რუსულ სოჭთან ღამით აფეთქებულმა ტანკერმა ოკუპირებული გაგრაც კი გაანათა... - კვირის პალიტრა

რუსულ სოჭთან ღამით აფეთქებულმა ტანკერმა ოკუპირებული გაგრაც კი გაანათა...

2026 წლის 6 ოქტომბერს, საღამოს, ქალაქ სოჭის სანაპიროსთან ახლოს, შავ ზღვაში ნავთობტანკერზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რასაც წინ უძღოდა უკრაინული საზღვაო დრონების თავდასხმა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს, სახელწოდებით Aframax Rio, უპილოტო კამიკაძე-კატარღები დაესხნენ თავს.

ტანკერ Aframax Rio-ს გადაჰქონდა ნედლი ნავთობი. უკრაინის მიერ ეს გემი შეყვანილი იყო სანქცირებულთა სიაში, როგორც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი.

გემზე მყოფი ეკიპაჟის 23-ვე წევრი, რომლებიც ინდოეთის მოქალაქეები არიან, უვნებლად გადაარჩინეს და მათი ევაკუაცია განხორციელდა.

აფეთქებისა და დარტყმების შედეგად ნავთობს ღია ზღვაში გაუჩნდა ცეცხლი. ძლიერი ხანძრისა და ალის გამო მაშველებმა თავდაპირველად ტანკერთან მიახლოებაც კი ვერ შეძლეს

ცეცხლისა და კვამლის უზარმაზარი სვეტი სოჭისა და მეზობელი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის სანაპიროებიდანაც მკაფიოდ ჩანდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სოჭსა და სირიუსში დროებით დაიკეტა ყველა პლაჟი და სანაპირო ზოლი. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ატმოსფერულ ჰაერსა და წყალში მავნე ნივთიერებების მონიტორინგი მიმდინარეობს.

სოჭთან უკრაინული კამიკაძე-კატარღების ამ ეფექტიან და, ამასთანავე, ძალიან „ეფექტურ“ შეტევას წინ უძღოდა უკვე რუსული ანალოგიური დანიშნულების კამიკაძე-კატარღების თავდასხმები, იმ სამოქალაქო გემებზე, რომლებსაც უკრაინული ხორბალი გამოჰქონდათ უკრაინული პორტებიდან და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, რუსეთმა ეს შეტევები შავ ზღვაში განახორციელა, ნატოსა და ევროკავშირის წევრი რუმინეთისა და ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში...

„ჩვენი დაზვერვა და სპეცსამსახურები ახლა იმაზე მუშაობენ, რომ ყველანაირი ხელმისაწვდომი ინფორმაცია დაადგინონ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე კიდევ ერთ თავდასხმაზე. გასულ ღამეს ბულგარეთის წყლებში ორ სამოქალაქო გემს დაარტყეს. ერთი ჩაიძირა, ხოლო მეორემ მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო. თანაგრძნობას ვუცხადებთ ყველას, ვინც დაშავდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებს არანაირი ოპერაციები არ ჩაუტარებიათ ზღვის ამ მონაკვეთში. სამოქალაქო გემებთან დაკავშირებული ეს უახლესი ტრაგედია რუსეთის იმ მცდელობის კიდევ ერთი ნაწილია, რომ შავი ზღვის დასავლეთი ნაწილი ნაოსნობისთვის სრულიად უვარგისად აქციოს.

ყველა დეტალი გადავამოწმეთ ბულგარულ მხარესთან. ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები დაუკავშირდნენ თავიანთ ბულგარელ კოლეგებს და დაადგინეს, რომ ეს იყო კომბინირებული რუსული თავდასხმა, საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით.

ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, ჩვენს დაზვერვას და სხვა სამსახურებს დავალება მივეცი, რომ ჩვენს პარტნიორებთან მაქსიმალურად სრულად მოახდინონ კოორდინაცია, რათა როგორც მათ, ასევე - ჩვენ, საკუთარი თავის დაცვის უფრო დიდი შესაძლებლობები გვქონდეს“, - ოპერატიულად გააკეთა ოფიციალური განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

2-tankeri-1791356695.jpg
ნედლი ნავთობის გადამტან ტანკერებზე მიზანმიმართული თავდასხმები თანამედროვე ომების განუყოფელ ნაწილად გადაიქცა და მათ შორის ჩვენს შავ ზღვაშიც...

ასეა თუ ისე, მკვეთრად გამოისახა უდიდესი საფრთხე იმისა, რომ ჩვენს შავ ზღვაში მალე შეიძლება შეუძლებელიც გახდეს სავაჭრო საზღვაო გადაზიდვები და ის ერთგვარად დაემსგავსოს სპარსეთის ყურის ჰორმუზის სრუტესა თუ წითელი ზღვის ბაბ-ელ-მანდების სრუტეს...

მაგრამ, თუკი ამ სრუტეებში ტანკერებსა და სხვა სავაჭრო გემებზე შეტევებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და იემენელი ჰუსიტები ახორციელებენ, შავ ზღვაში სავაჭრო საზღვაო მარშრუტებზე მცურავ სამოქალაქო გემებზე ღია ნადირობა აქვთ გამოცხადებული - როგორც რუსულ, ისე - უკრაინულ საჰაერო და საზღვაო კამიკაძე დრონებსა და კატარღებს...

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინულმა ტანკებმა ერთხელ უკვე დაცხრილეს მოსკოვში „თეთრი სახლი“...

კიევის ხიდების აფეთქება "ულვაშებიანმა“ რუსულმა "გერანებმა“ დაიწყეს...

"ცაში ახედე, რა ლამაზია რაკეტათა ცვენა..." - რუსეთთან ომში პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტაც ჩაერთო

წამები კატასტროფამდე: როგორ ააცილეს ახალი 11 სექტემბერი ისრაელს დაჭრილმა პილოტმა, სანტექნიკოსმა და შოთა ექიმმა?!

რუსეთსა და უკრაინას, მეხუთე წელია, მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომი შავ ზღვაშიც გადმოაქვთ, ამჯერად ერთმანეთისთვის რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური სახის ზიანის მისაყენებლად, ამ „გამოფიტვის ომში“, მაგრამ ამით ძალიან ზარალდება შავი ზღვისპირა სხვა ქვეყნების და მათ შორის ჩვენი საქართველოს სავაჭრო ინტერესებიც...