უკრაინაში ომის შეწყვეტას რუსეთისგან საქართველოც მოითხოვს, აზერბაიჯანი და სომხეთი კი რატომღაც დუმან...
რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი და გახანგრძლივებული ომი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ამ ორი მეზობელი ქვეყნის საზღვრებს და ის ჰიბრიდულად გავრცელდა ევროპაშიც და, საზოგადოდ, მსოფლიოში. "პუტინ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტე საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში!" - ასეთი კატეგორიული განცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის ხელისუფლებამ.
საგულისხმოა, რომ ამ 50-ზე მეტი ქვეყნის ჩამონათვალში, ვინც უკრაინაში აგრესორი რუსეთისგან ომის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელმოწერაცაა, რაც მისასალმებელია იმის გათვალისწინებით, თუ ბოლო წლებში როგორი არცთუ სახარბიელო დიპლომატია მოქმედებს ოფიციალურ კიევსა და თბილისს შორის.
სამაგიეროდ, გაკვირვებასა და კითხვის ნიშნებს აჩენს ის, რომ პუტინისგან უკრაინაში ომის შეჩერებაზე გაეროს 50-ზე მეტი ქვეყნის ხელმომწერებს შორის არ არის დასახელებული სომხეთი და აზერბაიჯანი.
თითქოს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ალიევთან თავიდანვე ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა აქვს, ხოლო ბოლოს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანსაც კი "ჩაეხუტა" ერევანში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ და რა მოხდა ისეთი, რომ ბაქო და ერევანი არ შეუერთდნენ ამ ძალზე საჭირო მოთხოვნას? დავიჯეროთ, ალიევსა და ფაშინიანს პუტინის გაღიზიანება არ სურთ? მაშინ რა თქვას საქართველომ, რომლის ტერიტორიის 20 %, ისევე როგორც უკრაინის, რუსეთს აქვს ოკუპირებული და არსად გამქრალა რუსული სამხედრო აგრესიის გაგრძელების საფრთხე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე?
ბოლო დღეებში რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა უფრო დაიძაბა, ფაშინიანმა საკმაოდ უდიერად "მოიკითხა" დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანო და იქ დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რუსეთმა კი თავად გარიცხა სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან. სომხეთ-რუსეთს შორის ამჟამინდელი რთული პოლიტიკური პროცესები ძალზე წააგავს 2004-2008 წლების საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობის პერიოდს, რაც საბოლოოდ რუსეთის არმიის შემოჭრითა და აგვისტოს ომით დასრულდა საქართველოსთვის.
სომხეთთან რუსეთს საერთო სახმელეთო საზღვარი არა აქვს, თუმცა თავად ამ ქვეყნის ტერიტორიაზეა განთავსებული გიუმრის სამხედრო ბაზა, 4 ათასამდე სამხედროთი და ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო რაზმები ათასამდე მესაზღვრით, რაც უკვე მნიშვნელოვანი პლაცდარმია, თუკი პუტინი კრემლში მორიგ "საზიზღრობას" ჩაიფიქრებს სომხეთის წინააღმდეგ. ყოველივე ამის ფონზე შეიძლება ფაშინიანს არ სურდა პუტინის კიდევ უფრო "გადამტერება", მაგრამ რატომ შეიკავა თავი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა, რომელმაც მაშინაც კი არ დაიხია უკან, როდესაც რუსმა მეზენიტეებმა გროზნოს თავზე რაკეტებით შეცდომით დააზიანეს აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა ყაზახეთის ტერიტორიაზე განიცადა და მის ბორტზე მყოფი ათობით ადამიანი დაიღუპა.
რუსეთი ტრადიციულად არ აპირებდა აღიარებას, რომ მორიგი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო (ისე, როგორც ჩამოაგდო ქართული სამგზავრო თვითმფრინავები 1993 წლის სექტემბერში, აფხაზეთის ომის ბოლოს, რასაც დღემდე უარყოფს), მაგრამ სწორედ ალიევის მტკიცე პოზიციის შემდეგ პუტინი იძულებული შეიქნა, ეს სახალხოდ ეღიარებინა.
საინტერესოა, რა რეაქცია ექნება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის იმაზე, რომ არც ალიევის აზერბაიჯანი და არც ფაშინიანის სომხეთი არ შეუერთდნენ მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მთავრობების ოფიციალურ და კატეგორიულ მოთხოვნას, რომ აგრესორმა რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი მისი ქვეყნის წინააღმდეგ.
რაც შეეხება იმას, რომ ხელი ამ პეტიციას არც აშშ-მ მოაწერა, ეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისგან გასაკვირი უკვე აღარ არის - იმ "საოცრებების" მოხდენა, რაც ტრამპს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს არ დასცალდა, ის მეორე ვადაში "დაჩქარებული" ტემპით ინაზღაურებს და 3 ნოემბერს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამოჩნდება... მიაღწევს თუ არა მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ჩათავებამდე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი.
დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის სხდომამდე გამოქვეყნდა. ხელმომწერებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსეთის მიერ უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე გამუდმებული დარტყმების გამო ღრმა შეშფოთება გამოხატეს.
"რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ: სოხუმის დაცემისას ნანატრი - ასე იქნებ მოსკოვიც დაიბომბოსო, სრულდება
ვინ რამდენი "განკითხვის დღის იარაღი" გაამზადა აპოკალიფსისთვის?!
განცხადებას მხარი დაუჭირეს: უკრაინამ, ალბანეთმა, ანდორამ, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, კანადამ, კოსტა-რიკამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ჰონდურასმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, ისრაელმა, იტალიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიხტენშტაინმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მალტამ, მონაკომ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, კორეის რესპუბლიკამ, მოლდოვის რესპუბლიკამ, რუმინეთმა, სან-მარინომ, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და საქართველომ.
გაეროს წევრი ქვეყნების ერთი ნაწილის ეს ერთობლივი განცხადება, რა თქმა უნდა, ვერ შეაშინებს პუტინს და ვერც კრემლს გამოაყვანინებს უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალებს, მაგრამ ასეთი ერთსულოვნება მაინც აუცილებელია იმის მერამდენედ საქვეყნოდ ოფიციალურად დასადასტურებლად, თუ ვინ არის აგრესორი ქვეყანა.