ცუდი ამბავი კიევისთვის: "ესპანეთი და საბერძნეთი უარს აცხადებენ უკრაინისათვის „პეტრიოტის“ რაკეტების გადაცემაზე, რომლებიც კიევს თავის გადასარჩენად ჭირდე - კვირის პალიტრა

ცუდი ამბავი კიევისთვის: "ესპანეთი და საბერძნეთი უარს აცხადებენ უკრაინისათვის „პეტრიოტის“ რაკეტების გადაცემაზე, რომლებიც კიევს თავის გადასარჩენად სჭირდება" - The Daily Telegraph

„ესპანეთი და საბერძნეთი უარს აცხადებენ უკრაინისათვის „პეტრიოტის“ რაკეტების მიცემაზე, რომლებიც კიევს თავის გადასარჩენად სჭირდება“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი ჯო ბარნსი წერს, რომ მადრიდი და ათენი არ ჩქარობენ, კიევს რაკეტების თავიანთი მარაგი გაუყონ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მალე შენახვის ვადა გასდით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საბერძნეთს და ესპანეთს აქვთ ის, რაც უკრაინას გადასარჩენად ჰაერივით სჭირდება - ანტირაკეტები PAC-2 და PAC-3, რომლებსაც ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტი“ (Patriot) იყენებს, მოწინააღმდეგის საჰაერო შეტევების მოსაგერიებლად. ეს ორი ქვეყანა ანტირაკეტების ყველაზე დიდ მარაგს ფლობს, კიევი კი ნატოს ევედრება, დამატებით მიაწოდოს, რათა რუსეთის დარტყმებისაგან თავი დაიცვას. სავარაუდოდ, ზამთრის დასაწყისისათვის კრემლის შეტევები სულ უფრო მასობრივი გახდება და უკრაინას სურს, თავდაცვა გააძლიეროს.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ, რომ რუსეთს დაგეგმილი აქვს, მწყობრიდან გამოიყვანოს უკრაინის ეროვნული ენერგოსისტემა, რის შედეგადაც ქალაქები უკუნეთში ჩაიძირებიან, მოსახლეობა კრიტიკულ სიტუაციაში ჩავარდება და მოახლოებული ზამთარი მათთვის მძიმე გამოცდა იქნება.

ვოლოდიმირ ზელენსკი არა ერთხელ მოუწოდებდა მოკავშირეებს, მიეწოდებინათ უკრაინისათვის მეტი რაოდენობის ანტირაკეტები (ანუ „რაკეტა-გზაგადამჭრელები“), რომლებიც დღეისათვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ყველაზე ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს. კიევში შიშობენ, რომ რუსეთის ჯარები კვლავ დაიწყებენ ელექტროქვესადგურების დაბომბვას, დააზიანებენ ჰესებს, თბოელექტროცენტრალებს და სამი მოქმედი ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურას.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის ზამთრის კამპანიის წინააღმდეგ არმიას „პეტრიოტის“ 300-360 ანტირაკეტა მაინც დასჭირდება. დღეისთვის მსოფლიოში PAC-2 და PAC-3-ის მიწოდებაში მწვავე დეფიციტია: რაკეტის მწარმოებელმა აშშ-მა თავისი რეზერვები ირანის ომს მიახარჯა, ნატოს ქვეყნები კი თავიანთ მარაგებს უფრთხილდებიან. ამჟამად ყველაზე მეტი რეზერვი აქვთ საბერძნეთს და ესპანეთს, შესაბამისად, უკრაინელ მაღალჩინოსნებს იმედი აქვთ, რომ ათენი და მადრიდი მათ რაღაც რაოდენობას გაუნაწილებენ.

ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები ცდილობენ, დაარწმუნონ ორივე ქვეყნის მთავრობა, რომ უკრაინას ანტირაკეტები გადასცენ - მით უმეტეს, რომ მათ უკვე მალე შენახვის ვადა გასდით.

არსებული მონაცემებით, საბერძნეთს თითქმის 200-მდე რაკეტა აქვს, რომლებიც 2003 წელს არის დამზადებული აშშ-ში (23-წლიანი შენახვის ვადით), თუმცა რამდენი აქვს ესპანეთს - ეს საიდუმლოა, არ მჟღავნდება. სხვათა შორის, გასულ თვეში ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მადრიდი კიევს მხოლოდ 5 რაკეტა-გადამჭრელს გამოუყოფს.

ცნობისათვის: PAC-2 და PAC-3 ანტირაკეტების ფასი საკმაოდ ძვირია - თითოეულის ღირებულება, დაახლოებით, 4 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, ანტირაკეტების დამზადება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცესია, რის გამოც შეკვეთიდან მზა პროდუქტის მიღებამდე 24-36 თვე (ანუ 2-დან 3 წლამდე) არის საჭირო.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში - კაია კალასმა ეს საკითხი გასულ თვეში დასვა, ირლანდიასთან მოლაპარაკების დროს: „ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ქვეყანას აქვს საკმაო რაოდენობის რაკეტა-გადამჭრელები და რომ მათ შენახვის ვადა უმთავრდებათ. ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ ანტირაკეტებს უკრაინას გადასცემენ“, - განაცხადა მან.

როგორც ერთ-ერთმა დიპლომატიურმა წყარომ „დეილი ტელეგრაფს“ შეატყობინა, საბერძნეთთან და ესპანეთთან მიმართებით საკითხი ასე დგას: „რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, რომ უკრაინის დასახმარებლად ნაბიჯი გადადგათ? რა გინდათ, რომ გავაკეთოთ?“.

„რასაკვირველია, გონივრული იქნებოდა, უკრაინისათვის ისეთი რაკეტები მაინც მიეცათ, რომლებსაც ვადა გასდით, [თუმცა, დიდი ალბათობით, საბრძოლო უნარი ჯერ კიდევ აქვთ შენარჩუნებული]“, - აღნიშნა წყარომ.

ისევე, როგორც სხვა ტიპის რაკეტებს, „პეტრიოტის“ რაკეტებსაც გამოყენების თავიანთი საქარხნო ვადა აქვთ, რომლის განმავლობაში მწარმოებელი კომპანიები („ლოქჰიდ მარტინი“ და „რეიტეანი“) მათი ბრძოლისუნარიანობის გარანტიას იძლევა.

სარაკეტო შეიარაღების სპეციალისტი ფაბიან ჰოფმანი, ოსლოს უნივერსიტეტიდან, განმარტავს: „მწარმოებელი გარანტიას იძლევა, რომ რაკეტის აგრეგატები და შემადგენელი დეტალები თავის დანიშნულებას დროის გარკვეულ პერიოდში შეასრულებენ. ვადის გასვლის შემდეგ რაკეტა განმეორებით უნდა შემოწმდეს (ანუ აუცილებელია მისი სერტიფიცირება)“.

განმეორებითი სერტიფიცირების პროცესში იმ დეტალებს და აგრეგატებს, რომლებსაც ვადა გასდით, მაგალითად, ელექტრობატარეებს და რეაქტიულ ძრავებს - ხსნიან და ცვლიან, ასევე, ამოწმებენ რაკეტის სხვა სისტემების მუშაობის უნარსაც.

რა თქმა უნდა, რაკეტებს შეუძლიათ ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება შენახვის ვადის გასვლის შემდეგაც. უბრალოდ, თუ ის თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებს (ვთქვათ, „პეტრიოტის“ დანადგარიდან ვერ იქნა გაშვებული ან გაშვების შემდეგ ჩამოვარდა და ა.შ.), მომხმარებელი მწარმოებელ კომპანიას პრეტენზიას ვერ წაუყენებს.

უკრაინა ბოლო დრომდე „პეტრიოტის“ რაკეტების 95%-ს ნატოს პროგრამით იღებდა - ალიანსის ევროპელი წევრები PAC-2-ებს და PAC-3-ებს აშშ-ისგან ყიდულობდნენ და შემდეგ უკრაინას აწვდიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: ევროპული ქვეყნების დაზვერვის საგანგაშო ინფორმაცია: რუსული "გრუ" ტოპმენეჯერებზე ნადირობას იწყებს?! - Financial Times

როგორი სცენარით განვითარდება ამერიკა-ირანის დაპირისპირება და რა ელის ნავთობის ფასს?! - Financial Times

დაიწყება თუ არა რუსეთში შავი ჭირის ეპიდემია?!

რატომ დაემორჩილა საფრანგეთი აზერბაიჯანის ზეწოლას?! - Financial Times

მაგრამ როგორც ზემოთ ითქვა, ირანთან ომმა ანტირაკეტების გლობალური დეფიციტი გამოიწვია, რომლის დროულად შევსება თვითონ მწარმოებელ ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი არ შეუძლია. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში, როგორც კი ირანთან ომი დაიწყო, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა პირველივე დღეებში "პეტრიოტის“ 800-მდე რაკეტა-გადამჭრელი დახარჯა. სწორედ მაშინ უკრაინის სამხედრო წამომადგენელმა განაცხადა, რომ ოთხი წლის განმავლობაში კიევმა PAC-2 და PAC-3-იდ ტიპის მხოლოდ 600 რაკეტა მიიღო.

როგორც გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსს“ ანონიმურმა წყაროებმა შეატყობინეს, პენტაგონს ამჟამად „პეტრიოტის“ რაკეტების უკიდურესად მცირე რეზერვიღა აქვს დარჩენილი - მხოლოდ 1700 ერთეული. შესაბამისად, გაჩნდა დიდი ეჭვი, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყებას უკრაინისათვის ამ რაკეტების მიწოდება მანამ აღარ შეუძლია, სანამ ირანთან ომი საბოლოოდ არ დასრულდება.

„დეილი ტელეგრაფის“ რედაქციამ საბერძნეთ-ესპანეთის თავდაცვის სამინისტროებს უკრაინისათვის რაკეტების სავარაუდო მიწოდების საკითხზე კომენტარი სთხოვა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო