როგორი სცენარით განვითარდება ამერიკა-ირანის დაპირისპირება და რა ელის ნავთობის ფასს?! - Financial Times - კვირის პალიტრა

როგორი სცენარით განვითარდება ამერიკა-ირანის დაპირისპირება და რა ელის ნავთობის ფასს?! - Financial Times

ბრიტანული გაზეთის - „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 9 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რამდენ ხანს შეუძლია მსოფლიოს ირანთან ომის შედეგად გამოწვეული შოკის ატანა? ჯერჯერობით, ნავთობის მიწოდების შემცირების გამო გაჩენილი მსოფლიოს ეკონომიკის პრობლემები მართვადია“ (ავტორი - მარტინ ვულფი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ირანის ომის შედეგების გავლენა მსოფლიოს ეკონომიკაზე და პროგნოზირებულია პოლიტიკური სიტუაციის განვითარება აშშ-ში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ომი, რომლის მიზანს ირანის რეჟიმის სწრაფი დამხობა წარმოადგენდა, უკვე მერვე თვეა, გრძელდება და ბოლო არ უჩანს. რა შეიძლება კიდევ მოხდეს? წინასწარი პროგნოზი ზოგადი ხასიათისაა: მხარეებს ყოველთვის შეუძლიათ რაღაც ისეთი დიდი „სისულელე“ ჩაიდინონ ან რაიმე ისეთი „მოხერხებულობა“ გამოავლინონ, რომელიც ომის მიმდინარეობას შეცვლის. ამ მხრივ აშშ-სა და ირანს შორის ჯერჯერობით ფრე ფიქსირდება. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა?

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის - ჯონ მირშაიმერის თქმით, ირანთან ომი „აშშ-ის ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომაა, დღემდე დაშვებულ შეცდომებს შორის“. აშშ ომში ჩაება ცრუ რწმენის საფუძველზე, რომ თითქოსდა ირანი ბირთვული იარაღის შექმნის ზღურბლზე იმყოფება. ვაშინგტონი ფიქრობდა, რომ ირანის მმართველი რეჟიმის დამხობა მხოლოდ ავიადარტყმების შედეგადაც შეიძლება, რაც დიდი თავისმოტყუება გამოდგა. პენტაგონს და თეთრ სახლს არავითარი გეგმა არ ჰქონდათ იმ შემთხვევისათვის, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავდა. აშშ-მა ვერ მიაღწია ვერც ერთს, თავისი ოთხი მთავარი მიზნიდან: ირანის რეჟიმის შეცვლას, ბირთვული კვლევების შეჩერებას, შორი მოქმედების რაკეტების განადგურებას და ირანის მხარდაჭერის შეწყვეტას იემენელი ჰუსიტებისა და „ჰამას-ჰეზბოლასადმი“. სრუტის დახურვამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საერთაშორისო ეკონომიკას და უფრო მეტი ზარალის გამოწვევა შეუძლია, თუ სრუტე არ გაიხსნება. გარდა ამისა, ომის შედეგად დაზიანდა აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო-ეკონომიკური ინფრასტრუქტურა სპარსეთის ყურეში - ბაზები, ენერგოობიექტები, კომუნიკაციები. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ მართლაც დიდი სისულელის შედეგებისა, რომელიც თეთრმა სახლმა ჩაიდინა და რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ერთ-ერთ მთავარ ბრალდებას წარმოადგენს.

დიახ, ბრიყვული გადაწყვეტილების შედეგები ძალიან შთამბეჭდავია - ისეთი, რომ მისი სრული სახით წარმოდგენა შეუძლებელია. თუმცა არსებობს კონტრარგუმენტი: დიახ, ომი შეიძლება სტრატეგიულ შეცდომად ჩაითვალოს, მაგრამ მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზიანი მაინც საოცრად მოკრძალებული აღმოჩნდა. დღეს რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ „საწვავი დეფიციტი გახდა, ფასებმა მოიმატა, ეკონომიკა ბუქსაობსო“, ყველას ავიწყდება, რომ თავდაპირველად კატასტროფული პროგნოზები არსებობდა - მსოფლიოში ერთი ბარელი ნავთობის ფასს 200 დოლარამდეც კი წინასწარმეტყველებდნენ, ასევე, ლაპარაკობდნენ მოსალოდნელ მასობრივ ინფლაციაზე და გლობალურ რეცესიაზე. ამის ნაცვლად, მიმდინარე წელს ნავთობის მაქსიმალური ფასი მხოლოდ 126 დოლარი დაფიქსირდა.

განა ასეთი რამ შეიძლება? გავიხსენოთ, რას აცხადებდა მარტში ფათიჰ ბიროლი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი, ერთ-ერთი კომპეტენტური ექსპერტ-სპეციალისტი ენერგეტიკის სფეროში: „ეს ომი გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი განხორციელებულ უდიდეს ისტორიულ დარტყმას ნიშნავს“.

როგორც იოჰანეს ურპოლაინენი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი და ენერგეტიკის მკვლევარი აღნიშნავს, „ასე იმიტომ მოხდა, რომ ჯერ ერთი, მსოფლიო ეკონომიკა ნავთობზე ძველებურად დამოკიდებული აღარ არის. მეორე - მიწოდების „ჯაჭვი“ საკმაოდ მდგრადი და ადაპტირებული აღმოჩნდა. მესამე - ახლო აღმოსავლეთის მიღმა არსებულმა ნავთობის მომპოვებლებმა ოპერატიულად იმოქმედეს და მეტი ნავთობისა და გაზის ამოღება დაიწყეს. მეოთხე - მსოფლიოს ქვეყნებს საკმაოდ ბევრი ნავთობის რეზერვი ჰქონდათ შენახული და მისი დახარჯვა დაიწყეს“.

თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ მოვიხმართ არა ნედლ ნავთობს, არამედ მისგან წარმოებულ პროდუქტებს. სპარსეთის ყურის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დიდი ზიანი მიადგათ. მსოფლიოში გაჩნდა ბენზინისა და დიზელის საწვავის დეფიციტი... და ეს აშშ-შიც გავლენას ახდენს, თანაც შუალედური არჩევნების მოახლოების ჟამს.

ასევე დაგაინტერესებთ: დაიწყება თუ არა რუსეთში შავი ჭირის ეპიდემია?!

რატომ დაემორჩილა საფრანგეთი აზერბაიჯანის ზეწოლას?! - Financial Times

აპოკალიფსური პროგნოზი პუტინისთვის ანუ დაიშლება თუ არა რუსეთი?! - "რუსეთის პრეზიდენტი ბრეჟნევის შეცდომას იმეორებს"

საგანგაშო პროგნოზი: ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის წინააღმდეგ აჯანყებისთვის ემზადება?! - The Guardian

უპროგნოზო პოლიტიკოსების ერთ-ერთი თავისებურება (შეიძლება მას უპირატესობაც ვუწოდოთ) ისაა, რომ მათ დაწყებული საქმის გაგრძელება, ადრე თუ გვიან, „მოსწყინდებათ“ და მის დასრულებას გამარჯვებად მონათლავენ. თუმცა დონალდ ტრამპისთვისაც კი ძნელი იქნება, რომ ირანთან ომი თავის უდიდეს ტრიუმფად წარმოაჩინოს. ბოლოსდაბოლოს, როგორც ჯონ მირშაიმერი ამბობს, აშშ-ის პრეზიდენტმა ვერც ერთ თავის მიზანს ვერ მიაღწია.

დიახ, ირანი კარგად არის „ნაცემი“, მაგრამ მისი საშინელი რეჟიმი და გავლენა სპარსეთის ყურეში [და არა მარტო იქ, არამედ იემენელ ჰუსიტებშიც...) მაინც საკმაოდ მაღალია. დონალდ ტრამპს, რა თქმა უნდა, ცდუნება ექნება, გამოაცხადოს გამარჯვება და ქვეყნის მართვა ძველებურად გააგრძელოს. არ არის გამორიცხული, რომ ომი „ხმამაღალი ჯახუნით კი არა, ხმადაბალი კვნესით დასრულდეს“ - ამერიკელი ხალხი შეიძლება აღფრთოვანებულიც კი დარჩეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო