წამები კატასტროფამდე: როგორ ააცილეს ახალი 11 სექტემბერი ისრაელს დაჭრილმა პილოტმა, სანტექნიკოსმა და შოთა ექიმმა?! - კვირის პალიტრა

წამები კატასტროფამდე: როგორ ააცილეს ახალი 11 სექტემბერი ისრაელს დაჭრილმა პილოტმა, სანტექნიკოსმა და შოთა ექიმმა?!

დაჭრილმა პილოტმა, სანტექნიკოსმა და შოთა ექიმმა ახალი 11 სექტემბერი ააცილეს ისრაელს...

დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მფრენ Boeing 737 MAX 8 ტიპის ლაინერში 30 სექტემბერს მომხდარი სერიოზული ინციდენტის შესახებ, რომელიც კინაღამ ახალ „11 სექტემბრის“ საჰაერო ტერაქტში გადაიზარდა, ამ ბლოგში უკვე ვწერდით გუშინდელ სტატიაში „კოდი 7500: არშემდგარ კამიკაძე-პილოტს ისრაელის მოქალაქეების მასობრივი დახოცვა სურდა?!“, დღეს კი ახალი დეტალები ხდება ცნობილი, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს იმაში, რომ ამ „ბოინგის“ ბორტზე მყოფი 174 ადამიანი უვნებელი გადარჩა და ამასთან, არავინ დაიღუპა მიწაზეც.

პირველი - ფრენის დროს, ომანის მოქალაქეობის მქონე მეორე პილოტმა კაბინაში დანით დაჭრა კაპიტანი, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჰარი და თვითმფრინავის ჩამოგდება ან გატაცება სცადა. თავდასხმის შედეგად ლაინერმა მკვეთრი პიკირება დაიწყო და რამდენიმე წუთში (ზოგიერთი მონაცემით - 35 წამში) დაახლოებით, 5-6 კილომეტრის სიმაღლე დაკარგა.

1-ter-1790846192.png
გატაცებასა და კატასტროფას გადარჩენილი „ბოინგი“ ნახევრადმომტვრეული კუდის ვერტიკალური საჭით, რაც თვითმფრინავის მკვეთრ პიკირებაში გადასვლამ და ამ პიკირებიდან გამოსვლამ გამოიწვია...

მეორე - დაჭრილმა კაპიტანმა მოასწრო კაბინის კარის განბლოკვა. ბორტზე მყოფი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ეკიპაჟის წევრები და მგზავრები (მათ შორის ისრაელის მოქალაქე, სანტექნიკოსი იანივ ჰაიუნი) კაბინაში შეიჭრნენ, თავდამსხმელი დააკავეს, გაკოჭეს და სიტუაციაზე კონტროლი აღადგინეს.

მესამე - ინციდენტის დროს ბორტზე იმყოფებოდა ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი სტომატოლოგი, შოთა მუსაევი, რომელმაც დაჭრილ კაპიტანს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწია, სისხლდენა შეუჩერა და მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

მეოთხე - ბორტზე მგზავრების რანგში მყოფმა ავიაკომპანიის ორმა სხვა პილოტმა (უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა) მართვა გადაიბარეს და თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვეს საუდის არაბეთის ტაბუკის აეროპორტში.

2-terak-1790846191.png
Boeing 737 MAX 8-ის კაბინა,რომელშიც ორივე პილოტი ერთი ხელის გაწევაზე სხედან...

ამ დეტალებიდან შემდეგი დასკვნის გამოტანა შეიძლება:

პირველი - „ბოინგის“ კაპიტანმა, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვნივ მჯდომი მეორე პილოტი მას მოულოდნლად თავს დაესხა და სამი მძიმე ჭრილობა მიაყენა, თავდამსხმელს კაბინაში ორთაბრძოლა გაუმართა და როგორღაც მოახერხა კაბინის შეჯავშნული კარების შიგნიდან გაღება, რის გარეშეც დამხმარეები ვერ შეაღწევდნენ პილოტების კაბინაში და ვერ გაუვნებელყოფდნენ „აბუნტებულ“ მეორე პილოტს.

მეორე - პიკირებაზე გადასული „ბოინგის“ კაბინაში პირველი, მგზავრი იანივ ჰაიუნი შევარდა, რომელმაც ხელი შეუშალა მეორე პილოტს თვითმფრინავის მართვის ხელსაწყოების დამტვრევაში და დამხმარეებთან ერთად ის გაკოჭა მგზავრებისთვის განკუთვნილი ყურსასმენების სადენებით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მან მოასწრო „ბოინგის“ შტურვალის თავისკენ მოზიდვა და თვითმფრინავი ჰორიზონტალური ფრენის რეჟიმში დააბრუნა - პროფესიით სანტექნიკოსის, იანივ ჰაიუნის თქმით, ის ხშირად უყურებს „ავიაკატასტროფების გამოძიების“ სერიალს და გარკვეული თეორიული წარმოდგენა ჰქონდა თვითმფრინავის მართვაზე.

3-ter-1790846191.png
„ბოინგის“ კაპიტანს, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჰარს, მძიმედ დაჭრის მიუხედავად, რომ არ მოესწრო პილოტების კაბინის შეჯავშნული კარების შიგნიდან გაღება, ყველაფერი სულ სხვანაირად წარიმართებოდა...

მესამე - ბედზე, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრების რანგში კიდევ ორი პილოტი აღმოჩნდა, რომლებმაც დროულად გადაიბარეს „ბოინგის“ მართვა და ის ავარიულად, მაგრამ უვნებლად დასვეს საუდის არაბეთის აეროპორტში, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ვერტიკალური საჭე დაზიანდა სწრაფი პიკირების დროს.

რომ არა ეს პილოტები, ავიაკატასტროფა გარდაუვალი გახდებოდა, რადგან მძიმედ დაჭრილი ხომალდის მეთაური, ინდოელი პილოტი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებდა „ბოინგის“ შემდგომ მართვას და მით უმეტეს, ამ 82-ტონიანი სამგზავრო ლაინერის უსაფრთხოდ დაშვებას აეროპორტში.

4-ter-1790846192.png
ისრაელის ახალი გმირი -სანტექნიკოსი იანივ ჰაიუნი, რომელმაც შეძლო „აბუნტებული“ ომანელი პილოტის გაკოჭვა და მოასწრო „ბოინგის“ შტურვალის ჰორიზონტალური ფრენის რეჟიმში დაბრუნება...

მეოთხე - ის, რომ ეს ძალზე საშიში საჰაერო ინციდენტი სრულიად უმსხვერპლოდ დასრულდა, ჩვენებური შოთა ექიმის - ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი სტომატოლოგის, შოთა მუსაევის უდიდესი დამსახურებაა, რომელმაც დაჭრილ კაპიტანს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწია, სისხლდენა შეუჩერა და მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

მეხუთე - ამჟამად მიმდინარეობს თავდასხმის ორგანიზატორის, ომანელი მეორე პილოტის ინტენსიური დაკითხვა, რომლის მთავარი მიზანია, გაარკვიოს - მარტო, ინდივიდუალურად მოქმედებდა „აბუნტებული“ მეორე პილოტი თუ მის უკან კონკრეტული პირები ან ტერორისტული ორგანიზაცია იდგა, რომელმაც რეზონანსული ტერორისტული აქტი დაგეგმა...

5-ter-1790846192.png
შოთა ექიმს - ქართველ ებრაელ სტომატოლოგ შოთა მუსაევს უნდა უმადლოდეს ხომალდის მეთაური, ინდოელი კაპიტანი სიცოცხლის გადარჩენას...

თუკი ეს გახლდათ მხოლოდ მეორე პილოტის პირადი ინიციატივა და მან მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის ან სხვა მიზეზების გამო გადაწყვიტა თავის მოკვლა და ბორტზე მყოფი დანარჩენი 173 უდანაშაულო ადამიანის „თან წაყოლება“, ეს ერთია, მაგრამ სულ სხვაა, თუკი გაირკვევა, რომ მის გეგმაში შედიოდა ხომალდის მეთაურის გაუვნებელყოფა-მოკვლა ჩაკეტილ კაბინაში და ამ „ბოინგის“ მიმართვა ისრაელის რომელიმე ქალაქის ცათამბჯენისკენ, ისე, როგორც ეს მოხდა 2001 წლის 11 სექტემბერს, როდესაც ტერორისტებმა ოთხი „ბოინგი“ დაიპყრეს და ნიუ-იორკში „ტყუპების“ ცათამბჯენებს, ხოლო ვაშინგტონში კი - პენტაგონის შენობას შეეჯახნენ...

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ დაიწუნა ომში მყოფმა უკრაინამ ავსტრალიის ნაჩუქარი „მფრინავი ვეფხვები“?!

პუტინმა "უკრაინკიდან“ აფრენილი უკრაინის დამბომბველი მორიგი სტალინისდროინდელი "დათვი“ დაკარგა...

უკრაინული "ვივალდის" კონტრშეტევითი „სიმფონია“ წარმატებით გრძელდება - განთავისუფლებულია კიდევ რამდენიმე უკრაინული სოფელი

რას და ვის ზვერავს ოკუპირებულ აფხაზეთში ამერიკული „არტემისი“?!

მაგრამ ომანელ მეორე პილოტს მართლაც რომ მოეხერხებინა თვითმფრინავის კაბინაში მარტო დარჩენა და ისრაელის საჰაერო სივრცესთან მიახლოება, მის გეგმებს ასრულება არ ეწერა, რადგან ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი განგაშის შემდეგ (როდესაც „ბოინგის“ ბორტიდან დაჭრილმა კაპიტანმა მოასწრო „კოდი 7500“-ის გააქტიურება, რაც „უკანონო ჩარევას“ (თვითმფრინავის გატაცების მცდელობას) ნიშნავს), უკვე ჰაერში იყო აწეული და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ერთი წამითაც არ დაფიქრდებოდა, გაეცა ბრძანება საჰაერო ტერორისტის მიერ ხელში ჩაგდებული „ბოინგის“ ჩამოსაგდებად, მიუხედავად იმისა, რომ მასში მსხდომი მგზავრების უმეტესი ნაწილი სწორედ ისრაელის მოქალაქეები იყვნენ...