სოხუმის დაცემისას ნანატრი - ასე იქნებ მოსკოვიც დაიბომბოსო, სრულდება - კვირის პალიტრა

სოხუმის დაცემისას ნანატრი - ასე იქნებ მოსკოვიც დაიბომბოსო, სრულდება

33 წელი გავიდა იმ ურთულესი დღეებიდან, როდესაც თავჩაქინდრულები ფეხით დავადექით აფხაზეთის სვანეთისკენ მიმავალ გზას და მერხეულიდან სოხუმს ბოლოჯერ გადავხედეთ. სოხუმის ქუჩებიდან ბოლი ამოდიოდა, იწვოდა, სადღაც მაღლა კი, ცაში, გუდაუთიდან აფრენილი რუსული სუ-27 გამარჯვების თეთრ რკალს კრავდა დაცემული სოხუმის თავზე. და აი, მაშინ გავიფიქრეთ - ნეტავ ოდესმე დადგება ისეთი დღე, რომ რაც აფხაზეთში საქართველოს რუსეთმა დამართა, უკან მიუბრუნდეს და ჩვენც გვენახოს დამწვარი მოსკოვიდან ამოსული შავი კვამლი-მეთქი. მაგრამ მაშინ ამ ნატვრის თავად არ გვჯეროდა და თავჩაქინდრული, წაგებულნი ფეხით მივუყვებოდით კოდორის ხეობისკენ გზას.

თუმცა, როგორც იტყვიან, თაგვმა თხარა, თხარაო და, კატა გამოთხარაო! ასე მოუვიდა რუსეთს თავის პრეზიდენტ-მეფეებთან ერთად, კოკამ წყალი ყოველთვის არ მოიტანა და იმან, რაც კრემლს გამოუვიდა საქართველოსა და ჩეჩნეთში, ბოლოს ფეხი წაატეხვინა უკრაინასთან.

"აბოლებული" მოსკოვის ნახვა ახლა ფანტასტიკა აღარ არის, ის თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა უკრაინული კამიკაძე-დრონების ყოველი მორიგი მასირებული საჰაერო შეტევის შემდეგ, როდესაც მოსკოვის გარეუბნებში მერამდენედ აგიზგიზებული ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა თუ ნავთობრეზერვუარები შავი კვამლით ფარავენ მოსკოვის ცას, რაც კარგად ჩანს იმ კრემლის ფანჯრებიდან, რომლის უკან ყველა დაპყრობითი ომის წამომწყებები ისხდნენ და ახლაც სხედან.

მოსკოვის "აბოლება" მაშინ ნახეთ, როდესაც უკრაინელები ახალ ბალისტიკურ რაკეტებს "მოაჭკვიანებენ" და მოსკოველებს "სიურპრიზებად" გაუგზავნიან - მათი ჩამოგდება მოსკოვის უძლიერეს საჰაერო თავდაცვას უკვე ისე ადვილად აღარ შეეძლება, როგორც დღეს პანტაპუნტით ყრის მოტოციკლეტისძრავიან უკრაინულ დრონებს. და იქნებ მაშინ მაინც მიხვდნენ მოსკოველები და სხვა ათეულობით მილიონი რუსეთის მოქალაქე, რომ მათი ქვეყნის ხელისუფალთა მიერ სხვა ქვეყნებში ჩატანილი სისხლის ღვრა, ტანჯვა და წამება უკან მთელი ძალით უბრუნდება იმ რუსეთს, რომელსაც ისტორიულად არ შეუძლია მეზობლებთან მშვიდობიანად თანაცხოვრება და აუცილებლად სურს ახალი მიწების დაპყრობა, თითქოსდა თავისი აუთვისებელი ტრამალები და ტაიგა არ ჰყოფნიდეს.

გასულ კვირას უკრაინამ ომის ახალი რეკორდი მოხსნა რუსეთის დედაქალაქზე მასირებული და კომბინირებული საჰაერო შეტევის დროს - "საერთო ჯამში 1 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მოვიგერიეთ, აქედან 450 მოსკოვს უახლოვდებოდა", - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად კი 19-20 სექტემბრის ღამეს ჩამოგდებულ იქნა 1 100 უკრაინული თვითმფრინავის კონსტრუქციის დრონი.

მთლად არც მოსკოვის მერს და არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაეჯერება, მაგრამ ფაქტია, გასულ კვირას უკრაინას "ძალზე მოუნდომებია" და მოსკოვზე მართლაც რეკორდული რაოდენობის კამიკაძე-დრონები მიუსევია.

მოსკოვზე საჰაერო დარტყმის უკრაინულ საშუალებებში პირველად გამოჩნდა "ფლამინგოს" ტიპის ფრთოსანი რაკეტაც, რომელიც მართალია ჩამოაგდეს, მაგრამ დრონების მასირებული შეტევებით გადატვირთულ მოსკოვის უძლიერეს საჰაერო თავდაცვის ოთხ ზონას, ადრე თუ გვიან, მაინც გაეპარება სხვა უკრაინული "ფლამინგოები", რის შემდეგაც რუსეთის დედაქალაქი ნელ-ნელა უკრაინის დედაქალაქს დაემსგავსება ნანგრევებით.

მანამდე კი უკრაინული მასირებული საჰაერო შეტევა, რომლისმაგვარი სტალინის დროინდელ მოსკოვსაც კი არ ახსოვს მეორე მსოფლიო ომის დროს, კონკრეტულ საბრძოლო შედეგს იძლევა. უკვე მერამდენედ აგიზგიზდა მოსკოვის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა კაპოტნაში, რომლიდანაც კრემლამდე მხოლოდ 16 კმ-ია, ცეცხლწაკიდებული ქარხნიდან ამოსული შავი კვამლი კარგად ჩანდა პუტინის კრემლის კაბინეტის ფანჯრიდანაც.

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ რამდენი "განკითხვის დღის იარაღი" გაამზადა აპოკალიფსისთვის?!

გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა-არგაყვანის მნიშვნელობა მოსკოვისთვის, ერევნისთვის და თბილისისთვისაც

ქობულეთელი საბჭოთა სპეციარაღის კონსტრუქტორი, რომელსაც საქართველოში ავტომატების წარმოების დაწყება სურდა

რამდენი ქართველი იბრძვის რუსეთის მხარეს და წარმოადგენთ თუ არა სინამდვილეში საფრთხეს ოთარ ფარცხალაძის ბატალიონი "გეორგიევსკი"?! - მამუკა მამულაშვილის ანალიზი

მოსკოვის ოლქში უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ასევე ააფეთქეს სოფინოს დიდი საწყობები, სადაც ხანძარს ორი დღე ვერ აქრობდნენ. ასევე მოსკოვის ოლქის ძერჟინსკის რაიონში უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა იერიში მიიტანეს თბოელექტროსადგურზე, რომელიც ელექტროენერგიითა და ცხელი წყლით ამარაგებს მოსკოვის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს.

გარდა ამისა, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი მოსკოვის მიმდებარედ და თავად დედაქალაქშიც მას შემდეგ, რაც რუსული მეზენიტეების ჩამოგდებული უკრაინული კამიკაძე-დრონები ამ კორპუსებს დაეცა და დეტონაცია განიცადა მათმა საბრძოლო ქობინებმა.

ყველაზე მასშტაბურ უკრაინულ საჰაერო შეტევას მოსკოვის მიმართულებით კიდევ ერთი გვერდითი მოვლენაც მოჰყვა - მოსკოვის საჰაერო ზონაში განთავსებულმა საერთაშორისო აეროპორტებმა ფუნქციონირება რამდენიმე საათით შეწყვიტეს.

საინტერესოა, რომ როდესაც უკრაინამ ათასზე ბევრად მეტი კამიკაძე-დრონი "დაუპატიჟებლად" გააფრინა რუსეთის ცისკენ, თავად რუსეთმა ათჯერ(!) ნაკლები ძალით შეუტია უკრაინას - უკრაინის საჰაერო ძალების განცხადების თანახმად, 20 სექტემბრის ღამეს დააფიქსირეს 138 რუსული დრონი, რომელთაგან 101 ჩამოაგდეს.

კიევის დაუნდობლად დაბომბვას უკრაინელები მოსკოვს არ შეარჩენენ და აგრესორი რუსეთის დედაქალაქის "აბოლებას" სისტემატურად გააგრძელებენ, რითაც 33 წლის წინ დაცემული და ცეცხლწაკიდებული სოხუმის ჯავრსაც ამოიყრიან.