ფრთხილად! არ მოგატყუონ და "საზარბაზნე ხორცად" არ გაქციონ! - რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს უკრაინასთან ომში მოტყუებით „ეპატიჟება“ - კვირის პალიტრა

ფრთხილად! არ მოგატყუონ და "საზარბაზნე ხორცად" არ გაქციონ! - რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს უკრაინასთან ომში მოტყუებით „ეპატიჟება“

ერთჯერადი, 2,3 მლნ რუბლიანი ბონუსი და ყოველთვიურად 210 ათას რუბლზე მეტი - ხომ მართლაც ძალიან მიმზიდველად მოჩანს?

სწორედ ასეთ ანაზღაურებას სთავაზობენ საქართველოს მოქალაქეებს რუსული ინტერნეტ-საიტები: შექმენით მშენებელთა ბრიგადები საქართველოში, რომ ლუგანსკში, დონეცკში და აზოვში შემდუღებლად, მღებავად, მემონტაჟედ ან სულაც შავ მუშად იმუშავოთ და სამაგიეროდ 14 დღეში(!) მიიღებთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას, შეღავათებს რუსული კრედიტების ასაღებად, შვილების რუსულ სასწავლებლებში უფასოდ სასწავლებლად და რაც მთავარია...„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანის სტატუსს, თავისი ბევრი მნიშვნელოვანი შეღავათითო...

ანუ გამოდის, რომ ლუგანსკსა და დონეცკში, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს წარმოადგენს, ქართველებს „ეპატიჟებიან“ არა საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად, არამედ, პირიქით იმ უკრაინული ქალაქების საცხოვრებელი კორპუსების დასანგრევად, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაუპყრიათ რუსეთის საოკუპაციო ძალებს?!

1-dakiravebulebi-1794210956.png

ფოტო: რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად, უცხო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, ფულით ახარბებს...

ამაზე მიუთითებს ისიც, რომ კონტრაქტის გასაფორმებლად ისინი ელოდებიან 18-დან 63 წლამდე,არაინვალიდ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ელემენტარულ დონეზე მაინც ფლობენ რუსულ ენას ანუ შესაძლებელი იქნება მათი გამოყენება ე.წ. „ერთჯერად მოიერიშეებად“ ფრონტის წინა ხაზზე ანუ წმინდა „საზარბაზნე ხორცად“...

უცხოელი მოქალაქეების ასეთი „მსუყე კონტრაქტებით“ შეტყუება უკრაინასთან ომში, რომელსაც კრემლი პირფერულად მხოლოდ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს, არახალი მეთოდია და მას რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა მერამდენე წელია იყენებს როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების(ტაჯიკეთის, უზბეკეთის თუ ყირგიზეთის), ისე აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ეკონომიკურად გაჭირვებული ქვეყნების მოქალაქეების მიმართაც.

უკრაინის ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი 151 სხვადასხვა ქვეყნის 45 959-მა უცხოელმა მოქალაქემ გააფორმა.

ეს სტატისტიკა არ მოიცავს ჩრდილოეთ კორეის რეგულარული არმიის სამხედროებს (რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 14 000-ს შეადგენს).

მონაცემები აჩვენებს, რომ კრემლი სულ უფრო მეტად ეყრდნობა უცხოურ ძალებს, რათა აანაზღაუროს ფრონტზე არსებული დიდი დანაკარგები და თავი აარიდოს შიდა მობილიზაციას.

მებრძოლთა დიდი ნაწილი რუსეთში დასაქმების, მშენებლობებზე მუშაობის ან სწავლის ყალბი დაპირებებით შეიტყუეს. ჩასვლის შემდეგ მათ ხშირად ართმევდნენ პასპორტებს, რუსულ ენაზე უფორმებდნენ კონტრაქტებს (რომლის შინაარსიც არ ესმოდათ) და რამდენიმე დღეში, სათანადო საბრძოლო მომზადების გარეშე, პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე, ე.წ. „ხორცის იერიშებზე“ უშვებდნენ.

უკრაინასთან ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი, სულ მცირე, 3 589 უცხოელი მოქალაქის სიკვდილია ოფიციალურად დადასტურებული.

ყველაზე მეტი იდენტიფიცირებული მსხვერპლი მოდის უზბეკეთზე (229), ტაჯიკეთსა (199), აზერბაიჯანზე (108), ბელარუსსა (99) და ყირგიზეთზე (89).

რუსი გენერლები უცხოელ დაქირავებულებს ფრონტის წინა ხაზზე ხშირად რამდენიმედღიანი ან მაქსიმუმ ორკვირიანი ზერელე წვრთნის შემდეგ გზავნიან. მებრძოლთა დიდ ნაწილს არ ესმის რუსული ენა და ბრძანებები, რაც საომარი მოქმედებების დროს კრიტიკული ხდება. რუსეთის სარდლობა უცხოელ მებრძოლებს იყენებს ყველაზე სახიფათო მონაკვეთებზე შეტევებზე გასაშვებად, სადაც გადარჩენის შანსი მინიმალურია.

2-dakiravebulebi-1794210992.png

ფოტო: უკრაინის მიერ დატყვევებული რუსეთის საოკუპაციო ძალების რიგებში მებრძოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეები...ასეთი სტატუსით ქართველები, ღმერთმა არ გვანახოს...

საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებში ან უკანონო ფორმირებებში გაწევრიანება დანაშაულად ითვლება და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას იმ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო განაყოფში ან საპოლიციო დანაყოფში შესვლისთვის, რომელიც საქართველოსთან არამეგობრულ ურთიერთობაშია ან ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთანავე, მსგავს ქმედებებს თან ახლავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფრთხეც.

ასევე დაგაინტერესებთ: „ხის თოფიანი რუსი მანეკენები“ უკრაინული დრონების ოპერატორების მოსატყუებლად...

„ანდროპოვი“ სამგზავრო თვითმფრინავების ცრუ დანაღმვებით ევროპის თავზე ფრენების პარალიზებას ცდილობს,რუსული აეროპორტების ჩაკეტვის საპასუხოდ...

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?! - პუტინის არმია ნელა წინ მიიწევს, მაგრამ...

არჩევნებში ფიასკოგანცდილი ტრამპი გაბედავს კი ირანთან ომის განახლებას?

ასეთ დროს იბადება ბუნებრივი კითხვა-უკრაინის თავდაცვის ძალებში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს, ვრცელდება თუ არა ზემოხსენებული კანონი სისხლის სამართლის წესით დასჯასთან დაკავშირებით?

არა, რადგან ისინი ირიცხებიან უკრაინის ოფიციალურ სახელმწიფო სამხედრო სტრუქტურებში (მაგალითად, „უცხოურ ლეგიონში“, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილია).

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, პირი, რომელიც შედის კონფლიქტში ჩაბმული სახელმწიფოს რეგულარული არმიის შემადგენლობაში, ითვლება კომბატანტად (კანონიერ მებრძოლად) და არა დაქირავებულ პირად.

თუმცა, თუკი საქართველოს მოქალაქემ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მისი სამშობლოს ორი ნაწილის ოკუპანტი ქვეყანაა, ფულზე დახარბებით მაინც გადაწყვიტა რუსეთის არმიის რიგებში უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა და ამისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც მიიღო და რუსეთის შეიარაღებული ძალების რომელიმე სამხედრო ნაწილში ოფიციალურადაც ჩაირიცხა, მაშინ მასზე გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 410-ე მუხლი, რომელიც სჯის დაქირავებულობას (მერკენარიზმს) — ანუ შეიარაღებულ კონფლიქტში მატერიალური ანაზღაურების მიღების მიზნით მონაწილეობას.