კრემლმა ერთხელ უკვე დამალა ციმბირის წყლულის „გამოქცევა“ საიდუმლო ლაბორატორიიდან
ოქტომბრის დამდეგს რუსეთის ირკუტსკის "შავი ჭირის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომელი, 28 წლის დარია შეპილოვა, მწვავე პნევმონიის სიმპტომებით გარდაიცვალა. ვინაიდან ის მუშაობდა დაწესებულებაში, სადაც საშიშ პათოგენებს სწავლობენ, გაჩნდა ეჭვი ფილტვის "შავი ჭირით" ინფიცირების შესახებ. უსაფრთხოების მიზნით რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დააწესა საკარანტინო შეზღუდვები, რის შედეგადაც 200-მდე კაცს, ვისაც გარდაცვლილთან კონტაქტი ჰქონდა, ექიმების მეთვალყურეობა დაუწესდა. რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ გარდაცვლილისა და მასთან კონტაქტში მყოფი პირების ბიოლოგიურ ნიმუშებში საშიში პათოგენები (მათ შორის "შავი ჭირი)" არ აღმოჩენილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთს მეტი გამჭვირვალობისა და ზუსტი ეპიდემიოლოგიური მონაცემების გაზიარებისკენ მოუწოდეს. კრემლი ცდილობს დამალოს, თუ რა დონის საფრთხეს შეიძლება მოიცავდეს ირკუტსკის "შავი ჭირის" სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მომხდარი ეს საშიში ინციდენტი, რითაც პუტინის რეჟიმი ემსგავსება ბრეჟნევის ხელისუფლებას, რომელიც ასევე ცდილობდა სვერდლოვსკში ციმბირული წყლულის საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიიდან "გაქცევისა" და მოსახლეობის მასობრივად დაღუპვის ფაქტების მიჩქმალვას.
1979 წლის აპრილის დამდეგს "სვერდლოვსკ 19"-ის საიდუმლო სამხედრო-ბიოლოგიური ლაბორატორიიდან გაჟონილმა ციმბირის წყლულის მოდიფიცირებულმა ბაქტერიებმა ჰაერწვეთოვანი გზით დააავადა და იმსხვერპლა 100-ზე მეტი კაცი. მათი უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ ეს იყო ბიოლოგიური იარაღის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ფრონტის ხაზზე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის (ანუ სწორედ ახალგაზრდა მამაკაცების) გასანადგურებლად შეიქმნა.
მაშინ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ კა-გე-ბეს საშუალებით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ციმბირის წყლული ბაზარში ნაყიდმა შეუმოწმებელმა საქონლის ხორცმა გამოიწვია, არადა, ამ ხორცით მომზადებულ კერძებს ოჯახში ყველა ერთ მაგიდასთან მიირთმევდა, თუმცა რატომღაც მხოლოდ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცები იღუპებოდნენ, დიასახლისებს, მოხუცებსა და ბავშვებს არაფერი ემართებოდათ. ციმბირის წყლულის ბაქტერიები აღმოჩნდა სადარბაზოებში, კიბეების მოაჯირებსა და საფეხურებზეც, რაც გამორიცხული იყო, თუკი ციმბირის წყლული ხორცისგან გაჩნდა, თანაც დაავადებულთა კანზე ამ საშიში ინფექციისთვის დამახასიათებელი წყლულები არ აღმოჩნდა.
ყველა ფაქტი მიუთითებდა, რომ ქალაქ სვერდლოვსკის (დღევანდელი ეკატერინბურგი) ერთ-ერთ რაიონში მოსახლეობის, ძირითადად, ჯან-ღონით სავსე მამაკაცების ორიოდე დღეში სიკვდილი გამოიწვია ციმბირის წყლულის მოდიფიცირებულმა ბაქტერიამ, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელდა. ქალაქის მოსახლეობამ არ იცოდა, რომ ერთ-ერთ გარეუბანში "სვერდლოვსკ 19"-ის დაშიფრული სახელით არსებობდა დახურული სამხედრო ქალაქი, რომლის მიწისქვეშა ბიოლოგიურ ლაბორატორიებში საბრძოლო ბაქტერიებისა და ვირუსების შემცველ საავიაციო ბომბებსა და სარაკეტო ქობინებს ამზადებდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ამ მიწისქვეშა ლაბორატორიაში ბიოლოგიურ საბრძოლო საჭურველთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა და იმის გამო, რომ გამწოვი მოწყობილობის ფილტრი დაზიანებული იყო და შესაკეთებლად მოხსნილი, ციმბირის წყლულის ბაქტერიების შემცველი აეროზოლი ატმოსფეროში "გაიქცა"... დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა არ გაზრდილა, რადგან ციმბირის წყლულის საბრძოლო ბაქტერიები ადამიანისგან ადამიანს არ გადაეცემოდა და დაზარალდნენ მხოლოდ ისინი, ვინც ეს ბაქტერიები ჩაისუნთქა.
ეს გარემოებაც შეიძლება ამყარებდეს ვერსიას, რომ ციმბირის წყლულის მოდიფიცირებული შტამები სწორედ საბრძოლო მიზნით იყო გამოყენებული _ მოწინააღმდეგის პოზიციებთან აფეთქებული საბჭოთა ბიოლოგიური ომის ჭურვები აეროზოლის სახით გაფანტავდა ციმბირის წყლულის ბაქტერიებს და ბრძოლის უნარს დაუკარგავდა (ან დახოცავდა) მოწინააღმდეგის მამაკაც მებრძოლებს, თანაც ისე, რომ შეტევაზე გადასულ საბჭოთა არმიის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს ამ პოზიციების აღების შემდეგ ციმბირის წყლული არ დაემართებოდათ.
დახურულ ქალაქ "სვერდლოვსკ 19"-ის გვერდით იყო რამდენიმე სამხედრო ნაწილი და მსჯავრდადებულთა კოლონია. იმ დროს სამშენებლო ბატალიონის ჯარისკაცებსა და პატიმრებს იყენებდნენ სადეზინფექციო სამუშაოებისთვის, ნიადაგის ზედა ფენის მოჭრისთვის და ასფალტის დასაგებად. მათ ჯანმრთელობაზე მაინცდამაინც არავინ ზრუნავდა და, ალბათ, გარდაცვლილთა შორის ბევრი მსჯავრდადებულიც იქნებოდა, თუმცა მათ, როგორც ციმბირის წყლულით დაღუპულებს, არავინ აღრიცხავდა.
ამ საშიშმა ბიოლოგიურმა ინციდენტმა მთელი მსოფლიო შეაშფოთა, მაგრამ კრემლი უცხოელ სპეციალისტებს არწმუნებდა, რომ დამნაშავე მხოლოდ ციმბირის წყლულით დასნებოვნებული ხორცი იყო.
საბჭოთა კავშირი ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და წარმოებას ბირთვულ იარაღზე უფრო ასაიდუმლოებდა, რადგან ჯერ კიდევ 1972 წელს მიიღეს საერთაშორისო კონვენცია ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ, რომელსაც მოსკოვმაც მოაწერა ხელი. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლამდე სხვადასხვა ტიპის ბირთვული იარაღის შესაქმნელად ლაბორატორიული კვლევები აქტიურად მიმდინარეობდა არაერთგან, მათ შორის საქართველოშიც.
საბჭოთა პერიოდში ტაბახმელაში მუშაობდა ბიოლოგიური კომბინატი, რომელიც ვაქცინებს აწარმოებდა, მაგრამ საიდუმლო გეგმის მიხედვით, 24 საათში შეეძლო გადაეწყო სამუშაო პროცესი და ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების გამოშვება დაეწყო.
ასევე დაგაინტერესებთ: სამგზავრო "ბოინგით" ახალი "11 სექტემბრის“ გამეორებას ისრაელი ბეწვზე გადაურჩა
სოხუმის დაცემისას ნანატრი - ასე იქნებ მოსკოვიც დაიბომბოსო, სრულდება
ბიოლოგიური იარაღის სახეობები და გამოყენების მეთოდები
მასობრივი განადგურების ბიოლოგიურ იარაღად შეიძლება ზოგიერთი პათოგენური მიკროორგანიზმის, ვირუსების, ბაქტერიული ტოქსინების, მათ შორის ადამიანისთვის სასიკვდილოდ საშიში ციმბირის წყლულის, დიზენტერიის, "შავი ჭირის", დროებით მწყობრიდან გამომყვანი ქოლერის, ბრუცელოზის, დიფტერიის, ტულარემიისა და სხვათა გამოყენება.
ნებისმიერი სახის იარაღს გარკვეულ მანძილზე გადატანა სჭირდება, რათა შეიძლებოდეს მისი მოწინააღმდეგესთან მიახლოება. ამ მხრივ გამონაკლისი არც ბიოლოგიური იარაღია და მოწინააღმდეგისთვის მისი "საჩუქრად" გაგზავნა შესაძლებელია საავიაციო ბომბებისა და კასეტების, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების საბრძოლო ქობინების სახით, თუმცა ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეიძლება არატრადიციული მეთოდითაც _ ფოსტით გაგზავნილი კონვერტით, რომელშიც, მაგალითად, ციმბირის წყლულის სპორების ჩხირებია "ჩატვირთული". კონვერტის გამხსნელი და მის ახლოს მყოფნი, დიდი ალბათობით, მაშინვე ამ საშიში ბაქტერიით დაავადდებიან.
რატომ არის ძალზე საშიში ბიოლოგიური იარაღი
იმის გამო, რომ ბიოლოგიურ იარაღად გამოყენებულ ვირუსებსა და ბაქტერიების შტამებს ახასიათებს საინკუბაციო პერიოდი და, ამასთან, ვიზუალურად ან ყნოსვით თუ გემოთი ადამიანი მათ ვერ აღმოაჩენს, ძალიან ძნელია ოპერატიულად დადგინდეს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ფაქტი. ამისთვის სპეციალური ლაბორატორიული კვლევებია საჭირო. ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ერთგვარ მინიშნებად შეიძლება იქცეს იმ სპეციფიკური ბომბებისა თუ ჭურვების ფრაგმენტების აღმოჩენა, რომელთა საშუალებით ის მოწინააღმდეგემ გაავრცელა. საბრძოლო მოქმედებების რაიონში ან სულაც ღრმა ზურგში მღრღნელებისა და მწერების უეცარი მომრავლება, მით უმეტეს, ზამთარში რწყილების გამოჩენა ასევე დაფიქრების საფუძველი უნდა გახდეს... ბიოლოგიური იარაღის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მასში შეიძლება სხვადასხვა ვირუსი და ბაქტერიების სპორები იყოს გამოყენებული, თუმცა მისი შემქმნელები თავს მაინც იზღვევენ და ისეთ შტამებს ათავსებენ, რომლებიც ადამიანიდან ადამიანს არ გადაედება, რადგან თავიანთი ჯარისკაცების უსაფრთხოებაზეც ზრუნავენ.
აკრძალულია თუ არა ბიოლოგიური იარაღის წარმოება და გამოყენება
1972 წელს ხელი მოეწერა "ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შექმნის, წარმოების, მარაგის შექმნისა და მათი განადგურების" საერთაშორისო კონვენციას. დღეს ამ კონვენციას ცნობს მსოფლიოს 182 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, მაგრამ, მაგალითად, ისრაელი მას რატომღაც დღემდე არ აწერს ხელს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ამ კონვენციის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი იყო, ერთი წლის შემდეგ, 1973 წელს, შექმნა სამეცნიერო საწარმო "ბიოპრეპარატი", სადაც 1992 წლამდე 50-ზე მეტი სახეობის ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებს: ციმბირის წყლულის, ებოლას, ტიფის, "შავი ჭირისა" თუ ჩუტყვავილას სპორებს მასობრივად აწარმოებდნენ და გადამტან საშუალებებში, საავიაციო ბომბებსა და რაკეტის ქობინებში ათავსებდნენ საბრძოლო გამოყენებისთვის.