მელანია ტრამპმა  ომში „მანდილი ჩააგდო“ - მისი მეუღლისთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ - კვირის პალიტრა

მელანია ტრამპმა  ომში „მანდილი ჩააგდო“ - მისი მეუღლისთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ

ძველ საქართველოში (განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში - ხევსურეთსა და თუშეთში) იყო ქალის მიერ მოჩხუბარ ან ერთმანეთთან დაპირისპირებულ მამაკაცებს შორის მანდილის (თავსაბურავის) ჩაგდების ტრადიცია ჩხუბისა თუ შეტაკების მყისიერად შეწყვეტისთვის.

დაახლოებით იგივე გამოუვიდა აშშ-ის პირველ ლედის,მელანია ტრამპსაც...

თეთრმა სახლმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია. განცხადების თანახმად, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, დროებით შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები ქალაქ ოლეშკიში, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის უსაფრთხო დერეფნის გავლით მომზადების მიზნით.

1-oleshki-1793089832.jpg
ამერიკის პირველი ლედი - მელანია ტრამპი ოკუპირებული უკრაინული ოლეშკისთვის ჰუმანიტრულ დერეფანს ახსნევინებს...

„დღეს ოლეშკიში ვითარება საშინელია. ოლეშკი ქალაქია ფრონტის ხაზზე, რომელიც კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ოლეშკიში დარჩენილი მოსახლეობა, ძირითადად, შედგება მოხუცებისგან, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, მედიკამენტებს, საკვებსა და სუფთა წყალს. სრულიად ნათელი იყო, რომ ჩემი ჩარევის გარეშე ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და მოხუცი ხალხის ევაკუაცია შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა. და მართლაც, დღეს, 27 ოქტომბრის დილიდან, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მიდამოებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.

რას წარმოადგენს ეს პატარა უკრაინული ქალაქი ოლეშკი, რომ მისი ბედით თვით აშშ-ის პირველი ლედიც კი შეწუხდა?

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, ოფიციალური შეფასებებით, ამჟამად 1,700-დან 2,000-მდე ადამიანია დარჩენილი. უფრო ფართო მასშტაბით, ოლეშკისა და მის გარშემო მდებარე დასახლებულ პუნქტებში (მიმდებარე თემებში) მოსახლეობის რაოდენობა ჯამში დაახლოებით 6,000 ადამიანს შეადგენს (მათ შორის 50-დან 200-მდე ბავშვია). ომის დაწყებამდე ქალაქში 24,000-ზე მეტი მცხოვრები იყო.

ქალაქი თვეებია, სრულ ბლოკადაშია, გზები დანაღმულია და მოსახლეობა საკვების, წყლის, ელექტროენერგიისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტს განიცდის.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკი მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქ ხერსონის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და ვინაიდან ქალაქი სრულ ბლოკადაშია, გზები დანაღმულია და რუსული ძალები სახმელეთო გზით დახმარების შეტანას კრძალავდნენ, უკრაინის ეროვნული გვარდიის, საზღვაო ქვეითებისა და მესაზღვრეების ნაწილები უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებდნენ, ადგილობრივი მოსახლეობის გადასარჩენად.

2-oleshki-1793089831.png
ოკუპირებული ოლეშკი ხერსონის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს...

ყველაზე მასშტაბური ოპერაციის დროს, უკრაინულმა დრონებმა მდინარე დნეპრის გავლით ქალაქის 100-ზე მეტ წინასწარ შერჩეულ წერტილში დაახლოებით 4 ტონა საკვები პროდუქტი (პური, ფქვილი, კონსერვები, ზეთი, ბურღულეული) ჩაუყარეს.

25 ოქტომბერს, უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-11 ბრიგადის მებრძოლებმა დრონებით სპეციალური ამანათები მიაწოდეს ქალაქში დარჩენილ ბავშვიან ოჯახებს. ჩაიტანეს 600 კგ-ზე მეტი ბავშვთა კვება, რძე, სათამაშოები და განმავითარებელი თამაშები.

ოკუპანტები მუდმივად ცდილობდნენ ჰუმანიტარული დრონების ჩამოგდებას. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები ადგილობრივებს ართმევდნენ ჩამოყრილ ამანათებს, ხოლო იმ მოქალაქეებს, ვინც უკრაინულ ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, აკავებდნენ და სჯიდნენ.

სწორედ ამ კრიტიკული და სახიფათო მდგომარეობის გამო გახდა საჭირო საერთაშორისო შუამავლობა ლოკალური ზავის მისაღწევად, რათა დახმარების მიწოდება და ხალხის ევაკუაცია უსაფრთხო სახმელეთო დერეფნით მოხერხდეს.

პაპმა ლეო XIV-მ პირადად დაურეკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რათა ოლეშკიში შექმნილი კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო ლოკალური ზავი ეთხოვა, მაგრამ მაშინ კრემლისგან დადასტურებული დადებითი პასუხი არ ყოფილა...

სამაგიეროდ, როგორც კი საქმეში „ჩაერთო“ აშშ-ის პირველი ლედი, პუტინმა თანხმობა გასცა, ოლეშკის მიმდებარედ ცეცხლის შეწყვეტაზე, რაც უდავოდ არის მელანია ტრამპის საუკეთესო სამშვიდო ინიციატივა ამ საშინელ ომში, თუმცა...

3-oleshki-1793089831.jpg
ოლეშკი ფრონტის ხაზზეა და მისი შენობების დიდი ნაწილი დანგრეულია...

თუმცა ამ ჰუმანიტარულ ნაბიჯსაც, გადადგმულს თვით ამერიკის „პირველი ქალაბატონის“ მიერ, მაინც „ასდის“ პოლიტიკური ქულების ჩაწერის სუნი, ოღონდ მისი მეუღლის, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ძალზე შერყეული პოლიტიკური იმიჯის რამენაირად ასამაღლებლად...

ასევე დაგაინტერესებთ: ნეთანიაჰუს არჩევნების დღეს ირანზე დარტყმების გაახლებას მისივე გენშტაბის უფროსი არ ანებებს...

„უკრაინაში ომი დონბასისთვის მიმდინარეობს“- ნუთუ თეთრ სახლში მართლაც ვერ ხვდებიან რუსეთ-უკრაინის ომის მთავარ მიზეზებსა და მიზნებს?

„ავტოვაზის“ ევაკუაციისთვის, „ლადა-ნივას“ მილიონობით რუსი გამწარებული მფლობელი, უკრაინული კამიკაძე-დრონების „მადლიერნი“ დარჩნენ...

უკრაინის ომში „გვირაბის ვირთხები“ ბრუნდებიან ანუ ორთაბრძოლამ მიწისქვეშა მილსადენებშიც გადაინაცვლა

...და თანაც ერთი კვირით ადრე, 3 ნოემბერს დანიშნული აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ, რომელზეც თავისი მომხრე რესპუბლიკელი კანდიდატების გამარჯვება პრეზიდენტ ტრამპს ჟანგბადივით სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დემოკრატებმა გაიმარჯვეს, თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წლის „პოლიტიკური ფინიში“, ტრამპისთვის შეიძლება ნამდვილ კოშმარად გადაიქცეს...

და ყველაფერ ამის ფონზე შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი „პოლიტიკური დახმარების ხელს“ უწვდის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს, რადგან კრემლის ინტერესებშიცაა 3 ნოემბრის ამერიკულ შუალედურ არჩევნებზე სწორედ ტრამპის მომხრე რესპუბლიკური და არა დემოკრატიული პარტიის გამარჯვება.

და ამის შემდეგ პუტინისგან დავალებული ტრამპი, რუსეთ-უკრაინის ომში მიუკერძოებულ მომრიგებლად დარჩება?!