რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?! - პუტინის არმია ნელა წინ მიიწევს, მაგრამ... - კვირის პალიტრა

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?! - პუტინის არმია ნელა წინ მიიწევს, მაგრამ...

უკრაინელები ფრონტის ხაზს ინარჩუნებენ, რუსული შეტევები კი არ წყდება...

რუსეთის მხრიდან მუდმივი საჰაერო დარტყმებისა და უკრაინული კამიკაძე-დრონების საპასუხო მასიური შეტევების ფონზე, ცოტა ჩრდილში ექცევა უშუალოდ ფრონტის ხაზზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ისტორიულად, ისე თანამედროვე ომებშიც, ბოლოს ყველაფერი მაინც ხმელეთზე წყდება...

2026 წლის ნოემბრის დასაწყისისთვის ფრონტის ხაზზე ინტენსიური პოზიციური ბრძოლები და რუსული საოკუპაციო ძალების ნელი, მაგრამ მუდმივი ტაქტიკური წინსვლა ფიქსირდება, რაც მოსკოვს უზარმაზარი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგის ფასად უჯდება.

დონბასში, კონსტანტინოვკასა და პოკროვსკის მიმართულებები ამჟამად მთელ ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება, სადაც რუსული ძალები ინტენსიურ იერიშებს ახორციელებენ, უკრაინული არმია კი მძიმე თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებს.

აქ საბრძოლო მოქმედებები უკიდურესად დინამიურია. რუსეთის არმია ცდილობს გააფართოოს კონტროლი ქალაქის გარშემო და მოაქციოს იგი ე.წ. „ტომარაში“.

1-omii-1793956212.jpg
რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები არ წყდება...

უკრაინის გენშტაბის ბოლო მონაცემებით, ამ სექტორში დღე-ღამეში 10-დან 24-მდე რუსული იერიში ფიქსირდება. თავდასხმები ძირითადად მიმართულია უშუალოდ კონსტანტინოვკაზე, დრუჟკოვკაზე, აგრეთვე რაისკესა და ნოვოპავლივკას დასახლებებზე.

რუსულმა ქვეითმა ჯგუფებმა ნაწილობრივ წინ წაიწიეს უშუალოდ კონსტანტინოვკის მიდამოებში, ილინივკისა და ნოვოდმიტრივკას რაიონებში, ასევე დაფიქსირდა მათი წინსვლა დასახლებულ პუნქტ რუსინ იართან. ეს სერიოზულ რისკებს უქმნის უკრაინის ლოგისტიკურ ხაზებს, რადგან კონსტანტინოვკა დონბასის თავდაცვითი სარტყლის უმნიშვნელოვანესი სიმაგრეა.

რუსული ძალები ცდილობენ შეტევა განავითარონ ტორეცკის, ვოლნეს, ჩერნიჰივკისა და დობროპოლიეს მიმართულებით. რუსეთის შეტევითი ოპერაციების დიდი ნაწილი ახლა კონცენტრირებულია დობროპოლიეს სიახლოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ძალებმა გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს (მაგალითად, წინ წაიწიეს გრიშინოსა და ბილიცკეს რაიონებში), უკრაინული წყაროების ცნობით, პოკროვსკის მიმდებარე მინდვრები მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის დანაკარგებითაა მოფენილი. ორივე მხარე აქტიურად იყენებს FPV-დრონებსა და მართვად ავიაბომბებს, რასაც თან ახლავს ფრონტისპირა ქალაქების (კრამატორსკი, სლავიანსკი) ინტენსიური დაბომბვა.

ორიხივისა და ჰულიაიპოლეს რაიონებში (ზაპოროჟიეს მიმართულება) ვითარება მნიშვნელოვნად გამწვავდა, რადგან რუსულმა სარდლობამ აქ აქტიური შეტევითი ოპერაციები განაახლა. რუსეთის არმია ცდილობს ჰულიაიპოლეს მხრიდან წინსვლას, რათა აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მოუაროს ორიხივის თავდაცვით რაიონს და საფრთხე შეუქმნას უკრაინული ძალების მომარაგებას.

2-omii-1793956212.png
DeepState-ის რუკის მიხედვით, 6 ნოემბრისთვის არსებული ოპერატიული მდგომარეობა რუსეთის-უკრაინის ფრონტის კრამატორსკი-ზაპოროჟიეს მონაკვეთზე...

ოკუპანტების მიზანია გავიდნენ იმ ავტომაგისტრალზე, რომელიც ორიხივს ზაპოროჟიესთან აკავშირებს. უკრაინული მხარის ცნობით, რუსებს ამ გზამდე 23 კმ აშორებთ, თუმცა ბრძოლების ინტენსივობა იზრდება. იერიშები რეგულარულად ფიქსირდება ტერნუვატეს, დოლინკასა და ჩარივნეს რაიონებში.

მიუხედავად რუსების მცდელობისა, ალყაში მოაქციონ ორიხივი, უკრაინულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს. უკრაინელებმა ორიხივის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დასახლება მალა ტოკმაჩკას უდიდესი ნაწილი რუსი ოკუპანტებისგან სრულად გაწმინდეს და პოზიციები დაიბრუნეს

რუსული ქვეითი ნაწილები მცირე ჯგუფებად ცდილობენ ქალაქის სამხრეთ გარეუბნებში შეღწევას, თუმცა უკრაინის თავდაცვის ხაზი სტაბილურობას ინარჩუნებს.

ქალაქ ზაპოროჟიეს უშუალო თავდაცვის კუთხით ვითარება სტაბილურად კონტროლირებადია, თუმცა უაღრესად დაძაბული. რუსეთის არმიის სახმელეთო ნაწილები ქალაქიდან კვლავ დისტანცირებულნი არიან, თუმცა მოსკოვის სტრატეგიული მიზანი — მიუახლოვდეს ზაპოროჟიეს ლულიანი არტილერიის(152 მმ კალიბრის ჰაუბიცების) სროლის მანძილზე — უკრაინას აიძულებს მაქსიმალურად გააძლიეროს ქალაქის თავდაცვისუნარიანობა.

ზაპოროჟიეს ოლქში დასრულდა უპრეცედენტო მასშტაბის საინჟინრო სამუშაოები. ქალაქის ირგვლივ აშენებულია ასეულობით კილომეტრის სიგრძის ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, პირამიდული ბარიერები („დრაკონის კბილები“) და მავთულხლართების ზოლები.

თუ სახმელეთო თავდაცვა მყარია, საჰაერო მიმართულება ამ ქალაქის მთავარ აქილევსის ქუსლად რჩება.

3-omii-1793956212.jpeg
უკრაინას ჰქონდა დრო ზაპოროჟიეს მიმართულებაზე თავდაცვითი ზღუდეების ასაგებად,მათ შორის „დრაკონის კბილების“ გამოყენებით...

რუსულმა ძალებმა მოდიფიცირებული მართვადი ავიაბომბების მოქმედების რადიუსი გაზარდეს, რის გამოც ზაპოროჟიე და მისი შემოგარენი ყოველდღიურად იბომბება.

ქალაქზე სისტემატურად ხორციელდება მასირებული თავდასხმები კამიკაძე-დრონებითა და მართვადი ბომბებით, რაც იწვევს ხანძრებს, საცხოვრებელი კორპუსების ნგრევასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განადგურებას.

ასევე დაგაინტერესებთ: არჩევნებში ფიასკოგანცდილი ტრამპი გაბედავს კი ირანთან ომის განახლებას?

დიდი ტრაგედიის დეტალები: განსაკუთრებული სისასტიკის რუსული ორმაგი დაბომბვა, რომლის მსხვერპლს ჯერ კიდევ პოულობენ

რამდენ ჯარისკაცს კარგავენ ყოველდღიურად ფრონტზე უკრაინა და რუსეთი და რა კომპენსაციას იღებენ დაღუპულების ოჯახები?!

დიდი სკანდალი უკრაინაში და წიწაკის სპრეით "გაწუწული" კირილ ბუდანოვი - სარდაფში დეზერტირებს სცემდნენ?!

ქალაქის თავდაცვის შესასუსტებლად რუსები აქტიურად იყენებენ ყირიმსა და ოკუპირებულ მელიტოპოლში განთავსებულ დრონების ბაზებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ამ საფრთხის შესამცირებლად უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონები რეგულარულად ახორციელებენ საპასუხო დარტყმებს ოკუპანტების ამ საწყობებსა და გამშვებ პოზიციებზე, რათა შეამცირონ თავად ქალაქ ზაპოროჟიეზე თავდასხმების ინტენსივობა.

ქალაქის შიგნით სამხედრო კონტროლი და დისციპლინა მაღალია, პანიკის საფუძველი სახმელეთო ფრონტზე არ არსებობს, თუმცა უშუალოდ მოსახლეობისა და კრიტიკული ობიექტების მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება რუსული მართვადი ბომბების წინააღმდეგ.

მოახლოებული ომის მორიგი ზამთარი განსაკუთრებულად მძიმე გამოდგება უკრაინისთვის და პირველ რიგში, უფრო მის ქალაქებში მაცხოვრებლებისთვის, რადგან აგრესორი რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს იმ სასიცოცხლო ინფრასტრუქტურებს(თბო და ელექტროსადგურებს, სასმელი წყლის საქაჩებს, ბუნებრივი აირის მილსადენებსა და კანალიზაციის სისტემებს), რომელთა ფუნქციონირების შეწყვეტამ მილიონობით უკრაინელი ცივ ზამთარში გაუსაძლის მდგომარეობაში უნდა ჩააგდოს.

ამ შემთხვევაში კი ღრმა ზურგში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა დიდად არ იქნება განსხვავებული უშუალოდ ფრონტის ხაზზე მებრძოლ უკრაინის დამცველებისგან, რადგან სიცივე და უშუქობა ერთნაირად შეაწუხებთ, ხოლო ძვირადღირებულ ბალისტიკურ რაკეტებს რუსეთი სწორედ უკრაინის ქალაქებისკენ უშვებს და არა ფრონტის ხაზზე უკრაინის არმიის თავდაცვით პოზიციებისკენ...