პუტინის გეგმა ანუ როგორ "მოვტეხოთ" ზელენსკი: უკრაინის ბედს კრემლის ბინადარი, ტრამპი და სი ძინპინი გადაწყვეტენ?! - კვირის პალიტრა

პუტინის გეგმა ანუ როგორ "მოვტეხოთ" ზელენსკი: უკრაინის ბედს კრემლის ბინადარი, ტრამპი და სი ძინპინი გადაწყვეტენ?!

ამერიკულმა გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნალმა“ (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პუტინი ტრამპთან და სი ძინპინთან სამიტის გამართვის იდეას აჟღერებს უკრაინასთან დაკავშირებული შეთანხმების განსახილველად“ (ავტორები - ლინლიგ ვეი, ალექს ლირი, თომას გროვსი და ჯოშ დოუსი). „შეთავაზებულ მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის მონაწილეობა გათვალისწინებული არ არის. რუსეთის ლიდერი ცდილობს ომის დასრულებაზე ისეთი პირობებით მოილაპარაკოს, რომლებიც მოსკოვისთვის ხელსაყრელი იქნება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

როგორც ირკვევა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს, თავის ამერიკელ კოლეგას შესთავაზა შეხვედრა-მოლაპარაკება სი ძინპინთან ერთად უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაციაზე მსჯელობისათვის. შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს ერთი თვის შემდეგ, 18-19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (APEC) სამიტის ჩარჩოებში.

სანდო წყაროების თქმით, შეთავაზების მიზანია ოთხწლიანი კონფლიქტის შესაძლო შეწყვეტა, მაგრამ ისეთი პირობებით, რომლებიც მოსკოვისათვის მომგებიანია.

შეხვედრის გამართვის წინადადება ასახავს ვლადიმერ პუტინის სწრაფვას, ისარგებლოს დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დათბობით, მაგრამ თავის მხრივ იწვევს ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ევროპელი მოკავშირეების შეშფოთებას. ასეთი სამიტი - უკრაინელი ლიდერის მონაწილეობის გარეშე - უპრეცედენტო მოვლენა იქნებოდა და პანიკაში ჩააგდებდა ევროპული დედაქალაქების პოლიტიკოსებს.

კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ „მსგავსი შეხვედრის შესახებ მსჯელობა ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა ჯერ-ჯერობით ბევრი რამ მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი. ამასთან ყველა - სამივე მხარე - აღიარებს, რომ ასეთი სამიტის ჰიპოთეტური შესაძლებლობა არსებობს“.

ჯერ-ჯერობით დონალდ ტრამპს სამიტში მონაწილეობაზე პრინციპული თანხმობა არ გამოუხატავს, მაგრამ როგორც თეთრი სახლის მაღალჩინოსნები ამბობენ, აშშ-ის პრეზიდენტი თავისი რუსი კოლეგის წინადადებას შეიძლება დადებითად მოეკიდოს - დონალდ ტრამპი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტას, თავისი მეორე პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან.

ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთის ტერიტორიაზე შესაძლო სამმხრივი დიალოგი სი ძინპინის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა პეკინის საერთაშორისო როლისა და ავტორიტეტის - როგორც გავლენიანი დიპლომატიური ძალის - განსამტკიცებლად. რუსულმა მხარემ ჩინეთს შეხვედრის წინადადება დიპლომატიური არხებით შეატყობინა, პეკინმა კი მიანიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ დონალდ ტრამპიც მიიღებს სამიტში მონაწილეობასო.

დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინათ ვლადიმერ პუტინთან დიზელის საწვავის შესყიდვის გარიგება გააფორმა იმ იმედით, რომ აშშ-ში, კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, საწვავზე ფასები შემცირდება. როგორც ცნობილია, დიზელზე გაძვირებულმა ღირებულებამ აშშ-ის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა და არჩევნებში რესპუბლიკელების პერსპექტივა გააუარესა. რუსეთთან სავაჭრო ბარიერების მოსახსნელად (ანუ დიზელის საწვავის შესყიდვის გასაიოლებლად) გასულ ხუთშაბათს დონალდ ტრამპმა ასევე შეაჩერა ანტირუსული სანქციების მოქმედება, რომლებსაც „ლინდსი გრემის კანონი“ ითვალისწინებდა, კონგრესის ორპარტიული გადაწყვეტილების თანახმად. პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა კრიტიკა გამოიწვია როგორც თავისივე თანაპარტიელებისაგან, ასევე ზოგიერთ ევროპელ მოკავშირისაგან.

თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განმარტებით, პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ვერ ხედავს დიზელის საწვავზე ფასების დაკლების სხვა გამოსავალს.

ასევე დაგაინტერესებთ: ზელენსკის დილემა: შეძლებს თუ არა კიევი ომის გასაგრძელებლად ფულის შოვნას?!

საბედისწერო ქალი უკრაინისთვის: რა მოხდება, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი მარინ ლე პენი გახდება?!

ცუდი ამბავი კიევისთვის: "ესპანეთი და საბერძნეთი უარს აცხადებენ უკრაინისათვის „პეტრიოტის“ რაკეტების გადაცემაზე, რომლებიც კიევს თავის გადასარჩენად სჭირდება" - The Daily Telegraph

ევროპული ქვეყნების დაზვერვის საგანგაშო ინფორმაცია: რუსული "გრუ" ტოპმენეჯერებზე ნადირობას იწყებს?! - Financial Times

ენერგეტიკის სფეროს ექსპერტების აზრით, საწვავზე (ბენზინზე და დიზელზე) ფასების ზრდის ძირითადი მიზეზს ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი წარმოადგენს. ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთთან დადებული გარიგება ასეული ათასობით ტონა საწვავის შესყიდვაზე აშშ-ის ბაზარზე რაიმე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს და შექმნილ კრიზისულ სიტუაციას ვერ გამოაწორებს.

რუსული საწვავის შესყიდვის გარიგების ფონზე დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვის განახლების თაობაზე (რომლებიც ბენზინს და დიზელს აწარმოებენ) და განაცხადა, რომ უკრაინას სხვა პრეზიდენტი ჭირდება („მას ამ ომის შეჩერება არ უნდა“).

მოსკოვი პოტენციურ სამმხრივ დიალოგს განიხილავს როგორც შესაძლებლობას - განამტკიცოს რუსეთის როლი პლანეტის დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს შორის, შეიქმნას კლუბი მისი წევრობით და მიიღოს ის სტატუსი, რომლისკენაც კრემლის ლიდერი 2000 წლიდან ისწრაფვის. ასეთი ფორმატი გამორიცხავს ევროპის მონაწილეობას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე გამარჯვების მთავარ ხელშემშლელ ბარიერად თვლის.

თავისთავად, რუსეთის, აშშ-სა და ჩინეთის ლიდერები [მეორე მსოფლიო ომის დროს არსებული „დიდი სამეულის“ მსგავსად], რომლებიც სხვა ქვეყნების ბედს წყვეტენ, მძლავრი სიგნალი გახდებოდა ყველასათვის, განსაკუთრებით ტაივანისათვის, რომელიც, სავარაუდოდ, შეშფოთდება იმ პერსპექტივით, რომ ერთხელაც დადგება დრო და მის ბედს სამი ლიდერი გადაწყვეტს. თანაც ისეთ ფონზე, როცა პეკინი უარს არ ამბობს ავტონომიურად არსებული დემოკრატიული კუნძულის მიერთებაზე ძალით გამოყენებით.

თავის მხრივ, სი ძინპინისათვის „სამეულის“ სამიტის იდეა გარკვეულ რისკებს შეიცავს. პეკინს სურს, რომ APEC-ის ლიდერების 33-ე შეხვედრა ჩინური ვიტრინის სახით გამოიყენოს რეგიონში და ფორუმის დროს სხვა გეოპოლიტიკური პრობლემების - თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომის - განხილვა გვერდით მოვლენებს გამოიწვევს: ვაითუ პუტინისა და ტრამპისადმი მხარდაჭერამ ჩინეთის ევროპული პოლიტიკის ბალანსი დაარღვიოს. უკრაინის საკითხის ვიწრო წრეში განხილვა ევროპული დედაქალაქების ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო