საბედისწერო ქალი უკრაინისთვის: რა მოხდება, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი მარინ ლე პენი გახდება?! - კვირის პალიტრა

საბედისწერო ქალი უკრაინისთვის: რა მოხდება, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი მარინ ლე პენი გახდება?!

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) სათაურით: „დიდი ეჭვია, რომ საფრანგეთი აღარ გააგრძელებს უკრაინისადმი დახმარებას, თუ ქვეყნის პრეზიდენტი მარინ ლე პენი გახდება“, გამოქვეყნებულია ინტერვიუ ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერთან - მარინ ლე პენთან. ესაუბრებიან ჟურნალისტები რულა ხალაფი, ლეილა აბუდი და ბენ ჰოლი.

გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:

ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერმა მარინ ლე პენმა ეჭვი გამოხატა ჟურნალისტთა კითხვის პასუხად - გააგრძელებს თუ არა პარიზი უკრაინის დაფინანსებისადმი მხარდაჭერას ევროკავშირის თანხების მეშვეობით იმ შემთხვევაში, თუ იგი მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

ევროკავშირის 90-მილიარდიან ევროს კრედიტის ჩარჩოებში, რომელიც განკუთვნილია სამხედრო და საბიუჯეტო საჭიროებისათვის, 2027 წლისათვის დაგეგმილია 45 მილიარდი ევროს გამოყოფა. მაგრამ კითხვები იმაზე, თუ კიდევ რამდენ ხანს დაფინანსდება კიევი, ღიად რჩება: ევროკომისიის ჩინოვნიკთა შეფასებით, მომავალ წელს უკრაინას, დაახლოებით, 70 მილიარდი ევროს დამატებითი დაფინანსება დასჭირდება.

„ჩვენ უკრაინისთვის მეტის გაკეთება არ შეგვიძლია“

მარინ ლე პენი, რომელიც სტაბილურად ლიდერობს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, უკვე დაჰპირდა ამომრჩევლებს, რომ შეწყვეტს უკრაინისადმი დახმარებას, ზოგიერთი ოპერატიული მხარდაჭერისა და უკრაინის ჯარისკაცების მომზადების გარდა. ფრანგი ულტრამემარჯვენე ლიდერის განცხადებით, საფრანგეთი ფულის ასეთი ხარჯვის უფლებას საკუთარ თავს აღარ მისცემს. ასევე, მარინ ლე პენმა აღნიშნა, რომ თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, იგი უარს იტყვის უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის მხრიდანაც, თუ ასეთი დახმარება საფრანგეთის ფინანსების ხარჯვას გამოიწვევს.

„მე ვაპირებ ვოლოდიმირ ზელენსკის ღიად და პირდაპირ ვუთხრა, უფრო სწორად, გავაფრთხილო: „იცით რა, ჩვენ მეტის გაკეთებას ვეღარ შევძლებთ. ჩვენ უკვე მოგეცით კრედიტი 90 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელშიც საფრანგეთის წილი 18 მილიარდი ევროა. 18 მილიარდი ჩვენთვის ძალიან დიდი თანხაა“, - თქვა მარინ ლე პენმა.

ევროკავშირის 7-წლიანი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს სპეციალურ ინსტრუმენტს უკრაინის 100 მილიარდი ევროთი დაფინანსებაში, მაგრამ მარინ ლე პენს განზრახული აქვს, ჩაშალოს ნებისმიერი საფინანსო შეთანხმება და საფრანგეთის წვლილი ნახევრამდე შეამციროს.

უკრაინის ევროპული პერსპექტივა და რუსეთი

ინტერვიუში მარინ ლე პენმა ასევე აღნიშნა, რომ იგი წინააღმდეგია უკრაინის მიღებისა ევროკავშირის წევრად. მისი თქმით, უკრაინის მიღება ევროკავშირისათვის „ჰარაკირის ტოლფასი იქნება“, კონკრეტულად საფრანგეთისთვის კი უდიდესი ეკონომიკური დანაკარგების მომტანი.

მარინ ლე პენი დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის მიმართ სიმპათიით იყო განმსჭვალული, ხოლო მისმა პარტიამ - „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ერთხელ რუსული ბანკიდან კრედიტიც მიიღო. თუმცა, როცა რუსეთის არმიამ უკრაინის საზღვარი გადალახა და ქვეყანაში შეიჭრა, ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისათვის ფინანსურ მხარდაჭერას და სამხედრო დახმარებას, იმავდროულად, სასტიკად დაგმო „რუსეთის აგრესიული მოქმედება“.

კითხვაზე, ითვლება თუ არა რუსეთი ევროპის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად, მარინ ლე პენმა ასეთი პასუხი გასცა: „იცით, მე არ შემიძლია ბატონი პუტინის აზრების კითხვა და, შესაბამისად, არც მისი გეგმები ვიცი“.

ასევე დაგაინტერესებთ: ცუდი ამბავი კიევისთვის: "ესპანეთი და საბერძნეთი უარს აცხადებენ უკრაინისათვის „პეტრიოტის“ რაკეტების გადაცემაზე, რომლებიც კიევს თავის გადასარჩენად სჭირდება" - The Daily Telegraph

ევროპული ქვეყნების დაზვერვის საგანგაშო ინფორმაცია: რუსული "გრუ" ტოპმენეჯერებზე ნადირობას იწყებს?! - Financial Times

როგორი სცენარით განვითარდება ამერიკა-ირანის დაპირისპირება და რა ელის ნავთობის ფასს?! - Financial Times

დაიწყება თუ არა რუსეთში შავი ჭირის ეპიდემია?!

მოგვიანებით Financial Times-მა ინტერვიუ ჩამოართვა ლონდონში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებით, საბოლოო ჯამში, მოგებული დარჩება - რუსეთ-უკრაინის ომი ფრანგული სამხედრო კომპანიებისთვის, გამოცდილების თვალსაზრისით, სასარგებლო იქნება... „და თუ პარიზი უარს იტყვის კიევის დახმარებაზე, ამით თვითონ საფრანგეთიც დაზარალდება“.

ფრანგულმა ტელეარხმა CNews-მა მარინ ლე პენს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამისათვის. „თუ პრეზიდენტი ზელენსკის ჩემთან დისკუსია სურს, მე თვითონ სიამოვნებით ჩავალ უკრაინაში. მაგრამ მინდა გავიმეორო ის, რაც უკვე ვთქვი. "თუ საფრანგეთის პრეზიდენტად ამირჩევენ, უკრაინისადმი გარკვეულ დახმარებას გავაგრძელებთ, მაგრამ ჩვენ მეტი ფინანსური შესაძლებლობები აღარ გვაქვს“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო