დაიწყება თუ არა რუსეთში შავი ჭირის ეპიდემია?!
გერმანული სამაუწყებლო კომპანიის - „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „რუსეთი: შავი ჭირი თუ პნევმონია? დონალდ ტრამპი დახმარებას სთავაზობს, მარკო რუბიო კი კრემლს გამჭვირვალეობისაკენ მოუწოდებს“ (ავტორი - ფელიქს ტამსუტი). მასალაში განხილულია რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქში გამოვლენილ სასიკვდილო ინფექციასთან დაკავშირებული სიტუაცია.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რუსეთმა უარყო მოარული ხმები, რომ ზომებს იღებს შავი ჭირის ინფექციის ლოკალიზებისათვის, რომელიც ციმბირში, ირკუტსკის ოლქში მდებარე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ერთ-ერთი თანამშრომლის - დარია შეპილოვას გარდაცვალების შემდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გაუკეთა შავი ჭირის სავარაუდო ეპიდემიის აფეთქებას რუსეთში და ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ თუ რუსეთი მართლაც აღმოჩნდება ეპიდემიის წინაშე, ამერიკა მას დახმარებას გაუწევს.
„ჩვენ ძალზე ყურადღებით ვაკვირდებით შექმნილ სიტუაციას. დაზვერვა ინფორმაციას ამუშავებს. ვიცით, რომ [რუსები] მომხდარ ფაქტს პნევმონიას უწოდებენ. სხვათა შორის, ადრე პნევმონიის მკურნალობა ადვილი იყო, მაგრამ ახლა მიკრობები და ბაქტერიები არაპროპორციულად გაძლიერდნენ, ისინი ერთგვარ არმიას წარმოადგენენ. ჩვენ რუსეთს აუცილებლად დავეხმარებით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა, - „მე ჯერ რაიმე კონტაქტი არ მქონია რუსეთის ხელმძღვანელთან ამ საკითხზე, მაგრამ ამერიკა ყოველთვის დაეხმარება ნებისმიერ ქვეყანას და, რასაკვირველია, რუსეთსაც“.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით სწავლობს და თვალს ადევნებს სიტუაციას. მან რუსეთს ინფორმაციის მეტი გაზიარებისა და გამჭვირვალობისაკენ მოუწოდა.
რუსები დუმილს ინარჩუნებენ
ხმები ირკუტსკის ოლქში შავი ჭირის გავრცელებაზე მოულოდნელად გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომლის - დარია შეპილოვას დაღუპვის გამო: 28 წლის ქალიშვილი საავადმყოფოში სექტემბრის ბოლოს მიიყვანეს, 2 ოქტომბერს კი გარდაიცვალა. „როსპოტრებნადზორმა“ მისი სიკვდილის მიზეზად „დაუდგენელი ეტიმოლოგიის მქონე პნევნომია“ დაასახელა.
ადგილობრივი მასმედიის მონაცემებით, მომხდარი ფაქტის შემდეგ ირკუტსკის ოლქში კარანტინი გამოცხადდა, რომელიც 200 ადამიანს შეეხო. ქალაქ შელეხოვის ადმინისტრაციამ, სადაც დარია შეპილოვას საავადმყოფო მდებარეობს, სოციალურ ქსელში 3 ოქტომბერს აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა თავი შეიკავონ მგზავრობისაგან. მოგვიანებით შეტყობინება წაიშალა.
ხელისუფლების დუმილმა საზოგადოებაში შეშფოთება გააჩინა და ხელი შეუწყო ჭორების გავრცელებას. ერთ-ერთი ვერსიით, ინსტიტუტის ლაბორატორიაში შემთხვევით კოლბა თუ სინჯარა გაუტყდათ, რომელშიც შავი ჭირის გამომწვევი ვირუსები იყო. ჟურნალისტები პრეზიდენტის პრესმდივანთან, დიმიტრი პესკოვთან შეხვედრისას დაინტერესდნენ, აკვირდება თუ არა მოსკოვი ირკუტსკში შექმნილ სიტუაციას. პესკოვმა თავი აარიდა პასუხს და მათ უთხრა, რომ ამ საკითხში კომპეტენტურ ორგანიზაციას - „როსპოტრებნადზორს“ მიმართონ.
თავის მხრივ, ირკუტსკის ოლქის გუბერნატორი იგორ კობზევი აცხადებს, რომ „გარდაცვლილი ქალის ბიოლოგიურ ნიმუშებში არ აღმოჩენილა ის მიკროორგანიზმები, რომლებიც მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ირკუტსკის ოლქში შავი ჭირის არსებობა და მისი გავრცელება არ დაფიქსირებულა. გამოკვლეული ადამიანების ანალიზებმა არ დაადასტურა სახიფათო პათოგენების არსებობა.
ასევე დაგაინტერესებთ: რატომ დაემორჩილა საფრანგეთი აზერბაიჯანის ზეწოლას?! - Financial Times
რუსეთის მეზობლები საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებენ
ამჯამად ზოგიერთმა რუსეთის მეზობელმა სახელმწიფომ, რომლებიც ციმბირის რეგიონს ესაზღვრებიან, სახელმწიფო საზღვრებზე სიფრთხილის ზომები გაამკაცრა. ყაზახეთმა და ყირგიზეთმა სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი გააძლიერეს, უზბეკეთმა კი მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანა ის სამსახურები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ინფექციის შესაძლო გავრცელებას აღკვეთენ.
როგორც აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, უწყება საქმის კურსშია რუსეთში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, თუმცა საბაჟო კონტროლის გამკაცრებას ნაადრევად თვლის.
საერთოდ, ირკუტსკის ოლქთან გეოგრაფიულად ყველაზე ახლოსაა მონღოლეთი, რომელიც ისედაც მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან, მსგავსი ავადმყოფობების გავრცელების თავიდან აცილებაში. წინა წლებში მონღოლეთში იყო შავი ჭირის დაფიქსირების ფაქტები.
მოამზადა სიმონ კილაძემ