი რამ ხდებოდა -1993 წლის 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა გამოსცა ბრძანებულება პარლამენტის დათხოვნის შესახებ. საპასუხოდ რუსეთის პარლამენტმა ელცინს იმპიჩმენტი გამოუცხადა და დროებით პრეზიდენტად ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე რუცკოი დანიშნა.

პარლამენტის მომხრეებმა მოსკოვში მერის ოფისისა და ოსტანკინოს ტელეცენტრის იერიშით აღება სცადეს. სიტუაციის ესკალაციის შემდეგ ელცინმა მოსკოვში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ჯარები შეიყვანა.

პრეზიდენტ ელცინის ბრძანებით, კანტემიროვის დივიზიის ტანკებმა პირდაპირი ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის პარლამენტის შენობას, რომელსაც „თეთრ სახლს“ უწოდებდნენ. შენობას ცეცხლი გაუჩნდა და მისი ზედა სართულები მთლიანად გაშავდა, რაც XX საუკუნის ბოლოს ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ და დრამატულ კადრად იქცა.

პარლამენტის ლიდერები (ალექსანდრე რუცკოი, რუსლან ხასბულატოვი და სხვები) დააპატიმრეს. ოფიციალური მონაცემებით, ორკვირიანი კრიზისის განმავლობაში მოსკოვის ქუჩებში 147 ადამიანი დაიღუპა და 437 დაიჭრა და ეს გახდა ყველაზე სისხლიანი ქუჩის ბრძოლა მოსკოვში, 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ.

და მოსკოვის „თეთრი სახლის“ სატანკო ქვემეხებიდან დაცხრილვისას კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი დაფიქსირდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სამი ათეული წლის გასვლის შემდეგაც... უკრაინისთვის, რომელიც 33 წლისწინანდელი მოვლენების გამეორებაზე ოცნებობს, კერძოდ კი, აგრესორი რუსეთის დედაქალაქის - მოსკოვის ცენტრში კრემლისა და „თეთრი სახლის“ ისევ უკრაინული ტანკების ქვემეხებით დაცხრილვაზე...

2-tanki-1791190399.jpg

ფოტო: 1993 წლის 4 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა, „თეთრ სახლად“ წოდებული რუსეთის პარლამენტის შენობა ტანკებს 125 მმ კალიბრის ჭურვებით დააცხრილინა...

საქმე ის არის, რომ 1993 წლის 4 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის მთავრობის „თეთრ სახლს“ პირდაპირი დამიზნებით რუსეთის არმიის კანტემიროვის სახელობის მე-4 გვარდიული სატანკო დივიზიის ის Т-80УД-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკები ესროდნენ, 125 მმ კალიბრის ჭურვებს, რომლებიც რამდენიმე წლით ადრე უკრაინის ხარკოვის სატანკო ქარხანაში იყვნენ აწყობილნი...

Т-80УД წარმოადგენდა პირველი საბჭოთა აირტურბინიანი ტანკის - Т-80У-ის მოდერნიზებულ ვარიანტს, რომელსაც ძვირად ღირებული და არაეკონომიური აირტურბინის ნაცვლად, ხარკოვის ქარხანაში 1 000 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის დიზელის ძრავა ჩაუყენეს.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1987-91 წლებში უკრაინის ხარკოვის ქარხანაში გამოშვებული იქნა Т-80УД ტიპის 715 ტანკი.

უკრაინამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პაკისტანთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში (რომელიც სულ 320 ტანკის მიწოდებას ითვალისწინებდა), დამატებით კიდევ 175-ზე მეტი ახალი Т-80УД-ი აწარმოა.

საგულისხმოა, რომ საბჭოთა Т-80УД-ის ბაზაზე დამოუკიდებელმა უკრაინამ შექმნა Т-84-ის ტიპის ძირითადი ტანკი, რომლის შემდგომ განვითარებადაც იქცა Oplot-ი, ხოლო მის საექსპორტო ვარიანტად კი - Oplot-T, რომლის 49 ერთეული კიევმა ტაილანდის სამეფო არმიას მიჰყიდა.

აგვისტოს ომამდე, სავარაუდოდ, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები თბილისსა და კიევს შორის, უკრაინული Т-84-ის ტიპის ძირითადი ტანკის შეძენაზე, ქართული არმიის აღსაჭურვად, თუმცა საბოლოო ჯამში უკრაინიდან შესყიდული იქნა მხოლოდ Т-72 ტიპის ტანკები.

ასევე დაგაინტერესებთ: კიევის ხიდების აფეთქება "ულვაშებიანმა“ რუსულმა "გერანებმა“ დაიწყეს..

"ცაში ახედე, რა ლამაზია რაკეტათა ცვენა..." - რუსეთთან ომში პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტაც ჩაერთო

წამები კატასტროფამდე: როგორ ააცილეს ახალი 11 სექტემბერი ისრაელს დაჭრილმა პილოტმა, სანტექნიკოსმა და შოთა ექიმმა?!

რატომ დაიწუნა ომში მყოფმა უკრაინამ ავსტრალიის ნაჩუქარი „მფრინავი ვეფხვები“?!

befunky-collage-1791190447.jpg

ფოტო: 1993 წლის 4 ოქტომბერს რუსი სამხედროების ტანკებიდან სროლით გადამწვარი „თეთრი სახლი“ მოსკოვში, ძალიან წააგავდა ერთი კვირით ადრე, 1993 წლის 27 სექტემბერს იმავე რუსი სამხედროების დახმარებით გადამწვარ სოხუმის მთავრობის სახლს...

რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ეტაპზე უკრაინის არმია ეპიზოდურად იყენებდა მცირე რაოდენობის Т-80УД-ებსა და Oplot-ებს, თუმცა საბრძოლო დანაკარგების შემდეგ მათი რაოდენობა უკრაინის არმიის შემადგენლობაში, ეტყობა, მიზერულია, რადგან მათი სერიული წარმოება დიდი ხანია, შეჩერებულია.

თუმცა პუტინის რუსეთისგან გამწარებული უკრაინელები მაინც მოძებნიან რამდენიმე Т-80УД-ს, რომ 1993 წლის 4 ოქტომბრის ვიზუალი ერთი-ერთზე გაიმეორონ და მსოფლიოს დასანახად, ხარკოვში (რომელსაც რუსულმა რაკეტებმა დღეს დილასაც შეუტიეს) აწყობილი ამ ტანკებით ისევ პირდაპირი ცეცხლი გაუხსნან რუსეთის მთავრობის „თეთრ სახლს“...